პატრიარქმა დარიალის ხეობაში მონასტერი აკურთხა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა დარიალის ხეობაში მონასტერი აკურთხა

"თუ საქართველო მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შეინარჩუნებს, ჩვენ ვცხონდებით და ქვეყანა გადარჩება", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. "სიკეთე, რომელიც უფალმა ქართველებს გვიბოძა - სიყვარული, თანადგომა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება,  შენდობა, პატიება - უნდა შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში ვცხონდებით და საქართველო გადარჩება", - ბრძანა პატრიარქმა.

15 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დარიალის ხეობაში მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსი აკურთხა და წირვა აღავლინა. პატრიარქთან ერთად დარიალის ხეობაში პრეზიდენტიც იმყოფებოდა. "უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ვერ ერეოდიან მას. ასეთი ტაძარი აშენდა "კლდესა ზედა" და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" ვერ მოერევიან", - ბრძანა ქადაგებისას ილია II-მ.

"ეს წმინდა ტაძარი იქნება თავშესაფარი ყოველი მგზავრისა, აქ შედგება მოლაპარაკებები ქვეყნების მეთაურებს შორის", - ბრძანა უწმინდესმა. (ვრცლად იხ. გვ. 6).