"ტერიტორიული პრობლემების მქონე წევრი ნატოში არავის უნდა" - კვირის პალიტრა

"ტერიტორიული პრობლემების მქონე წევრი ნატოში არავის უნდა"

"ივანიშვილს ეს დახმარებები პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხომ არ დაუწყია"

"ნუ დაგვავიწყდება, რა დარტყმა მიაყენა ქართულ მეცნიერებას "ვარდების რევოლუციით" მოსულმა მთავრობამ"

წინა კვირას თითქმის ყველა ნაციონალური მაუწყებელი დიდი მონდომებით გვაცნობდა ახალ სამთავრობო ინიციატივას პენსიების ზრდისა და პენსიონერების საყოველთაო დაზღვევის შესახებ. ვისაც როგორც შეეძლო, ზოგი თხევად-კრისტალურ მონიტორს იშველიებდა, ზოგიც - დაფასა და მარკერს. როგორც აღმოჩნდა, გადაწყვეტილება ძალაში ათი თვის შემდეგ, ანუ მომავალი წლის სექტემბერში შევა, თუმცა ისიც გაირკვა, რომ მხოლოდ იმ პენსიონერებს გაუმართლა, ვისაც 67 წელი შეუსრულდა - დანარჩენებს ცდა 1-დან 7 წლამდე მოუწვეთ.

გასულ კვირასვე საქართველოს ეწვივნენ ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები. მეტად საინტერესო იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც ნატოს გენერალურმა მდივანმა არა მხოლოდ დიპლომატიის, არამედ საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე ცოდნაც გამოამჟღავნა. რასმუსენის შეფასებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება, არის თუ არა დემოკრატია საქართველოში. ""თქვენ ისეთივე შემართება უნდა გამოიჩინოთ, როგორიც თქვენმა თანატოლებმა 8 წლის წინ, რათა მიზანს მიაღწიოთ. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სტუმარმა და ქართველი ახალგაზრდების შთამაგონებლად ილია ჭავჭავაძე დაასახელა. რასმუსენის აზრით, სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო.  "ილიას "მგზავრის წერილები" 150 წლის წინ დაიწერა, მაგრამ მისი იდეები დღესაც მნიშვნელოვანია", - ბრძანა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, საქართველომ გაიარა დიდი გზა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, რადგან დემოკრატიის შენება და თავისუფლების დაცვა არასოდეს დასრულდება. "წინ გელით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მკაფიო საარჩევნო კოდექსს საჭიროებს, რათა ყველა კანდიდატმა დაუბრკოლებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ საარჩევნო ყუთი არ არის. ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ყველა შრე უნდა ჩაერთოს, პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უნდა დავუტოვოთ", - განაცხადა ბატონმა რასმუსენმა და დასძინა, რომ საქართველომ დაწყებული რეფორმები უნდა გააგრძელოს.

ქართულ აწმყოსა და მომავალზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტს, მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ბატონ ლადო პაპავას ესაუბრა:

- ალბათ, თამამად შეიძლება რასმუსენის სიტყვები ქართველი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მოკლე პროგრამად ჩაითვალოს. თუმცა, როგორც სჩვევიათ, ანდერს ფოგ რასმუსენის  გამონათქვამები ხელისუფლებამ სათავისოდ გაიგო და გაახმაურა, ოპოზიციამ კი - სათავისოდ. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

- ალბათ, ყველა, ვინც განიხილავს ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს, მეტ-ნაკლებად მართალია, რადგან რასმუსენმა მართლაც თქვა, რომ გატარებული რეფორმები შედეგიანია. ითქვა ისიც, რომ მომავალ არჩევნებში საქართველოს დიდი გამოცდა ელის. მართალია, ის ფრაზაც, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად ევროატლანტიკური სივრცის წევრია, მაგრამ გახდება თუ არა ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის - ნატოს მომავალზე, მის ხედვასა და საქართველოში პროცესების წარმართვაზე. ასე რომ, ნატოს კარი საქართველოსთვის არ დახურულა. რასმუსენისა და მისი კოლეგების ვიზიტი საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანი იყო, - ნატომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მხარდაჭერა, მაგრამ თუ ობიექტური ვიქნებით, ჩვენთვის ნატოს წევრობა საკმაოდ შორეული მომავლის საქმეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორი დემოკრატიული რეფორმებიც უნდა გავატაროთ, როგორი სამართლიანი არჩევნებიც უნდა გაიმართოს, ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. როცა რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათი დამოუკიდებლობა აღიარებულია, ასეთი არჩევანი გვაქვს: ან ჩვენც უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, გავავლოთ იქ საზღვარი და შევათანხმოთ ყველა ჩვენს მეზობელთან და მაშინ ნატოს კარი კიდევ უფრო ფართოდ გაიღება ჩვენთვის; ხოლო, თუ ამ გზას არ ავირჩევთ, მაშინ, ბუნებრივია,  ნატოს სულაც არ ენდომება ისეთი წევრი, რომელსაც ტერიტორიული პრობლემა აქვს მეზობელთან. ეს თვითონ ნატოს უქმნის საფრთხეს საომარ მოქმედებაში ჩართვის თვალსაზრისით. პროდასავლური აზროვნების პოლიტოლოგმა და კარნეგის ცენტრის მოსკოვის ოფისის დირექტორმა, ცნობილმა რუსმა ექსპერტმა დმიტრი ტრენინმა, რომელიც ძალზე კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ, პარიზში ერთ-ერთ კონფერენციაზე საკითხი ასე დააყენა: თუ  ქართველებს გსურთ ნატოში შესვლა, რა პრობლემაა, აღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, გაატარეთ საზღვარი და გაგეხსნებათ გზა ნატოსკენო.

