პრეზიდენტის ენცეფალოგრამა "ნაციონალური" ტელევიზიებით გადაიცემა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ენცეფალოგრამა "ნაციონალური" ტელევიზიებით გადაიცემა

"ხელისუფლების რიტორიკა - "ჩვენ, ხალხი" გაცამტვერდა"

დედაქალაქში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა "ვარდების რევოლუციის" მერვე წლისთავი, - გაიხსნა განახლებული ქუჩები და შენობები, დაიდგა ახალი ძეგლები... საყოველთაო სიხარულისა და სიამაყის ეპიცენტრად კი მოგვევლინა დავით აღმაშენებლის პროსპექტი, რომელსაც პრეზიდენტი ჯიუტად მოიხსენიებდა "პლეხანოვად". რასაკვირველია, რიტორიკა უმალ აიტაცეს მისადმი ლოიალურად განწყობილმა პირებმა და მედიამ. რატომ გადაიქცა ეროვნული აღმაშენებელი რუს პლეხანოვად, თან რუსეთი ხომ ჩვენი მტერია? იმიტომ ხომ არა, რომ დავით მეფის ხსენება სააკაშვილს გელათში დადებულ პირობას ახსენებს? ასეა თუ ისე, საზეიმო ვითარებას ეჭვითა და ინტრიგებით ნუ გავაფუჭებთ და კვლავ საიუბილეო ცერემონიას დავუბრუნდეთ. როგორც პრეზიდენტმა თბილისის შესახებ ბრძანა, "ეს არ არის მარტო საქართველოს დედაქალაქი, ესაა კავკასიის დედაქალაქი, ამ რეგიონის უზარმაზარი და მნიშვნელოვანი ცენტრი. არსად არ არის იმ დონის გაუმჯობესება, როგორც თბილისში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, კომფორტული და საცხოვრებლად მოსახერხებელი, საამაყო ქალაქი". ცხადია, პრეზიდენტს არც შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამორჩენია: "რა უნდა მეოცნება მეტი. ეს არის ჩემი ოცნების ახდენა, რომ ის უწყება, სადაც მე რიგით თანამშრომლად ვმუშაობ, არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი რეგიონში", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, "კომპლექსურმა მიდგომამ მოგვიტანა ის, რომ "ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში". მეორე დღეს კი აღმაშენებლის პროსპექტზე  რესტავრაციაზე დასაქმებული მუშები შეიკრიბნენ, - ისინი დაგვიანებული ხელფასების გაცემას მოითხოვდნენ.

მუშების უმრავლესობა ტელეკამერებთან საუბარს გაურბოდა. ალბათ, იმიტომ, რომ მერაბიშვილის თქმისა არ იყოს, საქართველოს რეგიონში ყველაზე სახელოვანი პოლიცია ჰყავს. აღმაშენებლის პროსპექტის განახლებული შენობები მართლაც ლამაზია. რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა კი დარჩა რესტავრატორ კომპანიაზე, დახარჯულ თანხებზე, ფასადებსა და შიგთავსზე, ასევე ყინვაში მოყოლილი დუღაბის ხარისხზე, მაგრამ არ გვინდა იმ თანამოქალაქეებს საზეიმო განწყობა გავუფუჭოთ, ვისთვისაც ხელისუფლების გაკრიტიკება ქართული სახელმწიფოებრიობის გაკრიტიკებას ნიშნავს. არადა, თუნდაც მომეჩვენოს, რომ სახე გამურული გაქვს, განა ცუდია, სარკეში ჩახედვა გირჩიო? ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ამ და არა მხოლოდ ამ, კვირის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ:

- "მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდგომ. "სამწუხაროდ, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც კრემლის ფილიალია, საბჭოთა კავშირის აღსადგენად პირდაპირ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა", - ეს კი საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში იმყოფებოდა. რამდენად მართებულია ასეთ დროს სახელისუფლებო და საეკლესიო პოზიციების დაპირისპირება?

- გარდა იმისა, რომ ვიზიტი შეფასდა თვითონ პატრიარქის მიერ, ცნობილია ამ ვიზიტისას ჩატარებული შეხვედრების დონე და პრობლემები, რომლებსაც ის განიხილავდა რუსულ მხარესთან. დიდ იმედს ბადებს, რომ ასეთი ვიზიტებით, რომლებიც, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება, საქართველოს მიეცემა ის ისტორიულად დაკარგული შანსი, რომელიც  2008 წლამდეც დაკარგული იყო, 2008 წლის შემდგომ კი ყოველგვარი პერსპექტივის მიღმა აღმოჩნდა. ვგულისხმობ იმის შანსს, რომ საქართველომ ითამაშოს ადეკვატური როლი თავის მეზობლებთან ურთიერთობაში და მოაგვაროს შიდა და საგარეო პრობლემები. დასანანია, რომ ეს არ კეთდება სამთავრობო დონეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის შანსი, რაც დაგვრჩა და საითაც მიგვითითებენ დასავლელი პარტნიორები, მათი რეალიზების იმედს გვაძლევს მისი უწმინდესობის ვიზიტებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ჩვენ გვახსოვს პატრიარქის ყველა ძალისხმევა, იქნებოდა ცხედრების გადმოსვენება ბრძოლის ველიდან თუ პერევის ეპიზოდი. ჩვენ ვხედავთ, რამხელა შვება შეუძლია მოუტანოს პატრიარქის, ასე ვთქვათ, არასამთავრობო დიპლომატიამ, ქვეყანასა და იმ ხალხს, ვინც იტანჯება ხელისუფალთა უგუნური პოლიტიკის გამო.

ბუნებრივია, როდესაც ჩვენი სულიერი წინამძღოლი იმ ქვეყანაშია, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვს, სასურველია, რუსეთის გაკრიტიკებისგან თავი შეიკავო. ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის ან მარტო ჰუმანიტარული თემები. ეს არის უზარმაზარი ქართული მრევლის თემა რუსეთში, რადგან ქართული ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ აქედან ივსება, - იმ ქართველების ხარჯზე, რომლებიც იქ მუშაობენ და ოჯახებს ფულს უგზავნიან. ისინი ხომ, ფაქტობრივად, დაუცველები არიან. ასე რომ, ქვეყნის სასიკეთოდ იყო საჭირო პატრიარქისთვის კარგი ფონის შექმნა, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად და ნაყოფიერად წარმართულიყო. მაგრამ მოხდა საწინააღმდეგო, გაკეთდა განცხადებები, უფრო მეტიც, იმაზე უპასუხისმგებლო, ვიდრე აქამდე მოგვისმენია.

თუ კრიტიკა ცივილიზებულია, მისაღებია, რომ ერთმა ხელისუფლებამ მეორე ქვეყნისა გააკრიტიკოს, მაგრამ, როდესაც სულიერ წინამძღოლს ეხება საქმე, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ფაქიზ ორგანიზმთან, როგორიც ეკლესიაა, ეს უკვე ერთა შორის შუღლის გაღვივების რანგში გადადის.

ეს აღარ არის პოლიტიკური შეფასება, რადგან ეკლესიის მესაჭის შეურაცხყოფა სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის მიერ არა მხოლოდ ამ ეკლესიის, მისი მრევლის შეურაცხყოფასაც ნიშნავს და სააკაშვილის ამ ფრაზას მე შევადარებდი ოქრუაშვილის გამონათქვამს ფეკალური მასების თაობაზე.

იგივე კამპანიაა გაჩაღებული სამთავრობო ტელევიზიებშიც. ჩვენ ძალიან საინტერესო მედიაგარემოში ვცხოვრობთ. ერთი ნოვატორული ფილმი მახსენდება: "იყო ჯონ მალკოვიჩი". მთელი ფილმის სცენარი არის ის, რაც ხდება მალკოვიჩის ტვინში. ჩვენც ვცხოვრობთ გარემოში, სადაც პრეზიდენტის ენცეფალოგრამა "ნაციონალური" ტელევიზიებით გადაიცემა. ანუ იმას, რასაც პრეზიდენტი ფიქრობს, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ. აბა, რატომ ემთხვევა ორი-სამი ტელეარხის საინფორმაციო გადაცემები ერთმანეთს? იმიტომ, რომ ეს ერთი პირის - პრეზიდენტის გონების ენცეფალოგრამაა, მისი მუშაობის პირდაპირი ეთერი. ეს ამაზრზენი ტელესიუჟეტებიც რუსეთის პატრიარქზე ერთაშორის შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ ქმედებადD შეიძლება ჩაითვალოს. პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები: არ უნდა შეურაცხყო ეკლესია, არ უნდა შეეხო ერს. ამ თვალსაზრისით ქართულ დიპლომატიას, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული.

- "ვარდების რევოლუციის" მერვე წლისთავზე დედაქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ერთ-ერთზე, რონალდ რეიგანის ძეგლის გახსნისას, მიხეილ სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" მიღწევებზეც  ისაუბრა და  ბრძანა, რომ  "საქართველოში ტრანსფორმაცია მოხდა, - "ის, ვინც ფუნდამენტურად ებრძვის "ვარდების რევოლუციის" იდეას, მიგვათრევს საბჭოთა კავშირისკენ. მიგვათრევს უკან, საიდანაც ჩვენმა ქვეყანამ თავი უკვე დააღწია, მაგრამ საქართველოში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ხალხის მენტალიტეტში დიდი ცვლილება მოხდა. შეიცვალა საზოგადოებრივი ურთიერთობები, გარემო, არქიტექტურა, ხალხის მოქმედების, ჩაცმის სტილი, თუმცა, რაც მთავარია, მენტალიტეტი, აზროვნება შეიცვალა". თქვენ რას ფიქრობთ ამგვარ ცვლილებაზე? ის მართლაც ასე თვალში საცემია?

- ძნელია, პოლიტიკური ლოზუნგებისა დ შეფასებების ფონზე კულტუროლოგიური შეფასების გაკეთება, - დაეთანხმო მათ ან გააკრიტიკო. რას წარმოადგენდა საქართველოში საბჭოთა სისტემა და სტილი, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. შეგვიძლია დავიწყოთ 2003 წლიდან, საიდანაც იწყებს სააკაშვილი, და დავასრულოთ დღევანდელი დღით.

2003 წელს დაწყებული პოლიტიკური პროცესი, რომელსაც "ვარდების რევოლუცია" დაერქვა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და, ალბათ, ამაზე საკამათო ბევრი არაფერია,

- როდესაც შენ არა არჩევნების, არამედ არაკონსტიტუციური  გზით ცვლი ხელისუფლებას და შემდეგ მოდიხარ სათავეში, ეს ნებისმიერ ქვეყანაში შეფასებულია როგორც ქვეყნისთვის შოკის მომგვრელი და არა დადებითი განვითარების გზა. დადებითი იმ პერიოდში ის გახლდათ, რომ ეს იყო ერთიანობა ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და  სამოქალაქო საზოგადოებისა. იყო მცირე გამონაკლისები, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც ერთიანობა იყო. მეტიც, ამ კონტექსტში უცნაურად ერთიანდებოდა როგორც დასავლური სამყარო, ასევე ის ჩრდილო სამყაროც, რომელიც ჩვენთან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვახსოვს, რომ ხელისუფლების გადაცემის, ინაუგურაციის ხორცშემსხმელები იყვნენ რუსი დიპლომატები, რომლებიც მაშინ თბილისში ჩამოდიოდნენ და ამას მხარს უჭერდა დასავლეთიც. 2003 წლის შემდგომ კი, როდესაც ერთიანი იყო მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთისგან გამოყოფილ ორ ვექტორს - ერთ მხარეს არის ხელისუფლება და მეორეზე - ხალხი. მაშინ ხელისუფლება დაახლოებით ამერიკის მამათა რიტორიკით ხელმძღვანელობდა: "ჩვენ, ამერიკის ხალხი". მაშინ სწორედ რომ იდენტური იყო ხელისუფლება და ხალხი. ვფიქრობ, იმ მომენტში დაიწყო მენტალიტეტის შეცვლა, ოღონდ ყოველგვარი გეგმის, ხედვისა და კონცეფციის გარეშე.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცვლილება არა რომელიმე მიმართულებით, არამედ მხოლოდ იმისთვის მოხდა, რომ ხალხი გამხდარიყო მორჩილი. პირველი, რაც ამას მოჰყვა, ხალხისგან გამიჯვნა იყო. ფრაზა "ხალხი" ნელ-ნელა გაცვდა და გაქრა.

ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ისტორიულ მომენტებს მივაბათ, მიტინგებს, რომლებიც დაარბიეს, ხალხს, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს, გირგვლიანის თემას... მოსახლეობამ თვალნათლივ დაინახა, რომ მისი ხელისუფლების რიტორიკა - "ჩვენ, ხალხი" გაცამტვერდა. შემდეგ ეტაპზე, როცა დაიკარგა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა და ერთიანობა, დაიკარგა შესაძლებლობა, რომ ხალხთან ერთად კულტურული ცვლილება მომხდარიყო, გაჩნდა ახალი რეჟიმი: "ჩვენ ვართ პროგრესი". ამ რეჟიმმა კი  დიდი ბზარი  გააჩინა ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ამ მომენტიდან რეალურად დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფო განვითარებისა, მაგრამ ცვლილებები არ დაწყებულა ხალხში. ის შეაგუეს, შეაჩვიეს თავიანთ ცვლილებებს. ანუ, შენ, ხელისუფლება კი არ უნდა იცვლებოდე ხალხთან ერთად, ახალ კულტურას კი არ უნდა ნერგავდე, არამედ უნდა აძალებდე ხალხს მიიღოს ის, რასაც შენ სწორად მიიჩნევ. ნელ-ნელა აჩვევ ადამიანს, რომ სხვანაირი იყოს. შედეგად, მივიღეთ სურათი, როდესაც ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს პროგრესულობაზე. ის არის პროგრესული ძალა, ჩვენ კი, მოსახლეობა, არ ვიმსახურებთ, რომ სახელმწიფო ამ პროგრესულ ძალასთან თანამშრომლობასა და ურთიერთნდობაზე ავაშენოთ, რადგან ჯერ ჩვენც უნდა გავიზარდოთ.

- ალბათ, ამის შედეგია ის დამოკიდებულებაც, რომ ჯერ ხალხი არ არის მზად, მიიღოს ესა თუ ის რეფორმა, რომ ათწლეულობით ჩადუღაბებული კომუნისტური მენტალიტეტის მქონე საზოგადოებისთვის ყველა რეფორმა მტკივნეული იქნება, ამიტომაც ჯობს, არც შევეკითხოთ, პროგრესულმა მთავრობამ უკეთ იცის, რა არის ხალხისა და ქვეყნისთვის კარგი.

- აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს მოტივაცია ცოტა უფრო გვიან გაჩნდა. ჯერ იყო სრული იდენტურობა ხალხთან, მაგრამ როგორც კი ეს განცდა შესუსტდა, გაჩნდა ახალი მოტივაცია, რომ მათ მეტი იციან და ჩვენ უნდა აღგვზარდონ. ეს ჩვენ არ მოგვწონს და ეს ბუნებრივიც არის, რადგან არ ვიცით და არ გვესმის პროგრესის ძალა. მაგრამ ამ მოტივაციას ჰქონდა ერთი ორიენტირი - მეტ-ნაკლები ორიენტაცია დასავლურ სტანდარტზე. ანუ, ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთი, როგორიც არის ევროპა, ამერიკა. ამიტომაც ჩვენ უნდა გამოვსულიყავით ჩვენივე წარსულიდან და უკეთესი ქართველები გავმხდარიყავით. და როგორი არის უკეთესი ქართველი? ისეთი, როგორიც არის ცოტა უარესი ინგლისელი ან ცოტა უარესი ფრანგი. ამ მიმართულებითაც ერთხანს იარა ხელისუფლებამ და, რა თქმა უნდა, ბზარი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უფრო გაიზარდა.

ჩვენ აღარ ვიყავით ავთენტური ქართველი ერი, რომელიც უნდა ყოფილიყო უკეთესი შევარდნაძის ეპოქის მერე. ჩვენ გავხდით მასა, რომელიც უნდა გახდეს "უარესი ფრანგი და უკეთესი ქართველი". ეს ცოდნა კი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტრანსფორმაცია, ხელისუფლებას ჰქონდა. ბუნებრივია, ამ ეტაპის დევალვაციაც მოხდა, რადგან ესეც ტყუილი იყო, არავითარი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ყველაფერი, არ არსებობდა. ეს ყველაფერი მაშინ დაიშალა, როდესაც დასავლეთმა და ამერიკამ 2007-2008 წლების შემდგომ ზურგი შეაქციეს საქართველოს, როგორც თანასწორ პარტნიორს.  მე არ ვიტყოდი, რომ სააკაშვილს ამის შემდეგ ბევრი რამე არ "გაუპრავეს", მაგრამ სააკაშვილი უკვე გახდა სხვა დონის ლიდერი, თავისი პატარა გეტოს მენეჯერი. ამ მომენტიდან, როცა განიხიბლა ეს დასავლური ღირებულებაც, დაიწყო კიდევ მეტი იზოლაცია და მარგინალიზაცია ხელისუფლებისა, უფრო მარტო დარჩენა და ის, რასაც დღეს ვხედავთ, - ვგულისხმობ დღევანდელ ყოფას მმართველი ელიტისა, სამწუხაროდ, იგი ამერიკული დემოკრატიის დამფუძნებელი მამების რიტორიკიდან ლუი XIV-ის რიტორიკამდე დაეცა, რომელიც ამბობდა, "სახელმწიფო ეს მე ვარ".

ის, როგორც აზროვნებს ჩვენი ხელისუფლება, როგორ აფასებს ოპონენტებს, გარემოს, არის სრული, ოღონდ სუსტი აბსოლუტური მონარქიის მენტალიტეტი, რომ თუ არ მემსახურები, ესე იგი არ ემსახურები უმაღლეს ღირებულებას, სახელმწიფოს.

თუნდაც, პატრიარქის ვიზიტს მივუბრუნდეთ, მარტივი მაგალითი ავიღოთ, პერევის შემთხვევისა - შენ თუ დააბრუნე პერევი პერეველებისთვის, ეს არ არის ჩემთვის ფასეული. ფასეული იქნება, თუ შენ დამიბრუნებ პერევს და შემდეგ მე განვკარგავ მას ჩემი პროპაგანდის გათვალისწინებით. დღეს სწორედ ეს სურათი გვაქვს: ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან რეჟიმს და ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ერის მოღალატეებად შერაცხეს. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლებოდა ვინმესთვის რამე აგეხსნა, არგუმენტი მოგეყვანა, დაგემტკიცებინა, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ, რადგან მას გაიგივებული აქვს თავი სახელმწიფოსთან - არ მოგწონს ხელისუფლების ესა თუ ის ქმედება? ე. ი. არ მოგწონს თავად სახელმწიფოც. თუ გადაწყვეტ ემსახურო საქართველოს, მაგრამ ამას გააკეთებ სააკაშვილის სამსახურის გარეშე, ე.ი. მოღალატე ხარ, რადგან მათთვის თავიანთი თავის გარეშე ერი არ არსებობს. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, საფუძველი ჩაეყარა უკვე 2003 წელს, როდესაც თქვეს, საქართველოს  ისტორია 2003 წლიდან იწყებაო. მაშინ ეს თითქოს პატარა და უწყინარი იდეოლოგიური მარცვალი იყო, მაგრამ ყველაზე ძლიერი სარეველა აღმოჩნდა - გაიზარდა და მთელ ქვეყანას მოედო. მართლაც, რაზე უნდა ეკამათო ადამიანს, რომელიც თვლის, რომ თვითონ არის საქართველო.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც ხელისუფლების გაკრიტიკება სახელმწიფოს გაკრიტიკებას ნიშნავს და შესაბამისად, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება სახელმწიფო საფრთხესთან არის გაიგივებული, რა შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მშვიდობიანი, არჩევნების გზით მოსვლისა? მან ხომ უარი თქვა "ქუჩის პოლიტიკაზე"?

- ალბათ, უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა, რომ მისი პოლიტიკური გზა არ არის ორიენტირებული ქუჩაზე. მაგრამ, თუ ხალხმა ქუჩაში გასვლა გადაწყვიტა, ის სხვა პოლიტიკურ ლიდერს იპოვის. ეს უკვე პოლიტიკური ტაქტიკის თემაა. ამ ბოლო დროს ჩემთვის ნიშანდობლივი იყო მიტინგი, რომლის შინაარსიც, სხვათა შორის, არც მახსოვს, მაგრამ დამამახსოვრდა ერთი პლაკატი, რომელზეც ეწერა - "ჩვენ 99% ვართ".  ჩემი აზრით, ეს არის რეალური შინაარსი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისა, რომლითაც პოლიტიკოსმა უნდა ითამაშოს. ხელისუფლება მართლაც მარგინალიზებულია, ის ყველანაირად ცდილობს პოზიციის გამყარებას, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება.

საბოლოოდ, ეს მაინც მხოლოდ ერთი კაცია და რაც უნდა კარგს აკეთებდეს, ხალხი მაინც გაემიჯნება, რადგან ვეღარ პოულობენ თავიანთ ადგილს სახელმწიფოში.

შესაძლებელია თუ არა პროცესების მშვიდობიანი და კანონიერი განვითარება? ჩემი აზრით, არათუ შესაძლებელი, არამედ სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ შეიცვალოს ძალადობრივად ხელისუფლება და ჩვენ ხელახლა მაინც შევიტანოთ განაცხადი ცივილიზებულ ხალხთა ლიგაში, რომ ვართ ჩამოყალიბებული, მშვიდობიანი და სრულყოფილი ერი და არა რეზერვაციაში შეყრილი  ტომი, რომელიც პერიოდულად ჭამს და მერე აჩენს ახალ ლიდერებს. დღეს ეს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.