"აშშ აპირებს, არჩევნები საქართველოში ადრინდელზე სერიოზულ მოვლენად გადააქციოს" - კვირის პალიტრა

"აშშ აპირებს, არჩევნები საქართველოში ადრინდელზე სერიოზულ მოვლენად გადააქციოს"

"დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ პუტინი ადრინდელივით მყარად ვერ იჯდეს თავის სავარძელში"

ხელისუფლებისთვის ჯობია "მედიის მფარველის" მანტია მოისხას, ვიდრე "მედიის მტანჯველის"

ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სოციალური მნიშვნელობის მქონე მოვლენები ისე სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს, საზოგადოება ბოლომდე გააზრებასა და შეფასებას ვერ ასწრებს. სამაგიეროდ, ხელისუფლება ასწრებს მისთვის სახეირო ოპერაციების ჩატარებას - სანამ ქალბატონების შეტაკებისა თუ "ქართული ოცნების" დაფუძნების გარჩევით ვიყავით დაკავებულნი, კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თბილისში საგაზეთო ჯიხურების უმრავლესობა აღებულია. მეორე მხრივ, თუ ამერიკელი მაღალი რანგის დიპლომატის, ერიკ რობინის გამოსვლის და, საქართველოში დემოკრატიისადმი დასავლეთის დამოკიდებულების მიხედვით ვიმსჯელებთ, საკითხავია, პრესასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებას წაადგება თუ დააზარალებს... საინტერესოდ ვითარდება მოვლენები რუსეთშიც: ვლადიმირ პუტინი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და არჩევნების შედეგების გადახედვას არც აპირებს. მეტიც, რუსეთის "ძლევამოსილი" პრემიერი საბჭოეთის დიდებას მისტირის. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ დრამატულ მოვლენებს რუსეთმა თავი ჯერ კიდევ ვერ დააღწია...

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- გასულ კვირას ირაკლი ალასანია ქართველ საზოგადოებას ესაუბრა თავისი გუნდის, ბიძინა ივანიშვილისა და "რესპუბლიკელების" პოზიციებზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისა და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. მისი განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპულ ოჯახში გაწევრებასა და რუსეთთან ურთიერობაზე მათი დამოკიდებულების გამო, ხელისუფლების კონტროლირებადი ნაციონალური მედიასაშუალებები თავს ესხმიან მას და მის პარტნიორებს. ალასანიას თქმით, "თავისუფალი დემოკრატებისა" და მისი პარტნიორების ურყევი პოზიციაა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება. მეორე მხრივ, გასულ კვირაშივე ტელემაყურებელმა გურიაში ჩასული მიხეილ სააკაშვილი და მისი აღტაცებული მხარდამჭერები იხილა. "წელს იქნება გურიის წელიწადი, როცა ყველამ ერთად უნდა წამოვაყენოთ გურია ფეხზე," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას. დაპირისპირებულ მხარეთა პროპაგანდის სტრატეგია და მოქმედების სამიზნე აუდიტორია უკვე კონკრეტულ კონტურებს იძენს?

- მთლიანი სტრატეგიის კონტური  ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ძნელი დასანახია. მაგრამ  საარჩევნო ბრძოლის ელემენტები ორივე მხარეს თვალსაჩინოა. თავისთავად, პრეზიდენტის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ გურია ასაყვავებელია, ბრძოლის პოზიტიური ხერხია, მაგრამ მისი მხარდამჭერების ბრალდებები ივანიშვილის რუსეთუმეობასა და რუსულ პროექტობაზე საარჩევნო ბრძოლად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ბრალდებებს უკავშირდება ირაკლი ალასანიას განმარტებებიც რუსეთსა და ევროპაზე, საზოგადოებისთვის რომ  გააკეთა. ასე რომ, უკვე ივანიშვილის გამოჩენისთანავე ეს ელემენტებიც გაჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ ფიზიკურ ბრძოლაზე, რაც ბანკ "ქართუს", "მაესტროსა" და სხვა მსგავს პრობლემებს უკავშირდება. ხელისუფლება ერთი მხრიდან აგრესიულ საარჩევნო კამპანიას იწყებს, ამ სიტყვის პოლიტიკური და არა ფიზიკური გაგებით, თუმცა არც ფიზიკური აკლია, მეორე მხრივ, უფრო ტაქტიანად და ფრთხილად იქცევა სააკაშვილი. მან პოზიტიურადაც კი შეაფასა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ სარბიელზე, როდესაც თქვა, დაძაბულობას შემოიტანს და ფორმაში ჩაგვაყენებსო. ასე რომ, სააკაშვილისა და მისი მომხრეების სტრატეგია რადიკალურად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამდენად, ერთიან სტრატეგიაზე ლაპარაკი ჩემთვის ძნელი იქნება...

- 2013 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის გეგმებში პრემიერმინისტრობა არ შედის - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა "ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში განაცხადა. "როგორც მმართველი გუნდის წევრი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პრეზიდენტის გეგმაში არ შედის", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ. როგორ ფიქრობთ, ეს განცხადება "შიდა მოხმარების" პროდუქტი იყო, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით უკვე საგარეო "ფრონტზეც" აქტიურდება?

- საკითხის ამგვარად დასმა, ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატურია. სწორედ  ვაშაძემ, რომელიც საერთოდ არ ერევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში, განაცხადა მსგავსი რამ. მეორე მხრივ, ვაშაძის განცხადება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისა, უცხოელი პარტნიორებისთვის უაღრესად საყურადღებო იქნება.  უცხოურ სააგენტოსთან ადრინდელ ინტერვიუში პრეზიდენტმაც განაცხდა, რომ მისთვის პრეზიდენტობა დიდად მიმზიდველი არ არის. სავარაუდოდ, ეს დასავლელი პარტნიორების გასაგონად ითქვა.

როგორც ჩანს, მათ მწვავე რეაქცია აქვთ, როდესაც ხელისუფლების სათავეში ერთი და იგივე ძალა რჩება, ოღონდ მხოლოდ ფორმებსა და სახელებს იცვლის.

ასეთი ფასადური დემოკრატიის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს პროცესი და რეალური დემოკრატია, ხელისუფლების ცვლა კონკურენციის საფუძველზე, შესაძლოა ჩრდილში აღმოჩნდეს. ვფიქრობ, დასავლეთი ასეთ შეფასებებს აკეთებს...

- ცოტა ხნის წინ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი სტუმრობდა. ერიკ რობინმა საკმაოდ ნიშანდობლივი განცხადებები გააკეთა ორი მიმართულებით. მან თქვა: აშშ მუშაობს, რათა ჩიკაგოს სამიტისთვის ნატოს წევრებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდეს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ქართული კანონმდებლობისთვის სასარგებლო იქნებაო და საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. დემოკრატიასა და ნატოში შესვლაზე მსჯელობა ამერიკელი დიპლომატებისგან ახალი არ არის. ვენეციის კომისიის დასკვნის მნიშვნელობაზე საუბარი კი თეთრი სახლის წარმომადგენლის მხრიდან, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს...

- თუ გავითვალისწინებთ დიპლომატიური ენის თავისებურებებს, რობინის განცხადებები ძალიან საყურადღებო მეჩვენა. ვენეციის კომისიის ხსენებით მან ჩვეულებრივზე მეტი აქცენტი გააკეთა საქართველოში არჩევნების ჩატარებაზე. მის გამოსვლაში კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი იყო. მაგალითად ის, რომ მნიშვნელოვანია არა რომელიმე კანდიდატის გამარჯვება, არამედ ის, რომ  არჩევნებში ბრძოლა სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს და ასე შემდეგ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში საარჩევნო პროცესს ყურადღებით ეპყრობა. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის რეაქციას მთელ რიგ მოვლენებზე - მედიასა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით,  მეუფლება განცდა, რომ ამერიკა აპირებს საქართველოში არჩევნები გადააქციოს ადრინდელზე სერიოზულ მოვლენად...

- ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო შექმნილი ვითარება კვლავაც არაორდინარული რჩება. მხარეები ერთმანეთს ხელისუფლების საქმის კეთებაში ადანაშაულებენ და უკან დახევასაც არ აპირებენ. ასეთი ქმედება მართლაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რაკიღა მისდამი არალოიალურად განწყობილი ტელევიზია ეთერში სრულფასოვან მაუწყებლობას ვერ ახერხებს... რაში შეიძლება იყოს, თქვენი აზრით, გამოსავალი და რასთან გვაქვს საქმე?

- რასთან გვაქვს საქმე, ალბათ, ამის შესახებ ბევრი მაყურებელი და "მაესტროს" შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, - საქმე გვაქვს "მაესტროსთან" ხელისუფლების ბრძოლასთან. ეს შთაბეჭდილება იქიდან იქმნება, რომ

სამართალდამცველი სტრუქტურები "უზრუნველყოფენ", რომ "მაესტროს" კარი მისი თანამშრომლებისთვის დაიხუროს და მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილის ნებართვით გაიღოს.

ლოგიკურ აზროვნებას ვერავის აუკრძალავ და საზოგადოებაც შესაბამის დასკვნას აკეთებს. თუ ეს ასე არ არის, სასურველია, ხელისუფლებამ შეცვალოს სტრატეგია, რადგან ეს მძიმე ბრალდება იქნება ხელისუფლებისთვის და არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. თუმცა არჩევნების გამო ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, ამგვარი პოზიცია კი ხელისუფლებას ბევრ ხმას დააკარგვინებს. გარდა ამისა, ეს ფაქტორი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვისაც. 2007 წელს პრეზიდენტს გადადგომა იმის გამო მოუხდა, რომ ხელი აღმართა დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე. ეს თემა ძალზე მტკივნეულია დასავლელი პარტნიორებისთვის, ამიტომაც ვამბობ, ხელისუფლება რომც არაფერ შუაში იყოს, აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საკითხის სამართლიანად გადაჭრაში და მედიასაშუალებას სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენაში დაეხმაროს. ცხადია, სჯობს "მედიის მფარველის" მანტია მოისხას, ვიდრე "მედიის მტანჯველისა"...

- რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს: პუტინის "მთავარი ინსტრუმენტი" საინტერესოდ და უცნაურად ალაპარაკდა - თუკი შეიძლება ინსტრუმენტი ლაპარაკობდეს, თუმცა რუსულ-ქართულ ურთიერთობებშიYU გენადი ონიშჩენკოს სხვა სახელს ვერ დაარქმევ... "ბორჯომის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა, - ჯერ კიდევ 2006 წელს საჯაროდ ვთქვი, ვწუხვარ, ამ მინერალური წყლის რუსეთში შემოტანა რომ შეჩერდა, ის ჯანმრთელობისთვის საჭირო და აუცილებელ ფუნქციას ასრულებს". თუ მინერალური წყალი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება, ეს პირადად ჩემთვის დიდი პატივი იქნება-მეთქი.

- ონიშჩენკოს "პახმელიის" თემა სერიოზული შეფასების საგანი ვერ იქნება, მაგრამ რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვაზე დაფიქრების სხვა ნიშნებიც გვაქვს. გავიხსენოთ, რომ რუსეთმა, იოლად-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც დათმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების სანაცვლოდ.

- ცხინვალში დღეს ამისთვის არ სცალიათ, სოხუმში კი კრემლის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია...

- დიახ, ნამდვილად ასეა და ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რუსულ ყინულს ნაპრალები უჩნდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროცესი შემთხვევითი არ არის, რადგან აფხაზეთი და ოსეთი რუსეთისთვის მძიმე თემა გახლავთ. არჩევნებთან დაკავშირებით რა დღე Eდააყარეს რუსეთს დასავლეთის ქვეყნებმა, ვხედავთ... ბუნებრივია, არც ოკუპაცია აპატიეს ასე ადვილად და არც აქამდე პატიობდნენ, ეს პოზიცია რუსეთს ძალიან ძვირი უჯდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რისთვის ხარჯავს ის ამ ზონებში ათეულობით მილიონ დოლარს, სულ უფრო ძნელი გასაგები ხდება, - რის მიღწევაც უნდოდა საქართველოსთან, უკვე მიაღწია, სხვა ხეირს კი კონფლიქტური რეგიონებიდან ვეღარ ნახავს...

- ბოლო დროს რუსეთისა და საქართველოს მთავრობათა განცხადებები არჩევნებთან და ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით, სულ უფრო ემსგავსება ერთმანეთს. ეგ არის, რომ მოსკოვი დესტაბილიზაციის მცდელობაში ამერიკას ადანაშაულებს, თბილისი კი - რუსეთს. სხვა მხრივ ლოგიკა და ტექსტები უცვლელია. რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის მუქარა არა პირადად მისკენ, არამედ რუსეთისკენ არის მიმართული. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში, "საუბარი ვლადიმერ პუტინთან", მიმდინარეობისას განაცხადა... ჩვენ შეჩვეული ვიყავით იმას, რომ მიუხედავად რუსული დემოკრატიის "თავისებურებებისა", სხვადასხვა მერკანტილური თუ პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, ევროპა მოსკოვისადმი ლოიალურობას ინარჩუნებდა. ამჯერად ვითარება კარდინალურად შეიცვალა. არჩევნების გადახედვისკენ არა მხოლოდ ევროპარლამენტმა, პუტინს უკვე გერმანიის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმაც კი მოუწოდა...

- რუსეთის მსო-ში შესვლას  დასავლეთი ტაშისკვრით შეხვდა, მაგრამ მეორე მოვლენამ, პუტინის ხელისუფლების სათავეში მოსვლამ დასავლეთი დაძაბა.

დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ პუტინი ადრინდელივით მყარად ვერ იჯდეს თავის სავარძელში. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს სწორად გააზრებული სტრატეგიაა, რადგან ბევრი ისეთი რამ შეიძლება მოხდეს რუსულ სინამდვილეში, რაც რუსეთის დასავლეთისკენ მოძრაობას არ შეუწყობს ხელს, მეტიც, ულტრარადიკალურ ნაციონალურ მოძრაობას გაააქტიურებს. ეს კი მსოფლიო მშვიდობისთვის ხელშემწყობი ფაქტორი ვერ იქნება.

- ანუ, დასავლეთს შესაძლოა უკეთესი სურდეს, მაგრამ უარესი მიიღოს?

- ეს ეჭვი დასავლელ ექსპერტებში სულ უფრო ხშირად გამოითქმის. კარგად ხედავენ, რომ საპროტესტო აქციების დროს ნაციონალისტები ძალიან აქტიურნი არიან. ეს ხდება როგორც ქუჩის, ისე საკანონმდებლო ორგანოს დონეზე, ამიტომ დემოკრატიული იქნება ეს რევოლუცია თუU ნაციონალისტური, კაცმა არ იცის. პუტინი კი ნაციონალისტურ ძალებთან საერთო ენის გამონახვას იოლად შეძლებს. ამდენად, პრობლემა რუსეთში ბევრად მასშტაბური და მრავალპროფილიანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.