"მოწესრიგება" საქართველოში "შეზღუდვის" სინონიმია - კვირის პალიტრა

"მოწესრიგება" საქართველოში "შეზღუდვის" სინონიმია

"ხელისუფლებას ასეთი უშეცდომო ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს მსოფლიო პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მედიამ დეტალურად გააშუქა, რომელი ფეხი წადგა წინ ბარაქ ობამამ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევისას, ან როდის რა ეცვა მის მეუღლეს, ვინ რა მიირთვა და როდის დაამთქნარა... ზოგჯერ, უაღრესად მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, ისტორიული დატვირთვის მქონე შეხვედრებს ამგვარი დეტალიზებით ფასი ეკარგება ხოლმე... როგორც ჩანს, თანდათან ფასი ეკარგება ქუჩის აქციებსაც. შეთხელებულ მიტინგებზე რიხით აცხადებენ, რომ მათ "მხარდამჭერთა ნორმატივი" დინამოს სტადიონზე აქვთ ჩაბარებული და ყოველდღე რუსთაველზე ასიათასობით კაცის მისვლა საჭირო არ არის. ნეტავ, ის დრო მართლა მალე დადგებოდეს - ხელისუფლების შესაცვლელად ან დემოკრატიის დასამყარებლად ასიათასობით მოქალაქე საარჩევნო უბანზე რომ მივა და არა რუსთაველზე... ამასობაში კი, ხელისუფლება მანიფესტაციებს თან "ყურადღებას არ აქცევს", თან იმ კანონმდებლობას ამკაცრებს, რომელიც ადამიანთა შეკრების უფლებას აწესრიგებს. "მოწესრიგება" საქართველოში "შეზღუდვის" სინონიმია და ორივე სიტყვას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან ხშირად, უმისამართოდ და ერთი დანიშნულებით იყენებს. ეგებ, ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ეს არის...

საქართველოში და მის გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს  ვესაუბრებით:

- თქვენი აზრით, რა მიიღო ამ ისტორიულად შერაცხილი შეხვედრის შედეგად მსოფლიომ და რა - საქართველომ?

- შეხვედრა მართლაც რომ ისტორიული იყო. ამ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ის მიმაჩნია, რომ კიდევ ერთხელ, საჯაროდ და მთელი მსოფლიოს გასაგონად დაფიქსირდა - საქართველოსა და უკრაინას ამერიკა არავითარ შემთხვევაში რუსეთის "უკანა ეზოდ" არ დატოვებს, ეს უკვე გამორიცხულია. მოგვიანებით პუტინი ობამას სთხოვდა, ამერიკამ ჩვენი ინტერესები აღიაროს პოსტსაბჭოთა სივრცეშიო. რასაკვირველია, პუტინი არ გულისხმობდა ბალტიისპირეთს ან სომხეთს - პირველი გამორიცხულია, მეორე კი ისედაც არის რუსეთის სატელიტი. რუსეთის პრემიერი, პირველ რიგში, საქართველოსა და უკრაინას გულისხმობდა.

ცენტრალური აზია პუტინს არ აღელვებს - თურქმენულ გაზთან დაკავშირებით რუსეთს უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, ყაზახეთი კი მასთან დაახლოებას თვითონ ცდილობს. ასე რომ, პოსტსაბჭოთა სივრცეში მოუგვარებელ, საოცნებო საკითხებად კრემლს უკრაინა და საქართველო რჩება. სხვათა შორის, როგორც ცნობილი გახდა, ობამა-პუტინის შეხვედრისას, წმინდა ქრონომეტრაჟის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი დრო სწორედ საქართველოს, უკრაინასა და ტერიტორიული მთლიანობის, ანუ საზღვრების შეურყვნელობის თემაზე საუბარს დაეთმო.

მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩანს, ობამამ მაინც ვერ გაამართლა ამერიკის იმ წრეების იმედი, რომლებიც პრეზიდენტისგან რუსეთის მიმართ ბევრად ხისტი და მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვდნენ. ობამას იდეფიქსი ის არის, რომ ბირთვული იარაღი საერთოდ უნდა გაუქმდეს. გეთანხმებით - ეს იდეალიზმია, მაგრამ უფრო საშიში, ვიდრე ლამაზი იდეალიზმი და ამის მისახვედრად ელემენტარული ლოგიკაც კმარა. ვთქვათ, ეს ორი ზესახელმწიფო, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, შეთანხმდნენ ბირთვული იარაღის გაუვნებლობასა და განადგურებაზე, ამით ხომ მსოფლიო საფრთხე არ ამოიწურება? მხოლოდ ამ ორი ქვეყნის განეიტრალება და განიარაღება მოხდება, თორემ ბირთვული იარაღი უკვე აქვთ ჩრდილოეთ კორეას, ისრაელს, ხვალ ექნება ირანს, აღარაფერს ვამბობ ინდოეთსა და პაკისტანზე. ცხადია, ეს ქვეყნები არასოდეს იტყვიან უარს ბირთვულ შანტაჟზე. ამერიკულ მედიასა და ანალიტიკურ ცენტრებში ობამას, რბილად რომ ვთქვათ, სწორედ ამას უხსნიან.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას, ე.წ. "ეს-ელ-ვე 2"-ს, ვადა ხუთ დეკემბერს გასდის. თითქოსდა მისი გაგრძელების შესახებ ამ შეხვედრაზე აზრთა ერთობას მიაღწიეს, მაგრამ ამერიკას ეს არაფერს აძლევს, რადგან მისი ტექნოლოგიური გარღვევა სტრატეგიულ სარაკეტო სისტემებში რუსეთზე ორჯერ მაღალია. ტექნოლოგიურ პროცესებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ დარგის შენახვასა და განვითარებას  სერიოზული ფული სჭირდება, რაც დღეს მოსკოვს უფრო უჭირს, ვიდრე ვაშინგტონს. შესაბამისად, აქ შეზღუდვაც რუსეთს უფრო აძლევს ხელს. სხვათა შორის, პირველი "დათბობის" შემდეგ, 1986 წელს, რეიკიავიკის შეხვედრა იმიტომაც ჩავარდა, რომ გორბაჩოვიც ამას ითხოვდა, მაგრამ რეიგანი არ დათანხმდა. ამ უკანასკნელს იმ პერიოდში, განიარაღების საკითხებში უძლიერესი მრჩევლები ჰყავდა - მარტო ჯეკსონი, პერლი და სემნანი რად ღირდა... მოკლედ, მაშინ რეიგანმა დაუჯერა რჩევებს, მაგრამ დღეს ამერიკელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ობამა პუტინის იდეალისტურ ანკესზე არ წამოეგოს და ბირთვული იარაღის გაუქმებაზე არ დათანხმდეს. როდესაც სენატიც განაახლებს მუშაობას, ობამას მშვიდი პოლიტიკური დღეები ნამდვილად არ ელის... 5 დეკემბრის ხელშეკრულების გაგრძელებამდე დიდი დროა და ასე იოლად იდეალისტური ოცნებების განხორციელებას არ დაანებებენ.

რუსეთის მხრიდან მოსკოვური შეხვედრის უმთავრესი მიზანი, საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების გაუქმება თუ არა, ხანგრძლივი ვადით გადადება მაინც იყო. ესეც არ გამოვიდა - ობამამ ისევ გაიმეორა, რომ ნატოს კარი ყველა მსურველი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინისთვისაც ღია იქნება, თუკი ეს ქვეყნები ნატოს სტანდარტებს დააკმაყოფილებენ... საქართველოსთვის უაღრესად სერიოზული შედეგი ისიც გახლავთ, რომ რუსეთთან ომის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა უკანასკნელი დროის დაძაბულ პერიოდში პირველად, სამი დღის წინ რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, საქართველოსთან ომისთვის არასოდეს ვემზადებოდით და არც ახლა ვემზადებითო... არადა, გახსოვთ, რომ ადრე სიამაყით აცხადებდნენ, ჩვენი ძალები წინასწარ მზადყოფნაში იყო და წარმატებას ამიტომაც მივაღწიეთო. როგორც ჩანს, კრიტიკის მიუხედავად, მოსკოვში ობამამ ბევრად მეტი სიმტკიცე გამოიჩინა, ვიდრე ერთი წლის წინ ბუშმა პეკინში. მაშინ, ზუსტად აგვისტოს ომის დაწყების წინ, მას პუტინმა სამხრეთ ოსეთზე ჩამოუგდო ლაპარაკი, ბუშს კი არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა - როგორც ამერიკული და რუსული პრესაც წერდა, ჩაულაპარაკია, რა დროს ომია, ეს არავის აინტერესებსო. მაშინ პუტინმა ეს სიტყვები ისე გაიგო, რომ ამერიკა ამ კონფლიქტში ჩარევას არ აპირებდა. სხვათა შორის, პრესაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ბრაიზას არასათანადო მუშაობის გამო ბუში ნაკლებად იყო ინფორმირებული, რა ხდებოდა საქართველოში.

- შეხვედრაზე კიდევ ერთი მოლოდინი გამართლდა პუტინის დომინანტობასთან დაკავშირებით...

- სხვათა შორის, ახლახან, იტალიაში, "დიდი რვიანის" შეხვედრაზე ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა მედვედევს პირდაპირ ჰკითხა - ობამას ვიზიტის დროს, ამერიკის პრეზიდენტს ვისთან უფრო აინტერესებდა საუბარი, თქვენთან თუ პუტინთანო... ამას ეკითხებიან ქვეყნის პრეზიდენტს ქვეყნის პრემიერზე, უმაღლესი დონის, ანუ პირველი პირების შეხვედრის შემდეგ... ვფიქრობ, აქ კომენტარიც ზედმეტია...

- რუსეთში როგორ შეაფასეს და რა რეაქცია ჰქონდათ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით?..

- რუსეთში დღეს აზრი ორად არის გაყოფილი: კრემლის პოლიტოლოგები მარკოვი, პავლოვი და სხვანი საზეიმო იერით აცხადებენ, - ამერიკა იძულებული გახდა, რუსეთის წამყვანი როლი დაეფიქსირებინაო - რაკიღა შეერთებულმა შტატებმა ამხელა ყურადღება დაუთმო ამ შეხვედრის მომზადებასა და მიმდინარეობას. შედარებით რეალისტები დღეს უკვე წერენ, რომ ობამამ კრემლის იმედი არ გაამართლა და რომ ის არ იქნება ისეთი რბილი პრეზიდენტი, როგორსაც რუსები ვარაუდობდნენ.

- მიმდინარე კვირას ანკარაში საქართველოსთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა უნდა გაიმართოს - ამჯერად, "ნაბუკოს" პროექტის თემაზე...

- დიახ, ამ შეთანხმებაზე ხელი ორი კვირის წინ უნდა მოეწერათ, მაგრამ მოლაპარაკებები გაჭიანურდა და გადაიდო. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეს უახლოეს დღეებში მოხდება. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, პრევენციის მიზნით, თურქმენეთს გაზის ექსკლუზიურ მიწოდება-გაყიდვაზე რუსეთმა გაუფორმა ხელშეკრულება. მაგრამ დღეს თურქმენეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი გაზის ახალი საბადოები "ნაბუკოსაც" გასწვდება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმავე ექსკლუზიურობის მიზანს ემსახურებოდა მედვედევის ვიზიტი ბაქოში, როდესაც ეკონომიკურად ნონსენსი, პოლიტიკურად კი სრულიად გამართლებული სვლა გააკეთა - რუსეთი, როგორც შუამავალი, მზად არის, ბაქოსგან გაზი საკმაოდ მაღალ ფასად შეიძინოს, შემდეგ კი იგივე გაზი გაცილებით დაბალ ფასად ევროპას მიჰყიდოს... ასეთი ენერგოდიპლომატიით ცდილობს რუსეთი "ნაბუკოს" ჩაგდებას. მაგრამ თუ ამ კვირაში ანკარის ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რუსეთს მთელი ეს მანევრები წყალში ჩაეყრება...

- უახლოეს მომავალში კიევსა და თბილისში ჯო ბაიდენის ვიზიტია დაგეგმილი. უნდა ითქვას, რომ ამ ვიზიტს ხელისუფლებაზე არანაკლებად ოპოზიცია ელის...

- ბაიდენის ვიზიტი თუნდაც იმიტომ იქნება მნიშვნელოვანი, რომ თბილისსაც და კიევსაც დეტალურად ჩააყენებენ საქმის კურსში, თუ რა შედეგები იქნა მიღწეული ობამას მოსკოვური შეხვედრებისას. ჩემი აზრით, ბაიდენის კიევში ვიზიტი გაცილებით მნიშვნელოვანია, რაკიღა უახლოეს მომავალში, 17 იანვარს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და გადამწყვეტი შერკინება გაიმართება პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის. საინტერესოა, ამ ფონზე რა გზავნილს ჩაიტანს ბაიდენი ამერიკიდან უკრაინაში... რაც შეეხება ოპოზიციის მზადებას და გრანდიოზული მანიფესტაციების დაგეგმვას - როცა ორიათასიანი წლების დასაწყისის პოლიტიკური ისტორია დაიწერება, დარწმუნებული ვარ, ისტორიკოსები ოპოზიციის გადაწყვეტილებას, ხელისუფლების წინააღმდეგ მიტინგებითა და საკნებით ბრძოლის შესახებ, შეცდომად შეაფასებენ. რეალურად რომ ვთქვათ, რა შედეგი მიიღო ოპოზიციამ? ოცდაათი წელია, პოლიტიკის თეორიას ვსწავლობ და ქუჩის აქციების მარგი ქმედების კოეფიციენტს ვერ ვხედავ... დღეს მიტინგებზე ასი-ასორმოცდაათი კაცი თუ მიდის. შესაძლებელია, ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს გადაწყვეტილი აქვს, უკანასკნელ მომიტინგემდე და უკანასკნელ საკნამდე იბრძოლოს, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება...  ხელისუფლებამ მიტინგები, მანიფესტაციები, დემონსტრაციები, საკნები და სხვა ქუჩის აქციები თვითდინებაზე მიუშვა - ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ, მასობრივი საპოლიციო ძალებით დემონსტრანტებს არ დაჰპირისპირებია. ამით ხანგრძლივი დროის პირობებში, ფაქტობრივად, ქუჩის აქციების გაუფასურება მოხდა, ვფიქრობ, ხელისუფლებას ასეთი უშეცდომო ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.

