"გამოდის, მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე გვქონია გასაწირი" - კვირის პალიტრა

"გამოდის, მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე გვქონია გასაწირი"

"არავინ იცის, რას იზამს პუტინი, როცა პრეზიდენტი გახდება"

"მსხვერპლი არ არის საჭირო დასავლეთის წამყვანი ქვეყნებისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად"

"საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი არის პირველი სახელმწიფო ლიდერი, რომელიც ჩავიდა ჰილმენდის პროვინციაში", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა, რომელიც 20 თებერვალს ჰილმენდის პროვინციაში მიხეილ სააკაშვილს ახლდა. სინამდვილეში, ბოლო 14 თვის განმავლობაში ჰილმენდის პროვინციაში ორჯერ იმყოფებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. გასულ კვირაში სამშვიდობო მისიის შესრულებას ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ვამტკიცოთ, საერთაშორისო ტერორიზმი ჩვენ არ გვეხება და ამ საქმეში არ უნდა ჩავერიოთო, მაგრამ ალბათ, აჯობებდა, რომის პაპს კათოლიკობაში არ გავჯიბრებოდით და საქართველო გონივრული ქვედანაყოფით ყოფილიყო წარმოდგენილი დასავლურ კოალიციაში იმ სახელმწიფოების მხარდამხარ, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დიდი დახმარება გაუწიეს და ახლაც უწევენ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში. გასულ კვირაში კიდევ ერთი უცნაური ამბავი შევიტყვე: თურმე, თბილისში, იუსტიციის სახლს კომპანია "ჰუან ჩუანის"  მიერ დაქირავებული 150 ჩინელი მუშა  აშენებს. შესრულებული სამუშაოს საფასურად  ისინი დღეში სამოცდაათ ლარს იღებენ. ქსენოფობიისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ იმ დროს, როცა ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტს უმუშევრობის პრობლემა აქვს, ასეთი სამშენებლო მენეჯმენტი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.…

განვლილი კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- ტერაქტს გადარჩენილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მომხდარს არა ერთი პირისადმი განხორციელებულ ქმედებად, არამედ ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც პრეზიდენტს ესროლა, ანქვაბმა განაცხადა, - "ვიღაცებს სურთ, აფხაზებს მართული პრეზიდენტი ჰყავდეთ; ასეთ შემთხვევაში კი სახელმწიფოსა და საზოგადოებას არა კანონი, არამედ "გაგება" მართავს. ამ ადამიანებს საკუთარი დანაშაულებრივი გეგმების რეალიზების საშუალება არ მიეცემათ". საინტერესოა, რომ მიუხედავად დიდი ცდუნებისა, არც ანქვაბს და არც ზოგადად აფხაზი საზოგადოების არც ერთ წარმომადგენელს ტერაქტის მოწყობაში ქართული მხარე არ დაუდანაშაულებია. როგორც ჩანს, ანქვაბმა მართლაც გადაწყვიტა დე ფაქტო რესპუბლიკაში წესრიგი დაამყაროს - ასეთ შემთხვევაში მას, მსხვილი კრიმინალების გარდა, კრემლთან დაპირისპირებაც ხომ არ მოუწევს?

- ეს ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა იმ სხვა ამოცანებთან ერთად, რაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წინაშე დგას. რაც შეეხება იმას, რომ კრემლიც დაემატება კრიმინალებს, ვეჭვობ, ბოლომდე სამართლიანი იყოს ეს ვერსია - კრემლს ბოლო ხანს სწორედ კრიმინალური თემატიკა გაუმწვავდა როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში და გამოდის, რომ კრემლი ორ უძირო ორმოს ავსებს. სწორედ კრიმინალური ჯიბეებია ის უძირო ორმოები, რომელთა შევსებაც ძალიან უჭირს. რაც მთავარია, კრემლისათვის ეს ფაქტები უკვე დამალული აღარაა, გახმაურებულია, სალაპარაკოდაა გამხდარი და პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებენ აი, ამ კომპონენტების გამო. ამიტომ, ვფიქრობ, დაუდგა კრემლს ის დრო, რომ უფრო დეკრიმინალიზაცია აძლევდეს ხელს, ვიდრე კრიმინალების მომძლავრება. კრემლი მეტ-ნაკლებად შეეცდება, შეამციროს ეს პროცესები, შეამციროს კორუფცია როგორც თავისთან, ისე თვითაღიარებულ რესპუბლიკებში. ამ მხრივ ანქვაბი ნამდვილად კარგი პარტნიორია. მის პატიოსნებაში ეჭვი არავის შეაქვს და მეც გეთანხმებით, რომ მისასალმებელია ანქვაბის ადმინისტრაციის მხრიდან პატიოსანი პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსკენ თითის გამოშვერის იოლი ვარიანტი არ აირჩიეს. გადაწყვიტეს, სიმართლის გზით იარონ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ბევრი წყალგამყოფია. ქართული მხარე კმაყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა აფხაზური მხარე რაციონალურობითა და პატიოსნებით ხელმძღვანელობს და არა პიარისტული მოტივებით.

- გასულ კვირაში ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. მან საქართველოში დაბრუნების მიზეზად დედის ავადმყოფობა დაასახელა. მოგვიანებით, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, პარალელურად კი პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, - შესაძლოა, ამის სანაცვლოდ გელბახიანმა თავისი კანდიდატურა საჩხერეში წამოაყენოსო. თუ ეს სიმართლეა, რამდენად რეალური მეტოქეობა შეუძლია გელბახიანს "ქართულ ოცნებასთან", თუ ამას უფრო მორალური დატვირთვა ექნება?

- გელბახიანი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, სერიოზული მეტოქე იქნება ყველასათვის - ის იქნება ოპოზიციური ფიგურა და მაჟორიტარულ არჩევნებშიც ოპოზიციის ხმებს წაიღებს. ოღონდ ეჭვს აჩენს, დაუპირისპირდება თუ არა ის რეალურად ხელისუფლებას. ამას  თუნდაც იმიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება საკმაოდ რბილად მოექცა გელბახიანს. ამდენად, შეიძლება შეიქმნას სურათი, რომ გელბახიანი აიღებს ოპოზიციურ ხმებს შიდასაარჩევნო პროცესში და ამ დროს არ იქნება დისკომფორტის შემქმნელი ხელისუფლებისთვის. ანალოგიური სურათი ბევრი იქნება. ამ მოდელში ჯდება რამდენიმე პარტიაც, მოგეხსენებათ ოპოზიციიდან და ალბათ ანალოგიური მოდელით იხელმძღვანელებენ მაჟორიტარულ არჩევნებშიც. თუ ეს ასე არ მოხდა და ამ მოდელში გელბახიანი არ ჩაჯდა, მისი საქმიანობით გამოჩნდება. რიტორიკის მიხედვით ამაზე ლაპარაკი ძნელია, რადგან ყველა ისეთ განცხადებას აკეთებს, როგორიც სჭირდება.

- მცირე ხნის წინ საქართველოს პარლამენტის ფრაქციები ერთმანეთს დეპუტატებს ისე ჩუქნიდნენ, როგორც რესტორანში, მაგიდიდან მაგიდაზე - შამპანურს. პარლამენტართა გაჩუქებამ, თხოვებამ და მსგავსმა აღებ-მიცემობამ გია თორთლაძის ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" დაშლის საფრთხე გამოიწვია. როგორც დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს,  საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნებით მმართველი პარტიაა დაინტერესებული, ხელოვნური მანიპულაციებით კი უხეშად დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი. ზოგადად, რამდენად მისაღებია მსგავსი მანევრები კანონმდებელ პოლიტიკოსებს შორის?

- პრაქტიკულად წინა თემის გაგრძელება გამოდის, რომ რიგ შემთხვევებში ხელისუფლება ხელს უწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დეკლარირებენ თავიანთ ოპოზიციონერობაზე, ანუ აცხადებენ, რომ ოპოზიციონერები არიან. აქ მაშინვე ჩნდება კითხვა, - ეს მართლაც ასეა, თუ ეს არის ოპოზიციურად მონათლული, ოღონდ ხელისუფლებისთვის კომფორტული პოლიტიკური პარტია? აი ეს ვერსია კარგად დაადასტურა თქვენ მიერ გახსენებულმა პარადოქსულმა ამბავმა - როდის იყო, მეტოქე პარტია პარლამენტში კონკურენტს თავის წევრებს წირავდა. მით უფრო, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მეტად მკაცრია პოლიტიკური დისციპლინის საკითხების მიმართ და თავის წევრებს იმისთვის წირავს, რომ ხელი გაუმართოს ოპოზიციას?! ასე რომ, ამ შემთხვევაში, სწორედ იმ მოდელის ერთ-ერთი ფრაგმენტია, რომელზეც წინა კითხვაში ვსაუბრობდით.

- გასულ კვირას ავღანეთში სამშვიდობო მისიის განხორციელებისას კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები იქ თავიანთი კონტინგენტის შემცირებაზე ან სულაც გამოყვანაზე ლაპარაკობენ, რამდენად ლოგიკურია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველო აპირებს, სულ მალე ერთი ბატალიონით გაზარდოს თავისი სამხედრო მისია ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში? ხომ არ არის მცდელობა, მისიის გაზრდის სანაცვლოდ, დასავლეთისგან ერთგვარი ინდულგენციის მოპოვებისა საქართველოში დემოკრატიის შეფასების თვალსაზრისით ან რამდენად გამოდგება ეს ნაბიჯი, როგორც ინდულგენცია?

- საქართველოს ისტორიულად უდგას პრობლემა, როგორ დააინტერესოს მსოფლიო თავისი თავით. გავიხსენოთ დასავლეთის ინდიფერენტული დამოკიდებულება, რაც გამოვლინდა ოთხმოცდაათიან წლებში სოხუმის დაცემისას. ეს იმიტომ მოხდა, რომ არ არსებობდა ინტერესი საქართველოს მიმართ. თუ ამ დამოკიდებულებას არ დავივიწყებთ, კარგად გამოჩნდება, რომ მსოფლიოს ყურადღების არეში ყოფნა სწორად არჩეული სტრატეგიაა. ეს განსაკუთრებით დასავლეთს ეხება, რომელიც საკმაოდ პრაგმატულია. დასავლეთის ინტერესის მოპოვება საქართველომ, უპირველესად, ნავთობსადენისა და გაზსადენის, ზოგადად ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნად გადაქცევის შემდეგ მოახერხა. მეორე ფრაგმენტი ინტერესის მოპოვებისა იყო ეტაპი, როცა ვარდების რევოლუციის დროს საქართველო ხავერდოვანი რევოლუციების საყრდენად გადაიქცა. ბუშის მოდელი იყო ხავერდოვანი რევოლუციებით გასვლა აღმოსავლეთისკენ და ერთ-ერთი საფეხური გახდა საქართველო, ეს თქვა კიდეც ბუშმა. ახლა ხავერდოვანი რევოლუციების მოდელი აქტუალური აღარ არის. საქართველო ისევ უნდა გახდეს რაღაცით საინტერესო, ვფიქრობ, ამ კონტექსტში გაჩნდა ავღანეთისა და სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობის  თემა.

ცხადია, სასურველია, საქართველო იყოს ინტერესის ობიექტი, ოღონდ არის კი ეს ის ერთადერთი, რითაც შეიძლება საქართველომ მსოფლიო დააინტერესოს? ზოგჯერ, ჩამოთვლიან ხოლმე: აზერბაიჯანის საერთაშორისო გარანტიებს ნავთობი განაპირობებს,  სომხეთს დიდი დიასპორა ჰყავს და ეს თავისთავად სომხური თემის მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ა.შ. როდესაც ასე ჩამოჰყვებიან და კითხულობენ, ჩვენ რა გვაქვს, გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე გვქონია გასაწირი. ეს არის ნაწილი იმ არარაციონალური მიდგომისა, რაც ხშირად გვაქვს იმ საკითხების მიმართ, როგორ გავიდეს საქართველო მსოფლიო ასპარეზზე. ამ კითხვის პასუხი ალბათ უფრო უკეთესად მოსაფიქრებელია და არც ის არის გამორიცხული, რომ აღმოჩნდეს - მსხვერპლი არ არის საჭირო დასავლეთის წამყვანი ქვეყნებისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

- რუსეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით აშშ-ის ქმედებას შეცდომას უწოდებს და თბილისს აფრთხილებს, განმეორებითი აგრესიისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ პუტინმა მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონში გამართულ ამერიკა-საქართველოს სამიტზე თბილისისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. "არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჩვენებიდან იქ ვინმე იქნებოდა და მოგვიყვება. "ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას უშვებენ. მათთან ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ვიმედოვნებ, ქართულ მხარეს კეთილგონიერება ეყოფა, ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ავანტიურისტულ ქმედებას მოჰყვა, უკვალოდ არ ჩაივლის და ეს იარაღი ახალი აგრესიული ქმედებებისთვის გამოყენებული არ იქნება", - განაცხადა პუტინმა.

- პუტინს, მოგეხსენებათ, ახასიათებს ნათქვამის შესრულება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რასაც აპირებს, ხშირად წინასწარ ამბობს ხოლმე. ჯერჯერობით ამ გამონათქვამში ისეთი მკვეთრი მუქარა, როგორიც იყო 2008-ის წინა პერიოდში, ვერ დავინახე, თუმცა, გამაფრთხილებელი ინტონაცია ჩანდა. ახლა 2008-ის გამეორება არარეალურია, რადგან პუტინს ეს პოლიტიკურად საკმაოდ ძვირი დაუჯდება. დასავლეთი, თუკი სურს, რუსეთი კუთხეში დააყენოს, ყველა საერთაშორისო თავყრილობაზე უხსენებს საქართველოს ოკუპაციას. ნუ ჩავთვლით, რომ ეს ოკუპაცია რუსეთისთვის მხოლოდ დერჟავული სურვილების ასრულებაა, ამას მეორე მხარეც აქვს, ის მსოფლიოსთან ურთიერთობაში სირთულეებს უჩენს. ამიტომ არა მგონია, მით უფრო არჩევნების დროს, როდესაც მსოფლიო არ მიესალმა პუტინს, როგორც პრეზიდენტს, ახალი სირთულეების გაჩენა სურდეს. არავინ იცის, როცა ის პრეზიდენტი გახდება, რას იზამს დასავლეთთან ურთიერთობაში, გამოიყენებს თუ არა საქართველოს ფაქტორს, რომ დასავლეთს ჭკუა ასწავლოს ისევე, როგორც ასწავლა 2008 წელს. არჩევნებამდე კი საეჭვოა, ამ გზას დაადგეს.