"ირანთან საომრად დღეს ფული არავის აქვს" - კვირის პალიტრა

"ირანთან საომრად დღეს ფული არავის აქვს"

"ომი ხელს არ აძლევს არც თეირანს, არც აშშ-ს, არც ევროპის ქვეყნებს"

"ოპოზიციამ უფრო ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი საარჩევნო კამპანია"

საქართველო კვლავაც დაძაბულობის არეალშია როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე, საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. თუმცა, საზოგადოება იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც ირანისა და ევროამერიკულ დაპირისპირებაში, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში მხარეებს ეყოფათ სიბრძნეც, მოთმინებაც და გონიერება არ უღალატებთ. პრინციპში, საქართველოს შემთხვევაში ეს მხოლოდ სააკაშვილსა და მის გუნდზე ითქმის, თორემ ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ მოვლენათა მშვიდობიანი განვითარების მომხრეა.…

საქართველოს საშინაო თუ საგარეო პერიპეტიების შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრებით:

- "კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად გაძლევთ წინადადებას, მოძრაობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე იურიდიული პირის - შპს "ელიტა ბურჯის" მიერ ჩარიცხული თანხა 1.100.000 ლარი (მილიონ ასი ათასი) გადარიცხოთ უკან შპს "ელიტა ბურჯის" ანგარიშზე", - ნათქვამია ნათია მოგელაძის განცხადებაში. ამავე დროს ახალი კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", რასაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილი ეფუძნება, დემოკრატიისთვის უაღრესად სახიფათოდ მიაჩნია კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს: "კანონში ცვლილებებით მივიღეთ საყოველთაოდ აღიარებული და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დარღვევათა მთელი პაკეტი. ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მთელ რიგ მუხლებს, მათ შორის, ისეთ ფუნდამენტურს, როგორიცაა საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება. ეს არის ის ფუძემდებლური ნორმები, რომელთა დაცვის და უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ლაპარაკი ქვეყანაში დემოკრატიულ წყობილებაზე". როგორ ფიქრობთ, რამდენად სახიფათოა დემოკრატიისთვის ასეთი კანონი?

- საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს აშკარად აქვს განცდა, რომ ხელისუფლება ივანიშვილს უსამართლოდ ექცევა: ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვეს, მერე მიიღეს კანონები, რომელთა სამიზნე აშკარად ივანიშვილია. ამ პრეტენზიების გასაბათილებლად ხელისუფლებას თავისი არგუმენტები აქვს. მაგრამ ჩნდება კითხვა: ივანიშვილს რომ "ნაციონალური მოძრაობის" სიით ეყარა კენჭი, მაინც ჩამოართმევდნენ მოქალაქეობას ან შეუზღუდავდნენ ფინანსურ საქმიანობას? ვფიქრობ, არა. შერჩევითი სამართალი უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე. არ მინდა, ამან არჩევნების ლეგიტიმურობაც დააკნინოს, რადგან ვიყავი და ვარ ერთადერთი სწორი გზის - მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის მომხრე.

- "ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ. ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია ის. მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელთანაც არ მინდა საქმის დაჭერა. ალბათ, თავადაც ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. მე მას არ შევხვდები და ხელს არ გავუწვდი", - ბრძანა დმიტრი მედვედევმა. რუსულ-ქართული ურთიერთობისთვის მართლაც ერთი კაცია პრობლემა?

