რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

119-ე დღე შემოწმების დაწყებიდან -

... და მე-14 დღე მისი შეჩერებიდან...

უკვე ორი კვირაა, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანებით "მედიაპალიტრაში" ფინანსური შემოწმება შეჩერებულია. რევიზია, რომელიც 29 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, ჩვენთვის უცნობი მიზეზით 19 სექტემბრის ბრძანებით განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახური შემოწმებას ნებისმიერ დროს განაახლებს და დარჩენილ 10 დღეს მაშინ გამოიყენებს, როცა ამის სურვილი ექნება.

კანონის თანახმად, შემოწმების შეჩერება განუსაზღვრელი ვადით მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმება ვერ ხერხდება "დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოებების გამო". პირველი შეუძლებელია გამხდარიყო შემოწმების შეჩერების მიზეზი, რადგან ქვეყანაში ზოგადად სტაბილური ვითარებაა და მადლობა ღმერთს, არც ბუნებრივი კატაკლიზმები დაგვტყდომია თავს. ჩვენთვის უცნობია, რა "სხვა გარემოებებმა" შეუშალა ხელი მაკონტროლებლებს დაესრულებინათ ოთხი თვის წინ დაწყებული შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ პირველად შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლები "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში 7 ივნისს გამოჩნდნენ.

პირველ ეტაპზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულბების ინვენტარიზაცია. 27 ივნისს კი შემოსავლების სამსახურმა ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტი დაიწყო. აუდიტის ვადა ორჯერ გაიხანგრძლივეს იმ მიზეზით, რომ შემოწმებული დოკუმენტაციის ანალიზისთვის დამატებითი დრო სჭირდებოდათ, კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი შემოწმება "გაყინეს".

"მედიაპალიტრის" იურიდიული სამსახურის ოფიციალურ შეკითხვას, შემოწმების განუსაზღვრელი ვადით შეჩერების მიზეზების თაობაზე, შემოსავლების სამსახურიდან ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია.