"ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია არასასურველი პირის დასჯა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია არასასურველი პირის დასჯა"

"გაეროს სპეციალური დამკვირვებლის შეფასებები უპრეცედენტოდ კრიტიკული იყო"

"სააკაშვილი აშკარად დაძაბულია, თუმცა, ივანიშვილის სახელს ჯიუტად არ ახსენებს"

საქართველოსთან დაკავშირებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური პერიპეტიები უფრო და უფრო საინტერესო ხდება. წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო ღელვის ინდიკატორად მხოლოდ პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლებიც გამოდგება. სააკაშვილი აშკარად დაძაბულია, თუმცა, ივანიშვილის სახელს კვლავ ჯიუტად არ ახსენებს. სამაგიეროდ, ხშირად ლაპარაკობს ბინძურ რუსულ ფულსა და ასეთივე ბინძურ პოლიტიკაზე, საქართველოს უახლოეს შავბნელ წარსულზე, საიდანაც ამომძვრალი მითური არსებები, "მუმიფიცირებული პოლიტიკოსები",  კვლავ უკუნში დანთქმით გვემუქრებიან. ისე, მუმიები იქით იყოს და, ივანიშვილის პრეზენტაციაზე გამოსულ დაოჯახებულ და მოწიფულ ადვოკატს სექსუალურ ლტოლვასა და "არასმქონე პოლიტიკოსთაგან" მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას რისი თქმა სურდა, მთლად კარგად ვერ გავიგე. ისე, ჯობს, პოლიტიკოსი უფრო გაბედული იყოს და სათქმელი პირდაპირ თქვას, ან საერთოდ არაფერი თქვას.

უფრო დაწვრილებით საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პერსპექტივებზე საარჩევნო ტექნოლოგიების ექსპერტს, პოლიტოლოგ კახა კახიშვილს ვესაუბრებით:

- "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" მოთხოვნამ საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის მაის-ივნისში ჩატარების თაობაზე, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოგვიანებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე სარჩელის შეტანა გადაიფიქრა. მიმომხილველები ეჭვობენ, რომ ეს შეიძლება ნიადაგის მოსინჯვა იყო და ყველაფერი ამით არ დასრულდება.

- მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ დევდარიანი ვერაფრით ვერ შეიტანდა სარჩელს, რადგან არ არის სათანადო მოსარჩელე. კანონის თანახმად, ასეთ საკითხებზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და პარლამენტის ერთ მესამედს. ის ვერც თავისი ორგანიზაციის სახელით და ვერც როგორც მოქალაქე ვერ შეიტანდა და მაშინ მით უფრო გაუგებარია სერიოზული ორგანიზაციის ისეთი უპასუხისმგებლო განცხადება, როგორიც არის სარჩელის შეტანა იმის გაურკვევლად, აქვს თუ არა ამის უფლება და არის თუ არა ის მოსარჩელედ ცნობილი. ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მაისში "ნაციონალურ მოძრაობას" ხელს არ უნდა აძლევდეს, რადგან ამ არჩევნებს  ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ისტორიული არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების  დამოკიდებულებას, რომელთა აზრს, ყოველ შემთხვევაში, ვირტუალურად მაინც, ხელისუფლება ანგარიშს უწევს.

მით უმეტეს, სააკაშვილის ობამასთან შეხვედრის შემდგომ, რომელმაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა. რიგგარეშე არჩევნები აპრიორი გაყალბებულად ჩაითვლება, რადგან ყველას გვახსოვს, რომ ზოგმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების 12-პუნქტიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა საარჩევნო სიის დასაზუსტებელი კომისიის შექმნას. იმ 12 პუნქტიდან, ფაქტობრივად, დღეს არც ერთი არ მოქმედებს და დარჩა ეს ერთი პუნქტი, რაც ამ კომისიის მუშაობას ნიშნავს. სხვათა შორის, საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა მუხლი, რომ არჩევნები ჩატარდება ამ კომისიის მიერ მიწოდებული დაზუსტებული სიების საფუძველზე, კომისიამ კი სიები 2012 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა დააზუსტოს. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მაისში დაინიშნება, ეს ნიშნავს, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ეთანხმებოდნენ ხელისუფლებას, რომ 12-პუნქტიანი შეთანხმება აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, იტყვიან, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო არჩევნების გაყალბება, რადგან არ დაელოდა სიების დაზუსტებას. ვფიქრობ, ამ ინიციატივის წამოყენება უფრო დაძაბულობის შექმნასა და იმ მტკივნეული თემების მიჩქმალვას ისახავდა მიზნად, რომლებიც ბოლო დროს გაჩნდა საქართველოში. ვგულისხმობ გაეროს სპეციალური დამკვირვებლის მწვავე შეფასებებსა და არასამთავრობო სექტორის პეტიციას "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

- "კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ზღუდავს არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას ან აქტივისტს, არამედ დიდ დაბრკოლებას უქმნის ნებისმიერ მოქალაქეს", - აცხადებდნენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. დროულია თუ არა პროტესტი უკვე მიღებულ და ამოქმედებულ კანონზე, ან შეუშლის თუ არა ხელს საკანონმდებლო ცვლილება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას?

- სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რამდენიმე ფაქტორი სჭირდება. მხოლოდ ამ კანონის გასწორება ვერ გვათქმევინებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. არჩევნები სამართლიანად ჩაითვლება მაშინ, როცა იქნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა; სამართლიანი ბარიერი მაჟორიტარული არჩევნების დროს; თავისუფალი მედიასივრცე, თავისუფალი ბიზნესგარემო და, რაც მთავარია, თავისუფალი სასამართლო სისტემა და სპეცსამსახურების ჩაურევლობა საარჩევნო პროცესებში.

ეს კანონი ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, - ამ კანონში ჩადებულია ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომელიც როგორღაც უკავშირდება არჩევნებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც არათუ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, არამედ განყოფილების უფროსსაც კი მიეცა საშუალება, მხოლოდ პირადი ეჭვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააყადაღოს ორგანიზაციის ანგარიში.

- გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა მაინა კიაი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. საზოგადოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ერიდება მწვავე შეფასებებს პოლიტიკაში, თუმცა, ამჯერად გაეროს ექსპერტი საკმაოდ პირდაპირი იყო. მან გაკვირვება გამოთქვა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონი კონტროლის პალატას უფლებას ანიჭებს საკუთარი აზრის მიხედვით, მტკიცებულებების წარმოუდგენლად გადაწყვიტოს, რომ ესა თუ ის იურიდიული თუ ფიზიკური პირი "დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან". ამასთან, მან მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკვეთრი გამიჯვნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების ფონზე ეს თემა დიდ მნიშვნელობას იძენს.

- სხვათა შორის, როდესაც გაეროს ოფისში კიაისთან შეხვედრაზე მივდიოდი, მეგონა, ეს იქნებოდა კიდევ ერთი“შეხვედრა შეხვედრისთვის, როგორიც არაერთხელ გამართულა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მას ვუთხარი კიდეც, - ახლა, როდესაც ჩვენი აზრი გაიგეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები სულ სხვა აზრს გამოთქვამენ და ამით დამთავრდება ყველაფერი-მეთქი. მითხრა, მე მასალებიც შესწავლილი მაქვს, მხოლოდ თქვენს ნათქვამს არ დავეყრდნობი და ძალზე ობიექტურ შეფასებასაც მივცემო. შემდგომ პრესკონფერენციაზე ჩვენ მოვისმინეთ კიაის უპრეცედენტო კრიტიკული შეფასებები სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის - ამ კანონზე, 26 მაისის მოვლენებზე, იმ ცვლილებებზე, რომლებიც შევიდა კანონში მიტინგებსა და მანიფესტაციებზე. ანუ კიაიმ, ფაქტობრივად, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ვფიქრობ, ეს იმან გამოიწვია, რომ საქართველოს პრეზიდენტს 2013 წელს უმთავრდება საპრეზიდენტო ვადა  და თუ პირველი ვადის დროს საერთაშორისო ორგანიზაციები ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს, ვინაიდან თვლიდნენ, რომ კორუფცია მოისპო და სახელმწიფო, ასე თუ ისე, რაღაც ჩარჩოებში მოექცა, მეორე ვადის ამოწურვის დროს უფრო კრიტიკული არიან.

ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 38 ათასი პატიმარი და 300 ათასი პრობაციონერი გვყავს, ყოველ წელს დაახლოებით 400 ათას კაცს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით აჯარიმებენ და სულ 0,1%-ია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენებისა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

ახალ კანონმდებლობაში არსებული გაურკვევლობა მართლაც შეიცავს დაძაბულობის შექმნის საფრთხეს, რადგან მოსახლეობამ არ იცის, სახელდობრ, რისი უფლება აქვს და რისი - არა. ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია არასასურველი პირის დასჯა, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის, ასევე ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უპრეცედენტო აქტივობა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, კანონი შეცვალოს. სხვა საკითხია, ცვლილებები ვირტუალური იქნება თუ კონკრეტული შედეგის მომტანი.

- გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა მედიას "ქართული ოცნების" უკვე როგორც პოლიტიკური მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები წარუდგინა. საზოგადოებისთვის ეს სახეები მეტ-ნაკლებად ცნობილია და ვერც მათ პატიოსნებასა თუ პროფესიულ კომპეტენციაში შეიტან ეჭვს. მაგრამ მახსენდება, შევარდნაძემ თავისი კაბინეტის ერთ-ერთი წევრის წარდგენისას რომ თქვა, კარგი დედაა და ე. ი. კარგი მინისტრიც იქნებაო. ნიშნავს თუ არა "კარგი ადამიანობა" კარგ პოლიტიკოსობას? მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს პოლიტიკურ ბრძოლებსა და ინტრიგებში გამობრძმედილი გუნდი ჰყავს.

- ადამიანი თვითონ ირჩევს თავისი პარტიის წევრებს. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ ეს ფაქტორები ახლა შესაფასებელი არ არის. შესაფასებელი შემდგომში იქნება. მაგრამ ერთია ადამიანის პატიოსნება და მეორე, თუ რამდენად პრინციპული იქნება საჭიროების შემთხვევაში. ამას კი დრო გვიჩვენებს. პოლიტიკოსობა ერთია და პროფესიონალიზმი - მეორე.

პროფესიონალობა არ ნიშნავს, რომ კარგი პოლიტიკოსიც იქნები. სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო დროს მეჩვენება, რომ "ქართული ოცნების" სტრატეგია უფრო მეორე ადგილზეა გათვლილი, ვიდრე გამარჯვებაზე.

თუ პოლიტიკური პირი ბიძინა ივანიშვილი ჰპირდება მოსახლეობას, რომ 2012 წლის არჩევნებს მოიგებს და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, ისეთი შემადგენლობით, რასაც კოალიცია  ჰქვია, და იმ პოლიტიკური საინიციატივო ჯგუფით, რომელიც წარმოგვიდგინა, ჩემი აზრით, ეს წარმოუდგენელია. ასეთი შედეგი შეიძლება მიიღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაძლიერდება ოპოზიციური ფლანგი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ერთიანი საარჩევნო ყულაბა შეიქმნება. ასეთი სტრატეგიით გამარჯვების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია პარლამენტში მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები შეიტანოს და უკვე ერთმანეთში კონკურენციის მიზნით ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ხელახალი არჩევნები ჩაატაროს. დღევანდელი მოცემულობით კი გამორიცხულია ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რადგან  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლება ძალიან ძლიერია. მას აქვს ყველა ის ბერკეტი, რომლებითაც ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ თუ მიზანი არის რეჟიმის შეცვლა, მაშინ არჩეული სტრატეგია არ არის სწორი, ხოლო თუ მიზანი არის წლების განმავლობაში რეჟიმის ხავერდოვნად ჩანაცვლება, ჯერ დიდი ფრაქციის შექმნა პარლამენტში, შემდგომში პარლამენტში "ნაციონალური უმრავლესობის" ნელ-ნელა დაშლა, კოალიციური მთავრობის შექმნა, ამ კოალიციური მთავრობის 2013 წლის არჩევნებზე უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა, - ასეთი ეტაპობრივი შეცვლა ხელისუფლებისა შესაძლოა ამერიკის ინტერესებშიც იყოს კიდეც.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვაშინგტონი ერთდღიან ცვლილებებს უჭერს მხარს. თუ ასეა, მაშინ ეს სტრატეგია უფრო კარგია, რადგან ივანიშვილს ისეთი პარტიები ჰყავს გვერდში, რომლებიც ორიენტირებული არიან ამერიკაზე და ვფიქრობ, ივანიშვილს უფრო ამერიკელების გულის მოსაგებად ჰყავს ეს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ უნდა გავიგოთ ამ გუნდისგან, რა უნდა, ან ერთზე აიღოს პასუხისმგებლობა, ან მეორეზე.

ძალიან ვამსგავსებ სააკაშვილისა და პუტინის პიარტექნოლოგიებს. ფაქტობრივად, დუბლირება სულ ორი დღის დაგვიანებით ხდება ხოლმე:

საავადმყოფოების გახსნა, თვითმფრინავის მართვა, მოდელირებული საინფორმაციო გამოშვებებიც კი ერთნაირია. სხვათა შორის, 8 თვის წინ რუსეთში გამოჩნდა მილიარდერი პროხოროვი, რომელმაც თქვა, რომ პრემიერ-მინისტრობა სურს და ამისთვის არაფერს დაიშურებს. ცხადია, არ ვამბობ, რომ ივანიშვილი სააკაშვილთან ერთად თამაშობს, მაგრამ მან უპირველესად ის უნდა გაარკვიოს, რამდენად რეალურ სტრატეგიასა და ტაქტიკას უსახავენ მომგებიანი თამაშისთვის ის პოლიტტექნოლოგები, რომლებიც მისთვის მუშაობენ.

- გასულ კვირას საქართველო, თავის უახლეს ისტორიაში მაინც, პირველად გახდა მსოფლიოს ორი გავლენიანი სახელმწიფოს ურთიერთბრალდებათა მიზეზი. ვგულისხმობ, ერთი მხრივ, ისრაელისა და მეორე მხრივ კი, ირანის სახელმწიფო მეთაურთა საგანგებო განცხადებებს თბილისში აღკვეთილი ტერაქტის შესახებ. ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ საქართველომ ორ ვეშაპს შორის მოხვედრილი ლიფსიტის ბედი გაიზიაროს?

- როდესაც ორი სუპერსახელმწიფო ედავება მესამე, დიდ სახელმწიფოს, არ შეიძლება ჩვენ მხოლოდ რუპორი ვიყოთ. გახსოვთ, ალბათ, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რიტორიკულად განაცხადა, - იმ შემთხვევაში, თუ ამერიკასა და ირანს შორის სამხედრო შეტაკება დაიწყო, საკითხავი არ უნდა იყოს, ჩვენ ვის პოზიციას დავიჭერთო. ვფიქრობ, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ასეთი განცხადებების გაკეთებას.

ერთი მხრივ, ირანთან სავიზო რეჟიმს ვაუქმებთ და გაძლიერებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, მეორე მხრივ კი დეკლარირებას ვაკეთებთ, თუ ვის დავუჭერთ მხარს იმ საომარ მოქმედებაში, რომელიც ჯერ არც დაწყებულა.