- ამის თაობაზე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი და მოკლედ კვლავ მოგახსენებთ. თუ ბატონი მედვედევი მართლაც გულწრფელად ცდილობს, რომ აღადგინოს საქართველოსთან დიალოგი, ვფიქრობ, ქართულმა მხარემ ასეთ ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, შეგახსენებთ, თავის დროზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ეს ოფიციალური თბილისის ინიციატივა იყო. რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ე. წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით გათვალისწინებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამგვარად, დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად დღეს პირობები არ არსებობს. მაგრამ, თუკი დაიწყება დიალოგი და ეს შედეგს გამოიღებს, მართლაც შეიძლება დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის  საკითხი. მაგრამ ეს უნდა იყოს არა პროცესის დასაწყისში, არამედ ბოლოს, როგორც შედეგის ლოგიკური ნაწილი. სადღეისოდ, ვფიქრობ, შეცდომა იქნება სხვაგვარად საკითხის დაყენება.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სააკაშვილის მიმართ პიროვნულ აგრესიაზე, პოლიტიკოსებს შორის შეიძლება იყოს პირადი შეუთავსებლობა, მაგრამ თუკი მათ სახელმწიფოებს შორის კარგი ურთიერთობაა, მაშინ პირადი პრეტენზიები უკანა პლანზე გადადის. მაგალითად, ცნობილია, რომ ჩერჩილი და დე გოლი ერთმანეთს არ წყალობდნენ. მაგრამ, რადგან საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები ჰქონდათ, ამ დიდ პოლიტიკოსთა პირადი ანტიპათიები ფართო საზოგადოებისთვის არც კი იყო ცნობილი.

პუტინსა თუ მედვედევსა და სააკაშვილს შორის პირადი შეუთავსებლობის მიზეზი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული წინააღმდეგობებია. ამ პიროვნებათა პირადი თვისებები, ფიზიკური მონაცემები თუ გემოვნება კონფლიქტის მხოლოდ მეორეხარისხოვანი მხარეა.

რუსეთისთვის მიუღებელია საქართველოს დასავლური ორიენტაცია. ამიტომ არ უყვარდათ გამსახურდია, მერე შევარდნაძე და ახლა სააკაშვილი.

ამგვარად, რუს და ქართველ პოლიტიკოსთა შორის პირადი ურთიერთობის მოგვარების უებარი წამალი სახელმწიფოთაშორისი პრობლემების დარეგულირებაა. მაგრამ როგორ და რის საფასურად? როგორც შექსპირი იტყოდა, საკითხავი აი, ეს არის!

- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარება აუტანელია", - განუცხადა რუსულ გამოცემა ""ნეზავისიმაია გაზეტას"" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეულმა თავმჯდომარე ჟან-კლოდ მინიონმა, რომელმაც თავის დროზე ხმა მისცა ევროსაბჭოში რუსეთის მიღებას: "წევრობა საკმარისი არ არის, ნაკისრი ვალდებულებებიც უნდა შეასრულო. რუსეთს უამრავი პრობლემა აქვს. მაგალითად, პრობლემა საქართველოსთან. ხომ იყო შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მედვედევმა და სარკოზიმ მოაწერეს და ეს შეთანხმებები უნდა დაიცვან. ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი და უნდა ვაღიარო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარება აუტანელია", - განაცხადა ასამბლეის თავმჯდომარემ. საინტერესოა, რომ სტრასბურგში "ინტერპრესნიუსის" სპეციალური კორესპონდენტის კითხვაზე, რამდენად ეთანხმება ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, სლუცკიმ უპასუხა, ვაღიარებ, რომ სააკაშვილი გენიალური პიარისტია და ცდილობს, რუსეთი აგრესორად წარმოაჩინოსო".

- ერთ განცხადებასაც უნდა დავეთანხმო და მეორესაც. ის, რაც თქვა მინიონმა, ნამდვილად ასეა. ვითარება რეგიონში საერთაშორისო ნორმებს სცილდება, ყოველ შემთხვევაში, ევროპის სტანდარტებით. საქართველო კი ევროპის ნაწილია. რა თქმა უნდა, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და დასაფასებელია, ძალიან სათუთად მოსავლელი და გასაფრთხილებელი. რაც შეეხება ბატონ სლუცკის განცხადებას, მე დავეთანხმები, რომ ბატონ სააკაშვილს პიარი მართლაც ეხერხება, ეს მისი სტიქიაა. ის, რომ რუსეთი აგრესორად გამოიკვეთა 2008 წლის შემდეგ და მას ბევრმა ქვეყანამ და მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ოკუპანტის იარლიყი მიაწებეს, უპირველეს ყოვლისა, თვით რუსეთის დამსახურებაა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოს საკითხზე აქვს. ვფიქრობ, ასეთ დასკვნამდე არა მარტო ჩვენ მივდივართ, არამედ რუსი საზოგადოების ერთი ნაწილიც, რომელიც სულ უფრო კრიტიკულია საკუთარი ხელისუფლების მიმართ.

- კვირის დამდეგს მიხეილ სააკაშვილი და ბარაქ ობამა შეხვდებიან ერთმანეთს. თემებისა და შედეგების ვერსიები მრავალფეროვანია, დაწყებული საპარლამენტო არჩევნებითა და ირანთან შესაძლო საომარი ვითარებით დამთავრებული.

- ის თემები, რაზეც იქნება საუბარი, პრინციპში უკვე ჩამოყალიბებულია და ამის თაობაზე ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმაც გააკეთეს განცხადებები. ამის შესახებ აზრი გამოთქვა ისეთმა ცნობილმა, გამოცდილმა და საკმაოდ ავტორიტეტულმა პირმაც, როგორიც, ვთქვათ, ბატონი იალოვიცია, რომელმაც კარგად იცის ჩვენი რეგიონისა და ურთიერთობების სპეციფიკა. შეხვედრის თემებია უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა, ნატოს მომავალი სამიტი. უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული ვითარება რეგიონში და ასევე ირანის საკითხი. ჩვენთვის ასევე აქტუალურია დემოკრატიული პროცესები, რაც უპირველესად მომავალ არჩევნებს უკავშირდება. ჩემი აზრით, ვაშინგტონში ნათლად გამოიკვეთება, რომ სააკაშვილი პუტინის შეცდომების გამეორებას არ აპირებს. ამიტომ, ვფიქრობ, ოპოზიციამაც უფრო ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი საარჩევნო კამპანია და არ იყოს დაფუძნებული მხოლოდ  ლოზუნგზე ,,მიშა, წადი!".

- ირან-აშშ-ის შორის დაძაბულობის გამო საზოგადოებაში ჯერ კიდევ მძლავრია განცდა მოსალოდნელი ომის საფრთხისა. მეორე მხრივ, აჰმადინეჟადის ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ ომის დაწყება მაინცდამაინც არც მას უნდა, ისევე, როგორც არ სურს დასავლეთს.

- ირანის საკითხი მხოლოდ ბირთვულ პროგრამასთან არ არის დაკავშირებული. ეს უფრო ფართო რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში განიხილება. საქმე ის არის, რომ ერაყში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ითვლება, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ქვეყანაში ირანის გავლენა გაძლიერდა, რადგან შიიტი ელიტის პოზიცია გაცილებით გამყარებულია, ვიდრე ადრე იყო. იგივე შეიძლება ითქვას სირიაზეც, რადგან სირია ირანის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა. ასე რომ, ეს ყველაფერი მხოლოდ ბირთვული იარაღის გამო არ ხდება. ის ძირეული ცვლილებები, რომლებიც შარშან მოხდა არაბულ სამყაროში, რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების განვითარებაზე უდიდეს გავლენას  ახდენს. აი, ამ ფართო კონტექსტში იკითხება დასავლეთისა და ირანის წინააღმდეგობები და მათ შორის - ბირთვული იარაღის საკითხიც. თუკი უახლოეს მომავალში ირანს ბირთვული იარაღი გაუჩნდება, დასავლეთის (და, რა თქმა უნდა, ისრაელისაც) აზრით, ირანი უფრო გაიძლიერებს პოზიციას რეგიონსა და მსოფლიოში. რაც შეეხება ომის საფრთხეს, მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ახლა ვითარება უფრო ფსიქოლოგიური ომის, ნერვების გამოცდის სტადიაზეა და არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. ომი ხელს არ აძლევს არც თეირანს, არც აშშ-ს, არც ევროპის ქვეყნებს. რაღა თქმა უნდა, ეს საქართველოსაც არ სჭირდება. ირანთან საომრად დღეს ფული არავის აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, ვფიქრობ, დაძაბულობას კვლავ კომპრომისის ძიება შეცვლის. მართალია, სამხედრო კონფლიქტის გაჩაღება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაინც მგონია, რომ ომის ალბათობა მცირეა. ომი კატასტროფა იქნება არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ მსოფლიოსათვის.