"ქართუ ჯგუფი" ზეწოლაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"ქართუ ჯგუფი" ზეწოლაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, ზედამხედველობის სამსახური "ქართუ ჯგუფს" ერეკლე მეფის მოედანზე, როსტომ მეფის სასახლეში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში რამდენიმე დღის წინ შევიდნენ, მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს და თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს. მიზეზად არასწორად წარმოებული სამუშაოები დასახელდა. ზედამხედველობის სამსახურმა "ქართუ ჯგუფს" ჯარიმად 4.000 ლარი დააკისრა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალა, მაგრამ "ქართუ ჯგუფის" თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება მაინც არ მისცეს.

პრესსამდივნოს ცნობით, თბილისის მერიამ "ქართუ ჯგუფს" ერეკლეს მოედანზე მიწის ნაკვეთი და მიწისქვეშა ავტოსადგომიც ჩამოართვა. ეს ფართობი "ქართუ ჯგუფმა"“ 2010 წელს 59 წლით შეისყიდა(?!).

"ქართუ ჯგუფს" როსტომის სასახლეზე მოდავე შპს "ლაით ჯგუფის" სახით გამოუჩნდა. როგორც შპს "ლაით ჯგუფის" დირექტორი პაატა ფხაკაძე აცხადებს, შენობის 150 კვმ ფართობი  2011 წლის 1-ელ ოქტომბერს შპს "ფროფერთი მენეჯმენტის" ხელმძღვანელ გიორგი გიგინეიშვილისგან იჯარით აიღო და ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაციაც აქვს. "ქართუ ჯგუფის" კომპანია "ახალი კაპიტალის" ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით კი შენობა მათი საკუთრებაა, არც იჯარით არის გაცემული ვინმეზე და არც დაგირავებული.