"ერთიანობის კოცონი" მთელ საქართველოში დაინთო - კვირის პალიტრა

"ერთიანობის კოცონი" მთელ საქართველოში დაინთო

7 აგვისტოს თბილისში, ნარიყალას ციხესიმაგრესთან ღამის 12 საათზე "ერთიანობის კოცონი" აინთო. აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული "მოძრაობა "7 აგვისტო"" იყო.

როგორც მოძრაობის წარმომადგენლებმა  განაცხადეს, აქციის მიზანია, მსოფლიოს მისცენ ნიშანი, რომ საქართველოს დაპყრობის საფრთხე კვლავ არსებობს, ქართული მხარე კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მომხრეა. აქცია მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს. ერთიანობის ნიშნად კოცონები ზუსტად ღამის 12.00 საათზე  ასევე დაინთო გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, რუსთავში.

ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში კი აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, ოპოზიციიდან კი ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ აბაშიძე დაესწრნენ.  დავით ბაქრაძის განცხადებით, ძნელია ანუგეშო ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებმა თავი შესწირეს სამშობლოს. "არ არსებობს უფრო კეთილშობილური სიკვდილი, ვიდრე ქვეყნისთვის თავის შეწირვა", – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.