"ივანიშვილი თავისი ბიოგრაფიით ამერიკული ოცნების ქართული ვარიანტია" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი თავისი ბიოგრაფიით ამერიკული ოცნების ქართული ვარიანტია"

"სააკაშვილს პუტინის აგენტები უშლიან ნერვებს, პუტინს ობამასი"

"არ გამიკვირდება, თუ მალე ჩვენი პრეზიდენტი საკუთარ ხოხობს მოინადირებს სწორედ შავი ზღვის პირას"

"ზიუგანოვი რომ ობამას თანამოაზრე უფრო იქნებოდა, ვიდრე საკუთარი ხელისუფლებისა, ძნელი წარმოსადგენი იყო. სხვათა შორის, თვითონ ობამასთვისაც"

ერთი კვირაა, საქართველოს ნაციონალური მაუწყებლები ლამის ყველა გადაცემას, მათ შორის - სპორტზე, კულინარიაზე, ამინდის პროგნოზსა და მედიცინაზეც კი რუსეთში მიმდინარე მოვლენებით იწყებენ, - თუ როგორ დააპატიმრეს ხუთი, ათი ან ოცი დემონსტრანტი, როგორ ეშინია პუტინის ხელისუფლებას აქციების... გეგონება, 26 მაისი პეკინში მოხდა და არა რუსთაველის პროსპექტზე, ხელებშეკრულ ხალხს თავებს რომ უხეთქდნენ. ისე, მოსკოვში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არადემოკრატიული ხელისუფლების ანამნეზი შეიძლება ერთნაირი იყოს. პუტინისა და მედვედევის გამოსვლებში სიტყვა "ამერიკა" რომ რუსეთით შევცვალოთ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ  მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მივიღებთ... და სანამ მსოფლიო მედია წითელ მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ადევნებდა თვალყურს, ქართულ მედიაში "ტრაგედია" განვითარდა, - ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერა ქალებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როგორც ცნობილი გახდა, სასამართლომ ლალი მოროშკინას 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თაკო ფხაკაძემ კი ღმერთს მადლობა ჩანგლის დაბლაგვებისთვის გადაუხადა, - თორემ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდიო.

"კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლის წინადღეს ფილარმონიაში, შეიძლება ითქვას, წლის პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩატარდება. მაღალი ტირაჟის გამო, რედაქცია იძულებულია გაზეთი სტამბაში ორი დღით ადრე გაუშვას, ამიტომ "კვირის პალიტრის" ნომერში "ქართული ოცნების" დაფუძნების დეტალებზე მსჯელობას ვეღარ ვასწრებთ, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოებრივი მოძრაობის ყრილობა იმდენად რეზონანსული იქნება, რომ ქართველ საზოგადოებას სამსჯელოდ მთელი კვირა ეყოფა. კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე კი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- IRI-ს" სოციოლოგიური კვლევების არაოფიციალური ვერსიით საქართველოში "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი კვლავ ლიდერობენ. "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" კვლევის ოფიციალური ვერსიით კი "ნაცმოძრაობასა" და სააკაშვილს IRI-ს კვლევაში დაფიქსირებული შედეგების დაახლოებით ნახევარი აქვთ. როგორ შეაფასებთ პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობის ახალ სურათს, რომელიც საზოგადოებამ განსხვავებული ვერსიებით მიიღო?

- IRI-ს კვლევის შედეგის ჭორად გავრცელების შემდეგ, კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე ბატონმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ოფიციალურად და საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას ინსტიტუტის კვლევის შედეგები. ვიდრე სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, მისი დამკვეთის, შემსრულებლისა და მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად გამოცხადება ჩვენში წესად არ დამკვიდრდება, "გამოჟონილი" ინფორმაცია და მაჩვენებლები მუდმივად ეჭვის საგანი იქნება. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ვიღაც კონფიდენციალურ კვლევებს ატარებს, მერე რატომღაც დაუდგენელი წყარო ამას მედიას გადასცემს ხოლმე და იმართება დისკუსიები კვლევებზე, რომლის დედანიც პრაქტიკულად არავის აქვს ნანახი. რაც მთავარია, დუმს ორგანიზაცია, რომელიც უკვეთს კვლევას, დუმს ისიც, ვინც მას ატარებს  და მიდის მკითხაობა, შეესაბამება მონაცემები სიმართლეს თუ არა, იტყოდა ვინმე ამას თუ არა. ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო გამონაკლისი  იყო პროფესორ კაჭკაჭიშვილის მიერ წარმოდგენილი გამოკვლევის შედეგები. უაღრესად საინტერესო იყო პრეზენტაცია, რადგან ავტორი ამ კვლევებისა იყო საკმაოდ თვითკრიტიკული, არაერთხელ მიანიშნა აუდიტორიას კვლევების ცდომილებაზე და სანდოობის შესაძლო ხარისხზე. ეს კი გვარწმუნებდა, რომ ის იბრძვის არა საკუთარი მონაცემების ჭეშმარიტებად წარმოჩენისთვის, არამედ ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ჭეშმარიტებასთან. ეს არის უზარმაზარი ინფორმაცია, რომლის მხოლოდ ნაწილი გახმაურდა პრეზენტაციაზე. ჩვენ კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ასეთი კვლევები და არა მხოლოდ პირველ პირთა რეიტინგების პროცენტებით ვიმსჯელოთ ქვეყანაში არსებულ ტენდენციებზე. მე რომ მქონოდა საშუალება, საქართველოს მოსახლეობას ერთ შეკითხვას შევთავაზებდი: ვისგან ისურვებდით ახალი წლის მოლოცვას, თოვლის ბაბუისგან თუ სანტა-კლაუსისგან. ეს ორიენტაციის განსაზღვრის საუკეთესო საშუალება იქნებოდა.

- გასულ კვირას გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით არსებული ძალთა ბალანსი რა ტენდენციების მანიშნებელია? ტექნიკური მიზეზების გამო (ჩვენი გაზეთი კვირას უკვე დასაბეჭდად იგზავნება) 11 დეკემბრის ყრილობას "კვირის პალიტრა" ვერ გააშუქებს. როგორია თქვენი პროგნოზი ამ მოძრაობაზე?

- ჩვენს საზოგადოებას ცუდად აქვს გაცნობიერებული კონსტიტუციაში არსებული ცვლილებები. ანუ, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობათა "განუსხვავებლობა" აბნევს რესპონდენტებს. თუმცა, ამის თობაზე, როგორც ვიცი, გამოკითხვისას ისინი გააფრთხილეს. ამიტომ ზოგიერთისთვის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მაინცდამაინც დიდად განსხვავებული ფიგურები არ არიან, თუმცა ჯერჯერობით შენარჩუნებულია პრეზიდენტის თანამდებობის მიმართ უფრო მეტი ხიბლი. ამიტომ, ალბათ, უნდა ვნახოთ ჯამი, ვინ და რომელ თანამდებობაზე სურთ რესპონდენტებს იხილონ. არა მგონია, რეალური იყოს, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ან თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის როლები გადაინაწილონ გარიგების საფუძველზე. ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ჯერ შეუქმნელი პარტია, ჯერ მოქალაქეობის უქონელი პირი უკვე წარმოუდგენიათ როგორც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საყრდენი ქვეყანაში და ხალხი სულაც არ დაგიდევს, ვისი ახირებით წაართვეს მას მოქალაქეობა ან აღუდგენენ თუ არა. შესაბამისად, როგორი შეზღუდულიც უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი კანონმდებლობით, მას მხარს უჭერენ და ეს რეალობაა და არა მითი. დანარჩენი კი, რომ იტყვიან, ტექნიკის საქმეა. რაც შეეხება 11 დეკემბრის ყრილობას, მგონი, საქმე გვაქვს იმ თემის რეალიზაციასთან, რასაც ჰქვია, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო. ხელისუფლებას შეიძლება სანანებლად გაუხდეს, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არ შეუშვა პოლიტიკურ ველში და ახლა საზოგადოებრივ ველში მოუწევს მასთან დაპირისპირება. ეს კი, რასაკვირველია, სახელისუფლებო პარტიისთვის ნაკლებად პერსპექტიულია, რადგან საზოგადოება არ არის ის მანქურთთა ბრბო, რომლის შექმნაზეც ოცნებობს საქართველოს ხელისუფლება და ზოგჯერ არცთუ უშედეგოდ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნება. უამრავი მეოცნებე ქართველი იძულებულია საზღვარგარეთ ცხოვრობდეს და 11 დეკემბერი მათი ოცნების დღეც იქნება. ეს საზოგადოებრივი მოძრაობა თანდათან მომძლავრდება. არა მგონია, კატასტროფული შეცდომებით იყოს სავსე ეს გზა, რადგან ივანიშვილი თავისი ბიოგრაფიით ამერიკული ოცნების ქართული ვარიანტია. ეს არის კაცი, რომელმაც განვლო არცთუ იოლი ცხოვრების გზა და შეძლო გამხდარიყო უმდიდრესი კაცი საქართველოში. აი, ის კი არ ვიცი, არალეგალურად, ვინ რამდენი მოიმკო ჩვენს ხელისუფლებაში.

- ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ქვეყანაში მიმდინარე დაჩქარებულ აღმშენებლობის ტემპს. ევროპულ დონეზე შენდება თბილისის უბნები, ლამაზდება და მშვენდება ქალაქები, ბათუმი ეჯიბრება კანსა და ნიცას... მაგრამ პრეზიდენტის მიერ ახალი ქალაქის, ლაზიკის აშენების შესახებ განცხადება, ალბათ, მოულოდნელი სიხარული იყო ქართველი ხალხისთვის. პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ამ ქალაქში მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება.

- ასეთივე იდეა ჰქონდა ილფისა და პეტროვის გმირს, ოსტაპ ბენდერს - მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრიდა და ნიუ-ვასიუკის აშენებას ჰპირდებოდა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს პრეზიდენტს ბევრად მეტი რესურსი აქვს, ვიდრე პრიმიტიულ თაღლით ბენდერს, მაგრამ როდესაც პირველი პირი ჯერ იდეას წამოაყენებს და მერე სხვები იმტვრევენ თავს მის ხორცშესხმაზე, განურჩევლად იმისა, იდეა ჯანსაღია თუ ავადმყოფური, უკვე საქმის უკუღმა წასვლის წინა პირობაა.

გამოცხადდა რაღაც ახალი საპენსიო ასაკის თაობაზე და კერძო სექტორს გადასახადისგან გათავისუფლება შევთავაზეთ. მერე კი აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება მთლად იოლი არ არის. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იდეა მხოლოდ სათაურად ხმიანდება, შემდეგ კი გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა და აცხადებს, რომ სწორედ ეს იყო მათი ოცნება და როგორც იქნა, ასრულდა. მერე კი კვლავ პრიმიტიულ კითხვებამდე მივდივართ ხოლმე: კი ბატონო, ააშენოს და დაამშვენოს საქართველო, მაგრამ იქნებ გვიპასუხონ, რა საბიუჯეტო თანხებით შეიძლება ასეთი რამის აშენება? ერთი ცხრა თვე მაინც ხომ დასჭირდება ამ ქალაქის აშენებას? ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ ნახევარი მილიონი კაცი ლაზიკის ხათრით გაჩნდება საქართველოში. უკაცრავად, ვის დააკლდება ამით ფული? რა პროგრამებს შეუმცირდება დაფინანსება ქვეყანაში, სადაც შვიდმილიარდიანი სახელმწიფო ვალია? ისიც გვითხრას ბატონმა ზურაბ ადეიშვილმა, რა ციფრებია მის წარმოდგენაში საპროცესო გარიგებების საწარმოებლად გათვალისწინებული ლაზიკის მშენებლობისას? რამდენი  ადამიანი უნდა გამწარდეს და დაპატიმრდეს, ან დაჯარიმდეს კიდევ უკანონოდ, რომ მათგან ამოღებული თანხებით მეტ- ნაკლებად აქტუალური იყოს ლაზიკის აშენება? სხვა წყარო ხომ ქვეყანაში არ არსებობს? და ეს ყველაფერი რისთვის? რომ აფხაზეთს მივაბჯინოთ ერთი ქალაქი, რომელიც მათ თვალს მოსჭრის? ამისთვის ბათუმი არ არის საკმარისი? ფოთი კი ქვეყნის სირცხვილი იქნება. აწყენდა ფოთს თუნდაც იმ თანხის ნახევარი, რაც ლაზიკის აშენებისთვის უნდა განიავდეს? თუ რომელიმე ქალაქზე ნაკლებად მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება აქვს? ამიტომ

ვერც სტრატეგიულად, ვერც ეკონომიკურად და ვერც დემოგრაფიულად, სხვათა შორის, ვერც პოლიტიკურად, ამ იდეას ვერ გავიზიარებ.

რამდენჯერ გავხსენით ეკონომიკური ზონა? მოვტრიალდებოდით და ეს ზონა თავისით იხურებოდა. ასეთი ფანტაზია მისასალმებელია. ნამდვილად ნიჭიერი ადამიანის წარმოსახვაში შეიძლება იდეა დაიბადოს, მაგრამ თან პროცესებსაც უნდა ვაკვირდებოდეთ. როგორც ჩანს, დავით აღმაშენებლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გარკვეული აქვს ჩვენს პრეზიდენტს - მისი ძეგლები გაშმაგებით გადააგორა ქალაქების ცენტრიდან გარეუბნებში. ვაითუ ახლა  ვახტანგ გორგასლის მიბაძვის ჯერი დადგა და არ გამიკვირდება, თუ მალე ჩვენი პრეზიდენტი საკუთარ ხოხობს მოინადირებს სწორედ შავი ზღვის პირას.