ამის გამო ტრენინი ოფიციალურმა თბილისმა მწვავედ გააკრიტიკა, იმიტომ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი - სააკაშვილი თუ სხვა, პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიღება არათუ შეუძლებელი, გაუმართლებელიცაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნატოს წევრობა უახლოეს პერსპექტივაში პირადად მე და, ალბათ, არა მარტო მე, რეალურად ნამდვილად არ მესახება.

- "შეთანხმებას ხელი ოთხშაბათს მოეწერა. ლაპარაკია დოკუმენტების სამ პაკეტზე: უპირველესად ორმხრივ შეთანხმებაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც ითვალისწინებს ტვირთების მონიტორინგს. "საერთაშორისო მონიტორები დააკვირდებიან იმ ტვირთებს, რომლებიც რუსეთიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შეაქვთ და პირიქით, რომლებიც ამ რეგიონებიდან რუსეთში გააქვთ. ასევე იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის, ასევე, რუსეთსა და შვეიცარიას შორის, რომელიც ითვალისწინებს, რომ ამ პროცესში მესამე მხარედ ჩართული იქნება შვეიცარია და მონიტორები მასთან იქნებიან ანგარიშვალდებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების თაობაზე მოლაპარაკების კომენტირებისას. საზოგადოებისთვის, ცოტა არ იყოს, გაურკვეველია სარგებლიანობა ამ შეთანხმებისა, რადგან ერთნი რუსეთის მსო-ში გაწევრებას საქართველოს მარცხად თვლიან, მეორენი კი ლამის რუსეთისგან სეპარატისტული რეგიონების აღიარების გაუქმებად აფასებენ. თქვენი აზრით, რას მოუტანს რეალურად ეს ფაქტი საქართველოს?

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. საქმე ის არის, რომ რუსეთის მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყველას, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ასევე ევროკავშირის ინტერესს პასუხობდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხისტი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შექმნიდა სირთულეებს სწორედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა დაეცვა თავისი პოზიცია, ეროვნული ინტერესებიც და ეს საკმაოდ რთული იქნებოდა. საერთაშორისო მონიტორები დგანან საზღვარზე დნესტრისპირეთშიც. ეს იგივე სქემაა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დნესტრისპირეთი არავის უღიარებია. ამიტომ ამ სქემის  გამოყენება  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ნიშნავს, რომ პრაქტიკულად რუსეთი დათანხმდა ისეთივე მოდელზე, რა მოდელიც აუღიარებელ დნესტრისპირეთშია. ამით რუსეთმა დააკნინა მის მიერვე აღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ამას ისიც ცხადყოფს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ მოსკოვის გადაწყვეტილებას. თანაც, რუსეთს მსო-ში გაწევრებისთვის ორი გზა ჰქონდა: პირველი - საქართველოსთან შეთანხმება, მეორე კი საქართველოს თანხმობის გარეშე, კენჭისყრით. თუ კენჭისყრით გავიდოდა, მაშინ ქართულ-რუსულ საზღვარზე არაფერი შეიცვლებოდა. დღეს კი, როდესაც შვეიცარიული წინადადება გავიდა, ნიშნავს, რომ რაღაც მცირედი, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. არის ერთი ნიუანსიც, - სანამ თვით შეთანხმების ტექსტს არ გავეცნობით, ძნელია დაბეჯითებით ითქვას, რას მოეწერა ხელი, მაგრამ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება, ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი გზა მოცემულ ვითარებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს წინადადება წამოაყენა შვეიცარიულმა მხარემ და არა ქართულმა. როცა მსგავს წინადადებას ქართული მხარე აყენებდა, რუსები კატეგორიულად უარყოფდნენ, ხოლო შვეიცარიული მხარის წინადადების უარყოფა, მაშინ, როდესაც ქართველები, ფაქტობრივად, მყისიერად დათანხმდნენ, ნიშნავდა, რომ რუსეთი თავს შეირცხვენდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ამიტომ, ვფიქრობ, თუ საღი გონებით განვსჯით, ამაზე უკეთესი ვარიანტი ქართულ მხარეს არ ჰქონდა.

ამასთანავე, ამერიკა და  ევროპა დაინტერესებული იყვნენ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებით.

- პარლამენტმა საპენსიო ამნისტიასთან დაკავშირებული კანონი დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილებით, პენსიონერებს 2011 წლის 1-ელ ნოემბრამდე (1-ელი აპრილის ნაცვლად) შეცდომით ზედმეტად დარიცხული პენსიის უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ. მეტიც, ნაციონალური მაუწყებლების მეშვეობით პრეზიდენტმა, მართალია, ცოტა რთული, მაგრამ პენსიების გაზრდის ფორმულა წარმოგვიდგინა. ლაპარაკი იყო პენსიონერების საყოველთაო დაზღვევაზეც. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კვლავაც მოქმედებს და ის უფრო და უფრო აქტუალური გახდება?

- ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომც არ გამოჩენილიყო, მთავრობა წინასაარჩევნო მარათონში მაინც მიმართავდა  პოპულიზმს, რაც ყოველთვის სჩვეოდა და ეს ჩვეულებრივი ამბავია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ასე რომ, მთლად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლას ნუ დავუკავშირებთ ყველაფერს.  თუმცა, არც უამისობაა, რადგან მართლაც საკმაოდ იმძლავრა სოციალურმა თემატიკამ. იმავდროულად, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყოფნის პროფესიონალიზმი და აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებს. ჯერ ერთი, გაუგებარია, რატომ დაწესდა პენსიის გაზრდის ზღვრად 67 წელი? რატომ 67 და არა 65, მამაკაცის საპენსიო ასაკი? ხოლო თუ საპენსიო ასაკს  არ ამთხვევ, მაშინ  რატომ  66 არ აიღეს ან 63? ან რა ქნან ქალებმა, რომლებიც უკვე არიან საპენსიო ასაკისა, ვთქვათ, 60 წელს გადაცილებულნი, და 67 წლამდე 7 წელი მოუწევთ ლოდინი. ასე რომ, საპენსიო  ასაკს, რა თქმა უნდა, ზემოთ ვერ ასწევენ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ზღვრად 67 წლის დაწესება აბსოლუტურდ გაუგებარი რამ არის.

პენსიები 1-ელი სექტემბრიდან რომ გაიზრდება, ამის გაცხადება ათი თვით ადრე რა საჭირო იყო?  ღმერთმა ნუ ქნას და, განცხადება, ათი თვის შემდეგ პენსიას გავზრდიო, მომავალი ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით დიდ რისკსაც შეიცავს.

- ქართულ მედიაში ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დანიშნული ყოველთვიური შემწეობის სია გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადრეც არსებობდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ეკლესიებისა და  მუზეუმების განახლების, ასევე სხვა სამშენებლო პროექტების გარდა, ბიძინა ივანიშვილი გრანტებს გასცემდა ხელოვნების, სპორტისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირთა საკმაოდ ფართო წრისთვისაც. ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთნი თვლიან, რომ ივანიშვილი სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ სჯობდა, ეს თანხები სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის მიეცა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის ფონდი, არც ამ საქმეში იჩენდა პასიურობას.

- ცნობისთვის უნდა გითხრათ, რომ მე თვითონ ვიღებ ხუთას ლარს, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ქველმოქმედება მდიდარი ხალხისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ივანიშვილია გამონაკლისი. მან საფუძვლად აიღო კრიტერიუმი - მიღწევები კულტურაში, მეცნიერებასა და სპორტში. ხალხის ერთ კატეგორიას, რომელსაც აქვს დამსახურება  ამ სამ ძირითად სფეროში, ამ ფონდმა გრანტი მისცა. თუკი ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, ამ ხალხის საქმიანობა სათანადოდ დაფასდება, მას დახმარება აღარ დასჭირდება. თუმცა, მაინც დარჩება კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც გრანტი მაინც დასჭირდებათ.

სანამ რამეს ვიტყვით, ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული ნაწილი, უწინარეს ყოვლისა, მეცნიერები, შემდეგ კი ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, პრაქტიკულად, ჩარეცხა.

ნუ დაგვავიწყდება, რა დარტყმა მიაყენა ქართულ მეცნიერებას "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოსულმა მთავრობამ, როდესაც არაერთი სამეცნიერო დაწესებულება გააუქმა. შორს რომ არ წავიდეთ, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ინსტიტუტები, რომლებიც სულ ახლახან დახურა ილიას უნივერსიტეტმა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მეცენატი ყველა სფეროს გასწვდეს, ამიტომ მან შეარჩია მეტ-ნაკლებად დამსახურებული მოღვაწეები.

ბიძინა ივანიშვილის პირადი საქმეა, ვის დაეხმარება და ვის - არა. რაც შეეხება პოლიტიკასთან ამის მიბმას, ბატონ ბიძინასთან შეხვედრაზე ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი. როგორც მან თქვა, არანაირი კავშირი ამ საგრანტო დახმარებას მის პოლიტიკასთან არა აქვს. მეტიც, ეს პოლიტიკასთან  იქნებოდა დაკავშირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გრანტებისა და დახმარებების გაცემას პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაიწყებდა. ზოგი პროექტი 2003 წელს არის დაწყებული, ზოგი - 2006 წელს. მისი აზრია, რომ "ქართუს" ფონდი, ისევე როგორც ბანკი, პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს.

სამწუხაროა, რომ მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა ხსენებული გრანტების შესახებ არაჯანსაღი აურზაური ატეხეს, რითაც ნებსით თუ უნებლიეთ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე დაასხეს წყალი! აი ამის შესახებ წერდა ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ განცხადებაში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა.