აშშ-ის ელიტაში ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - კვირის პალიტრა

აშშ-ის ელიტაში ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი

"ჯერ იყო აღმაშენებელი, შემდეგ ათათურქი, ვაშინგტონი და ბოლოს ლი კუან იუ მივიღეთ?!"

ის-ის იყო, ჰაიდი ტალიავინის დასკვნის გარშემო საგარეო თუ საშინაო აჟიოტაჟი იკრებდა ძალას, რომ პრეზიდენტმა გონს მოსვლა არ დაგვაცადა და პარლამენტის საშუალებით საზოგადოებას ეკონომიკური თავისუფლების აქტზე ესაუბრა. მის გამოსვლაში ბევრი რამ იყო ნიშანდობლივი და საყურადღებო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ტენდენციაზე შევჩერდებით. პირველი ის გახლავთ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ასობით რეიტინგი და ინდიკატორი არსებობს. ცხადია, იოლია მისი მეშვეობით მანიპულირება და ამაყი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური განვითარების საშუალებებით საქართველო ისეთ ქვეყნებს შორის დგას, როგორიც დანია, იაპონია და ნორვეგიაა... რომ ამერიკის შეერთებული შტატები თურმე საქართველოდან დაზღვევის სისტემის გადაღებას აპირებს და რომ თურმე ნახევარი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატრის.

მაგრამ, ხომ ვიცით, რომ ეკონომიკის განვითარების ყველაზე კარგი, უტყუარი ინდიკატორი საკუთარი ჯიბე, საკუთარი თვალები და ბოლოს და ბოლოს, საკუთარი გარემოა, სადაც ჩვენ, ყველანი, ხელისუფლების ინფორმაციისა და პოლიტიკის მასობრივი მომხმარებლები, ანუ ქართველი ერი ვცხოვრობთ! აბა, რისთვის არის საჭირო ეს თავის მოტყუება? არაერთგზის გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, - უსამართლო და უმადური უნდა იყო, შევარდნაძის ეპოქასთან შედარებით, რიგ საკითხებში წინსვლა რომ არ დაინახო, მაგრამ ამავე დროს, სიბეცე და პოლიტიკური დალტონიზმი უნდა გჭირდეს, რომ ამ პერიოდში ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები ვერ შეაფასო - შეცდომები, რომელთაგან რამდენიმე დანაშაულის ტოლფასია. ორიოდე სიტყვით სინგაპურისკენ სწორებაც  მიმოვიხილოთ: მსგავსი სენტენცია არაერთხელ მომისმენია, როდესაც დემოკრატიისა და მედიის თავისუფლებაზე საუბრისას შედარებები მოჰყავთ ხოლმე - უახლოესი მეზობლებისა თუ შორეული აღმოსავლური ქვეყნების მაგალითზე. შედეგად კი ასკვნიან, საწუწუნო და საგანგაშო ჩვენთან არაფერი ხდებაო. ცხადია, თუ ნიგერიას, ანგოლას და კამბოჯას შევედრებით, ცხოვრება ბევრად იოლი მოგვეჩვენება.

პირადად მე შვებით ამომისუნთქავს, როდესაც აფრიკის კონტინენტიდან შინ დავბრუნებულვარ და კენიასთან ან განასთან შედარებით ჩემი სამშობლო ოაზისად მომჩვენებია, ეკონომიკური ან თუნდაც დემოკრატიის თვალსაზრისით. მაგრამ ხომ არსებობს სხვა ქვეყნებიც  - გერმანიას, შვეიცარიას, საფრანგეთს ვგულისხმობ. იქ მოგზაურობის შემდეგ ვერ გეტყვით, რომ სამშობლო საქართველო ოაზისად მომეჩვენა! საქმეც ამაშია - ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და ჩვენი ნებაა, "დებილების სკოლაში" ხუთოსნები ვიქნებით თუ "ნიჭიერთა სკოლაში" სამოსნები. აქ მხოლოდ სახელია სხვადასხვა, თორემ "ბენეფიციარის" მდგომარეობა აბსოლუტურად ერთი და იგივეა. განსხვავება იმაშია, რომ "დებილების სკოლაში" ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს, უმაღლესია და განუვითარებელი თვითკმაყოფილებისთვის ვიქნებით სამუდამოდ განწირული.

