"ვერშბოუს ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა" - კვირის პალიტრა

"ვერშბოუს ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა"

"თუ ევროპამ ერთხელ აპატია რუსეთს აგრესიული გამოხდომა, მეორედ ეს აღარ მოხდება"...

ვეჭვობ, სარკოზის, გორდონის ან მერკელის ინტერვიუების მუდმივად თანმხლები შეკითხვა მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხებოდეს...

გასულ კვირას, ტელევიზიით გადაცემულმა ერთმა რეპორტაჟმა სერიოზულად შემაშფოთა - მალდივის კუნძულების პრეზიდენტს მთავრობის სხდომა... წყალქვეშ ჩაუტარებია. საქართველოს მოქალაქეს მთავრობის არაორდინარული სხდომით თუ გამაოცებდა ვინმე, ნამდვილად არ მეგონა - გემზეც გამიგია, მინდორშიც, მშენებლობაზეც, მაგრამ წყალქვეშ და ჟანგბადის ბალონებით?! ხომ შეიძლება, ჩვენს პრეზიდენტსაც ენახა ეს რეპორტაჟი? - თუ ნახა, დარწმუნებული ვარ, მთელ მთავრობას თბილისის ზღვაში უკრავს თავს და შესაძლოა, მოვლენები "ჰიჩკოკისებურადაც" განვითარდეს - მოხსნილ მინისტრს წყალი ამოატივტივებს ხოლმე...

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი "საერთაშორისო" ინტერვიუ ჰქონდა, ამჯერად სი-ენ-ენთან. სააკაშვილი ისევე როგორც ბი-ბი-სიზე, ამ შემთხვევაშიც ირწმუნებოდა, საქართველო ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ჩვენთან დემოკრატია ყვავისო. ფიცი გვწამს, მაგრამ "ბოლოს" რა ვუყოთ? ჯერ ერთი, თუ საქართველოს პრეზიდენტთან სატელევიზიო ინტერვიუები საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ერთნაირი შინაარსითა და პათოსით იწერება, სი-ენ-ენსა და ბი-ბი-სიზე გასული რეპორტაჟები ამხელა აჟიოტაჟს არ უნდა იწვევდეს.

არადა, იწვევს... და მეორეც - პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია, საქართველოს პრეზიდენტს უცხოელი ჟურნალისტები ისეთივე "ტონალობაში" რომ ელაპარაკებიან, როგორც მუამარ კადაფის ან სხვა მსგავს ოდიოზურ დიქტატორს დაელაპარაკებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ვეჭვობ, სარკოზის, გორდონის ან მერკელის ინტერვიუების მუდმივად თანმხლები შეკითხვა მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხებოდეს... გასულ კვირაშივე გავრცელდა ინფორმაცია რუსულ-ფრანგული სამხედრო-სამრეწველო შეთანხმების შესახებ. რუსეთი საწყის ეტაპზე ერთ შვეულმფრენმზიდ ხომალდს მიიღებს, შემდეგ კი საფრანგეთისგან ლიცენზიის შეძენითაც არის დაინტერესებული. გასაგებია, რომ ტალიავინის კომისიამ მაქსიმალურად დიპლომატიური დასკვნა დადო, რადგან ტრიბუნალის ფუნქცია მას არ ჰქონდა. ამავე დროს, იმავე დასკვნაში რუსეთი საერთაშორისო სამართლის რამდენიმეგზის უხეშ დარღვევაშია მხილებული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ლამის თბილისამდე ჩამოსული რუსული ტანკები ქართველებზე ნაკლებად, წესით, არც ფრანგებს უნდა ახსოვდეთ, რაკი აქტიურად მონაწილეობდნენ სამშვიდობო პროცესებში. ყველაფერ ამის შემდეგაც, ევროპელები ერთმანეთს რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვაში შეეჯიბრებიან, გამოვა, რომ  საერთაშორისო სამართალი მხოლოდ დიდი ქვეყნებისთვის იწერება - პატარა ქვეყნებს "დიდები" სამართალს თავისი შეხედულებისამებრ "გაუჩენენ"...

საქართველოსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე უფრო ვრცლად სოსო ცინცაძეს ვესუბრებით:

- რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებით, კრემლი მზად არის, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს. როგორც ჩანს, მოსკოვი აღარაფერს ერიდება და ოკუპირებული ტერიტორიების პირდაპირ მიერთებას აპირებს?

- ცხადია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება სწორედ ტერიტორიის შეერთების დასაწყისია არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ აფხაზეთის შემთხვევაშიც. რუსებმა აფხაზეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მოინდომეს, რასაც თავად აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის ოფიციალური პირებიც კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ცხინვალსა და სოხუმს შორის ამ მხრივ დიდი განსხვავებაა. ცხადია, რუსეთიდან ცხინვალში არავინ გადასახლდება მუდმივად საცხოვრებლად. აი, ცხინვალელები კი მასობრივად დაიწყებენ რუსეთში გადასვლას და რუსეთს ეს ხელს აძლევს, - გაცილებით ნაკლები ხალხი ეყოლება ცხინვალში სარჩენი, თანაც ამ ტერიტორიას სამხედროებსა და მის პერსონალს მაქსიმალურად აათვისებინებს. სოხუმთან კი საქმე სხვაგვარადაა - იქაური კლიმატის გამო ყველა რუსი ბომჟი და დაბალი ფენის წარმომადგენელი აფხაზეთში ცხოვრებას მოინდომებს. აფხაზები აცნობიერებენ, რომ მათთვის ასეთი რამ დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასი იქნება - თავად განსაჯეთ, ციმბირიდან ჩამოსული კაცი რომ აღმოაჩენს, აფხაზეთში წელიწადის რვა თვე ზღვაში ბანაობა შეიძლებაო და კივისა თუ ფორთოხლის ხეებს ნახავს, სადმე წამსვლელია? ისიც არის, რომ აფხაზებს არავინ არაფერს ჰკითხავს, როგორც რუსები გადაწყვეტენ, ისე იქნება ყველაფერი...

- სხვათა შორის, ბოლო დროს სახიფათო ტენდენცია ყალიბდება. თუკი აქამდე ადგილობრივ ქართველობას აფხაზი ბოევიკები ავიწროებდნენ, გასულ კვირას ზედიზედ ორ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა დარბევა-დაწიოკებასა თუ მძევლად აყვანაში რუსი ჯარისკაცები იყვნენ ჩართული... რამდენად ჯდება ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში? თუ რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობას გავითვალისწინებთ, ხომ არ ხდება სამართლის გაცვლა სარფიან გარიგებაზე?

- საერთაშორისო სამართალს რაც შეეხება, ჟენევის კონვენციის ორი მუხლი, იმავე ტალიავინის დასკვნის მთელი ქვეთავი სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. ოკუპანტსა და ოკუპაციაზე აღარ ვლაპარაკობ, უბრალოდ, ჯარის ყოფნის შემთხვევაშიც, არა მხოლოდ მორალური და ზნეობრივი, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწორედ ამ ჯარს ეკისრება. ჩვენს ოფიციალურ სტრუქტურებს - იუსტიციის სამინისტროს, საპარლამენტო კომისიას დიდი მუშაობა მართებთ, რომ იმავე ტალიავინის დასკვნაში მოყვანილ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით და იმის გამოც, რაც აფხაზეთში ხდება, საქართველომ საერთაშორისო სარჩელი შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი სასამართლო რამდენიმეა, ჰააგაშიც და სტრასბურგშიც. რაც მთავარია, არის ასეთი პრეცედენტებიც: ორიოდე წლის წინ კვიპროსელმა ბერძენმა ქალმა, კვიპროსის ოკუპაციისას მისთვის მიყენებული ზარალის გამო, უჩივლა თურქეთის სახელმწიფოს. სტრასბურგმა ეს ზარალი რვაასი ათას ევროდ შეაფასა და მისი გადახდა თურქეთის მხარეს დააკისრა, რადგან კვიპროსის ოკუპირებულ ზონაში თურქეთის არმია დგას... რაც შეეხება საფრანგეთისა და რუსეთის თანამშრომლობას, თქვენ ალბათ ფრანგების მიერ შვეულმფრენმზიდი გემის გაყიდვას გულისხმობდით. ამ თემაზე, რამდენადაც ვიცი, ჯერ მხოლოდ ზეპირი შეთანხმება შედგა, მხარეებს ხელი არაფერზე მოუწერიათ. ასეა თუ ისე, ცხადია, რომ ისევ საქართველომ უნდა იაქტიუროს, თორემ ჩვენ გამო ზედმეტად არავინ გაირჯება - ყველას თავისი ინტერესი და საზრუნავი აქვს... მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ევროპამ ერთხელ აპატია რუსეთს აგრესიული გამოხდომა, მეორედ ეს აღარ მოხდება...

- მოსკოვში მყოფმა ჰილარი კლინტონმა ერთი მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობასა და მეგობრობაზე მზადყოფნა განაცხადა, მეორე მხრივ კი აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვაში დაეხმარება. ნიშანდობლივია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, თბილისში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ვერშბოუს ვიზიტი იგეგმება...

- ეს ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, რის შემდეგაც ბევრი რამ გაირკვევა. თანამშრომლობა და კონფრონტაცია იყო საბჭოთა კავშირის დროსაც - მხარეები თანამშრომლობდნენ გენერალურ, ვთქვათ, პაკისტანის, პრეტორიის საკითხებზე, აპარტეიდის დამხობაზე... მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებში შეურიგებელი პოზიცია ეკავათ. ასე რომ, ნუ დავიჟინებთ, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის, შესაძლოა, ურთიერთობის დათბობა ხდებოდეს... რაც შეეხება კლინტონის განცხადებას: "ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველომ თავი იგრძნოს დაცულად", სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა და ბევრნაირად შეიძლება იყოს აღქმული. ამ ზრუნვაში შესაძლოა იარაღით დახმარება იგულისხმებოდეს, შესაძლოა, კონსულტაციები და შესაძლოა, ცოცხალი ძალაც... ამ განცხადებაში ჩვენთვის ის არის მთავარი, რომ თეთრმა სახლმა კრემლს მკაფიოდ მიანიშნა - ნებისმიერი სახის თანამშრომლობისა და მეგობრობის სურვილის მიუხედავად, საქართველოს ხარჯზე არაფერი მოხდებაო. მეორეც - გაიხსენეთ ობამას გამოსვლა გაეროში. პირდაპირ მედვედევს დაარტყა, როცა თქვა, - რეგიონულ პოლიტიკაში პრივილეგიების დრო წავიდაო. ეს იყო პასუხი მედვედევის განცხადებაზე, რომ რუსეთს კავკასიაში თურმე პრივილეგიები ეკუთვნის.

- გასულ კვირას კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა - რუსული ეფ-ეს-ბეს დირექტორის ბრალდებით, ქართული სპეცსამსახურები დივერსანტებს ამზადებენ და "ალ-ქაიდასთან" თანამშრომლობენ... ზოგიერთმა ექსპერტმა ისიც ივარაუდა, რომ შესაძლოა რუსეთმა ეს მორიგი აგრესიისთვის გამოიყენოს...

- ეს გამორიცხულია. ბორტნიკოვის ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ფუჭი მუქარა. თუ ასეა, მაშინ რუსეთმა ისიც უნდა თქვას, რომ საქართველო ბინ ლადენის მეგობარია და ამერიკა მას მაინც ეხმარება... ამიტომაც იყო, რომ ეს სულელური ნათქვამი არათუ ევროპასა და ამერიკაში, რუსეთშიც კი არავინ აიტაცა...

- მაშინ, როცა მსოფლიო პრესა რუსეთსა და ამერიკას შორის რაკეტსაწინააღმდეგო "დაპირისპირებაზე" წერდა, რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც თქვა "ორიოდე სიტყვა"...

- აზრი, რომ რუსეთი ბირთვულ ომს დაიწყებს, ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება - მოსკოვმა კარგად იცის, რომ ამით ვერაფერს მოიგებს. თუმცა იმაში, რომ რუსეთი პრევენციის სახით ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს, ახალი არაფერია. ამის შესახებ 6-7 წლის წინ იმდროინდელმა პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, მაგრამ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია...

- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილს უცხოელი ტელეკომპანიები "ერჩიან", ბი-ბი-სიმ, ფოქსნიუსმა და სი-ენ-ენმა საქართველოს პრეზიდენტს საკმაოდ აგრესიული დაკითხვა მოუწყვეს. ევროპელ და ამერიკელ ტელეწამყვანებს, ძირითადად, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება და რაც მთავარია, ცხინვალის დაბომბვის პერიპეტიები აინტერესებდათ...

- ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ - მეტსაც გეტყვით, იმავე ბი-ბი-სიზე სააკაშვილამდე ცოტა ხნით ადრე გორდონი ჰყავდათ მიწვეული და ჟურნალისტმა ბევრად მწვავე შეკითხვები დაუსვა - როგორც ჩანს, ამ გადაცემების სტილია ასეთი... თუ მას პუტინი დაუჯდება გადაცემაში, ვნახავთ, რას უზამს და რა შეკითხვებს დაუსვამს - დარწმუნებული ვარ, ბევრად მძაფრი საუბარი ექნებათ... თუმცა რამდენადაც ვიცი და როგორც დააანონსეს, პუტინი ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ უნდა ჰყოლოდათ ეთერში, მაგრამ რატომღაც რუსეთის პრემიერი თავს იკავებს...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი