"ივანიშვილის შიშით ლამის ფულიც გააუქმონ ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის შიშით ლამის ფულიც გააუქმონ ქვეყანაში"

"საბჭოთა კავშირი მონაგონია იმასთან შედარებით, რადაც შეიძლება გადავიქცეთ"

"ან შენ უნდა იყო იდიოტი, ან თანამოსაუბრე უნდა გეგონოს, რომ უმტკიცო, ფული ცალკე არსებობს და პოლიტიკა - ცალკეო"

საშობაოდ ხელისუფლებამ კიდევ ერთი სიახლე გაგვაცნო: ამიერიდან პოლიტიკური საქმიანობისთვის ფულის ხარჯვა დეტალურად გაკონტროლდება. ყველა ორგანიზაციას, რომლებიც გადაწყვეტენ ხელისუფლებას კონკურენცია გაუწიონ, რეგულარულად მოუწევს დაახლოებით თხუთმეტი სპეციალური ფორმის შევსება და ჩაბარება მონიტორინგის სამსახურისთვის, რომელსაც მკაცრსახიანი ახალგაზრდა და როგორ ჩანს, მონდომებული ქალბატონი, ყოფილი პროკურორი ჩაუდგა სათავეში. მართალია, ჩემი კოლეგა მერაბ მეტრეველი ამბობს, ხელისუფლება ივანიშვილზე ზრუნავს, ბევრი ფული რომ არ დახარჯოსო, მაგრამ ეს მე მაინც იმ ფეხბურთის მატჩს მაგონებს, სადაც ერთ გუნდი მოწინააღმდეგისას მოთამაშეებითY სამჯერ აღემატება, ბუცებზე ლურსმნები აქვს დაგებული, კარში ერთის ნაცვლად ორი კაცი ჰყავს დაყენებული და თან, მსაჯსაც "ხელიდან აჭმევს". ამ ყველაფრის გარდა, მოითხოვს მატჩი დაღმართზე გაიმართოს და მოედანი მისგან ისე იყოს დახრილი, რომ კონკურენტს ციცაბო აღმართზე მოუწიოს თამაშმა. თუ ყველაფერს ინდიფერენტულად განწყობილ მრავალათასიან მაყურებელსაც დავუმატებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი პირობას დებს, თამაშის ყველა წესს დავიცავ და "სუდიასაც" მკვდარს და ცოცხალს არ ვაგინებო, მას ან კოსმონავტის გული ჰქონია, ან ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა შარშია გახვეული.

არსებულ ვითარებასა და მომავალ პერიპეტიებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:

- ხელისუფლების სხვადასხვა წევრის გამოსვლები ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასა და კრემლში დაგეგმილ შეთქმულებაზე იმით დასრულდა, რომ კონტროლის პალატას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგი დაევალა. სამსახურს ნათია მოგელაძე უხელმძღვანელებს. მის ბიოგრაფიაზე ოფიციალური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა, უკვე ინტერესის ღირსია ის ფაქტი, რომ სანამ პარტიების მეთვალყურეობას ჩაიბარებდა, მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ პოლიტიკური პარტიებისგან როგორც თანხების მიღების, ისე მისი განკარგვის ვრცელ და დეტალურ ანგარიშს ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, შეუწყობს ეს ყველაფერი ხელს პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღებას ან სამართლიანი და ყოვლისმომცველი იქნება თუ არა კონტროლი, შეეხება თუ არა ის ასეთივე მასშტაბით "ნაციონალურ მოძრაობასაც"?

- ბუნებრივია, სახელისუფლებო გუნდს არ შეეხება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, იქ, სადაც კანონი ყველასთვის კანონია. ერთია კანონი, რომელიც რიგითი მოქალაქეებისთვის არის დაწერილი და მაქსიმალურად გამძაფრებული, მეორე კი ინტერპრეტირებული ხელისუფლებისთვის და მაქსიმალურად შენიღბულ-შელამაზებულია. ასე რომ, ზემოხსენებული კანონიც ორ რეჟიმში იმოქმედებს, ცალკე - რიგითი მოქალაქეებისთვის და ცალკე - ხელისუფლებისთვის. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოში საზოგადოდ ხდება ხოლმე და მოვლენათა სხვაგვარად განვითარებაზე რომ ვიმსჯელო, საამისო საბაბი არა მაქვს.

მაგრამ მეორეა თვითონ კანონის შექმნის ლოგიკა. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ორი მომენტით არის ჩავარდნილი აბსურდში. პირველი ის არის, რომ კანონი დაწერილია კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის და ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ძალა. ლოგიკა აქ ერთია:

სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმის პრინციპებზეა აგებული, პრინციპულად ვერ ეგუება სწორ და გამართულ მოედანზე თამაშს. მაშინაც კი, როცა ხელისუფლებაშია, უნდა მოედანი თავიდანვე იყოს გადახრილი და გარანტირებული ჰქონდეს მოგება.

ამიტომაც მიმართავენ ყველა ხერხსა და საშუალებას. ნათლად გამოჩნდა იმის აბსურდულობაც, რომ ვინმეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის აშენება უნდოდა. პირიქით, გასული 8 წელი მიმართული იყო იქით, რომ საქართველოში არაფრისდიდებით არ შექმნილიყო კონკურენტული პოლიტიკური გარემო და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა სწორედ სააკაშვილის ავტორიტარულ და უზურპატორულ ტენდენციებში, როდესაც ის საქართველოს მოსახლეობას ართმევს არჩევნის შესაძლებლობას. ერთი თვალსაზრისით ეს ყველაფერი აბსურდულია და ასე ვთქვათ, ქვეყნის განვითარებასა და ისტორიის ლოგიკას ეწინააღმდეგება. ისტორიული ლოგიკაა, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. მეორე, უდიდესი აბსურდი, ისტორიიდან და პოლიტიკური რეალობიდან ამოვარდნა, არის ის, რაზეც ბოლო დროს ხდება აპელირება, რომ თურმე პოლიტიკაში ფული მიუღებელი იარაღი და ასე ვთქვათ, სათამაშო ერთეულია. ეს ისეთი იდიოტიზმია, რომლის მსგავსიც, მგონი, არავის მოსვლია თავში. ის, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა, პოლიტიკა და ბიზნესი, პოლიტიკა და ფული ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ყველამ იცის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელი სისტემა აიგო, კანონიერი სისტემა ლობიზმისა, რომ ფულის გადადინება ლეგალურად ეკონომიკიდან, ბიზნესიდან პოლიტიკაში მომხდარიყო. ეს ისეთივე მარტივი რამ არის, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია. ან შენ უნდა იყო იდიოტი, ან თანამოსაუბრე უნდა გეგონოს, რომ უმტკიცო, ფული ცალკე არსებობს და პოლიტიკა - ცალკეო. შესაძლოა, იფიქრო და იკამათო, რომ ხელოვნება ცალკე არსებობს და ფული ცალკე, რომ სულიერებას ფულთან კავშირი არა აქვს, მაგრამ პოლიტიკა და ფული ორი, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ცნებაა. პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღეს განაპირობებს ბიზნესზე პოლიტიკის ნორმალური, ჯანსაღი და კანონიერი გავლენა და პირიქით - ბიზნესისა პოლიტიკაზე. მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლება ისტორიული პროცესის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და უარს ამბობს ისეთ ფენომენზე, როგორიც ფინანსებია. იდეოლოგიურად ამბობს უარს, თორემ რამდენად შეძლებს კაცობრიობის ბოლო ოცი თუ ოცდაათი საუკუნის გამოგონების - ფულის უგულებელყოფას, საკითხავია. მაგრამ აბსურდების ხელისუფლებაა და აბსურდული იდეოლოგია აქვს. ისე, გვერდიდან რომ შეხედო ამ უმეცრებას, რომ თურმე ფული ცალკე უნდა იყოს და პოლიტიკა - ცალკე, რომ ფულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს პოლიტიკაზე, უკვე დემოკრატიასთან კავშირის არსებობა-არარსებობაზე კი არა, ჭკუისა და საღი აზრის არარსებობაზე შეიძლება მსჯელობა და დაეჭვება.

- თუ გასულ არჩევნებზე ხელისუფლების მიერ დახარჯულ ათეულობით მილიონ ლარს გავიხსენებთ, ფულსა და პოლიტიკას მაინცდამაინც ერთმანეთისგან არ უნდა მიჯნავდნენ.

- მეტიც, მთლიანად ჩამოკიდებული არიან ამ სისტემაზე. ეს არის ერთ-ერთი ახალი ფანდი თუ ხრიკი, მაგრამ ამ ხრიკებს ბოლო დროს სულ უფრო და უფრო უმოკლდება ფეხები.

ცხადია, შეეცდებიან თვითონ რაც შეიძლება აქტიურად ჩადონ ფული პოლიტიკაში. მაგრამ ლოგიკურად, სადღაც, ბოლოში, ხომ თვითონვე წამოეგებიან საკუთარ აბსურდზე? ეს იქნება კაცობრიობის ისტორიის საპირისპიროდ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკა უფულოდ.

პოლიტიკა ყოველთვის ახდენს გავლენას ეკონომიკაზე - ეს ერთი. მეორე, თუ გინდა, დემოკრატიული სისტემა ააგო, მაშინ უნდა მისცე პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა, კონკურენცია გაგიწიონ, მათ შორის - ფულის მოზიდვაშიც. ბუნებრივია, ამ კანონს თავად მოირგებენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ საღი ლოგიკის წინააღმდეგ გაუთავებლად სიარულმა სააკაშვილი და მისი იდეოლოგია სრულ აბსურდში მოაქცია. ძალიან ძნელია, როცა ამდენს იტყუები. ერთხელ რომ იცრუებ, კიდევ არა უშავს, მაგრამ გამუდმებით რომ იტყუები, ბოლოს ძალიან აბსურდულ ვითარებაში აღმოჩნდები.

- "ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ძველ წყობაში აღარასოდეს დავბრუნდებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძველ წყობაში კარგი არაფერი იყო, რადგან ძველი წყობა ასოცირებული იყო სიღარიბესთან, უთანასწორობასთან, გამოძალვასა და მოსყიდვასთან. "ჩვენ ვართ ღირსებით აღსავსე საზოგადოება, რომელიც მიდის წინ!" ამ "ღირსებით სავსე საზოგადოებისთვის" უჩვეულოდ და სასაცილოდაც კი ჟღერს გერმანიის პრეზიდენტის საჯარო მობოდიშება მედიაზე ზეწოლის გამო, რაც მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორთან სატელეფონო საუბარში სტატიის დაბეჭდვა გაუპროტესტებია და უთქვამს, კანონიერი გზით დაგიპირისპირდებითო. თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რაც ქართული მედიის თავს ხდება, რამდენად წინ წასულ და ღირსეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ?

- სააკაშვილის კომენტირება მე პრინციპულად არ მინდა, არ მინდა, ვილაპარაკო აბსურდულ იდეებსა და გამოთქმებზე. სააკაშვილის შეხედულებების განხილვა არასწორად მიმაჩნია. რაც შეეხება ჩვენი განვითარების ვექტორს, ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება ქვეყანას მიათრევს არა კომუნისტურ წარსულში, რადგან კომუნისტურ წარსულში იმ ტოტალიტარიზმს ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი სტრუქტურა: ეს იყო სოციალური დაცვა, განათლების სისტემა, თანამიმდევრული იდეოლოგია და ა.შ. - არა, ამ წარსულში კი არა, "თალიბანის" შუა საუკუნეებში მიგვათრევს. თუმცა, ესეც შეიძლLება არასწორი შედარება იყოს, რადგან მათაც აქვთ რაღაც იდეოლოგია.

ჩვენ ჩამორჩენილ, ეკონომიკურად გაუმართავ, აღმოსავლური მინიდესპოტიზმის სამყაროში მიგვათრევენ.

ასე რომ, როდესაც ლაპარაკია წარსულზე ორიენტაციის შესახებ, წარსული ასოცირდება იმ მმართველობის ფორმასთან, რომელიც ჩემთვის ავტორიტარულია; ასოცირდება ტვინის გამორეცხვასთან, იმ ბიზნესგარემოსთან, რომელშიც დიდ კორპორაციებს აქვთ მონოპოლიზებული ყველაფერი, რიგითი მოქალაქეები კი იჩაგრებიან. ეს არის ის რეალობა, რომლისკენაც მივყავართ. საბჭოთა კავშირი მონაგონია იმასთან შედარებით, რადაც შეიძლება გადავიქცეთ.

- "ჰუმან რაითს ვოჩის" ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისას საქართველოს ხელისუფლების წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს მიმართავდნენ აქტივისტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების დასაკავებლად". ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული კოდექსით მსჯავრდადებულთა საპატიმრო ადგილი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ხშირად არაადამიანური მოპყრობის საფუძველი ხდება. ასეთი ანგარიში ადრეც ბევრი გვინახავს და როგორც წესი, მას ხელისუფლება ხან პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებდა ხოლმე, ხან გადამეტებულს, ხანაც არაინფორმირებულს. ამჯერად კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაქციით უპასუხა. მეტიც, შსს-ს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მინისტრის განკარგულება საერთაშოროსო ორგანიზაციების კრიტიკით არის გამოწვეული და მიზნად მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი სახეცვლილება?

- ჩემი აზრით, ხელისუფლების ზოგიერთი სეგმენტი უკვე აცნობიერებს, რომ სხვა სტანდარტებით დაიწყო მათი შეფასება და თავზე ხელის გადასმის პოლიტიკას წერტილი დაესვა. როგორც წესი, ადრე გამოქვეყნებულ ანგარიშებს არც ავტორები მიჰყვებოდნენ ბოლომდე, - მის ციტირებასა და გარჩევას მხოლოდ მედიაში თუ ვახდენდით ხოლმე, მაგრამ ეს არავის ადარდებდა, არც აქ და არც იქ. მგონი, გაიაზრეს, რომ ის პერიოდი მათი ცხოვრებისა, როდესაც "დემოკრატიის შუქურები" იყვნენ და მსოფლიო პოლიტიკაში იმუნიტეტით სარგებლობდნენ, დამთავრდა. დამთავრდა ის დრო, როდესაც სრული კარტ-ბლანში ჰქონდათ მინიჭებული.

- წლევანდელი წელი არჩევნების წელია. ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ხდება, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ჩაეტიოს პოლიტიკური დაპირისპირება იმ ხასიათის დაპირისპირებაში, რასაც საარჩევნო კონკურენცია ჰქვია?

- ჩემი აზრით, რაც უფრო ინტენსიურად გაზრდის ივანიშვილი Dთავის პოლიტიკურ ძალას, მით მეტი გარანტია გვექნება იმისა, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს. ის ძალა, რომელიც ორიენტირებულია არჩევნების ჩატარებაზე, პროვოკაციის თავიდან აცილებასა და ხელისუფლების ლეგიტიმურად გადაბარებაზე, ივანიშვილის პოლიტიკური ძალაა.

მის საპირწონედ არის ხელისუფლება, რომელიც კანონებს ანიჭებს უკუქმედების ძალას, რომელმაც ივანიშვილის შიშით ლამის ფული გააუქმოს ქვეყანაში. უკვე მისტიკური ამბები ხდება ქართულ პოლიტიკაში.

დღეს ქართველი საზოგადოება ასეთი არჩევანის წინაშეE დგას: ივანიშვილის ძალის ზრდის პროპორციულად იზრდება შანსი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებისა. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებას პროვოკაციების მოსაწყობი დიდი რესურსი აქვს, - იქნება სამხედრო ტიპის ავანტიურა თუU სხვა ფორმის ძალადობა. მაგრამ თუ მისი დასუსტება ამ სისწრაფით განვითარდება, როგორც ახლა მიმდინარეობს, მას ამის ძალაც აღარ შერჩება.

- როგორც ნაციონალურმა მაუწყებლებმა შეგვატყობინეს(!), ბიძინა ივანიშვილი მედიასაშუალებების მოსყიდვაზე გადავიდა. არასახელისუფლებო მედია კი არ მალავს სიმართლეს და აცხადებს, რომ სინამდვილეში "ქართულ ოცნებასთან" გააფორმა კანონით ნებადართული კონტრაქტები პოლიტიკური რეკლამის შესახებ. საფუძვლიანია თუ არა ხელისუფლების ბრაზი ვითომ მედიის მოსყიდვის გამო?

- ხელისუფლებას აქვს ერთადერთი, ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ სხვა რესურსების დეფიციტი აქვს. სხვა რესურსებში იგულისხმება შემდეგი: მოსახლეობისთვის რაიმე ახლის შეთავაზება აღარ შეუძლია, ფანტაზია ამოეწურა, ფინანსურადაც ცუდ დღეშია, საერთაშორისო ასპარეზზეც გაუფუჭდა საქმე და ხედავს, რომ წაგებული აქვს ბრძოლა ივანიშვილთან. ამიტომაც გადადის აბსურდულ ქმედებებზე, მათ შორის აბსურდულია ისტორიისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება - ფულის გაუქმება. ფაქტობრივად, ეს არის 30-საუკუნოვანი ისტორიის წინააღმდეგ წასვლა. მეტიც,

ხელისუფლება გადადის აბსურდულ იდეოლოგიზაციაზე, ვითომ ვერ ხედავს განსხვავებას მოსყიდვასა და შესყიდვას შორის. ეს ორი რამ აბსოლუტურად სხვადასხვაა, ერთ ასოშია განსხვავება, მაგრამ ეს ერთი ასო ძალიან პრინციპულია.

როგორ შეიძლება ქვეყანაში ნებისმიერ ტრანზაქციას, რომელიც ხელს არ გაძლევს, ასე ვთქვათ, "პოეტური ტერმინი" გამოუგონო? ამ ლოგიკით ხომ შეიძლება ერთი და იმავე მაღაზიაში შევიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი და იყიდოს კარტოფილი და ეს იყოს კარტოფილის შეძენა, მეორე ადამიანს კი იმავე ქმედებისთვის ბრალად დასდონ მოსყიდვა, ქრთამის მიცემა და ა.შ. ასეთ სინტაქსში იკითხება ტოტალური მარაზმი, სადაც საკანონმდებლო და იურიდიულ ტერმინოლოგიასა და ხელისუფლების მარაზმატიკულ პოეზიას შორის განსხვავება ფაქტობრივად ქრება. ამას ჰქვია პარანოიდული მდგომარეობა. გამოდის, ტრანზაქცია, რომელიც კანონიერია, იდეოლოგიურად შეიძლება მოინათლოს და იურიდიული განსაზღვრება მიუყენონ. რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს ის სფეროები, რომელშიც წაგებულია. ასეთი სფეროებია დაფინანსება, პოლიტიკური მესიჯი, საერთაშორისო ურთიერთობები. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხელისუფლებამ ფულის გაუქმების პარალელურად გააუქმოს სხვა ქვეყნებიც საქართველოს ირგვლივ, გააუქმოს ამომრჩევლები. დარჩება ერთადერთი რესურსი, რაც აქვს, - თავისი ადმინისტრაცია, რომელიც გამოიგონებს თავის ფულს, თავის საერთაშორისო ურთიერთობებს და თავის არჩევნებს. ყველაფერი აქეთ მიდის.