- ისიც ფაქტია, რომ  მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრდება...

- რიგის დაკავება გამიგია, მაგრამ ქუჩაში თვეობით საკნებითა და გალიებით ადგილის დაკავება რომ არ შეიძლება, ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ვენეციის კომისიაც გაგებით შეხვდება. გვახსოვს ელჩების რეაქციაც, ხომ არ შეიძლება, ყველა ელჩი მოსყიდული ყოფილიყო?!

- ელჩებმა მოგვიანებით ისიც განაცხადეს, რომ მათ პოზიციას სახელისუფლებო არხები ცალმხრივად აშუქებდნენ...

- ცალმხრივად გაშუქება ერთია, მაგრამ რასაც ამბობდნენ, ისიც ხომ არ უარუყვიათ? ფაქტია, რომ ქუჩის აქციებისთვის არც ერთ ელჩს მხარი არ დაუჭერია და ყველა დიალოგისა და მოლაპარაკებისკენ მოგვიწოდებდა. ერთი რამ მინდა ხაზგასმული გაოცებით აღვნიშნო - იურისტი ეკა ბესელია, რომელიც ყოველ გამოსვლაში ხელისუფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს, კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფის შესახებ, სადაც, სხვათა შორის მეც გახლავართ, წინასწარ განაჩენს აცხადებს, თითქოს რაღაც საშინელებას ვამზადებდეთ. არადა, კომისიას ჯერ მუშაობაც არ დაუწყია... წინასწარ ასეთი იმპერატიულობა ქვეყანას არაფერში წაადგება...

- გასულ კვირას ლევან გაჩეჩილაძემ ახალი გაერთიანების შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც სექტემბერში უნდა შედგეს...

- თავისთავად, ფაქტია, რომ ოპოზიციაში უკვე ყველა თავის გზაზე ფიქრობს. გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც ცნება, ისტორიის კუთვნილება ხდება. ზოგადად, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკა ახალ ეტაპზე გადადის და აქ წარმატება იმას ექნება, ვინც საკუთარი რესურსები - არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უპირველესად, ინტელექტუალური, განვლილ პერიოდში მაქსიმალურად დაზოგა და ოპოზიციის ე.წ. "ობშჩიაკში" არ ჩადო. გაჩეჩილაძის მოძრაობა თავისთავად საინტერესო და ეგზოტიკური ამბავია - მსოფლიოში ჯერ არავის ჩაუტარებია პარტიის თუ საზოგადოებრივი მოძრაობის ყრილობა სტადიონზე. შესაძლებელია, ქართველები ამ გზითაც მოვხვდეთ გინესებში... ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი პოზიციები მაინც ალასანიას გუნდს უკავია. სიმართლე რომ ვთქვა, ინტელექტუალური თვალსაზრისით უფრო მეტს მოველოდი ბურჯანაძისგან. თავის დროზე მისი ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოში მრჩეველთა ინსტიტუტი მხოლოდ შირმაა და რჩევები რეალურად არავის არაფერში აინტერესებს - მათ შორის არც ბურჯანაძეს. წინასწარ იციან ხოლმე, რა უნდა გააკეთონ და მრჩევლები მხოლოდ ანტურაჟია - ასე იყო შევარდნაძის დროს, ასეა სააკაშვილის დროს და ასეა ბურჯანაძის შემთხვევაშიც, რომელსაც ოცდახუთკაციანი მრჩეველთა საბჭო ჰყავდა, მაგრამ არავის აზრი არ გაუთვალისწინებია... არადა, მის პარტიას მშვენიერი სასტარტო პირობები ჰქონდა. პოლიტიკაში მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანი უნარია - როდესაც ოსტაპ ბენდერის ლოგიკით მოქმედებ: "დილას ფული, საღამოს სკამი" ან "საღამოს ფული, დილას სკამი", არაფერი გამოვა. სამწუხაროდ, ამ ქალბატონსაც ასე დაემართა...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი