პრეზიდენტი გაეროში სიტყვით გამოვიდა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი გაეროში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ძალა, რომელიც ტანკებით ფეხქვეშ თელავს ათასობით დევნილის უფლებას, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, საერთაშორისო სამართალს დასცინის. საქართველოს პრეზიდენტმა შეახსენა მსოფლიო ლიდერებს, რომ ერთი წლის წინ, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან აიღო ვალდებულება, არ გამოეყენებინა ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.  საქართველო რუსეთისგანაც ანალოგიურ ჟესტს ელოდებოდა, თუმცა პასუხად ტერორისტული აქტები მიიღო - "ზოგიერთმა ლიდერმა ვერ გააცნობიერა, რომ ცივი ომი დასრულდა და გრძელდება უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსის შანტაჟი". სააკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიას "შავი ხვრელი" უწოდა. მისი თქმით, სამხედრო მუქარას საქართველო ახალი ინფრასტრუქტურით პასუხობს. სააკაშვილმა სხვა საკითხებზეც, კერძოდ, გლობალურ ტერორიზმსა და ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაზეც გაამახვილა ყურადღება.