წლის თემა - კვირის პალიტრა

წლის თემა

"ქართული სულის ჩაკვდომაზე რეკვიემის შესრულება ნაადრევია"

ალბათ, დამეთანხმებით, რომ წლის ყველაზე გამორჩეულ მოვლენად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა შეიძლება ჩაითვალოს. საზოგადოებისა თუ პოლიტიკის სხვადასხვა წარმომადგენელს მასზე სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვს და ეს გასაკვირი არც არის. თუმცა, ერთში კი ყველა უპირობოდ თანხმდება: პოლიტიკაში მოსვლით ბიძინა ივანიშვილმა მდორედ მდინარე ქართული პოლიტიკური რეალობა გამოაცოცხლა და ინტერესი შესძინა. ბიზნესმენმა კოლეგა პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, თამაშის სრულიად განსხვავებული წესები შესთავაზა: გულწრფელობა, თუნდაც ავტორს მთლად რაფინირებულ და პროფესიონალ ორატორად და პოლიტიკოსად ვერ აჩენდეს; სიმართლე, თუნდაც მისი მოსმენა ადრესატებისთვის უსიამოვნო და საწყენი იყოს... ივანიშვილს ნოვაციური "პატენტი" პიარკამპანიაშიც ეკუთვნის, - მას არა აქვს საკუთარი მედიასაშუალება, არ ხარჯავს ფულს აქციებზე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ რეკლამაზე, მაგრამ ყოველი მისი გამონათქვამი აუცილებლად ხდება ინტერნეტის, პრესის, რადიოს თუ ტელევიზიების მსჯელობის საგანი. ბოლო სიურპრიზი პოლიტტექნოლოგიებში კი საკმაოდ ეფექტური იყო, - ალბათ, ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და ხალხისთვის ფულის დარიგების ნაცვლად, მოსახლეობა აქეთ აძლევს ფულს სოლიდარობის ნიშნად, მის კუთვნილ ბანკ ""ქართუში"" ანაბრების გახსნაზე რიგები იდგა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს მისი ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრამ" ორიოდე თვის წინ ექსკლუზიურად ჩაწერა: "ჩემი საქმე ყოფილა, რომ ჩემს სამშობლოს გავამარჯვებინო. ჩვენ ერთი კაცის პრობლემა გვაქვს. სააკაშვილი კი არ უნდა დავამარცხოთ, ქვეყანას უნდა გავამარჯვებინოთ. არ უნდა მივცეთ საშუალება, არათუ ხორცი შეასხას, ფიქრადაც გაივლოს ის, რასაც ქვეყანას უპირებდა. პირველივე წერილში ვთქვი, რომ სააკაშვილი ქვეყნის მართვას ძალადობითა და სიცრუით ახერხებს და ამავეს აპირებს მომავალშიც. სიცრუის მანქანა თითქმის აღარ მუშაობს (ჩვენში რომ დარჩეს, ამისიც მჯეროდა). ხალხმა დაინახა, რომ სამ ეროვნულ ტელევიზიას გავლენა აღარა აქვს, მათი აღარავის სჯერა. სიცრუის მანქანამ ეფექტურობა დაკარგა და დარჩა მხოლოდ ძალადობის მანქანა, რის გამოყენებასაც სააკაშვილი თავგამოდებით ცდილობს. თაგვის შიშის მსგავსი სინდრომი დაგვრჩა დასაძლევი და ყველაფერი კარგად იქნება. ამ ერთ თვეში ბევრი კარგი რამ გაკეთდა. მე მყავს კარგი გუნდი და ჩვენ უკვე ქართველ ხალხთან ვართ. კიდევ ერთხელ მინდა თქვენს კოლეგებს მივმართო: მე შევამჩნიე და "ფეისბუკზეც" წავიკითხე, რომ ხალხისა და ჟურნალისტების გაუცხოება დაიწყო. ეს არ არის ჩემი მიზანი, არ მინდა, ჩემ გამო საზოგადოება გაიხლიჩოს... კიდევ ერთხელ ვეტყვი თქვენს კოლეგებს: ნუ გაუუცხოვდებიან საზოგადოებას! ყველა ერთად დავდგეთ, მათ არ უნდა შერცხვეთ შვილებისთვის თვალებში შეხედვა...

კიდევ დარჩა დრო, დროულად გააკეთონ სწორი ანალიზი. ნუ ემსახურებიან სიცრუეს და იყვნენ ობიექტური. მე მხარდაჭერას კი არა, ობიექტურობას ვითხოვ. ისე ნუ იზამენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გარიყული აღმოჩნდნენ ქართველი საზოგადოებისგან. ასევე მინდა მივმართო პატრულისა და პოლიციის თანამშრომლებს: ყველამ ყველაფერი ვიცით და საზოგადოებამაც აჩვენა, როგორი კონსოლიდაცია შეუძლიათ. გთხოვთ, იყავით ობიექტურნი, უკანონობას კანონიერება  დაუპირისპირეთ. ნუ ელოდებით, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ამით მოხდეს გარდატეხა. ამას არ დავუშვებთ! ჩვენ არჩევნებით, ცივილიზებული გზით უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს: უკანონობას კანონიერება დაუპირისპირეთ, ყველამ თავის თავში მოახდინოს ევოლუცია. გადალახეთ შიში! აღუდექით წინ შიშს, სიცრუეს, სუბიექტივიზმს და მას კანონიერებით, ობიექტურობით უპასუხეთ. ამით გავიმარჯვებთ!

...ჩემი გუნდის სურვილია, ყოველგვარი არეულობის გარეშე და კანონიერად მოვიშოროთ ეს უბედურება, რაც ჩვენს სახელმწიფოს თავს დაატყდა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოახერხოს საკუთარ თავში გარდატეხა. უკანონობას მხოლოდ კანონიერებით უნდა ვუპასუხოთ, სუბიექტურობას კი ობიექტურობით. ამ სიტყვებით მინდოდა მიმემართა ჩემი საყვარელი ხალხისთვის. დადგა დრო, სხვაგვარად შევხედოთ რეალობას".

"რაც ვნახე, წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმია"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დევნილებს ადამიანებად არ თვლის. რაც ვნახეთ მათი გასახლების სახით, წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების ამ ქმედებაში არის ლოგიკა და სიმართლის მარცვალიც კი, ფორმა, რომლითაც ეს გაკეთდა, ამაზრზენია. მეორე მხრივ, ცივი გონებით რომ ვიმსჯელოთ, მოტივაცია მრავალნაირი შეიძლება იყოს და მიზეზების მთელი წყებაც გაჩნდეს, თანაც არსებობის უფლება და ლოგიკა ყველას ექნება. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს საპროტესტო მუხტის დაქსაქსვის განზრახვა; დევნილების საკითხის უკან გადაწევა და მიჩქმალვა; ფინანსური მაქინაციები, ლტოლვილთა დახმარებით მანიპულირება, საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ცხოვრების პირობების დამალვა; უბრალოდ, დათრგუნვა დევნილებისა და მთლიანად, საზოგადოებისა, რომ ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც სურს... ისიც შესაძლებელია, ხელისუფლებას ყველაფერი ეს არცა აქვს რაციონალურად გააზრებული, ქვეცნობიერიდან მომდინარე აგრესიულობით არის ნაკარნახევი და მეტი არაფერი".

"ვერც 20 და ვერც 30-ლარიანი ვაუჩერი ვერ შეაკავებს სოციალურ ბუნტს..."

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი: "30 ლარი 3 კილო ხორცია, რომელსაც ოთხსულიანი ოჯახი ერთ კვირაში მოიხმარს, ხოლო ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი კომუნალური გადასახადების ერთმანეთზე “გადაბმის”პირობებში თვიურ დავალიანებასაც კი ვერ დაფარავს.

მეტიც, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც ეკონომისტები განმარტავენ, ასეთი ვაუჩერები ინფლაციის მასშტაბს უფრო გაზრდის. ასე რომ, არსებობს რისკი, ეს ვაუჩერები პროტესტის გაძლიერების კატალიზატორებიც კი აღმოჩნდეს".

"ბევრი გვყავდა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მსგავსი პარტნიორი?"

კახა კაციტაძე, პოლიტოლოგი: "ებრაელ ბიზნესმენებს, რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ქრთამის მიცემას გულისხმობს. რონი ფუქსს - 7 წლით, ზეევ ფრენკელს კი 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. რონი ფუქსს დაეკისრა 500 ათასი ლარის გადახდა, ზეევ ფრენკელს კი 100 ათასის.

ეს ფაქტი საქართველოს მხოლოდ უარყოფით შედეგს მოუტანს, მათ შორის - უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეშიც. ამას რომ თავი დავანებოთ, რა, ბევრი გვყავდა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მსგავსი პარტნიორი? საქმე ის არის, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების არაადეკვატურობის ხარისხს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. ალბათ, გვგონია, რომ მართალია, ტელევიზიით სრული სიგიჟე და უპასუხისმგებლობა ჩანს, მაგრამ სადღაც, კაბინეტში ვინმე ჭკვიანი მაინც ზის, რომელიც სისულელის ჩადენას არ დაუშვებს".

"ეს აქციები აშკარად მიუთითებს გაზრდილ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე"

ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი: საინტერესო ის არის, რატომ აღმოჩნდა გეგმური შემოწმების ნუსხაში ერთდროულად ჰოლდინგის ექვსივე საწარმო. ასეთ რამესაც კი მოვკარი ყური, რომ გეგმური შემოწმების ნუსხას კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ადგენენ. თუ ასეა, მაშინ იმის ალბათობა, რომ კომპიუტერმა "შემთხვევით" ერთი და იმავე ჰოლდინგის ექვსი საწარმო ამოაგდოს, ნულის ტოლია. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ გეგმურ შემოწმებას საფუძვლად უდევს არა ის, რაც კანონით უნდა ედოს.

ეს ეჭვი სავსებით ბუნებრივად უკავშირდება "პალიტრამედიის" საქმიანობას, რომელიც, ალბათ, ხელისუფლებას არ მოსწონს. განსაკუთრებით ეს შეეხება 26 მაისის მიტინგის დარბევისას მედიაჰოლდინგის ერთ-ერთი შემადგენლის, ინტერნეტტელევიზიის მიერ დარბევის ვიდეოფირის ჩვენებას და იმ ინფორმაციის შეუზღუდავად გავრცელებას, რაც ჟურნალისტებმა მოიპოვეს. ამის დამადასტურებელი აშკარა დოკუმენტები არც მე და, ალბათ, არც თქვენ არა გაქვთ, მაგრამ მოვლენათა განვითარების ლოგიკა იძლევა ამ ეჭვის გაჩენის უფლებას."

"პალიტრამედიის" ეზოში გამართულ აქციაზე თითქმის ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. აქ ერთ რამეს მინდა ხაზი განსაკუთრებულად გავუსვა: როგორც ვიცი, ეს აქცია, მოწოდება, რომ სოლიდარობის გამოსახატავად შეკრებილიყვნენ, "პალიტრამედიისგან" დამოუკიდებლად, მის გარეთ წარმოიშვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას რომ ვამბობ, საფუძველიც მაქვს, რადგან სრულიად შემთხვევით გავხდი მომსწრე იმისა, თუ როგორ დაიწყო ეს პროცესი. "პალიტრამედიაში"" სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბა ყველა, გარდა ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედიასაშუალებებისა. ისინიც კი რომ მოვიდნენ, ვისაც ერთიმეორესთან ან საერთოდ არა აქვთ, ან შესაძლოა, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეთ, აშკარად მიუთითებს გაზრდილ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე".

"ხელისუფლება იძულებული შეიქნა, ფოტორეპორტიორები გაეთავისუფლებინა"

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი, პოლიტოლოგი: "იყო ის ვერსიაც, რომ მტკიცებულებები არც ყოფილა, ანუ საბრალდებო კალათა ცარიელი იყო და ამისთვისაც აირჩიეს საპროცესო შეთანხმების გზა, რათა ღია სასამართლო პროცესზე საკითხის არსებითი განხილვა არ მომხდარიყო და შესაბამისად, მავანნი უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ. ამას თუ დავამატებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სხვა დიპლომატიური მისიების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ფოტორეპორტიორების საქმის განვითარებას, ცხადი ხდებოდა, რომ თუკი ბრალდებები არ დატოვებდა დამაჯერებელ შთაბეჭდილებას, უცხოელი პარტნიორებისგან ეს შეუფასებელი არ დარჩებოდა.  ვფიქრობ, ჟურნალისტების ძალისხმევამ გახადა უცხოელები უფრო აქტიური, ამ უკანასკნელთა აქტიურობამ კი, თავის მხრივ, ხელისუფლება აიძულა, ტაქტიკა შეეცვალა. მაგრამ მაინც არ შევაფასებდი ამ ეტაპს როგორც გამარჯვებას ან დამარცხებას. თუ გამარჯვებაზეა ლაპარაკი, ეს არის როგორც ჟურნალისტების, ისე ხელისუფლების გამარჯვება, რადგან მან ვნებები მოთოკა და საქმე უფრო რაციონალური გზით წაიყვანა. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი იმ დიდი დაპირისპირებისა, რაც მომავალში შეიძლება განვითარდეს, რადგან ხელისუფლებას პრობლემები დამოუკიდებელი მედიის გამო გაუჩნდა".

"ბუშმა მაგიდაზე მუშტიც დაურტყა რუსეთს, მაგრამ ამას ორი დღე მოანდომა"

თედო ჯაფარიძე, დიპლომატი: "მოგვიანებით ეს ფრაგმენტი სარკოზიმ გაიხსენა, თეთრმა სახლმა კი უარყო. რისთვის სჭირდებოდა იმ მომენტში ბუშს დაყოვნება?

- "ის მომენტი" ურთულესი იყო. შესაძლოა, რაღაც არასწორი ინტერპრეტაციაც იყო, - ბუშმა სხვანაირად უთხრა და სარკოზიმ სხვანაირად გაიგო. დიდ პოლიტიკაში ასეთი ამბებიც ხდება ხოლმე. მედვედევის ინტერვიუდან გამომდინარე, უცხოელ ექსპერტთა წრეებში დიდი დებატები გაიმართა იმის თაობაზე, იყო თუ არა ამერიკელების თანხმობა და წაქეზება საომარი მოქმედებებისკენ. როგორც მედვედევი ამბობს, საქართველოში ჩამოსულმა კონდოლიზა რაისმა ჩამოუტანა სააკაშვილს თანხმობა ომის დაწყებაზე. როგორც ამერიკის პოლიტიკა ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია, ასეთი რამ მომხდარიყო. ამერიკა არასოდეს მისცემდა საქართველოს გარანტიას, დაიწყე და დაგეხმარებიო, რადგან ასეთი რამ რუსეთსა და ამერიკას შორის ომის დაწყება იქნებოდა. არც ერთი ამერიკელი, არც დემოკრატი და არც რესპუბლიკელი, რუსეთთან ომს არ დაიწყებს და არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანს რუსეთი გულზე ეხატება".

"დაემთხვა თუ დაამთხვიეს ივანიშვილის განცხადება სარკოზის ვიზიტს?!"

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: "რიგითი მოქალაქის განცხადებები, რომელიც პირველად შემოდგამდა ფეხს ქართულ პოლიტიკაში და რომელსაც არ ექნებოდა ისეთი რესურსი, როგორიც ივანიშვილს აქვს, ალბათ, მართლაც გაღიზიანებასა და გაბრაზებას გამოიწვევდა. მაგრამ, ვფიქრობ, ივანიშვილის აგრესიული ნაბიჯი გამიზნული იყო იმისთვის, რომ თავიდანვე გახსნილიყო ფრჩხილები. არ ვთვლი, რომ ეს ემოციური სვლაა. პარტნიორების არჩევაც გამიზნული და გააზრებულია.

ცხადია, ამან პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის აგრესია გამოიწვია, მაგრამ თუ ქვეყნის შველა გინდა, ივანიშვილს აქვს ისეთი რესურსი, რომელიც გამოსაყენებელია. რა ტიპის რესურსი აქვს? პირველი - რასაკვირველია, უზარმაზარი ფინანსური, რომელიც თავისთავად ყბადაღებულ რუსული ფულის თემას გამორიცხავს, თუ საჭირო გახდა, იქით მისცემს; მეორე - კავშირები მსოფლიოს ბიზნესსამყაროსთან. თან, ეს არ არის ის სამყარო, რომელიც ჩვენი ღარიბი ქვეყნიდან ჩანს. ეს არის სამყარო, რომელიც მსოფლიოში ეკონომიკურ პოლიტიკას და ხშირად პოლიტიკასაც კი წარმართავს".

"ევროპარლამენტში ყველაფერი ითქვა და ყველამ ყველაფერი გაიგო"

კოტე ჟღენტი, დიპლომატი, პოლიტოლოგი: "ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი წინადადება - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი-ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად ჩაითვალოს - ადრეულ დოკუმენტებში არ ყოფილა. აქ კი ეს ყველაფერი ხაზგასმულია და ორ თუ სამ ადგილას გამეორებული. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ამ ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს მართლაც უნდა ჩაითვალოს წინ გადადგმულ ნაბიჯად. დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი მომენტებიცაა - მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ შეასრულოს ცნობილი 6-პუნქტიანი შეთანხმება; რომ დევნილები დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს და მათი უფლებები უნდა დაიცვან და ა.შ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამავე დროს, აქვე, უკვე ჩვენი მისამართით არის ნათქვამი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა დავიწყოთ, რომ აუცილებლად უნდა შედგეს დიალოგი".