"ევროპარლამენტში ყველაფერი ითქვა და ყველამ ყველაფერი გაიგო" - კვირის პალიტრა

"ევროპარლამენტში ყველაფერი ითქვა და ყველამ ყველაფერი გაიგო"

"საზოგადოება არ უნდა გამოდიოდეს კვერცხების როლში..."

"ლობისტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას დაქირავებული ჰყავს, მუშაობენ ამერიკაშიც და ევროპაშიც"

ხელისუფლების არქიტექტურული ნოვაციებით აქამდეც განებივრებულნი ვიყავით, მაგრამ გასულ კვირაში "არტმოდერნულ" შემოტევას ჰქონდა ადგილი. ჯერ ბათუმური "კვერცხების" ინტელექტუალურ-იდეალისტური დატვირთვა არ მოგვენელებინა ცხოვრების სიფაქიზესთან დაკავშირებით და თბილისში, "რედისონის" წინ, გაურკვეველი ორიენტაციისა თუ ტექნიკური დანიშნულების გიგანტური ველოსიპედი დაგვიდგეს. ხელოვნებაში იქნებ არა, მაგრამ ლოგიკისა ხომ მაინც გამეგება რამე და ვერაფრით ამიხსნია, განმარტება "შლოპანც"-შემოდგმული კვერცხებისა - ცხოვრება ისეთი სათუთია, ისე უნდა გაიარო, თითქოს კვერცხზე დაგიდგამს ფეხიო... ნაკვერჩხალზე სიარული გამიგია, ლურსმანზე სიარულიც მინახავს, მაგრამ კვერცხზე როგორ უნდა გაიარო მის დაუმსხვრევლად, ვერაფრით გავიგე...

თუ ყველაფერს ასე რეალისტურად უდგება ხელისუფლება, მაშინ მთლად კარგად ვერ ყოფილა ჩვენი მდგრადი განვითარების საქმე... სხვა საკითხია დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას გიგანტური ველოსიპედის დადგმა. კი ამბობენ, მთელი ევროპა ველოსიპედის ძეგლებით არის მოფენილიო, მაგრამ თუნდაც საფრანგეთში, რომელიც პირველი რესპუბლიკის სამშობლოა და სადაც, მოგეხსენებათ, თავის დროზე მეფეს თავიც მოჰკვეთეს, არავის მოუვა აზრად, გმირი მეფის ადგილას ველოსიპედის ძეგლი დადგას... ველოსიპედს ვინ ჩივის, ჩვენს ხელისუფალთ იმისთანა ოცნებები ჰქონიათ... როგორც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს განუცხადა, თურმე ოქროს თევზი რომ ჰყოლოდა, ორასსართულიანი შენობის დადგმას ინატრებდა. უკრაინელმა ჟურნალისტმა არ იცოდა, თორემ, სხვათა შორის, ჰყავდა ასეთი "ოქროს თევზი" საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ ლაპარაკი დაიწყო და თანაც, არცთუ სასიამოვნო რაღაცების. ასეა, იმასაც ცოდნა და მონდომება უნდა, რომ თევზს ლაპარაკი დააწყებინო...

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე პოლიტოლოგ კოტე ჟღენტს ვესაუბრებით:

- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტურ რეგიონებზეც არის საუბარი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად იქნა აღიარებული. როგორც ხდება ხოლმე, ხელისუფლებამ ეს ფაქტი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და რუსული ოკუპაციის დასრულების მორიგ დასაწყისად გამოაცხადა. ოპოზიცია კი რეზოლუციაში დაფიქსირებულ სხვა საკითხებზეც საუბრობს - კერძოდ, პოლიტიკაში არსებულ არათანაბარ პირობებსა და დემოკრატიის საჭიროებაზე. თქვენეული შეფასება როგორი იქნება?

- რეზოლუცია ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი წინადადება - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი-ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად ჩაითვალოს - ადრეულ დოკუმენტებში არ ყოფილა. აქ კი ეს ყველაფერი ხაზგასმულია და ორ თუ სამ ადგილას გამეორებული. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს მართლაც უნდა ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად. დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი მომენტებიცაა - მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ შეასრულოს ცნობილი 6-პუნქტიანი შეთანხმება ბოლომდე; რომ დევნილები უნდა დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს და ა.შ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამავე დროს, აქვე, უკვე ჩვენ მიმართ არის ნათქვამი, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დავიწყოთ და რომ აუცილებლად უნდა შედგეს დიალოგი. იქვე ნათქვამია, ჩემი აზრით ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზაც, - თუ დაპირისპირებული მხარეების პირდაპირი დიალოგი ვერ შედგება, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას ითამაშოს მედიატორის როლი, ოღონდ ეს მედიატორობა არ უნდა იყოს ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ტერიტორიული უფლებებისა, მაგრამ  არ არის ის, რაც განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ, რომ ამ რეზოლუციით მოხდა რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და ასე შემდეგ... ასეთი რამ იქ არ წერია. რეზოლუციაში არავითარი ორმაგი აზრი არ დაფიქსირებულა და ის უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც ავტორებმა დაწერეს.

- ხელისუფლებამ სწორედ რუსეთის მიმართ მოწოდებებისა თუ ბრალდებების ნაწილში დაინახა რეზოლუციის პროდუქტიულობა. რაც შეეხება რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგებას, საამისო პერსპექტივას საქართველოს მთავრობაში ჯერ ვერ ხედავენ...

- ჩვენი ხელისუფლება, როგორც ყველა საერთაშორისო დოკუმენტს, ამ დოკუმენტსაც მხოლოდ საკუთარ გამარჯვებად განიხილავს და წარმოაჩენს. ანუ ხედავს იმას, რაც მოსწონს და რასაც ეთანხმება, ხოლო სხვა დანარჩენს არც ახსენებს, თორემ, იქ იყო ლაპარაკი დემოკრატიის განვითარებაზე, სასამართლო სისტემაზე, მედიის თავისუფლებაზე... ამის შესახებ ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია და არც გამოუქვეყნებია. ასეთ ორმაგ სტანდარტებს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკვე მივეჩვიეთ...

- საწყის ეტაპზე იყო ინიციატივა, რეზოლუციაში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხიც შესულიყო, თუმცა მოგვიანებით დამტკიცებულ ტექსტში ეს არ ასახულა...

- ამ სახით არ შესულა, თორემ რეზოლუციაში არის წინადადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ოპოზიციას მისცენ საშუალება, თანაბარ გარემოში გაუწიოს კონკურენცია. წინადადება, რომელიც ივანიშვილს ეხებოდა და მისი გვარ-სახელიც იყო ნახსენები - პოლიტიკური ოპონენტის მიმართ არაპროპორციული ძალების გამოყენება - თავდაპირველად ავსტრიელმა სოციალ-დემოკრატებმა წამოაყენეს. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ შერბილებული ვარიანტიც შეიტანეს განსახილველად, სადაც  ივანიშვილის სახელი და გვარი აღარ ეწერა და ლაპარაკი იყო ზოგადად, პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, ეს წინადადებაც არ შევიდა რეზოლუციის ტექსტში. ლობისტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას დაქირავებული ჰყავს, მუშაობენ ამერიკაშიც და ევროპაშიც. ეს ლობისტები არიან ყველგან და ის, რომ ევროპარლამენტში ამ წინადადების წინააღმდეგ აქტიური მუშაობა მიდიოდა, ნათელია. ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ ამ წინადადებას რუსები ლობირებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება, - არანაირი კავშირი ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით ევროპარლამენტში გასულ დეპუტატს რუსეთთან არ აქვს. არასოდეს ის რუსეთთან კავშირში შემჩნეული არ  ყოფილა. ასე რომ, ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა.  არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ იყო ისეთი ინფორმაციაც, რომ მოგვიანებით ამ ბრალდების ავტორს ევროდეპუტატებმა პასუხიც მოსთხოვეს და უარყოფაც. ზოგადად, ევროპარლამენტი ყოველთვის ცდილობს, არ გაამწვავოს სიტუაცია და კონკრეტული გვარ-სახელებით არ ილაპარაკოს, მით უმეტეს, თუ წინასაარჩევნო პერიოდი ახლოვდება. შეიძლება ბევრმა პარლამენტარმა იფიქრა, რომ  ასეთი გამწვავება, პირიქით, ხელს შეუშლიდა საქართველოში ახალჩამოყალიბებულ ოპოზიციურ გაერთიანებას... სხვათა შორის, ეს სიმართლესთან ახლოსაც არის -  შესაძლოა, ასე მკვეთრად საკითხის დასმას პირუკუ შედეგიც გამოეწვია საქართველოში. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპარლამენტში ყველაფერი ითქვა და ყველამ ყველაფერი გაიგო.

- როგორც ცნობილია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში სპეციალური ვიზიტით გაემგზავრა. რა ძვრები შეიძლება ამას მოჰყვეს ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის?

- თუ პოლიტიკურ ურთიერთობებს გულისხმობთ, არა მგონია, რაიმე ცვლილებები მოხდეს. რაც შეეხება კლიმატის გაჯანსაღებას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ვიზიტები და შეხვედრები ხელშემწყობ ფაქტორად მოგვევლინება. კონფლიქტოლოგიაში ცნობილია, რომ მხარესთან ურთიერთობის გარეშე კონფლიქტის მოგვარების არანაირი საშუალება და პერსპექტივა არ არსებობს. თუ ეს პოლიტიკურ დონეზე არ ხერხდება, ის ძაფები და კავშირები, რომლებიც გაბმულია საზოგადოებას, თუნდაც ეკლესიებს შორის, არ უნდა დაიკარგოს. ეს საშუალებას იძლევა, რომ მხარეებს შორის საგნობრივი საუბრის დაწყებამდე, ორ საზოგადოებას შორის რაიმე სახის ურთიერთობის შენარჩუნება მაინც მოხერხდეს. ესეც უნდა ითქვას - ეკლესია განყენებული ორგანიზმი ხომ არ არის, ის ხალხს წარმოადგენს და მგონი, წარმოადგენს ბევრად მეტად, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში.

- საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე მიწვეულმა გიორგი ქადაგიძემ "ქართუ ბანკს" ბრალი პოლიტიზებაში დასდო. "ეროვნული ბანკის მიზანია "ქართუ ბანკი" პოლიტიკური პროცესისგან გამიჯნოს. "თუ ამ კუთხით წესრიგს არ დაამყარებთ თქვენ, ამას ეროვნული ბანკი გააკეთებს", - დასძინა მან. რამდენად სამართლიანია ეროვნული ბანკის პრეტენზიები და ის ფაქტი, რომ "ქართუში" შესულმა კომისიამ მხარდაჭერის მიზნით გახსნილი ანაბრებისა და მეანაბრეთა სრული სია მოითხოვა?

- ჩემი აზრით, "ქართუს" მხრიდან არანაირ პოლიტიზებასთან საქმე არ გვაქვს. დიახ, არსებობს გარკვეული რეგულაციები სახელმწიფო ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის, მაგრამ პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ ეს არის კერძო ბანკი და ბიძინა ივანიშვილის საკუთრება. ივანიშვილმა კი თვე-ნახევრის წინ განაცხადა, რომ ის მოდის პოლიტიკაში.  ეს არ ნიშნავს და

არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ თუკი ადამიანი ფლობს საკუთრებას, პოლიტიკაში მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი უნდა გააჩუქოს და ყველაფერზე უარი თქვას, ან ის ფული, რომელიც აქტივში აქვს, აღარ გამოიყენოს.

მაგალითად, ბერლუსკონი იტალიაში რამდენიმე ბანკისა და სამი ტელევიზიის მფლობელი იყო, მაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. არავის უბრძანებია მისთვის, საკუთრებაზე უარი ეთქვა. არადა, ბერლუსკონი, ივანიშვილისგან განსხვავებით, უკვე იყო პრემიერ-მინისტრი და თუ მოთხოვნაა, სწორედ მისთვის უნდა მოეთხოვათ ასეთი რამის გაკეთება. ცხადია, ამ ქონებას სხვები მართავდნენ და არა პრემიერ-მინისტრი. რა თქმა უნდა, არც ბატონი ბიძინა მართავს იმ ბანკს -  როგორც ყველა ბანკს, "ქართუსაც" თავისი მმართველობა ჰყავს. ამიტომ არ არის გამართლებული, მოსთხოვო ივანიშვილს, გინდა თუ არა, ყველაფერზე უარი თქვი და უპოვარი გახდი, რაკიღა პოლიტიკაზე დაიწყე ლაპარაკიო. ან, რაში გამოიხატება "ქართუს" პოლიტიზება? აბსოლუტურად  ვეთანხმები ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც ამ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, - პირიქით, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საკითხის პოლიტიზება ეროვნული ბანკის მხრიდან ხდებაო. ვფიქრობ,  ასეც არის. ჩვენი ხელისუფლების სტილია, გაღმა შეედავონ, რომ  გამოღმა ვერავინ ვერაფერი თქვას. ბანკ "ქართუზე" ზეწოლა სწორედ მაშინ დაიწყო, რაც ივანიშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა - თუკი სხვა, პოლიტიკასთან კავშირში არმყოფი საკითხები იყო ეროვნული ბანკისთვის მთავარი, მანამდე რატომ არ დაინტერესდნენ? თვითონ დაიწყეს საკითხის პოლიტიზება და ახლა "ქართუ ბანკს" აბრალებენ...

- ბოლო დროს საქართველოში ისტერიული "ძეგლიადა" შეინიშნება. ქვეყანაში კვერცხების, ველოსიპედებისა და სხვა არაორდინარული ძეგლები მომრავლდა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ მანამდე არსებული, ისტორიულ და საზოგადო მოღვაწეთა ძეგლები მოფარებულ ადგილებზე, გარეუბნებში გადააქვთ...

- მართლა არ მახსენდება, რომელიმე ქვეყანაში გმირი მეფის ძეგლი გადაეტანათ და ველოსიპედის დაედგათ... მე, როგორც გურული,  აღშფოთებული ვარ, რომ გურიაში, "აჯანყებული გურულის" ქანდაკება მოგვიხსნეს... ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად რომ ვთქვათ, გემოვნებაზე არ დაობენო, ამბობენ, თუმცა როცა ეს მთელ საზოგადოებას და ქალაქს ეკუთვნის, როდესაც  ესა თუ ის ძეგლი არა ერთი პირის, არამედ ქვეყნისა და ქალაქის იმიჯზე მეტყველებს, მგონი, გემოვნება სადავოა. აქ უკვე კონსენსუსით თუ არა, საყოველთაო განხილვით, ხელოვნებათმცოდნეთა შორის  მოლაპარაკებით მაინც უნდა გადაწყდეს ასეთი საკითხები. რაც შეეხება კვერცხებს და ზემოდან "შლოპანცებს", ვერ გავიგე ამ ძეგლის დანიშნულება. ძალიან მომეწონა ერთ-ერთი ტელეგადაცემის მორბენალ სტრიქონში გასული ფრთიანი ფრაზა: "შლოპანცი" საქართველოა, კვერცხები ჩვენ ვართ ყველაო..." ასეთი შთაბეჭდილება არ უნდა რჩებოდეს საზოგადოებას. მაპატიეთ და, საზოგადოება არ უნდა გამოდიოდეს კვერცხების როლში... გაუმართლებელია ძეგლი პროფესიონალთა აზრის უკითხავად დაიდგას.  ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს იმას, რომელი ძეგლი მოიხსნას და რომელი დაიდგას...

- გასულ კვირაში "დიდ პოლიტიკაშიც" ერთგვარ ვნებათაღელვას ჰქონდა ადგილი - კონდოლიზა რაისის მემუარების კომენტირებისას ერთ-ერთ დასავლურ გამოცემაში აღინიშნა, რომ სააკაშვილს ჰბრალდებოდა რუსეთთან ომის დაწყება. მოგვიანებით თავად ქალბატონმა რაისმა გააკრიტიკა აღნიშნული გამოცემა და განაცხადა, რომ მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტირებას ჰქონდა ადგილი...

- სწორედ არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი, თანაც სხვადასხვა მხრიდან. კონდოლიზა რაისმა რაც თქვა, ის დაწერილია და დაინტერესებულ  პირს შეუძლია ნახოს ინტერნეტის მეშვეობით. რაისს არ უთქვამს, ომი საქართველომ დაიწყოო. მას უწერია, რომ  სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ საშუალება მისცეს რუსეთს, ჩაეთრია ისინი პროვოკაციაში და ეს ნამდვილად ასე იყო.  ამ ომის შესახებ დასავლეთის პრესაში წერდნენ: "სააკაშვილი და მისი მთავრობა ხაფანგში "გადახტნენო" - სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ და რეალურად ასეც მოხდა. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას - საქართველოს ხელისუფლება აჰყვა რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას და შემდეგ ხაფანგში გადახტა, სწორედ ეს თქვა კონდოლიზა რაისმა.