"ვიმეორებ, საფრთხე არის, რეალური" - კვირის პალიტრა

"ვიმეორებ, საფრთხე არის, რეალური"

"ქართულ მხარეს აშშ-ისთვის მომზადებული აქვს წინადადებების პაკეტი"

რაც დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება, რომ საქართველოსთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური ცხოვრება წელს უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. სხვა საქმეა, პოლიტიკური პერიპეტიები სიკეთეს მოგვიტანს თუ საფრთხეს შეგვიქმნის. ერთი მხრივ, მომავალი არჩევნები საქართველოში, მეორე მხრივ, რუსეთში დაძაბული პოსტსაარჩევნო ვითარება, სადაც პუტინი ცდილობს რუსების ეროვნულ სულისკვეთებაზე ითამაშოს, და მესამე მხრივ, ამერიკა-ირანის მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირება, სადაც, როგორც ჩანს, საქართველოს თავისი როლი ექნება შესასრულებელი - დიდი თუ პატარა, ალბათ, ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შემდგომ გაირკვევა.

საქართველოს ბედ-იღბალზე პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

- პუტინმა შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთ მოტივად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა დაასახელა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა რეალური იყოს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე, რაკიღა პუტინმა ასე პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი აგვისტოს ომის მიზეზებზე?

- სხვათა შორის, თუ გავიხსენებთ 2008 წლის ომის წინა პერიოდს, მაშინაც გაისმოდა დაახლოებით ამავე ტიპის განცხადებები. ლაპარაკი იყო, რომ საქართველოს ნატოში გაწევრებას რუსეთი არ დაუშვებდა და საამისოდ ყველა საშუალებას გამოიყენებდა. განცხადებებს საქმეც მოჰყვა, - კარგად გვახსოვს აფხაზეთში სარკინიგზო ბატალიონის შეყვანა, რკინიგზის რეაბილიტაცია და მოყვანა ადმინისტრაციულ საზღვრამდე; გვახსოვს საარტილერიო დანადგარების განთავსება კონფლიქტურ რაიონში, სოფელ მსხლებში ბაზის განთავსება.

მაშინაც იგივე ხდებოდა: მოქმედება პლუს განცხადებები, ახლაც დაახლოებით იგივე ვითარებაა. ჩემი აზრით, პუტინის განცხადება ობამასა და სააკაშვილის 30 იანვრის შეხვედრას უკავშირდება. ეს არის გაფრთხილება იმ მოვლენების წინ, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჩვენს რეგიონში.

ვგულისხმობ ირანისა და დასავლეთის, ასევე ირანისა და ისრაელის დაპირისპირებას. მე არ ვთვლი, რომ ეს არასერიოზული განცხადებაა. თავიდანვე მინდა ვთქვა, - ამერიკა-ირანის დაპირისპირებაში რუსეთი არ ჩაერთვება, თუნდაც იმიტომ, რომ თავისი გასჭირვებია, მაგრამ თუ დასავლეთმა პრობლემები შეუქმნა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ ირანს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორებს რეგიონში ასეთივე პრობლემები შეუქმნას.

- პუტინმა იმავე განცხადებაში თქვა, რომ რუსეთი მზად ყოფილა ქართველ საზოგადოებასთან ერთად გამონახოს გამოსავალი, თუკი თავად ქართველები მოისურვებენო, და შემდეგ ილაპარაკა ოპოზიციაზეც, რომელიც თურმე ჩადის მასთან და მონაწილეობს ძეგლების გახსნაში და ა.შ. მეორე მხრივ, ინტერნეტით გავრცელდა რუსული სარაკეტო ნაწილების წვრთნების ვიდეოფირი, სადაც საბრძოლო 3D რუკაზე თბილისის დეტალური გეგმაც არის დატანილი.

- საფრთხე ნამდვილად არის, იმიტომ, რომ ეს არის დიდი პოლიტიკის ნაწილი - ერთი მხრივ, გაფრთხილება, მეორე მხრივ, მოფერება. ამიტომაც არის დატანილი რუსეთის საბრძოლო რუკებზე ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი საქართველოს ქალაქები როგორც სამხედრო დარტყმის ობიექტები. მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ საზოგადოებასთან დალაპარაკების სურვილს გამოთქვამს. სხვათა შორის, სურვილი ნამდვილად აქვს, ოღონდ რუსული პოლიტიკა ყოველთვის გამოყოფს ქართველი საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის ნიშნები აქვს. თუმცა, მე ვერ ვიტყვი ხელაღებით, რომ იმ ძალებს, რომლებიც იქ ჩადიან, ყველას პრორუსული განწყობა აქვს. ზოგიერთი უბრალოდ პრაგმატულად იქცევა. ასე რომ, ეს ყველაფერი რუსული  პოლიტიკის ნაწილია. ასე იყო მუდამ.