აი, ოროსნობის ან სამოსნობის აღიარება იოლი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა ოროსანს აქვს შანსი, სამოსანი, ოთხოსანი და ბოლოს ხუთოსანიც კი გახდეს, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი და შემართება ექნება. ასე რომ, ევროპა-აზიის გზასაყართან მყოფი საქართველო ცოტა არ იყოს, საჩოთირო მდგომარეობაშია: საბუთები კი აქვს ნიჭიერთა სკოლაში შეტანილი, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის სახით, მაგრამ ცოდნის დონით, წამდაუწუმ "დებილების სკოლას" ვედრებით. შეურაცხმყოფელი არც ეს არის. ამქვეყნად ხომ ყველაფერი შედარებითია, - ზოგი ისეა, ზოგი ასე. ჩვენ, უბრალოდ, საბოლოო არჩევანი უნდა გავაკეთოთ და თავი არ მოვიტყუოთ. უფრო სწორად კი, საკუთარი ხალხი, თორემ ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო, "ნიჭიერთა უნივერსიუტეტში" ფრიადოსანი იყო და მეეჭვება, ამის გარჩევა არ შეეძლოს...

დაწვრილებით ტალიავინის კომისიის, აგვისტოს პერიპეტიებისა და სინგაპურიზაციის შესახებ პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ვესაუბრებით:

- მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა ყველა მხარემ მოიწონა, ჰაიდი ტალიავინის კომისიის ობიექტურობაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება. ყველაზე ხშირად პრესაში პრეტენზიები გერმანელი ექსპერტებისადმი გაისმის,  რუსულ ინტერესებს ლობირებდნენო...

-  ამ მოსაზრებას  ვერ  დავეთანხმები. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ერთ-ერთმა გერმანელმა ექსპერტმა კომისიისგან დამოუკიდებლად, პრესაში საკუთარი აზრი გამოთქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამ პერსონის აზრს არანაირად კომისიის დასკვნაზე არ უმოქმედია, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, კომისია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არც სეპარატისტული რეგიონების აღიარებას ამართლებს. მეტიც, აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. პირადად ამ ექსპერტს არ ვიცნობ, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რუსებს კრისტოფერ ლანგტომი ჰყავთ ნაყიდიო... აი, ამ პერსონას კი ნამდვილად კარგად ვიცნობ და ასეთი ბრალდება უბრალოდ, სასაცილოა. ეგ კი არა, ყველაზე კურიოზული ის არის, რომ ვინც მას ამგვარ რამეს აბრალებს, ისინი მას ჩემზე არანაკლებ კარგად იცნობენ.

- კომისიის დასკვნის კომენტირებისას დასავლურ მედიაში არაერთგზის ითქვა, რომ აგვისტოს ომში სააკაშვილს ამერიკელთა მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და ამან "აცდუნა", პროვოკაციაზე წამოგებულიყო. ზოგჯერ უფრო შორსაც მიდიან და აშშ-ში დაგეგმილ შეთქმულებაზეც ლაპარაკობენ...

- ამის შესახებ მხოლოდ თეორიის დონეზე შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ამ ომთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით იყო ცალსახა - არავითარი საბრძოლო მოქმედებები. ვარაუდის დონეზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი სიგნალს აშშ-ის პრეზიდენტის აპარატიდან ელოდებოდა. აქაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატონ ბუშს უკვე ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ, ეს ამბავი, უფრო ჩეინის აპარატთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს არის ერთადერთი შესაძლო ადგილი, საიდანაც სააკაშვილს შეიძლებოდა მიეღო თანხმობის სიგნალი, ან ისეთი სიგნალი, რომელსაც როგორც სურდა, ისე გაშიფრავდა.

- მაგრამ მეორე მხრივ,  კონდოლიზა რაისი, ფურნიე, დენიელ ფრიდი არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ სამხედრო ესკალაციისა და ამის შესახებ აფრთხილებდნენ კიდეც საქართველოს პრეზიდენტს...

