რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

133-ე დღე შემოწმების დაწყებიდან -

...და 28-ე მისი შეჩერებიდან...

პირველი "გასროლა"

გასულ კვირას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრაში" შემოწმებული ექვსი ორგანიზაციიდან ერთ-ერთში საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი წარადგინა. ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც 13 ოქტომბრით თარიღდება, ნათქვამია, რომ შპს "ჯ.ე.პ."-ს შემოწმების შედეგად დაერიცხა 9.113 ლარი, საიდანაც 5.352 ძირითადი გადასახადია, ხოლო 3.761 - ჯარიმა.

ოფიციალურად კი "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტი განუსაზღვრელი ვადით ჯერ კიდევ შეჩერებულია. მაკონტროლებლების ზეპირი განმარტებებით ირკვევა, რომ შეჩერებული საგადასახადო შემოწმება მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც შემოწმების აქტის პროექტი ორივე მხარის მიერ შეჯერდება.

ნუგზარ ლეკიაშვილი ("მედიაპალიტრის" ფინანსური მენეჯერი): "თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რევიზიის შედეგად შემოწმდა ორგანიზაციის მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი - 2005-2011 წლები და იმასაც, რომ ამ ორგანიზაციას ყოველწლიურად მილიონიანი ბრუნვა აქვს, შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული თანხა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ჯ.ე.პ."-ს მოწესრიგებული ბუღალტერია აქვს".

შოთა ღვედაძე ("მედიაპალიტრის" იურისტი): "შემოსავლების სამსახურიდან მოსულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ შპს "ჯ.ე.პ."-ს შემოწმების პროექტის გასაცნობად 5 დღის ვადა ეძლევა და პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ ვადაში წერილობით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის გაცნობის შემდეგ მასში შეუსაბამობები აღმოჩნდება, აუცილებლად გავასაჩივრებთ მედიაციის საბჭოში".

შეგახსენებთ, რომ პირველად შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლები "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში 7 ივნისს გამოჩნდნენ.

პირველ ეტაპზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულბების ინვენტარიზაცია, 27 ივნისს კი შემოსავლების სამსახურმა ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტი დაიწყო. აუდიტის ვადა ორჯერ გაიხანგრძლივეს იმ მიზეზით, რომ შემოწმებული დოკუმენტაციის ანალიზისთვის დამატებითი დრო სჭირდებოდათ, კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი შემოწმება "გაყინეს".