რუსეთს ურთიერთობა აქვს მხოლოდ იმ ძალებთან, ვისაც მასთან უნდა და ვინც პრაგმატულად უდგება საკითხს, ან ვთქვათ, პატრიოტულად განწყობილია, მაგრამ თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობაც უნდა აღდგეს, თუმცა კი მათ ეჭვის თვალით უყურებს.

მაგრამ თაფლაკვერისა და მათრახის პრინციპი მსოფლიო პოლიტიკაში მიღებულია და ჯერ არავის გაუუქმებია. ასე იქცევა არა მარტო რუსეთი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც და ყველა მსხვილი მოთამაშე. რაც შეეხება საფრთხეს, ვიმეორებ, საფრთხე არის, რეალურია და მუდმივად იქნება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სანამ კიდევ არსებობს მეოთხე და მეშვიდე ბაზები სოხუმსა და ცხინვალში, ქართული სახელმწიფოებრიობა ყოველთვის საფრთხეში იქნება, რადგან ეს ძალები ორიენტირებული არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა გაძლიერდეს.

- 2008 წლის აგვისტოს წინ თქვენ იყავით პირველი, რომელმაც ჩვენი გაზეთის მეშვეობით რუსეთთან ომის საფრთხეზე ისაუბრეთ. მაშინ ამბობდნენ, რაღა უნდა ქნას მეტი რუსეთმა, გორსა და თბილისს ხომ არ აიღებსო. ძალიან მალე, აგვისტოში, რუსეთმა გორიც აიღო და თბილისსაც მოადგა. ახლაც იმავე რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ, რაღა უნდა ქნას მეტი რუსეთმა?

- სამწუხაროდ, რუსებმა მოახერხეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენი საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს, - აბსოლუტურად უკონტროლოდ დაეუფლნენ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, არამედ მთელ ქართულ სივრცეს. ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილს მაშინ ის უხაროდა, რომ ტანკებმა ორჭოსანთან გადაუხვიეს. რუსეთის ჯარები ქართულ სივრცეს დაეპატრონენ მარტივად, მეტიც, რაიონებში თავიანთი კომენდანტები, სხვათა შორის, ზოგან ქართული წარმოშობის რუსი ოფიცრებიც დანიშნეს. სათავისოდ საინტერესო გამოცდილება მიიღეს, ჩვენთვის კი - სამწუხარო. აქედან გამომდინარე, რუსულ სამხედრო ელიტაში გაჩნდა განწყობა, რომ ამის გამეორება შეიძLლება. თბილისი არ არის მთავარი ამოცანა, მთავარია საქართველოს ტერიტორია. მე, მაგალითად, მომავალი შესაძლო სამხედრო დაპირისპირების მიმართულებას ვხედავ არა თბილისის, არამედ ბორჯომ-ბაკურიანის ხეობის მიმართულებით, ანუ ჯავახეთისაკენ.

თუ რუსმა სამხედრო ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ ირანი მარცხდება, დიდი საფრთხე შეექმნება რუსეთის გავლენას სომხეთში და არ არის გამორიცხული, ამ დერეფნის გაჭრა მოინდომოს. ესე იგი, სამხრეთ ოსეთიდან ბორჯომისკენ, ანუ ჯავახეთისკენ, რათა გიუმრის სამხედრო ბაზის სამხედრო ტვირთებით მომარაგებას ხელი არ შეეშალოს.

დღეს გიუმრის ბაზა უაღრესად მობილიზებულია, გაყვანილია სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები, ყველა ზედმეტი ადამიანი, ვინც არ არის საჭირო, გამოცხადებულია საბრძოლო მზადყოფნა. ეს ნომერი მეორე მზადყოფნაა, მაგრამ ცხადია, რომ ნაწილი ამ სამხედრო მოსამსახურეებისა გადასულია სომხეთ-ირანის საზღვარზე.

- რაც შეეხება სააკაშვილი-ობამას შეხვედრას, სხვადასხვა ინტერპრეტაცია ვრცელდება. ერთი თვალსაზრისით, შეხვედრა ირანთან კონფლიქტს უკავშირდება, მეორენი კი თვლიან, რომ ობამა სააკაშვილს არჩევნების სამართლიანად ჩატარებასა და დემოკრატიის პრინციპების დაცვას მოსთხოვს.

- ჩემი ინფორმაციით, საქართველოს არ ექნება განსაკუთრებული როლი ამ დაპირისპირებაში. 30 იანვრის შეხვედრაზე რეგიონულ პრობლემატიკაზე, ირანთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მის მომავალ ვითარებაზე იქნება ლაპარაკი. მაგრამ საქართველო ამ კონფლიქტში დიდ როლს არ ითამაშებს, პირველ დარტყმებს ირანს მეხუთე ფლოტის ავიაცია მიაყენებს. გარდა ამისა, სპარსეთის ყურის ქვეყნებში არის სამხედრო ავიაბაზებიც და ამას რომ თავი დავანებოთ, არის სამხედრო ბაზა თურქეთის ტერიტორიაზე.

თურქეთი მოვლენების მიღმა არ დარჩება, იმიტომ, რომ მასაც აქვს თავისი ინტერესები ისლამურ სამყაროში, მას უნდა, წინა აზიაში დომინანტი გახდეს. აქედან გამომდინარე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ოპერაციაში რომელიმე ფორმით ჩართვა.

საქართველოში, როგორც ვფიქრობ, შეიძლება განთავსდეს ზურგის სამსახური, შეიძლება ეს ჰოსპიტალი და სამხედრო ტვირთების საწყობი იყოს, მაგრამ დაპირისპირების პირველ ეტაპზე სამხედრო დამრტყმელი ძალის აქ განლაგებას არ ველოდები.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება მოგვიანებით საქართველო ამისთვისაც დასჭირდეთ, თუმცა, ეს მაინც ძალიან დაბალი ალბათობით წარმომიდგენია. მაგრამ არის მეორე საკითხი, - შეხვედრაზე რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჩემი ინფორმაციით, დიდი თანხა დაიხარჯა ლობისტური სამსახურებისთვის, რომ შეხვედრა შემდგარიყო, მაგრამ მხოლოდ ლობისტებში დახარჯული ფულით ასეთი დიდი შეხვედრები არ იმართება ხოლმე. ვფიქრობ, ქართულ მხარეს აქვს მომზადებული წინადადებების პაკეტი, რომლის შინაარსიც ჩემთვის უცნობია და რომელშიც, სავარაუდოდ, შედის საკითხები, რომლებიც შეიძლება შედიოდეს ამერიკის ინტერესებში ირანთან მომავალი დაპირისპირების პირობებში. აქ არის ორი საკითხი: ერთი კარგი და ერთი ცუდი საქართველოს ხელისუფლებისთვის. კარგი შეიძლება იყოს იმ პაკეტის განხილვა, რომელსაც სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება, ცუდი კი უეჭველად იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვენ არჩევნების  ობიექტურად ჩატარებას და დემოკრატიზაციის პროცესისთვის რეალური ფორმის მიცემას და არა ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც ჩვენ ვართ. ეს დაადასტურა კიდეც თეთრი სახლის განცხადებამ.

- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო განცხადებით გააფრთხილა რეგიონის ქვეყნები, არ ჩაერთონ ირან-ამერიკის მოსალოდნელ კონფლიქტში.

- რასაკვირველია, ირანისთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონის ქვეყნების პასიურობა. კარგად იციან, რომ თურქეთი ვითარების გამოყენებას შეეცდება. რაც შეეხება საქართველოს, ირანს ეს კი არ აშინებს, არამედ აზერბაიჯანთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები. ირანისთვის აზერბაიჯანი არის დიდი გამაღიზიანებელი ფაქტორი ირანის ტერიტორიაზე უამრავი აზერბაიჯანელის განსახლების გამო და

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სამხრეთ აზერბაიჯანში ცხოვრობს ირანული ტომი თალიშები, რომლებიც პროირანულად არიან განწყობილი. ეს დაპირისპირება, ალბათ, ძალიან მძიმე შედეგს მოუტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონს და არასახარბიელო ვითარებას შექმნის გინდა ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური, გინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ეს იქნება მძიმე დარტყმა რეგიონისთვის და ამას აცნობიერებს ყველა. ამიტომ  არის, რომ ირანის ხელისუფლება ცდილობს, სამოკავშირეო მდგომარეობა გაიმყაროს პარტნიორებთან და თავიდან აიცილოს რეგიონული დაპირისპირება.  ამ მხრივ არის საინტერესო ჩემთვის ეს განცხადება, მაგრამ ირანში იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს განცხადება თურქეთის პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს.

- აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შიშობს, რომ სირიიდან აფხაზური დიასპორის წარმომადგენელთა აფხაზეთში ჩასახლებას ქართული მხარე ხელს შეუშლის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ განუცხადა. მისი თქმით, "დე ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ ყოფილი თანამემამულეები სირიაში შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი. "ამჟამად ჩვენი წარმომადგენლების ჯგუფი სირიაშია და დაველოდებით, რა შედეგი ექნება ამ ჯგუფის მუშაობას. თუ ვინმე აფხაზეთში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, ვიზრუნებთ ამაზე, თუ, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ყველაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესს ხელი შეუშალოს. გულწრფელად რომ ითქვას, ამას ველოდებით, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობაში პირველ პლანზე მხოლოდ პოლიტიკაა", - განაცხადა ლაკერბაიამ. რეალურია თუ არა სირიიდან აფხაზი ეროვნების ჯგუფების ჩამოსახლება, ვის ინტერესებში შედის ეს და აქვს თუ არა ამას კავშირი პოლიტიკასთან?

- პოლიტიკა აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს და ლაკერბაიას განცხადება საეჭვოდ მეჩვენება, რადგან სოხუმელებს, აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებს, გულზე ნამდვილად არ ეხატებათ სირიიდან რეპატრიანტების მასობრივად ჩამოსახლება. ეს არის რუსული პოლიტიკის ნაწილი. კარგად გვახსოვს, როდესაც ბაღაფშმა ხუთჯერ მოინდომა თურქეთიდან მუჰაჯირების ჩამოსახლება, ბოლოსღა მიიღო რუსეთის ნებართვა და თურქეთში ამ მიზნით არაოფიციალურადაც ჩავიდა. იქ ბაღაფში მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა. სხვათა შორის, სოხუმში ამბობენ, რომ სწორედ ამ შეხვედრების შედეგებს შეეწირა ბაღაფში, ვინაიდან მუჰაჯირების შთამომავლებმა ძალიან მკაფიოდ დაუსვეს საკითხი რუსეთისგან დისტანცირების შესახებ.

თურქეთში მცხოვრები აფხაზების მიდგომა ერთია აფხაზეთის ხვალინდელი დღისადმი და სირიაში მცხოვრები აფხაზებისა კი - მეორე. იმისთვის, რომ გავერკვეთ ამ საკითხში, უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა სირიაში.

სირიას მართავს ალავიტების მცირერიცხოვანი რელიგიური მიმართულება. მათ დასაყრდენი უფრო მრავალრიცხოვან სუნიტურ მოსახლეობაში არა აქვთ, ამიტომ არის, რომ სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად ალავიტურია. გარდა ალავიტებისა, ასადის ხელისუფლება სირიის მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს შეიძლებოდა დაყრდნობოდა, რომელიც არ არის ეროვნებით სირიელი, ასეთები კი სწორედ აფხაზი მუჰაჯირები იყვნენ.

სირიაში განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა ტარტუსი. მისი მოსამსახურეების დიდ ნაწილს სწორედ ადგილობრივი აფხაზები შეადგენენ. ესე იგი, ვიცით, რომ სირიასა და რუსეთს შორის არის ტრადიციული სატელიტური ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში რუსეთის ძირითად დასაყრდენ ძალას სწორედ სირიელი აფხაზები შეადგენენ.

ასადის ხელისუფლებაც უკვე ათწლეულებია რუსეთის კლასიკური სატელიტია. ამდენად, რუსეთისთვის სირიელ აფხაზებთან ურთიერთობა აპრობირებულია და თუ მათ აფხაზეთში გადმოასახლებენ, რუსეთს ბევრად საიმედო დასაყრდენი გაუჩნდება, ვიდრე პატრიოტულად განწყობილი ადგილობრივი აფხაზები არიან. ეს რუსული პოლიტიკის ნაბიჯია, ის არ ენდობა დღევანდელ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებს და დაახლოებით 2000 ოჯახის ჩამოყვანა უნდა სირიიდან. აფხაზებმა ძალიან კარგად იციან ეს.  თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, ახლა კი ცდილობენ, ვითარებას მოერგონ. რუსეთი სარგებლობს იმით, რომ აფხაზებს თავიანთი მუჰაჯირების დაბრუნება უნდათ, მაგრამ საკუთარ კონტინგენტს სთავაზობს, აფხაზებს კი სინამდვილეში არა სირიელი, არამედ თურქეთის მუჰაჯირების დაბრუნება უფრო უნდათ, რადგან ისინი პატრიოტულად არიან განწყობილი. აფხაზები საჯაროდ ვერ იტყვიან,  თურქეთის აფხაზები გვირჩევნია სირიის აფხაზებსო და ორ ცეცხლშუა არიან, ვერც თანხმობას ამბობენ და ვერც უარს. ლაკერბაიას განცხადება ერთგვარად ფარ-ხმლის დაყრას ნიშნავს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს პროცესი ისე მარტივად წარიმართოს, როგორც რუსებს წარმოუდგენიათ.