- რასაკვირველია, აკი მეც გითხარით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად წინააღმდეგი იყო მოვლენათა სამხედრო ესკალაციისა. აქ შიდა დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე და ამის საილუსტრაციოდ ერთ უცნაურ შემთხვევას მოგიყვანთ: ჩეინის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პროკურორი დანიშნა. სკანდალი შეეხება იმას, რომ ობამას მიერ დანიშნულ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალ დირექტორს ჩეინის მითითებით, მნიშვნელოვანი საბუთები დაუმალეს, რაც ეხებოდა გუანტანამოს ტყვეების დაკითხვის მეთოდებს, ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ა.შ. ეს პერსონა დამტკიცებისას სენატში გამოვიდა და იმის გამო, რომ ამ დოკუმენტების შესახებ არაფერი იცოდა, განაცხადა, ასეთი არაფერი ხდებაო. ამის შემდეგ გაირკვა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი შეფი სენატს ატყუებდა. პირველადმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩეინის აპარატიდან მიღებული მითითებით, ეს დოკუმენტები ახალდანიშნულ დირექტორს არ გააცნეს. როდესაც თვით ამერიკის შიგნით ასეთი რამ ხდება, არც ის არის გამორიცხული, საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენის მიზნით, აქ ერთგვარი თამაშის ინიციატივა წამოსულიყო. რაც, სხვათა შორის, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის ნაციონალურ ინტერესებს და ამიტომაც იყო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებდა პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ომი რესპუბლიკური პარტიის  გავლენიან წრეებს ხელს აძლევდა კიდეც.

- რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ინტერესი შედეგის თვალსაზრისით?

- ამ ომის ხასიათით შესაძლებელი იყო არჩევნებში მაკკეინის შანსების გაზრდა-შემცირებაზე გავლენის მოხდენა. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ობამა სერიოზულად აპირებდა დარტყმის მიყენებას ნეოკონსერვატორებისთვის. ამის დამადასტურებელი რამდენიმე ნიშანი გვაქვს: ყოფილი პრეზიდენტი კლინტონი აცხადებს, რომ არსებობს მემარჯვენეების შეთქმულება ობამას წინააღმდეგ. აღნიშნული განცხადება, სამწუხაროდ, ქართულ მედიას გამორჩა. არადა, ეს უპრეცედენტო ბრალდებაა: ერთი ექსპრეზიდენტი მეორე ყოფილ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ფაქტობრივად  ბრალს სდებს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ეს ამერიკაა, სადაც ასეთ ბრალდებებს სერიოზულად იკვლევენ. ასეთ განცხადებებს ამერიკული მედია იტაცებს. დარტყმები სრულიად მოულოდნელი მიმართულებით მიდის: თეთრი სახლი პირდაპირ ურტყამს ბუშის ადმინისტრაციის მიერ უკიდურესად გაპიარებულ ორ გენერალს, პეტრეუსსა და მაკალისტერის. პირველი ნატოს ჯარებს სარდლობს ავღანეთში, მეორე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურია, რომლის საერთო პასუხისმგებლობის ზონაში შედის ავღანეთი და ერაყი. ცხადია, სამოქალაქო ხელმძღვანელობის ასეთი კრიტიკის შემდეგ ისინი თანამდებობაზე ვეღარ დარჩებიან. შესაბამისად, უკვე იწყება დარტყმები პოპულარულ სამხედრო პირებზე, ვინც ბუშის პოლიტიკას ასახიერებენ (ამ კონკრეტულ გენერალთა მთავარი მაქებარი ჩვენთვის კარგად ცნობილი სენატორი მაკკეინი იყო). ჩეინის საქმესთან დაკავშირებით პროკურორის დანიშვნა, ბილ კლინტონის განცხადება შემთქმულების შესახებ, გენერლების დამცირება სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში ხდება, რაც მრავალ რამეზე მეტყველებს.

- სხვათა შორის, ევროკავშირის ფრანგმა ჩინოვნიკმა, ლელუშიმაც განაცხადა ტალიავინის დასკვნის კომენტირებისას, რომ სააკაშვილს ამერიკელების დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდაო...

