რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

144-ე დღე შემოწმების დაწყებიდან - ...და 42-ე მისი შეჩერებიდან...

5 თვე იწურება მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში ფინანსური შემოწმება დაიწყო. ინტენსიური რევიზიისა და არაერთგზის გახანგრძლივებული ვადების შემდეგ, მაკონტროლებლებმა შემოწმების პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს. ამის შემდეგ, ოქტომბრის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" ორ ორგანიზაციაში საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტები წარადგინა.

პირველად მაკონტროლებლებმა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი შპს "ჯ.ე.პ."-ში წარადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ შემოწმების შედეგად აღნიშნულ ორგანიზაციას დაერიცხა 9.113 ლარი, საიდანაც 5.352 ძირითადი გადასახადია, ხოლო 3.761 - ჯარიმა. შემოსავლების სამსახურიდან მოსულ შეტყობინებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ შპს "ჯ.ე.პ."-ს შემოწმების პროექტის გასაცნობად და პრეტენზიების წარსადგენად 5 დღის ვადა ეძლეოდა.

ნუგზარ ლეკიაშვილი ("მედიაპალიტრის" ფინანსური მენეჯერი): "შპს "ჯ.ე.პ."-ისთვის წარდგენილ საგადასახადო შემოწმების პროექტში აღმოჩნდა გარკვეული შეუსაბამობები, რასაც ბუნებრივია არ დავეთანხმეთ და ამის შესახებ შემოსავლების სამსახურს წერილობით ვაცნობეთ. აღნიშნულ უწყებაში განიხილეს ჩვენი პრეტენზიები და გაითვალისწინეს კიდეც, რის შემდეგაც შემოწმებული ორგანიზაციისთვის დარიცხული თანხა ნაწილობრივ, დაახლოებით 2.500 ლარით შემცირდა".

გასულ კვირას მაკონტროლებლებმა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი შპს "პოლიგრაფიულ მასალებშიც" წარადგინეს, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ორგანიზაციას ბიუჯეტის სასარგებლოდ 10.108 ლარის გადახდა ეკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა 6.834 ლარია, ხოლო ჯარიმა - 3.274 ლარი. პროექტის გაცნობის შემდეგ "მედიაპალიტრის" იურიდიულმა სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა სამართლიანად არ არის დარიცხული, რის შესახებაც ასევე წერილობით ეცნობა აუდიტის დეპარტამენტის აქტის განხილვის საბჭოს, თუმცა ამ შემთხვევაში მაკონტროლებლებმა პრეტენზიები არ გაითვალისწინეს. "მედიაპალიტრის" იურისტები გეგმავენ საჩივრით ახლა უკვე შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიმართონ.

რაც შეეხება დანარჩენ 4 ორგანიზაციას: წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს", პრესის გავრცელების სააგენტო "ელვას", სტამბა "კოლორს" და წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, მათ შესახებ შემოსავლების სამსახურს ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მოუწოდებია.