- გასულ კვირას ვითარება "მაესტროში" კვლავ დაძაბული იყო. მხარეები ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ დესტრუქციაში. დასანანია, რომ ჩვენს მედიარეალობაში ისეთი ტელეკომპანია, როგორიც "მაესტროა", სრულფასოვან მაუწყებლობას ვერ ახერხებს.

- კარგად მახსოვს "მაესტროს" ცხელი დღეების ცხელ კვალზე თქვენი გამოსვლა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, სადაც ბრძანეთ, რომ "მაესტრო" გაგონებთ "კავკასიური ცარცის წრის" გმირს, პატარა მიშიკოს, და თუ ვინ არის მისი ნამდვილი "მამა", სწორედ იმის მიხედვით გაირკვეოდა, თუ ვინ გაუშვებდა პირველად ხელს. პასუხი თქვენს კითხვაზე მალევე გაჩნდა, დავრწმუნდით, რომ მამუკა ღლონტი ყოფილა ნამდვილი "მამა", რომელმაც "მაესტრო" შუაზე გაგლეჯისგან იხსნა და ხელი გაუშვა, ანუ "მაესტროს" შენობიდან წამოვიდა. ამ ამბავში კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ აზდაკის, ანუ მოსამართლის როლი ბრწყინვალედ შეასრულეს "მაესტროს" ჟურნალისტებმა, რომლებმაც მთელ საზოგადოებას დაანახეს, რა მაღალი პროფესიული და მორალური სტანდარტები შეიძლება არსებობდეს ქართულ ჟურნალისტიკაში. ამ ამბავმა სიცხადე შეიტანა სხვა საკითხებშიც. დავრწმუნდით, რომ ტყუილია სააკაშვილისა და კიწმარიშვილის "განქორწინება".

- კონფლიქტურ რეგიონებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: როგორც ალა ჯიოევა ამბობს, იგი შეეცდება სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს და მონაწილეობას თავად არ მიიღებს. მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი ცხინვალის რეგიონში? ნათელია, რომ რუსეთს შელახული რეპუტაციის აღდგენა გაუჭირდება.

- უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მაინც დაიწყო კონსენსუსის ძიება. ალბათ, ბატონ კოკოითის მოუწევს მარტის არჩევნებამდე თანამდებობის დატოვება. ამავე დროს ჯიოევა უარს ამბობს ინაუგურაციაზე, რაც დაგეგმილი ჰქონდა. სხვა რა ძალა აქვს ამ გატანჯულ და გაუბედურებულ საზოგადოებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ომი, ძალადობა, ოკუპირებულ ყოფაში არსებობა... რამდენიც უნდა იძახონ, დამოუკიდებელი ვართო, ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ სად და როგორ წყდება მათი ბედი და ვინ აკეთებს სინამდვილეში არჩევანს მათ ნაცვლად. ეს მოვლენები კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ხელისუფლების უნიჭობისა, რომ რუსული პოლიტიკა მარტივ თეზას ეყრდნობა: "Сила есть, ума не надо".

- პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადება, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა, რეალურ მასალას არ ეყრდნობოდა, თუმცა, ზოგიერთ ძალას მოქმედების სიგნალი მისცა. პუტინი მიიჩნევს, რომ მოქალაქეების უმრავლესობას რუსეთში მოვლენების განვითარება ისე, როგორც ყირგიზეთსა და უკრაინაში მოხდა, არ სურთ. თქვენი აზრით, როგორია რეალობა დღეს რუსეთში და მართლაც არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ მოვლენები ყირგიზეთისა თუ ეგვიპტის სცენარით განვითარდეს?

- პუტინი ცდილობს, სააკაშვილს მიჰბაძოს. ვშიშობ, რომ ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ჩვენთვის სულაც არ არის უცხო, რომ პუტინი, მედვედევი და რუსული პროპაგანდა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამაღვივებლად უცხო ძალებს აცხადებენ. ცხადია, სააკაშვილს პუტინის აგენტები უშლიან ხელსა და ნერვებს, პუტინს კი - ობამას აგენტები. მივდივართ ისეთ რეალობამდე, რომ ბოლოს და ბოლოს, რუსი კომუნისტები და ამერიკის მთავრობა შეთანხმდნენ ერთ საკითხზე და აქვთ საერთო აზრი. ორივე თვლის, რომ კრემლმა საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. ზიუგანოვი რომ ობამას თანამოაზრე უფრო იქნებოდა, ვიდრე საკუთარი ხელისუფლებისა, ძნელი წარმოსადგენი იყო. სხვათა შორის, თვითონ ობამასთვისაც.