აბაშიძე და დოლიძე გადაირჩიეს - კვირის პალიტრა

აბაშიძე და დოლიძე გადაირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.ამ გადაწყვეტილებას მხარი 38-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, რადგან საკითხის განხილვამდე ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. უმრავლესობის მტკიცებით, აბაშიძემ და დოლიძემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს და საქმის კეთების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ.

"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და  დევნა. ეს უკვე ბოლშევიზმია. საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" სახით კომუნისტური პარტია აღდგა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა. ამის მიზეზი ის არის, რომ "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორები ვართ. ივანიშვილის გამოჩენით ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობა რომ დაიწყო, ეს ყველამ კარგად იცის და მიზეზი, რაც ჩვენი გათავისუფლებისას დასახელდა, სასაცილოა. ბრალი დამდეს, მერიასთან აქციებს მართავდი და ითხოვდი, დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდილიყოო. თურმე ხმა არ უნდა ამომეღო. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე?!

ხელისუფლებას არ აინტერესებს ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ ხალხისგან და მერე საკუთარ საარჩევნო კამპანიას მოახმარონ...

საკრებულოს სხდომა ძალიან დაძაბულად წარიმართა. გამორიცხული არ იყო, მართლაც შემოეყვანათ ზონდერები. ამ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები ყველაფერზე მიდიან. შეუძლიათ ადამიანი შეურაცხყონ. ეს გაუზრდელი და გაუგებარი ხალხია", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.