ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ახლახან გამოქვეყნებულ ღია წერილში განაცხადა, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში და დაასახელა მისთვის მისაღები და მიუღებელი პოლიტიკური ძალები.ბიზნესმენის თქმით, ის ითანამშრომლებს "თავისუფალ დემოკრატებსა" და რესპუბლიკურ პარტიასთან. მოგვიანებით შეხვდა მათ ლიდერებსაც და შესაძლოა, მათთან ერთად პოლიტიკური ბლოკიც შექმნას. სამაგიეროდ, ივანიშვილი ვერ ითანამშრომლებს "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან", ლეიბორისტებთან, "ახალ მემარჯვენეებთან", "ქართულ პარტიასთან", ედპ-სთან, გია თორთლაძისა და პაატა დავითაიას პარტიებთან. ღია წერილში ბიზნესმენს არაფერი უთქვამს ნინო ბურჯანაძეზე ან "ეროვნულ ფორუმზე". ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა და ვანო მერაბიშვილს, რომელსაც კარგ მენეჯერს უწოდებს, სთხოვს, ურჩიოს ეს პრეზიდენტს.

ბიზნესმენის ღია წერილს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლება კვლავ რუსულ კვალსა და "პუტინის ფულზე" ლაპარაკობს, "დაწუნებული" ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ ისედაც არ აპირებდნენ ბიზნესმენთან თანამშრომლობას.