"ცივი შხაპი საქართველოს ხელისუფლებისთვის" - კვირის პალიტრა

"ცივი შხაპი საქართველოს ხელისუფლებისთვის"

"ივანიშვილმა შეუტია" "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატსაც"

"კიწმარიშვილმა "მაესტროს" მართვაში ფული ჩადო და, როგორც ჩანს, ამ თანხის ამოღებას საფრთხე დაემუქრა"

"ნახეთ, როგორ გავაკეთეთ თბილისის ცენტრი. საქართველოს ისტორიის არც ერთ პერიოდში ერთად აღებულ 5 წელში იმდენი არ აშენებულა, რაც გასულ 5 წელიწადში. ამას ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ. შემდეგ 2 წელიწადში კი უნდა აშენდეს იმაზე მეტი, ვიდრე გასულ 5 წელში" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი ობიექტის გახსნისას, ამასობაში კი მანამ გახსნილი ობიექტის ჭერიდან წვიმის წყალი ჟონავდა. პრეზიდენტის განმარტებითვე, მისი გუნდი თურმე ნაჩქარევად კი არა, ჩქარა აშენებს.…შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტერმინს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს - მთავარია, ჩვენმა ახალგაზრდა და დაუღვინებელმა მთავრობამ გააცნობიეროს, რომ საქართველო ხელისუფლებაში მათ მოსვლამდეც არსებობდა (ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ გაცილებით უფრო ადრე არსებობდა) და მათი წასვლის შემდეგაც იარსებებს. ის კი, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში უნდა დარჩეს, ხარისხიანი უნდა იყოს და არა - ბევრი. ვფიქრობ, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რადგან ხელისუფალს სწორედ მისი დანატოვარის მიხედვით იხსენებენ.

"აღარც ეროსი, აღარც მამუკა, "მაესტრო" თავისუფალია"," - ნათქვამია მამუკა ღლონტის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში. ალბათ, სჯობდა ეს განცხადება ორიოდე დღით ადრე გაკეთებულიყო, თორემ ცოტა დააკლდა და კინაღამ ბავშვი ნაბან წყალს გადააყოლეს.…

დაწვრილებით გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებზე სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია "მაესტროს" ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა. ეროსი კიწმარიშვილი და მამუკა ღლონტი, ერთმანეთს ადანაშაულებენ. საზოგადოებაში კი აზრი არაერთგვაროვანია: მავანნი ამბობენ, ყველაფერი ხელისუფლებისგან მოდის, რაკიღა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის დახურვით მხოლოდ ის იხეირებსო (ორივე მხარე ერთმანეთს სწორედ ამაში ადანაშაულებს), არის ასეთი მოსაზრებაც, - ბიძინა ივანიშვილისგან გამოჩენილი ინტერესის გამო, დაპირისპირება იმან გამოიწვია, თუ ვის უნდა გაეყიდა "მაესტრო". თქვენი აზრით, რა უფრო ახლოს დგას სიმართლესთან და რაშია გამოსავალი?

- გადაჭრით არ შემიძლია თქმა, ვის მხარეს არის სიმართლე. მეორე მხრივ, კიწმარიშვილის მიერ "მაესტროს" ტერიტორიაზე შესვლის ფორმა და პირველ სართულზე “გამაგრება შეუფერებელია ცივილიზებული გზით პრობლემის მოსაგვარებლად. არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ საქმეში წამყვანია არა პოლიტიკური, არამედ ფინანსური მოტივი. კიწმარიშვილმა "მაესტროს" მართვაში ფული ჩადო და, როგორც ჩანს, ამ თანხის ამოღებას საფრთხე დაემუქრა. მისთვის ხომ მედიასაქმიანობა კარგა ხანია ბიზნესსაქმიანობად იქცა. მთავარი აქ სხვა რამეა: საქართველოში ხელისუფლების მიერ მონოპოლიზებულ მედიასივრცეში "მაესტრო" ერთ-ერთი იშვიათი არხია, საიდანაც მოქალაქეთა ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი თავისი განწყობის ადეკვატურ მოსაზრებებს ისმენს. არცთუ იშვიათად ეს არხი გვაწვდის ინფორმაციას, ფაქტებს, რომლებსაც სხვა ტელემაუწყებლობისგან ვერ მოისმენ ან ნახავ.

