"ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ცხოვრების ჭეშმარიტი გზა" - კვირის პალიტრა

"ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ცხოვრების ჭეშმარიტი გზა"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ცხოვრების ჭეშმარიტი გზა, - უფალი ბრძანებს, "მე ვარ გზა ჭეშმარიტი".ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც აირჩევს ამ გზას. ბედნიერია ადამიანი, რომელიც მიიღებს მადლს, წყალობას, სიყვარულს ამ გზიდან. ვისაც აქვს ჭეშმარიტი რწმენა, დიდი სიყვარული, ვისაც შეუძლია აპატიოს ცოდვები, ვინც ცდილობს, სიკეთე გაუკეთოს სხვა ადამიანს, ვისაც აქვს მოთმინება, ის ბედნიერია, დგას ჭეშმარიტ გზაზე და მიდის ღვთის სასუფეველში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ღვარძლი და განკითხვა დათესონ, ასეთი ადამიანები განწირული არიან და "ხდებიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა".

"მაგრამ ჯერ თქვენ არ უნდა შეიძულოთ ის ადამიანი, რადგან ჩვენ არ ვიცით, მომავალში ვინ იქნება ის. შეიძლება რწმენითა და სინანულით მოიპოვოს მადლი ღვთისა და განიწმინდოს, - აღნიშნა პატრიარქმა. - სულიერი სიმდიდრე არის ის, რაც ადამიანს გაჰყვება მომავალ ცხოვრებაში, მიწიერი სიმდიდრე კი მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს".