"საკუთარი აქტიურობის გარეშე ჩვენ დავრჩებით მიზანმიუღწეველნი" - კვირის პალიტრა

"საკუთარი აქტიურობის გარეშე ჩვენ დავრჩებით მიზანმიუღწეველნი"

"მე ვარ და ჩემი ნაბადის პოლიტიკა ახალ პარტიას არ წაადგება"

ძველით ახალ წელს სამწუხარო ამბით შევხვდით - ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთი წესიერი, ნიჭიერი და განათლებული კაცი დაკარგა. კახა კაციტაძე ხშირად ყოფილა "კვირის პალიტრის" რესპონდენტი და ხშირად გავუოცებივარ აზროვნების სიღრმითა და არასტანდარტულობით. სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც ასე გვჭირდება პატიოსნება  და მოვლენათა საღი ანალიზი, ბატონი კახა ჩვენ გვერდით აღარ იქნება... "კვირის პალიტრის" რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი კახას გარდაცვალების გამო და ქართველი საზოგადოების სამძიმარს უერთდება.

ქართულ პოლიტიკაში დაწყებული პროცესების სამომავლო გააქტიურებას ისიც მოწმობს, რომ მოვლენათა განვითარების რიტმი არც სადღესასწაულო დღეებში შენელებულა. ხელისუფლება ახალ-ახალ კანონებსა და რეგულაციებს იგონებს და მომავალი არჩევნებისთვის ისე ემზადება, როგორც გადამწყვეტი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე. აქ ჯერჯერობით ყველაფერი ივანიშვილის გარშემო ბრუნავს და დაპირების მიუხედავად, არც ახალი სახეების "აღლუმია". პირადად მე, ამ სახეთა უმრავლესობის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს, მაგრამ შევარდნაძის დროინდელი ფიგურების აქტივაცია "ქართული ოცნების" სხვადასხვა ჯგუფში აშკარად თვალში საცემია... ამასობაში მიხეილ სააკაშვილი უზომოდ ყურადღებიანი და კეთილი გახდა. თუ ასე გააგრძელა (ბიძინა ივანიშვილმა, ცხადია) მალე, ალბათ პრეზიდენტი სახლებში ჩამოგვივლის და დალაგება-დასუფთავებას ან ფარდების დარეცხვას შემოგვთავაზებს... ისე, დიდი პიარმცდელობისა და დაფა-ზურნის მიუხედავად, გაურკვეველი დარჩა, ვისი წყალობაა ორი წლის განმავლობაში ღვთისა და ბედის ამარა მიტოვებული მეზღვაურების გათYავისუფლება - კარბელაშვილის, როგორც ამას პრეზიდენტი ირწმუნება, სამი მილიონის გადახდის, როგორც ამას მოარული ხმები ამბობენ, აფხაზი და ოსი სპეცრაზმელების (?), როგორც ამას აფხაზური ვებგვერდები იუწყებიან, თუ სომალელი მეკობრეებისა, რომლებსაც შესაძლოა, უპატრონოდ მიტოვებული ქართველი მეზღვაურების ყურება მოჰბეზრდათ... მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტი უჩვეულოდ ყურადღებიანი გახდა თავისი მოქალაქეების მიმართ. ლამის მეორე წელია, მეზღვაურების ახლობლები მათ გამოხსნას იხვეწებიან, ხელისუფლებას კი კომენტარიც არ გაუკეთებია. ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა გამოხსნილი მძევლები პირადი თვითმფრინავით ჩამოიყვანა საქართველოში... ყველას გვახსოვს, როგორ უმოწყალოდ მოექცნენ დევნილებს გამოსახლებისას - პოლიცია ბავშვსა თუ მოხუცს განურჩევლად ყრიდა შენობებიდან. ამჯერად კი პრეზიდენტმა თავისი ხელით აუზიდა წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს ჯამ-ჭურჭელი ახალ სახლებში.

- არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ივანიშვილის გამოჩენით ხელისუფლება თავზარდაცემულია. სახელისუფლებო გუნდმა სასწრაფოდ "გადააწყო" საკუთარი პოლიტიკა და თუ ადრე ქართული პოლიცია დევნილებს აპანღურებდა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - დროებითი სადგომებიდან, თუ პრეზიდენტი იყო გულცივი ყველა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და უკეთეს შემთხვევაში საკუთარივე ტყუილებით კმაყოფილდებოდა, ახლა ეს ჯგუფი აქტიურად უწყობს ხელს პრეზიდენტის იმიჯის გამოსწორებას და საზოგადოებისთვის მისი, როგორც "სახალხო პრეზიდენტის" მოდელის შეთავაზებით არის დაკავებული. დაგაგვიანდათ, ბატონებო, ერთი წელი სულაც მხოლოდ შაქარი რომ ამოგდიოდეთ პირიდან, იმ სიმწარეს ვერ გადაფარავს, რაც ხალხმა "ნაციონალური მოძრაობისგან" განვლილი 8 წლის განმავლობაში იწვნია. თანაც რაღაც ჯადოსნური მაკრატელი მისცეს პრეზიდენტს ხელში, - გადაჭრის წითელ ზონარს რომელიმე საავადმყოფოს გასახსნელად და მერე, იქიდან გამოსული, ლანძღავს დაუდგენელ პირებს, რომლებიც თურმე ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობენ,  რომლებიც ბოლშევიკებზე უარესები არიან და ამით იხალისებს თავს. თუმცა, რასაკვირველია, ოპონენტი არ ჩანს, პირადი დისკუსია მისთვის მისაღები არ არის.

პიედესტალზე შემდგარი პრეზიდენტი 8 წელიწადია ასე გვმოძღვრავს და უფრო ხშირად გულს გვიხეთქს იმ სიბრძნეებით, რომელიც შეიძლება მისი გარემოცვის ვიწრო წრისთვის იყოს მისაღები. რას ვიზამთ, ვართ იქ, სადაც ვართ და ვისმენთ იმას, რასაც გვთავაზობს პრეზიდენტი. მაგრამ საინტერესოა, ჩვენი საერთაშორისო მედიამონიტორინგი როდის დათვლის პოლიტიკურ თანასწორობას პარტიებს შორის და როდის გამოაცხადებს, რამდენი საათია ერთი პარტიის ლიდერი ეკრანზე და რამდენი წამი სხვა პარტიებისა. ვფიქრობ, უახლოესი გარემოცვა პრეზიდენტ სააკაშვილს დათვურ სამსახურს უწევს და ძალიან მწყდება გული, რომ 2003 წლის ოცნება, რომელიც ჩაგვინერგა სააკაშვილმა, ფუჭი და მავნე აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მისი უახლოესი წრისა იმაში გამოიხატება, რომ ხელში ჩაიგდეს პერსპექტიული, ნიჭიერი ლიდერი და მისგან შექმნეს ის, რასაც დღეს გულისტკივილით, სინანულითა და აღშფოთებით ვაკვირდებით არა მარტო ჩვენ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობა.

- ბატონო სოსო, თქვენ ახსენეთ მედიამონიტორინგი. ჩვენ ვუყურებთ ნაციონალური მაუწყებლობით გადაცემულ ერთნაირ სიუჟეტებს, თუ როგორ ვითარდება და ყვავის ქვეყანა, როგორ ზეიმობს სამართლიანობა. ვხედავთ კამპანიებსაც გაჩაღებულს სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ ოპოზიციური პარტიების მიმართ. ხშირად ისმის თეთრზე, რომ შავია, ისიც ფაქტია, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ინდიფერენტულად უყურებს...

- ჩვენი საზოგადოების გენეტიკური გამძლეობა საბჭოთა პერიოდში ფორმირდებოდა, ამიტომ ინდიფერენტულობით ერთგვარად გამოიხატება პროტესტი. გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდის ქართული კინო, იუმორისტული მოთხრობები...  ჩვენ ახლა იუმორისთვის აღარ გვცალია და აღარც გვეცინება, როცა ვუყურებთ სამ ძირითად ტელეარხს და ასეთი, მერწმუნეთ, ბევრად მეტია, ტელეკომპანია "აჭარა" განსხვავდება რომელიმესგან ან ტელეარხ "მზეზე" შეხვდებით რამე განსხვავებულს? დაახლოებით ათამდეა ასეთი არხი - ზოგი ეროვნული, ზოგი ლოკალური მაუწყებლობით, რომლებიც ტირაჟირებას უკეთებენ ნაციონალურ სიცრუეს. ასეთ ვითარებაში მე კარგი გასართობი მოვუნახე საკუთარ თავს - დილით ერთდროულად, წამების განსხვავებით, ვუყურებ საზოგადოებრივ ტელევიზიას, "იმედს" და "რუსთავი 2"-ს და ხარხარს ვერ ვიკავებ ამ ვაიჟურნალისტების საცოდაობაზე. თავმოყვარეობა ხომ უნდა ჰქონდეს ამ სამ არხს, რომელიც უზარმაზარ ფულს ხარჯავს, - ან კადრები განსხვავდებოდეს, ან ტექსტი, ან დრო - ერთსა და იმავე წუთებში აჩვენებენ ამ სიუჟეტებს. ეს გახლავთ სატელევიზიო ტყუპისცალების ერთობა, რომლებიც სამ თითზე ჰკიდია ჩვენს უზენაეს ხელისუფალს და საითაც უნდა, იქით გააქანებს. საზოგადოების დამოკიდებულებაც შესაბამისია - რეალურად ამ არხების მიმართ არის სრული უნდობლობა და ნიჰილიზმი, რადგან მათი გამოსწორების პერსპექტივასაც ვერ ხედავენ.

- საქართველოს მოსახლეობა განებივრებულია სხვადასხვა რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებით, თუმცა გასულ კვირაში გამოქვეყნებული რეიტინგი არცთუ საამაყოა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში პატიმართა რაოდენობით, ამ რეიტინგში დავჯაბნეთ რუსეთიც...

- ეს მონაცემი მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ მისი მფლობელი ქვეყანა კარგა ხანია ლიდერთა სამეულში იმყოფება. ვწუხვარ, რომ მესამე პირში მოვიხსენიებ ჩემს სამშობლოს, მაგრამ ჩემი სამშობლოს იმ ნაწილს, რომელსაც საქართველოს ციხეები ჰქვია, ვერ ვიგულებ საკუთარ სამშობლოდ. დღეს საქართველო გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" გართობისა და დასვენების პარკი, სადაც მათი ცინიზმი უკიდეგანო და სრულიად უპასუხისმგებლო მასშტაბებს აღწევს. ამიტომ პენიტენციალური სისტემის, აყვავებულ ბაღთან მსგავსებაზე საუბარი გულჩვილ და მიმნდობ უცხოელ მოქალაქეებს მოვასმენინოთ. საქართველოში ეს ტყუილი აღარავის სჯერა ისევე, როგორც ბევრი სხვა. ჩვენ წინაშე დგას სხვა ტიპის საფრთხე - ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული მცირე ვადით დაპატიმრებულ განსასჯელთა მონაწილეობა არჩევნებში შეიცავს სერიოზულ საფრთხეს...  შესაძლოა არჩევნების წინ ათიათასობით ადამიანი დააპატიმრონ, უმეტესობა იმის გამო, რომ ისინი ესწრებოდნენ რომელიმე წინასაარჩევნო შეხვედრას, სადაც გაისმა დაპირებები და ეს არის კანონის დარღვევა და საციხო საქმე. ყველა მიიღებს სასჯელს სამ წლამდე და უკან გამოვლენ მაშინ, თუკი ხმას მისცემენ "ნაციონალურ მოძრაობას" გამჭვირვალედ, ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ. ამდენად,

ათობით ათასი დამატებითი ხმა სრულიად უდანაშაულო ხალხის ციხეში გამომწყვდევით მიითვლება ხელისუფლების მიერ ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრებისა.

მიკვირს, რომ ევროპული სტანდარტებით მოაზროვნე ვენეციის კომისიის მაღალჩინოსნები ვერ აცნობიერებენ განსხვავებას ევროპულ და ქართულ ციხეებს შორის, მით უარესი,  თუ აცნობიერებენ და მაინც ჰგონიათ, პატიმრები იმდენად თავისუფლები არიან ჩვენს საპყრობილეებში, რომ შეძლებენ სამართლიან არჩევნებში მონაწილეობას.

- ცნობილი გახდა, რომ 18 ოქტომბერს "ქართუ ბანკიდან" ამოღებული თანხები მფლობელს დაუბრუნდა, ოღონდ გადარიცხვით და ითქვა, რომ ამგვარად შავი ფულის გამოყენება გამოირიცხა.

- ბანკისთვის წართმეული ფულის უნაღდო ანგარიშით დაბრუნება ფულის გარეცხვის ყველაზე მარტივი სქემაა. საკუთარი შავი ფული, ძარცვით მოპოვებული, შეიტანეს ბანკში და გადაურიცხეს "ქართუ ბანკს" როგორც სუფთა ფული. თურმე, "საქართველოს ბანკი" ასე მუშაობს, აბა, რა უნდოდა შავ ფულს იქ?! ეს ფული ხომ გამოატანეს "ქართუ ბანკს" "საქართველოს ბანკიდან".

ახლა ტურიზმის კუთხით შევხედოთ - ჩამოდის პატიოსანი ტურისტი, "საქართველოს ბანკის" ბანკომატიდან გამოაქვს ფული, იქნებ დააცხრეს მას ნიღბიანი ადამიანი, წაართვას ეს ფული და დააპატიმროს. მოგვიანებით კი გამოუშვას და ფული ანგარიშზე დაურიცხოს, ნორმალური იქნება?

ვინმემ რაიმე არგუმენტი მოიძია? - ან ეროვნული ბანკის ბედოვლათმა პრეზიდენტმა, ან ამ დამუნჯებულმა პროკურატურამ რამე იღონეს და გამოიძიეს?

- ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, სარეკლამო რგოლებში პარტიებს საარჩევნო რიგითი ნომრის დასახელება ეკრძალებათ. რამდენად სამართლიანია ასეთი გადაწყვეტილება?

- ასეთი საარჩევნო კოდექსის პირობებში რა სამართლიანობაზე უნდა ვილაპარაკოთ? გულგახეთქილი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც საკუთარი ცხოვრების დასრულებად  ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა მიაჩნია, მიღებულ გადაწყვეტილებებს აფორმებს როგორც პარლამენტის გადაწყვეტილებებს და  ბეჭდვით ორგანოსაც მეტ უფლებებს აძლევს, ვიდრე პარლამენტს  აქვს, რომ რედაქტირება გაუკეთოს კანონს. თურმე ეს 150 ბედოვლათი, წერა-კითხვის უცოდინარი პარლამენტარი ვერ ხვდება, რა დაწერეს, გამოაქვეყნეს და ვიღაც ეგულება ისეთი თავისიანი ამ რედაქციაში, რომელმაც ყველაზე მეტი იცის და ყველაზე კარგად ესმის ადეიშვილის... ეს კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქაა ისევე, როგორც ბევრი სხვა, რომელიც სააშკარაოზე გასული წლის ნოემბრიდან გამოვიდა. ამას ჰქვია შიში, ხოლო შიში რომ კარგი მრჩეველი არ არის რაიმე პოზიტიურის მიღწევისთვის, ამაში "ნაციონალური მოძრაობაც" გვარწმუნებს. საარჩევნო კოდექსის ცვლილებები სხვა თემაა, სხვა საბრალდებო დასკვნის შექმნის საფუძველია. ბავშვი რომ იტყუება და რომ გაიმეორებს ტყუილს, ყველაზე უფრო ამ ტყუილის თვითონ სჯერა.

- ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ მოძრაობას ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ჩაუდგება სათავეში. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ სიახლეს იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ხდება?

-  ყურადღების ცენტრში რჩება ახალი პოლიტიკური პროცესები, რომელთაც სათავეში უდგას ივანიშვილების ოჯახი, განურჩევლად მათი სტატუსისა მოქალაქეობასთან დაკავშირებით. უფრო განსაცვიფრებელი ის კი არ არის, რომ ქალბატონ ხვედელიძეს უკანონოდ წაართვეს მოქალაქეობა, არამედ ის, რომ  მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ჯერაც არ აღუდგინეს. საინტერესოა, სად, როდის  და რა ვითარებაში გადაიხადა მისჯილი 100 ლარი საქართველოს პრეზიდენტმა, სასამართლომ პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უკანონო და უსაფუძვლო. იხდის პრეზიდენტი ჯარიმას რაც მიუსაჯეს, თუ ასაჩივრებს? სრულიად მკაფიოდ ყალიბდება პრიორიტეტები ახალი პოლიტიკური ძალის თუ ძალების კოალიციისა, ეს პრიორიტეტი არის ამ პროცესის მიმართ მოსახლეობის უზარმაზარი ყურადღება. უკანასკნელი კვირის სიახლე, რომ ქალბატონი ეკა ხვედელიძე ჩაუდგება სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან, სხვადასხვა კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ. ჩემი აზრით, ეკა ხვედელიძე ერთადერთი მოქალაქეა ჩვენი ქვეყნისა, აღიარებს ამას სააკაშვილი თუ არა, რომელზეც არც ლეიბორისტებს მოუტრიალდებათ ენა, რომ იგი ფინანსებს დახარბდა და ამიტომ აპირებს პარტიის შექმნას. ნებისმიერ სხვა ადამიანს, პარტიის ლიდერად მოაზრებულს, ასეთი იარლიყი არ ასცდებოდა. ახლა დიდია ყურადღება ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც ივანიშვილის გარემოცვაში აღმოჩნდა თუნდაც რამდენიმე წუთით. ჩემგან არავის ესწავლება - რევანშისტებს ოცნება აღარ ძალუძთ, შური და ბოღმა ვერაფერი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის და სწორედ ასეთი განცდით არის გამოწვეული, ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდული როტაცია იმ პირებისა, რომლებიც ხან უერთდებიან ამ მოძრაობას და ხან ჩრდილში ექცევიან.

რა სახეს მიიღებს ივანიშვილის დაფუძნებული მოძრაობა, მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ასე თუ ისე, გამოცდილება, რომელიც როგორც ფასეულობა უარყოფილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ამ შემთხვევაში აშკარად დაფასებულია.

ვფიქრობ, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მოუვა შეცდომა მსგავსად ნაციონალებისა, რომ პროგრესულობა განისაზღვრებოდეს რაიმე ასაკობრივი ზღვარით. ასაკით განსაზღვრული ღირებულება შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ სპრინტერულ ბრძოლაში, სადაც ჯანმრთელი 20 წლის ადამიანი ყოველთვის გაასწრებს ჯანმრთელ 60 წლის კაცს, მაგრამ ყველა სხვა კუთხით, რასაც ქვეყნის მშენებლობა ჰქვია, რასაკვირველია, სწორედ სინთეზი ახალგაზრდობისა და გამოცდილებისა და შეთანხმება პროგრესულ რეფორმებზე იქნება საფუძველი იმისა, რომ  რეალურად დაიწყოს ოცნების განხორციელება. მე პირადად მესაკლისება ახალგაზრდობა ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში და ვფიქრობ, გარკვეული მოლოდინი და მოულოდნელი მოწყენილობა შეიძლება შეიცვალოს აქტიური პროცესებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნება კონკრეტული პარტიული კოალიცია, თანაც დაფუძნებული ეროვნულ  თანხმობაზე და არა ერთმანეთთან დაპირისპირებაზე.  დღემდე ჩვენ ხომ ვიცით, რომ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია უმალ საკუთარ კონკურენტს მოიშორებს თავიდან, ვიდრე სერიოზულ ბრძოლას გამოუცხადებს სახელისუფლებო ძალას. ასეთ ვითარებაში ახალი პარტია სწორედ ეროვნული თანხმობის ინიციატორი უნდა გახდეს, პრინციპულობა აუცილებელია, მაგრამ მე ვარ და ჩემი ნაბადის პოლიტიკა ახალ პარტიას არ წაადგება, ისევე როგორც არ ადგება იგი მმართველ პარტიას. სირთულე ბევრია, მათი გადალახვა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავად მოუწევს, მზა რეცეპტებით მათ კარზე არავინ მიუკაკუნებს. საკუთარი აქტიურობის გარეშე ჩვენ დავრჩებით მეოცნებე, მოღიმარი და მიზანმიუღწეველნი. მხოლოდ თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებული ჯანსაღი ენერგია, ჯანსაღი ფანტაზია, შემართება შეგვაძლებინებს, რომ გახდეს ჩვენი ქვეყანა ისეთი, რისი ღირსიც არის.