- იგივე მომენტი, ძალიან ბუნდოვნად არის გატარებული ტალიავნის დასკვნაშიც, რომ ამერიკელთა მხრიდან საქმე მთლად წესრიგში ვერ იყო. თუმცა ცხადია, ამ შემთხვევაში პენტაგონიც, სახელმწიფო დეპარტამენტიც და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც სუფთები არიან, რადგან ისინი არაერთგზის აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ წამოგებოდა პროვოკაციას. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზემოაღნიშნული "ნეოკონსერვატორების შეთქმულების" ნაწილი შესაძლოა, სააკაშვილის წაქეზებაც იყო... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ამას მოჰყვა გასულ კვირაში ობამას დაჯილდოება ნობელის პრემიით  - ასე ვთქვათ, "ავანსად" და მოულოდნელად. ეს ავანსი იმის ნიშანია, რომ ევროპელები ნობელის პრემიით ობამას ამ დაპირისპირებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, მეტიც - ევროპული ისტებლიშმენტი ობამასგან ელოდება ისე შემოატრიალოს ამერიკის მოვლენები, რომ ტრანსატლანტიკური ერთიანობის პრობლემ,ები აღარ გაჩნდეს. ასე რომ, აშშ-ის ელიტაში ძალიან დიდი ცვლილებები იქნება - ნეოკონსერვატორები არა მხოლოდ უნდა წავიდნენ, არამედ ისე უნდა წავიდნენ, რომ ვეღარასოდეს დაბრუნდნენ.

- გასულ კვირაში სააკაშვილი პარლამენტს ახალი ეკონომიკური იდეებით წარუდგა. ქართველი საზოგადოება უკვე მიეჩვია, როდესაც ქუთაისს ლოს-ანჯელესს ადარებენ, ბათუმს კი ნიცას... სინგაპურზე სწორებაც ალბათ ამ კონტექსტში ჯდება?

- ეს კიდევ უფრო საინტერესო შემთხვევაა. გავიხსენოთ, ვინ იყო სააკაშვილის იდეალი ინაუგურაციის დღეს - დავით აღმაშენებელი! შემდეგ, მისი იდეალი ათათურქი გახდა. მცირე დროის შემდეგ, პრეზიდენტმა იდეალად ვაშინგტონი გამოაცხადა და დღეს ირკვევა, რომ ხელისუფლებას ახალი იდეალი ჰყავს - სინგაპურის პრემიერის, ლი კუან იუს სახით. ეს ის შემთხვევაა, როცა ფსიქოანალიტიკური შრეებიც კი შეგვიძლია გავარჩიოთ. სინგაპურზე ყველაფერი შეგვიძლია ვთქვათ  - რომ ის აყვავებულია, ეკონომიკურად განვითარებული, მაგრამ არანაირად არ არის ევროპის ნაწილი. გეოგრაფიაზე არაფერს ვიტყვი და არც მენტალურად, არც ფასეულობათა თვალსაზრისით. გამოდის, საქართველომ უარი თქვა ევროპულ ფასეულობებზე! გამოდის, უმოკლეს დროში ჩვენ გაგვივლია იდეოლოგიური გზა აღმაშენებლიდან, ვაშინგტონის გავლით ლი კუან იუმდე. ყველაზე სახალისო აქ ის არის, რომ ბატონი ლი კუან იუ არის თავგადაკლული ფანი ვლადიმირ პუტინისა და მას მსოფლიო შუქურას უწოდებს. ფსიქოლოგიურად, ჩვენი ხელისუფლებისა კარგად მესმის - ევროპაში არავინ გვიღებს და... თანაც, ლი კუან იუ უკვე ორმოცდაათი წელია, სინგაპურს მართავს... თუ ასე გავაგრძელებთ, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ. მაგალითად, ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა უეფადან გამოგვიყვანოს და აზიის საფეხბურთო ჩემპიონატში ჩაგვრთოს. იქ გაცილებით უფრო მეტი წარმატების შანსი გვექნება... ევროინტეგრაციის სტრუქტურები აზიის სტრუქტურად გადავაკეთოთ - თავსატეხიც აღარ გვექნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსა და დემოკრატიაში. პირიქით, შეიძლება მეწინავე ქვეყნადაც  ვიქცეთ. მაგრამ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ეს ვერ მოხდება, რადგან საქართველო თავისი მენტალობით, ისტორიითა და განვითარებით ევროპული ყაიდის ქვეყანაა. ისტორიაზე გამახსენდა - სხვათა შორის, სინგაპურს არც ისტორია აქვს მაინცდამაინც დიდი და იქნებ, ესეც სახარბიელო და მისაბაძი გახდეს ჩვენთვის - ვიყოთ ქვეყანა კულტურისა და ტრადიციების, ისტორიული რეალიების გარეშე...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი