"ივანიშვილი შეგნებულად ანელებს პოლიტიკურ დუღილს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი შეგნებულად ანელებს პოლიტიკურ დუღილს"

"რაც შეეხება რევანშისტობას, ამისგან ბოლომდე დაცლილი არავინაა"

არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება სულ უფრო საინტერესო ხდება. ალბათ, გადაჯგუფება-გადმოჯგუფება და ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლის პროცესი უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. პარალელურად, თავისა და პოზიციების დაზღვევას განაგრძობს ხელისუფლებაც - კონტროლის პალატამ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების სურვილი გამოთქვა. გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც, მართალია, ამბობს, რომ ქუჩაში ბრძოლის გზას მოერიდება, მაგრამ ლოკალურ ქუჩის აქციებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის - კორტებთან მოწყობილ აქციაზე მისმა გამოსვლამ მომიტინგეთა მხურვალე ტაშიც დაიმსახურა…

დაწვრილებით საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- "გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საპარლამენტო უმცირესობა და ფრაქცია "ძლიერი საქართველო" თანდათან "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი, მარიონეტი ხდებოდა, ამიტომ ვალდებული ვარ, ვუერთგულო ჩემს სინდისს, ჩემს ამომრჩეველს და გავემიჯნო საპარლამენტო უმცირესობას და ფრაქცია "ძლიერ საქართველოს". მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე პარლამენტის ერთადერთ ჭეშმარიტად ოპოზიციურ ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის" და ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ოცნების ახდენაში", - ნათქვამია რომან მარსაგიშვილის წერილში, რომელმაც გია თორთლაძის ფრაქცია დატოვა. თუ არის მოსალოდნელი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "სინდისის ერთგულების" სურვილი უმრავლესობის სხვა წევრებსაც გაუჩნდეთ?

- ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით მმართველ პარტიას, ბევრი ისეთი წევრი ჰყავს, რომლებიც იქ იდეოლოგიური შეხედულებების გამო კი არ გაწევრებულან, არამედ ძალაუფლების, გავლენისა და საკუთარ კეთილდღეობაზე მორგებული ინტერესების რეალიზაციის სურვილით. ასეთი ადამიანები, თუ საკმარისი ალღო აღმოაჩნდათ, გრძნობენ თავიანთი პარტიის მზის ჩასვენებას და, უკეთეს შემთხვევაში, უფრო პერსპექტიულ პარტიულ გაერთიანებებს აფარებენ თავს, უარეს შემთხვევაში კი - პოლიტიკიდან მიდიან. პარტიიდან პარტიაში იშვიათად  ღირებულებათა გადაფასების გამოც გადადიან. ფაქტია, რომ მმართველ პარტიას ძლიერი ალტერნატივა გაუჩნდა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის სახით.  დარწმუნებული ვარ, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ისეთი წევრი ჰყავს, რომელიც მზად იქნება, პარტია დატოვოს და თავისი "ღალატი" სხვადასხვა, მათ შორის, სინდისის ქენჯნით გაამართლოს. მათ შორის მედროვე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე გულწრფელი. დღესდღეობით ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალიზაციის პერსპექტივა, რაც ამ პოლიტიკურ გაერთიანებას დაშლის. ეს ორი მთავარი პოლიტიკური კონკურენტის ჭიდილში გაირკვევა, რაც უახლოეს თვეებში თანდათან გამძაფრდება.

- "სააკაშვილი ვერ მოახერხებს მთელი საქართველო ციხეებში და ძალადობის ქვეშ ამყოფოს", - ეს განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან გამართულ აქციაზე, რომელიც 2006 წელს კორტებთან სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა. აქციაზე რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილისა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ფოტოებიც ჰქონდათ მოტანილი. ფოტოების ნაწილი ძირს ეყარა და მონაწილეები ზედ ფეხით დგებოდნენ. მომიტინგეთა მოწოდებით, აშკარად უხერხულობის განცდით, მაგრამ იმავეს გაკეთება მოუხდა ბიძინა ივანიშვილსაც, რაც მოგვიანებით ნაციონალურ მაუწყებელთა აქტიური განსჯის საბაბი გახდა. პროპაგანდა, პროპაგანდად, მაგრამ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად შესაძლებელია, მოვლენათა ესკალაციის პირობებში ეს სცენა უფრო მასშტაბურად განმეორდეს და ივანიშვილს სწორედ "მრისხანე" მასების მოთხოვნით მოუწიოს რადიკალურ ქმედებებზე წასვლამ?

- ივანიშვილი არ არის ქუჩაზე, მოვლენათა ესკალაციასა და აფექტებზე ორიენტირებული პიროვნება. ცხადია, პოლიტიკაში მისი მოსვლის რეზონანსიდან გამომდინარე, შეეძლო და დღესაც შეუძლია, გაცილებით აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს და გაცილებით ხისტად დაუპირისპირდეს ხელისუფლებას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი შეგნებულად ანელებს პოლიტიკურ დუღილს,  - არ სურს შექმნას ეფექტი, რომელიც მუყაოზე წაკიდებულ ცეცხლს დაემსგავსება.

გავრცელდა კიდეც მისი მეტ-ნაკლებად ზომიერი კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების, პირადად სააკაშვილის მიმართ. ეს, შესაძლოა, რადიკალურად და აგრესიულად განწყობილ ოპოზიციურ ამომრჩეველს აბრაზებს. თუმცა, ვფიქრობ, ასეთ ტაქტიკას, სულ მცირე, ორი წყარო ასაზრდოებს: 1. ხელისუფლებასთან ხისტი და აგრესიული დამოკიდებულება გამოიწვევს რევოლუციურ რეჟიმში პროცესების გადაყვანას, რომელსაც ფუჭი ტყვიების გასროლის ეფექტი ექნება. რევოლუციურ რეჟიმს წარმატება მხოლოდ არსებული ხელისუფლების ტოტალური გაკოტრების პირობებში მოჰყვება (როგორც ეს მოხდა შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც "მოქალაქეთა კავშირის" რეიტინგი დაახლოებით 7% იყო; იგივე ითქმის ამბოხებულ არაბულ ქვეყნებზეც). დღესდღეობით, "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებით 35-40%-იანი რეიტინგი ასეთ გაკოტრებას არ ადასტურებს;  2. თანდათან  ცხადი ხდება, რომ დასავლეთი სააკაშვილს რბილად "აწვება" და სურს, მას დემოკრატი მმართველის იმიჯი შეუქმნას, რომელიც მზად იქნება ხელისუფლების გადასაცემად.

ამ ფონზე სააკაშვილს ბევრი ქება ესმის მის მიერ გაკეთებული პროგრესული საქმეების გამო, - დასავლეთი ერთგვარ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავს, რათა სააკაშვილმა მმართველობა ასევე პროგრესულად დაასრულოს. ვფიქრობ,  ივანიშვილს არ სურს, ამ საერთაშორისო პროცესს ხელი შეუშალოს. ვინმეს შეიძლება ასეთი შეკითხვა გაუჩნდეს: თუ ივანიშვილის პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ ნაკლებად აგრესიული და დაბალანსებული იქნება, მაშინ რა განასხვავებს მას ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიციისაგან, ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატებისაგან? აქ პასუხი მარტივია - პოლიტიკური ამბიცია. ქრისტიან-დემოკრატები თავადვე იმკვიდრებენ იმიჯს, რომ ისინი ხელისუფლების ალტერნატივას არ წარმოადგენენ, რომ მათი სტაბილური ნიშა ოპოზიციაში ყოფნაა. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ის ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება, რომ ნაცმოძრაობის ალტერნატივას წარმოადგენს და მმართველ ძალას ოპოზიციის რეჟიმში გადაიყვანს.

- "ეროვნული ფორუმის" შემდეგ ივანიშვილმა სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეთა მოძრაობასთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ივანიშვილის ცნობილი კონცეფცია, "შუას გაკრეფასთან" დაკავშირებით, რეალური ხდება?

- რაც უნდა განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილს ივანიშვილთან კოალიციაში უკვე შესული თუ შესასვლელად გამზადებული პოლიტიკოსების შესახებ, ვერ ვიტყვით, რომ ეს კოალიცია "კარგად დავიწყებული ძველია". აქ მთავარი სიახლე ივანიშვილის ფაქტორია. არც ერთი ოპოზიციური კოალიცია საქართველოში ("ვარდების რევოლუციის" შემდეგ) არ ყოფილა უპირობო ლიდერის გარშემო გაერთიანებული. ყოველთვის კოალიცია ირჩევდა ლიდერს ან ლიდერებს (ამის მაგალითად ლევან გაჩეჩილაძე ან ირაკლი ალასანია გამოდგება). დღეს პირიქითაა: ლიდერი (ბიძინა ივანიშვილი) ქმნის კოალიციას, რომელშიც ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტის ავტონომიურობა შეფარდებითია ან ნომინალური. ასეთი ოპოზიციური კონსტრუქცია საქართველოში ჯერ არ შექმნილა. ის მარგინალიზაციით ემუქრება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მასში ვერ მოხვდება. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მოგებული რჩება ის პარტია თუ პოლიტიკოსი, რომელიც ამ კოალიციის წევრი ხდება, მაგრამ  ივანიშვილის პოლიტიკურ იმიჯს ამით არც ბევრი აკლდება და არც ბევრი ემატება. დიახ,

"შუას გაკრეფის" პოლიტიკა თანამიმდევრულად ხორციელდება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციური ნიშის ტოტალურად დაკავების პრეტენზია, რასაც, როგორც აღვნიშნე, ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია ახლავს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის  განმასხვავებელი კონტურები, რომელიც ივანიშვილის კოალიციაში  სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ჯერ კიდევ შეიმჩნევა, გაქრება და ერთი პოლიტიკური მონოლითური გუნდი ჩამოყალიბდება.

- ბოლო დროს, პოლიტიკაში გადასულ ბიზნესმენს გარემოცვასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. მეტიც, ითქვა, რომ ახალი სახეების ნაცვლად მასთან უმეტესად რევანშისტები იყრიან თავს.

- ახალი სახეები შესაძლოა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის წევრებად ვიხილოთ და ეს სიახლე საჭიროა. კოალიციაში მყოფი "ძველი" პოლიტიკური ძალები უკვე ყველა რაკურსით გაიცნო და გამოსცადა საზოგადოებამ. დარჩენილია მცირე, კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევა - ივანიშვილის გარემოცვაში ყოფნა და მასთან ერთად პოლიტიკის კეთება. აქ საზოგადოება ელის სიურპრიზებს. რაც შეეხება რევანშისტობას, ამისგან ბოლომდე დაცლილი არავინაა. თუმცა, ვეჭვობ, ეს კოალიციის დიდი ნაწილის პოლიტიკური საქმიანობის წამყვანი მოტივაცია იყოს.

- "სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კონტროლის პალატასთან აქცია გამართეს. აქციას წინ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძის განცხადება უძღოდა, სადაც მან ორ არასამთავრობო ორგანიზაციას - "რესპუბლიკურ ინსტიტუტსა" და "ახალი თაობა - ახალ ინიციატივას" ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოსთხოვა. არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა". მართლაც, ერთი მხრივ, სახეზეა მაქსიმალური შეზღუდვა და შევიწროება განსხვავებული აზრის მატარებელი ორგანიზაციებისა, მეორე მხრივ კი ხელისუფლების საარჩევნო კამპანია ტელევიზიებით უკვე დაწყებულია და თანდათან ძალას იკრებს. ჩვენ გვაჩვენებენ ჩაბნელებული თბილისის კადრებს და გვაშინებენ, რომ შესაძლოა ასეთი რამ განმეორდეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ქმედითი იქნება ამგვარი გავლენის მოხდენის მცდელობა სოციუმზე?

- ხელისუფლების ნებისმიერ უხეშ, არამართლზომიერ ქმედებას  მხოლოდ მოკლევადიანი და სიტუაციური ეფექტის მოტანა შეუძლია. ასეთი ქმედებები მმართველ პარტიას ბუმერანგივით უბრუნდება. ახლა ხელისუფლებაში ბევრი ხვდება, რომ, მაგალითად, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ ის უფრო მეტად გააძლიერა და ასეთი ქირურგიული ჩარევა წარუმატებელი გამოდგა (იგივე ითქმის ბანკის გატაცებულ მანქანაზეც).

არაადეკვატურია, როდესაც ნაციონალური არხები, ნაცმოძრაობისთვის სადავეების წართმევის შემთხვევაში, მოსახლეობას გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მოშლის პერსპექტივით აშინებენ.

ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში ხომ ბიძინა ივანიშვილის კონტრიბუცია უზარმაზარია? ეს ყველამ იცის და თუ არ იცის, გაიგებს.

- ამავე დროს ალა ჯიოევას მომხრეები არ გამორიცხავენ, რომ მათი ლიდერი მოწამლეს, - ამის შესახებ "ინტერფაქსს" ჯიოევას შტაბის წარმომადგენელმა ფატიმა კოკოევამ განუცხადა. მისივე თქმით, "ომონის" წარმომადგენლებმა შტაბბინის შტურმის დროს ჯიოევას თავში ჩაარტყეს, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. კოკოევას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, ჯიოევას შტაბის წევრები დახმარებისთვის მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავენ. "ჩვენ არ ვენდობით პროკურატურას. მათ ბევრჯერ ვენდეთ და აი, შედეგიც. ამიტომ საერთაშორისო დახმარების იმედი გვაქვს", - აღნიშნა კოკოევამ. თქვენი აზრით, რამდენად ახლოს არის მომენტი, როდესაც ოსები ჩიხში აღმოჩნდებიან - ერთი მხრივ რუსეთისადმი უნდობლობა, მეორე მხრივ კი საქართველოსადმი მტრობა. რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ სიტუაციაში "საერთაშორისო დახმარებამ"?

- ალა ჯიოევასთან დაკავშირებულ დრამატულ ამბებს უთუოდ ექნება ერთი შედეგი: რუსეთი სამხრეთ ოსეთელების მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში ვეღარ იქნება მათი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის გარანტი. ეს ცნობიერება აფხაზეთში კარგა ხანია გაჩნდა და ახლა ის სამხრეთ ოსეთშიც მოიკიდებს ფეხს. თუმცა, ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, მოხდება თუ არა ანტირუსული განწყობის "კონვერტაცია" პროქართულ განწყობად. ამას სერიოზული ძალისხმევა და დრო სჭირდება. ფაქტია, რომ რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ეიფორიამ გაიარა და სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც ტოტალური ეროვნულ-სოციალური დეპრესიის ხანა დაიწყო. ეს პროცესი ბევრ რამეს აუცილებლად გადააფასებს, მათ შორის, უპირველესად, რუსული ფაქტორის პროგრესულობას და, იმედი ვიქონიოთ, ქართველების "მტრის ხატად" მიჩნევასაც.