რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

შემოწმების 98-ე(!) დღე

აუდიტის ვადა 29 სექტემბერს იწურება

"მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში ფინანსური აუდიტი გრძელდება. შემოწმება 29 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მაკონტროლებლებმა აუდიტის ვადა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივეს. მართალია, რევიზორები "მედიაპალიტრაში" იშვიათად, ისიც სულ რამდენიმე წუთით მოდიან, მაგრამ როგორც განმარტეს, დამატებითი დრო დოკუმენტაციის ანალიზისთვის სჭირდებათ.

"მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლები 7 ივნისს მოულოდნელად გამოჩნდნენ.

პირველ ეტაპზე "მედიაპალიტრის" ოთხ ორგანიზაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა, რომლის დროსაც დაილუქა რამდენიმე საწყობი.

"მედიაპალიტრის" ოთხ ორგანიზაციაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები 28 ივლისს გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, შემოწმებულ ორგანიზაციებში მხოლოდ მცირე ცდომილებები დაფიქსირდა.

29 ივნისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში: შპს "ჯ.ე.პ"-ში, შპს "პოლიგრაფიულ მასალებში", შპს "გამომცემლობა პალიტრა L"-ში, შპს "ბიბლუსში", შპს "ელვასერვისსა" და შპს "კოლორში" ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო. ბრძანების თანახმად, ფინანსური შემოწმება ერთ თვეში, 29 ივლისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მას შემდეგ აუდიტის ვადა ორჯერ გაახანგრძლივეს.

ბრძანების თანახმად, "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში მიმდინარე, უკვე მეორედ გაგრძელებული ფინანსური აუდიტის ვადა 29 სექტემბერს იწურება.