რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

ეპოპეა გრძელდება!

შემოწმების 84-ე(!) დღე

შემოწმება კიდევ 30 დღით

"მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში ფინანსური აუდიტი კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მაკონტროლებლებმა შემოწმების გაგრძელების შესახებ ბრძანებები რამდენიმე დღის წინ წარმოადგინეს და დასძინეს, რომ დამატებითი დრო დოკუმენტაციის ანალიზისთვის სჭირდებათ. მათი თქმით, შესაძლოა "მედიაპალიტრაში" მათი მოსვლა საჭირო აღარც გახდეს და ანალიზით ძირითადად შემოსავლების სამსახურში დაკავდებიან.

ერთხელ უკვე გახანგრძლივებული ვადების თანახმად, შემოწმება 29 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. ყველაფერი თითქოს ამაზე მეტყველებდა კიდეც: მაკონტროლებლებმა ერთი თვეა დაასრულეს დოკუმენტაციის შემოწმება და აღარ დადიოდნენ შპს "ჯ.ე.პ."-სა და შპს "პოლიგრაფიულ მასალებში", ხანგრძლივი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არც "მედიაპალიტრის" სხვა ორგანიზაციებში გამოჩენილან.

მოკლედ შეგახსენებთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები შემოწმების დაწყების შემდეგ.

"რევიზორი ჩამოსულა!"

შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლები "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა ორგანიზაციაში პირველად 7 ივნისს მოულოდნელად გამოჩნდნენ. როგორც აღნიშნული უწყების ხელმძღვანელობა იუწყებოდა, ეს გეგმური შემოწმება იყო, რომელსაც რისკების მართვის კომპიუტერული სისტემა შემთხვევითობის პრინციპით არჩევს. როგორ შეარჩია კომპიუტერმა "შემთხვევით" "მედიაპალიტრის" ექვსი დამოუკიდებელი სტრუქტურა, თან სწორედ 26 მაისის მოვლენების აქტიური გაშუქების შემდეგ, ეს კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

საზოგადოებაში კი "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის გამოჩენას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ამ ფაქტს გამოეხმაურა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ჰოლდინგის შენობის წინ ჟურნალისტებმა "მედიაპალიტრის" მხარდამჭერი  აქციაც გამართეს. ყველა ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიასაშუალება "მედიაპალიტრის" მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა.

ინვენტარიზაცია

პირველ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ოთხ ორგანიზაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო. ინვენტარიზაციის პროცესში დალუქული იყო რამდენიმე საწყობი. "მედიაპალიტრის" თანამშრომლებთან ერთად მაკონტროლებლებმა რამდენიმე ასეული დასახელების და რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების საქონელი აღწერეს. უUნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინვენტარიზაციის პროცესს "მედიაჰოლდინგის" საინფორმაციო საშუალებების და სხვა სტრუქტურების მუშაობის რაიმე მნიშვნელოვანი შეფერხება არ გამოუწვევია.

"წითელი კონტროლი" საბაჟოზე

"მედიაპალიტრის" შემოწმებაში საბაჟო სამსახურიც ჩაერთო. მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" შემოწმება დაიწყო, ჩვენი კუთვნილი ყველა ტვირთი საბაჟოზე განსაკუთრებით მკაცრ კონტროლს გადიოდა. საბაჟოზე შემოსული ტვირთების შემოწმებისას არსებობს ე.წ. "მწვანე" (როდესაც ტვირთს ფაქტობრივად შემოწმების გარეშე ატარებენ), "ყვითელი" (როდესაც ტვირთის ზედაპირული დათვალიერება ხდება) და "წითელი" (როდესაც ტვირთი საგულდაგულო დათვალიერებას გადის) რეჟიმები. 7 ივნისიდან დღემდე მედიაჰოლდინგის ყველა ტვირთი ე.წ. "წითელ" რეჟიმში გადის შემოწმებას. რამდენჯერმე მანქანიდან მთელი ტვირთიც კი ჩამოიცალა და სათითაოდ დაითვალეს. არადა, შემოწმების დაწყებამდე "მედიაპალიტრის" ტვირთების განბაჟება უმეტესად "მწვანე", იშვიათად კი "ყვითელ" რეჟიმში ხდებოდა.

ოთხ-ოთხი რევიზორი თითო ორგანიზაციაზე

ინვენტარიზაციის შედეგები ჯერაც არ იყო ცნობილი, როდესაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში: შპს "ჯ.ე.პ"-ში (ქაღალდის იმპორტი და რეალიზაცია), შპს "პოლიგრაფიულ მასალებში" (პოლიგრაფიული მასალების რეალიზაცია), შპს "გამომცემლობა პალიტრა L"-ში (წიგნების გამომცემლობა), შპს "ბიბლუსში" (წიგნების მაღაზიათა ქსელი), შპს "ელვასერვისში" (პრესის გავრცელების სააგენტო) და შპს "კოლორში" (სტამბა) ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო. თითო ორგანიზაციაში აუდიტს ოთხკაციანი ჯგუფი ატარებდა. ბრძანების თანახმად, ფინანსური შემოწმება ერთ თვეში, 29 ივლისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, დღემდე გრძელდება.

შემოწმების ტრადიციული და... არატრადიციული მეთოდები

ფინანსური აუდიტი თავიდანვე სკრუპულოზურად მიმდინარეობდა. დაწვრილებით შემოწმდა 6-ივე კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია.

იყო შემთხვევებიც, როდესაც კომპანიებს ისეთი დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვდნენ, რომლის წარმოება მათ არათუ ევალებოდათ, არამედ საერთოდ არ ეხებოდათ, და როდესაც ასეთი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოხერხდა, მაკონტროლებლებმა ადმინისტრაციული ჯარიმები გამოწერეს (ეს ჯარიმები ამჟამად გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში).

"გასაუბრებაზე", რომელიც თავისი არსით დაკითხვას წარმოადგენდა, შემოსავლების სამსახურში იბარებდნენ "მედიაპალიტრის" თანამშრომლებს (მათ შორის ყოფილებსაც) და ერთ ადამიანს ჯვარედინ კითხვებს რამდენიმე მაკონტროლებელი უსვამდა.

მოგვიანებით საქმეში ექსპერტებიც ჩაერთვნენ: სტამბა "კოლორში" "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" სპეციალისტებმა ბეჭდვის პროცესზე დაკვირვებისთვის სტამბაში რამდენიმე ღამე გაათენეს.

ალტერნატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით მაკონტროლებლებმა "ალია-ჰოლდინგისგან" და სხვა რამდენიმე ორგანიზაციისგან პრესის გავრცელების სააგენტოს - შპს "ელვასერვისისთვის" 6 წლის განმავლობაში მიწოდებული და დაბრუნებული საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა მოითხოვეს.

მცირე ცდომილებები "მედიაპალიტრის" სასარგებლოდ

28 ივლისს ცნობილი გახდა შემოწმების პირველი ნაწილის - ინვენტარიზაციის ოფიციალური შედეგები, რომლის თანახმადაც, შემოწმებულ ორგანიზაციებში მხოლოდ ძალზე მცირე ცდომილებები აღმოჩნდა. დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ასეთი მცირე ცდომილებები ამ მასშტაბის ორგანიზაციებისთვის იმის ნიშანია, რომ ყველა ორგანიზაციას წლების განმავლობაში სწორი და გამართული აღრიცხვა ჰქონდა. სხვათა შორის, პირად საუბრებში თავად მაკონტროლებლებიც აღნიშნავდნენ: ასეთი მოწესრიგებული ბუღალტერია იშვიათად გვინახავსო.

* * *

"მედიაპალიტრაში" ფინანსური შემოწმება კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდება შემოსავლების სამსახურისთვის, რათა დეტალურად შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე აუდიტის ობიექტური შედეგები წარმოადგინოს. ჩვენი მხრიდან კი მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ინტერესით ადევნებს თვალს "მედიაპალიტრაში" მიმდინარე შემოწმებას.

ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ! თქვენ გემოვნებიანი მკითხველი (მსმენელი, მაყურებელი) ბრძანდებით!