ამდენად, ნებისმიერი კოლიზია, რომელიც ამ არხის მაუწყებლობას შეაფერხებს ან მის იმიჯს დააზარალებს, კიდევ უფრო შელახავს ტელემედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობას. ბევრმა "მაესტროში" მომხდარი არეულობა„"იმედის" სცენარს შეადარა. ვფიქრობ, დღეს ამ სცენარის გამეორება შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ასეთი განზრახვა ან სურვილი აღარ შეიძლება გაუჩნდეს, იმიტომ, რომ ის ამას ვეღარ გაიმეორებს. ხელისუფლების შეცდომათაგან "იმედის" დარბევა ერთ-ერთია, რომელსაც დღემდე ვერ ინელებს და ყოველთვის უწევს ამ საკითხზე თავის მართლება. გარდა ამისა, შეცვლილია ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქვეყნების დამოკიდებულება. 2007 წელს სააკაშვილი ჯერ კიდევ მიაჩნდათ საქართველოში რეფორმების გატარებისა და დემოკრატიის განვითარების მთავარ ფაქტორად და იოლად ეგუებოდნენ მის ავტორიტარულ სვლებს (სხვათა შორის, საერთაშორისო საზოგადოებრიობა გარკვეულ ზღვრამდე ასე ექცეოდა შევარდნაძის ხელისუფლებასაც). დღეს ვითარება შეცვლილია. ხელისუფლებას უჩნდება ინსტიტუციური ალტერნატივა, ამიტომ მისი ქმედებები ახლა გაცილებით ფრთხილად იწონება პოლიტიკურ სასწორზე.

- უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრიტანულ გამოცემა "ეკონომისტში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "გამოწვევა მიშას", სადაც მოყვანილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციტატა, - "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებსო, - მანამდე აგრესიულმა უმრავლესობამ ტონი შეარბილა. აკაკი მინაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ნორმალური და განვითარებული ოპოზიცია არსებობდეს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების შეცდომებზე და შეუძლია ურჩიოს, როგორ გამოსწორდეს ეს შეცდომები. როგორ ფიქრობთ, ნაციონალებმა "მდაბიო" ივანიშვილს მოწყალების თვალით გადახედეს? რის მანიშნებელია ეს ტენდენცია?

- ვფიქრობ, ხელისუფლება მიხვდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ თითიდან გამოწოვილი და დაუსაბუთებელი რიტორიკით ბრძოლა ბუმერანგივით უბრუნდება და მასვე აზარალებს. პოლიტიკურ ავანსცენაზე ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენით ხელისუფლება დიდხანს იყო შოკში და ცდილობდა, გამოსავალი აგრესიის გზით მოეძებნა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ინფანტილური რეაქცია იყო. როგორც ჩანს, ხელისუფლება და პირადად სააკაშვილი თანდათან გამოდიან ინფანტილური მდგომარეობიდან და იწყებენ პოლიტიკაში ზრდასრულთათვის დამახასიათებელ სოციალიზაციას. ეს საკმაოდ რთული გზა იქნება.

დარწმუნებული ვარ, ცივი შხაპი, რომლის ქვეშაც ივანიშვილმა ხელისუფლება დააყენა, სასარგებლო იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.

- უკვე გავიდა იმდენი დრო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან, რომ ახალ ძალთა ბალანსზე ვიმსჯელოთ. დღევანდელი მოცემულობით რამდენად შეცვლილია მოსახლეობის განწყობა? - ფაქტია, რომ როგორც დასავლურ მედიაში წერდნენ, ივანიშვილმა "ქართული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა"...

- უკვე ჩატარდა სოციოლოგიური კვლევები და შესაძლებელია, ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით, რეალურ ტენდენციებზე ვისაუბროთ. პოლიტიკურ ძალთა განაწილების არსებული სურათი მოწმობს, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე ორი პარტიული გუნდი დომინირებს: "ნაციონალური მოძრაობა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა. ისმის კითხვა: რომელი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე ახერხებს ბიძინა ივანიშვილის პარტია საკუთარი რეიტინგის დიზაინს?

1. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი იქმნება ოპოზიციური ელექტორატის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელსაც ბოლო წლებში გული გაუტეხეს ოპოზიციურმა პარტიებმა და თავისი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ აღარ დაუკავშირა რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას; შესაბამისად, პროტესტს არაფორმალურ გარემოში (ოჯახში, მეგობრების წრეში და სხვ.) გამოხატავდა. ამომრჩეველთა ეს ნაწილი შეკითხვაზე, -"ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერთ მხარს? - ასეთ პოზიციას აფიქსირებდა: "მიჭირს პასუხის გაცემა" ან - "არც ერთს". 2009-10-11 წლებში, ივანიშვილის გამოჩენამდე ჩატარებული კვლევები სტაბილურად აჩვენებდა, რომ ასეთი ფრუსტრირებული ამომრჩევლების ხვედრითი წილი არასოდეს ყოფილა 25%-ზე ნაკლები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ პირველ რიგში სწორედ ეს ოპოზიციური ამომრჩეველი მიიზიდა და მოახდინა მათი ხმების ფორმალური ინსტიტუციონალიზაცია.

2. როგორც ირკვევა, ივანიშვილის ფიგურამ იმ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო, რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე სიმპათიას სხვადასხვა ოპოზიურ პარტიას უნაწილებდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა„წაართვა“ ისეთ მეტ-ნაკლებად რეიტინგულ პარტიებს, როგორებიცაა: "ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა", ლეიბორისტული პარტია და "ეროვნული ფორუმი".

3. ივანიშვილმა შეუტია "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატსაც.

აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა სინერგიული (კრებსითი): ის მიმზიდველი გახდა სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ამომრჩევლებისთვის. ისეთი იდეოლოგიები, როგორიცაა - მემარჯვენეობა/მემარცხენეობა, ლიბერალიზმი/კონსერვატიზმი და ა.შ., ზეგავლენას ვეღარ ახდენენ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე, რადგან ეს ძალა ყველა ყაიდის ამომრჩეველს აწვდის საზრდოს. მეტიც: უკვე აღარ შეიძლება იმის დაბეჯითებით თქმა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია. ეს ძალა აჩენს პირველ სერიოზულ იარას მმართველი პარტიის„მონოლითური ამომრჩევლის სხეულზე.

- ცხინვალში განვითარებული მოვლენების გამო, გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯამბულატ თედეევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთი დატოვა. ვრცელდება ამ საუბრის შინაარსიც - რიგი საკითხების "დამადლების" პასუხად თედეევს უშიშროების გენერლებისთვის უთქვამს, რომ სამშობლოს ღალატს ვერ დააბრალებენ, რადგან ორი სამშობლო აქვს - სამხრეთ ოსეთი და რუსეთი. მას და მის ახლობლებს ორივესთვის ბევრი უბრძოლიათ. "მითხარით, რით ხართ ქართველებზე უკეთესი, თქვენც ჩვენი დაჩოქება გინდათ და ამის წინააღდეგ სამხრეთ ოსეთის ხალხი უკვე 20 წელია იბრძვის და იბრძოლებს, სანამ ცოცხალია. ჩვენ დაჩოქილი სიცოცხლე არ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანისთვის მთელი ხალხი იბრძოლებს. თქვენ კი ყველაფერს ისე აკეთებთ, ოსებს უკვე გაუნელეთ რუსეთთან ყოფნის სურვილი. ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს და საქართველოს ერთნაირად უნდათ ეს ტერიტორია ოსი ხალხის გარეშე", - განაცხადა თედეევმა უშიშროების გენერლებთან შეხვედრისას. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ოსი ხალხის დამოკიდებულება და განწყობა რუსეთის მიმართ მართლა ასე შეიცვლებოდა?

- ცხინვალში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ რუსეთის მიმართ ზოგადი ლოიალობის ფონზეც შესაძლებელია არსებობდეს ზედმიწევნით პრორუსული და ზომიერად პრორუსული პოზიციები. როგორც ჩანს, სამხრეთელ ოსებს (ისე როგორც აფხაზებს) არ სურთ რუსეთის სატელიტობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთის სახით მხარდამჭერ ძალას ხედავენ. ეს პროცესი აფხაზეთში გაცილებით ადრე დაიწყო და ახლა ეს განწყობა, რომელსაც იდენტობისა და ნაციონალური თავმოყვარეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა შეიძლება ეწოდოს, სამხრეთ ოსეთშიც ძლიერდება. რასაკვირველია, ჯერჯერობით ძალიან ადრეა ანტირუსულ ან ქართულ სახელმწიფოსთან ადაპტაციის განწყობაზე ლაპარაკი, თუმცა, ეს მოძრაობა იმას მაინც მოიტანს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია რუსული სამხედრო ძალის პლაცდარმად არ გადაიქცეს.