საქართველო როგორც ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშე?! - კვირის პალიტრა

საქართველო როგორც ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშე?!

"სააკაშვილისგან რუსეთთან მიმართებაში მცირედ არაკონფრონტაციული მესიჯი მაინც გამოვიდა"

"პუტინს ხელისუფლებაში დარჩენის ძალიან დიდი შანსი აქვს"

ალბათ, გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ვაშინგტონში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრა უნდა ჩაითვალოს. სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შესახებ ქართულ და უცხოურ მედიაშიც ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა, განსხვავებული სტილითა და ჟანრში. ქართული შეფასებები, ტრადიციულად, დიამეტრულად განსხვავებული იყო, - თუ პროსახელისუფლებო მოსაზრებებს დავუჯერებთ, ობამას ერთადერთი მიზანი საქართველოს უპირობო მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის შეჩერება გახლდათ, შეხვედრას კი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში არნახული გარღვევები მოჰყვა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაში. აკი განაცხადა კიდეც მიხეილ სააკაშვილმა, ამდენი კონკრეტული შედეგით თეთრი სახლიდან არასოდეს გამოვსულვარო. სამაგიეროდ, ქართულმა ოპოზიციამ არ დაიზარა და ეს ტიტანური მიღწევები წყალში ჩაყარა. ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ოფიციალურ ვაშინგტონს თავდაცვის სფეროზე ხმაც არ ამოუღია.

მიუხედავად ამისა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და რუსულ პრესაში რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის განცხადება გავრცელდა, - თუ ამერიკა საქართველოს რაიმე ტიპის შეიარაღებას მიაწვდის, ამიერკავკასიის რეგიონში უთუოდ დესტაბილიზაცია დაიწყებაო. გაცილებით გაწონასწორებული იყო უცხოური მედია, რომელიც ხშირად პირდაპირი შეფასებებისგან თავს იკავებს და ფაქტების კონსტატაციას სჯერდება. თუმცა, სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მიმომხილველმა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მხარდაჭერაზე და როგორც რუსულ-ამერიკული, ისე ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ ეტაპზე ისაუბრა. ასეა თუ ისე, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ვიზიტისთვის საფუძვლიანად იყო მომზადებული და ეს არა მხოლოდ თეთრ სახლში გამართულ უმაღლესი დონის მიღებაზე ითქმის: მსოფლიო ბანკის ოფისსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებზე, ასევე სხვადასხვა პოლიტოლოგიურ ინსტიტუტში პროგრამით გათვალისწინებული გამოსვლებისას, ამერიკული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში საქართველოს პრეზიდენტს თავი და ფანტაზია არ დაუზოგავს და ეშხში შესულმა მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოში მილიონი რუსი ტურისტის ჩამოსვლაც კი დააანონსა, რაზეც, უცნობია, ზრდილობისა თუ არაინფორმირებულობის გამო, ამერიკულ აუდიტორიას წარბიც კი არ შეუხრია.

ცხადია, საქართველოში მსჯელობის საგანი გახდა ობამას განცხადებაც "ხელისუფლების ფორმალურად გადაცემის" თაობაზე. ჩვენ ხომ ყველაფრის ჰიპერბოლიზაცია გვიყვარს, არადა, ალბათ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ის თქვა, რისი თქმაც უნდოდა, - იმედია, ქართველები ამჯერად მაინც არ ირბენთ ავტომატებითა და ვარდებით, სასურველ ხელისუფლებას კანონიერი და სამართლიანი არჩევნებით აირჩევთო.

რუსეთში განვითარებული მოვლენები კი უფრო და უფრო ემსგავსება საქართველოს უახლოეს ისტორიას: მოსკოვში მიტინგები უკვე პარალელურ რეჟიმში იმართება, - აქეთ პუტინის მხარდამჭერები იკრიბებიან, იქით - ოპოზიციისა. ცხადია, პუტინის მხარდამჭერებს ავტობუსებისა და ადმინისტრაციული რესურსის სახით "მცირე" სტიმული აქვთ.…

დაწვრილებით ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:

- ობამა-სააკაშვილის შეხვედრა საქართველოში კარდინალურად განსხვავებულად შეფასდა: ხელისუფლება არნახულ წარმატებებზე ლაპარაკობს, ოპოზიცია კი გაფრთხილებაზე, რომელიც სააკაშვილმა ამერიკელი "უფროსი" კოლეგისგან არჩევნების საკითხზე მიიღო. აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა თავად შეხვედრის ორგანიზებაზეც, - ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერად და რუსეთის გაფრთხილებად იქნა განმარტებული, მეორე მხრივ კი ითქვა, რომ სააკაშვილის ოვალურ კაბინეტში მოხვედრა საქართველოს ხელისუფლებისა და ლობისტური კომპანიების დიდი ძალისხმევის შედეგია.

- ყველაფერთან ერთად, ვფიქრობ, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგიც. მეორე მხრივ, რაც ითქვა შეხვედრამდე და რაც შეხვედრის შემდგომ თქვა ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ორივე ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეხებოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მომავალ როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებსაც.

- პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტს მშვიდობის ინსტიტუტშიც შეხვდნენ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დასმულ შეკითხვაზე საქართველოს პრეზიდენტმა საპასუხოდ ბრძანა, "ჩვენ გვინდა რუსეთთან თანამშრომლობა და თუ ნორმალურები და მოდერნიზებულები გახდებიან, კარგი იქნებაო". სააკაშვილმა ტურიზმზეც ილაპარაკა და განაცხადა, წელს რამდენიმე ასეულ ათას რუს ტურისტს ველოდებით, შეიძლება ეს ციფრი მილიონიც კი გახდესო. ერთია, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამ, მაგრამ მილიონი რუსი ტურისტის ხსენებამ ამ მზადყოფნას სერიოზულობა ხომ არ დაუკარგა? თუ ამერიკული აუდიტორია ნაკლებად იცნობს ქართულ რეალობას და ამდენად, ეს უტოპიური პიარგანცხადებაც მიზანს მიაღწევდა?

- ვფიქრობ, არა აქვთ ან საიდან უნდა ჰქონდეთ ეს ინფორმაცია. Mმაგრამ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა ციფრი დასახელდა ამ შეხვედრაზე. მნიშვნელოვანი ის არის, რომ სააკაშვილისგან მცირედ არაკონფრონტაციული მესიჯი მაინც გამოვიდა, განპირობებული იმით, რომ არ არის მიზანშეწონილი მწვავე დაპირისპირება რუსეთთან. სწორედ ამის გამოძახილი იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაც, თორემ რამდენი რუსი ტურისტი ჩამოვა საქართველოში - ხუთასი, რვაასი თუ მილიონი, არა მგონია, ამერიკულ აუდიტორიას დიდად ადარდებდეს.

- როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვრცლად განიხილეს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. პრეზიდენტის პრესსპიკერის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. მეორე მხრივ, ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებით, ოფიციალურ ვაშინგტონს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე კრინტიც არ დაუძრავს. არადა, ამერიკა-საქართველოს პრეზიდენტთა შეხვედრიდან მცირე ხნის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას შეხვდა. ამასთან, გავრცელდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაც, რომ რუსეთი საქართველოსთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. "ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ სააკაშვილის რეჟიმისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისა. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - განაცხადა ანტონოვმა. ამ ვითარებაში, როდესაც ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი რუსეთთან კონფრონტაციის წინააღმდეგია, რეალურია თუ არა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს?

- ერთმნიშვნელოვანი პასუხი ძალიან ძნელია, რადგან ეს საკითხი ბევრ ასპექტს მოიცავს. ბუნებრივია, რუსეთთან კონფრონტაცია ამერიკის მაღალი პოლიტიკური წრეებისთვის მიუღებელია. შესაძლებელია, საუბარი იყო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების  მცირე ღონისძიებებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ფაქტორის განხილვა როგორც რეგიონში ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშისა, ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, შესაძლებელია, სხვაგვარადაც არის საქმე, მაგრამ რაღაც ძალზე რთული და ახალი გეოპოლიტიკური კონსტრუქცია გამოდის, თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ საქართველომ რეგიონში ამ თვალსაზრისით ახალი ფუნქცია იკისროს.

მე არა ვარ ამ საქმეში კარგად ჩახედული, ეს ჩემი ცოდნის სფერო არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის ახალი ფუნქციის მინიჭება, განსაკუთრებით კი ამ კონტექსტში, არარეალურ კომბინაციას გვაძლევს.

- როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ოშკისა და იშხნის მონასტრების რესტავრაციის სანაცვლოდ აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას დათანხმდა. საზოგადოებაში ჯერ კიდევ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე იყო კამათი, ერთი მხრივ, რელიგიური ექსპანსიის საფრთხეზე და მეორე მხრივ, საფრთხეზე, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ქართული კულტურის ძეგლებს ემუქრება.

- ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს არის ორი სხვადასხვა განზომილების, სხვადასხვა სიბრტყის მოვლენები. ეს დაახლოებით ასეთ ლოგიკას მაგონებს: რა უფრო მარცხნივ არის, წითელი ვაშლი თუ გემრიელი მსხალი? ისლამი და მისი ექსპანსიის თემა სხვა საკითხია. პატარა ქვეყნის სასაზღვრო რეგიონების მდგომარეობა, რელიგიური, კულტურული, ეროვნული და ეკონომიკური ექსპანსიის თემები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და სხვა კონტექსტში განიხილება. მეორე მხრივ, სხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამიტომაც მათი შედარება ან, გნებავთ, გათანაბრება, თავიდანვე მცდარი იყო. ერთია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და მეორე - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. არადა, ისე მოხდა, რომ ეს ორი თემა ერთმანეთს დაუკავშირდა, მაგრამ მათი ერთ კონტექსტში გააზრება მაინც უსამართლობად მიმაჩნია.

- რუსეთში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება: მოსკოვში ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების საწინააღმდეგო და მხარდამჭერი მიტინგები ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გამართულ ანტისამთავრობო მიტინგზე დაახლოებით 35000 კაცი შეიკრიბა, "პოკლონნაია გორაზე" კი პუტინის მხარდამჭერებმა მოიყარეს თავი. თუმცა, ოპოზიციის მიტინგზე გამომსვლელთა განცხადებით, იქ ხალხი იძულებითა და მოსყიდვით მიიყვანეს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მოახდენს თუ არა ეს გავლენას საქართველოზე?

- ბუნებრივია, ჩვენთვის საყურადღებოა, რაც რუსეთში ხდება, მაგრამ არა დღევანდელი პოლიტიკის კონტექსტში. არა მგონია, ქართულ პოლიტიკაზე რუსული პოლიტიკა გავლენას ახდენდეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების განვითარება რუსეთში, მაგრამ რეალობა ის არის, რომ პუტინს ხელისუფლებაში დარჩენის ძალიან დიდი შანსი აქვს. ვფიქრობ, ჩვენც ეს უნდა გავითვალისწინოთ.