რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

შემოწმების 105-ე(!) დღე

"რევიზორთა დუმილი"

"მედიაპალიტრაში" 7 ივნისს დაწყებული რევიზიის რამდენჯერმე გახანგრძლივებული ვადა თვის ბოლოს იწურება, მაგრამ მაკონტროლებლებისგან ჯერ არაფერი ისმის. უკვე თვეზე მეტია, რაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები "მედიაპალიტრაში" აღარ გამოჩენილან. როგორც ჩანს, ისევ იმ დოკუმენტაციის ანალიზით არიან დაკავებული, რომელსაც სამ თვეზე მეტია სწავლობენ.

"მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში მაკონტროლებლები ინტენსიურად დაახლოებით ორი თვის განმავლობაში დადიოდნენ, დეტალურად სწავლობდნენ დოკუმენტაციას, კომპანიების საქმიანობას და იყო შემთხვევები, როდესაც შემოწმების პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებიც კი ჩართეს. შემოწმების დასაწყისში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სრული ინვენტარიზაციაც ჩაატარეს, რომლის პროცესშიც რაიმე მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა არ გამოვლენილა.

ფინანსური აუდიტის ვადა 29 სექტემბერს იწურება. სწორედ ამ დროისთვის ველოდებით "რევიზორთა დუმილის" დარღვევას და შემოწმების შედეგების გამოცხადებას.