რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

შემოწმების 91-ე(!) დღე

ფინანსური შემოწმების შედეგებს დამოუკიდებელი აუდიტორები გადაამოწმებენ?

უკვე სამი თვე მიიწურა, რაც "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურმა ფინანსური აუდიტი დაიწყო. ზუსტად ერთი კვირის წინ მაკონტროლებლებმა ფინანსური აუდიტის ვადა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივეს. მართალია, რევიზორები "მედიაპალიტრაში" აღარ დადიან, მაგრამ როგორც განმარტეს, დამატებითი დრო დოკუმენტაციის ანალიზისთვის სჭირდებათ.

მოულოდნელმა ფინანსურმა შემოწმებამ "მედიაპალიტრის" 6 დამოუკიდებელ კომპანიაში თავიდანვე ბევრი კითხვა გააჩინა. დღიდან დაწყებისა, ის უმალ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ამ პროცესს თვალს ადევნებდა და ადევნებს როგორც რიგითი მკითხველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური მედია.

"მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის "სტუმრობისთანავე", კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის" გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევდა მაკონტროლებლების მუშაობას. კოალიცია ახლაც აკვირდება, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს შემოწმების პროცესი "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში და შედეგებს საერთაშორისო და ჟურნალისტთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს გააცნობს.

"ეს პროცესი კვლავ რჩება კოალიციის ინტერესის სფეროში. ამ მიზნით, კოალიცია გეგმავს, დამოუკიდებელ აუდიტორთა ჯგუფთან თანამშრომლობით დეტალურად შეისწავლოს საგადასახადო ორგანოს შემოწმების შედეგები და საზოგადოებას მიაწოდოს ალტერნატიული მოსაზრებები შემოწმების შედეგების კანონიერებისა და სამართლიანობის თაობაზე", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხატია ჯინჯიხაძე (ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", მედიაპროგრამის მენეჯერი): - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მიმდინარე წელს შეიქმნა და აერთიანებს 11 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მედიის ინტერესების დაცვით არის დაკავებული. ამ კოალიციის წევრია ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოც".

ფინანსურ შემოწმებას, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს "მედიაპალიტრაში" და საზოგადოების საკმაოდ დიდი ინტერესის საგანია, ყურადღებით ვაკვირდებით. რამდენიმე განცხადებაც გავაკეთეთ ამის თაობაზე.

ჩვენ ვაპირებთ დაველოდოთ ამ პროცესის დასრულებას, როგორც ცნობილია, მიმდინარე თვის ბოლოს ფინანსური შემოწმება "მედიაპალიტრაში" უნდა დასრულდეს, ხოლო მას შემდეგ, რაც დაიდება დასკვნა და თუ იქნება ამის საჭიროება, ოფიციალური დასკვნის ობიექტურობის შეფასებას დამოუკიდებელ ექსპერტებს გავაკეთებინებთ.

უკვე გვქონდა შეხვედრები რამდენიმე კომპეტენტურ ორგანიზაციასთან, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა ასეთი სახის სამუშაოს შესასრულებლად. იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის სამუშაო იქნება შესასრულებელი და რა რესურსი დასჭირდება, შესაძლოა მოვიწვიოთ არა ერთი ორგანიზაცია, არამედ კომპეტენტური ადამიანების წარმომადგენლობითი ჯგუფი.

- დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია, იქნებ გვითხრათ, ვინ დააფინანსებს ამ პროცესს?

- მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კოალიციის წევრია ორი დონორი ორგანიზაცია - "ევრაზიის ფონდი" და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო". იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურის დასკვნის დამოუკიდებელ აუდიტორთა მიერ შემოწმების საჭიროება დადგება, ჩვენი ფონდის ექსპერტთა კომისია და აღმასრულებელი საბჭო ამ პროექტს მხარს დაუჭერს, რადგან მედიის დამოუკიდებლობის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს დაწყებული შემოწმების ორჯერ გახანგრძლივებული ვადა 29 სექტემბერს იწურება.