"ვერავინ ვერავის წინასწარ ვერდიქტს ვერ გამოუტანს" - კვირის პალიტრა

"ვერავინ ვერავის წინასწარ ვერდიქტს ვერ გამოუტანს"

"ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე მიმზიდველი თემა ჩვენი პრეზიდენტის ფანტაზიაა"

"ვურჩევ, ივანიშვილისთვის ფინანსური წკიპურტების კეთებას თავი დაანებონ"

გასულ კვირას ცხადად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას ახალი საქმე სასწრაფოდ აქვს მოსაგვარებელი, თორემ მიმდინარე მეთოდოლოგიით ივანიშვილის გაკოტრებას საშველი არ დაადგება - ჟურნალ "ფორბსის" თანახმად, პოლიტიკაში გადასული ბიზნესმენის ქონება მხოლოდ 2011 წელს 940 მილიონი დოლარით გაზრდილა. გასულ კვირასვე ქართულ მედიაში საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი: "ნაციონალურად მაუწყებელი" სამი სხვადასხვა ტელეკომპანიის სამმა სხვადასხვა წამყვანმა ერთი და იმავე ტექსტით გვამცნო ქიმერიძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. ეს ის შემთხვევაა, როცა საკითხავი აღარ არის, ვიცინოთ თუ ვიტიროთ. თუ ვინმემ უნდა იტიროს, პირველ რიგში, ამ საინფორმაციოთა წამყვანებმა, რადგან მავანნი სტილის შეცვლასა და სიტყვების გადაადგილებაზეც აღარ იწუხებენ თავს...

და მერე საზოგადოებამაც. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მედიასთან გახსნილი ურთიერთობით დიდად ვერც ბატონი ივანიშვილი დაიკვეხნის - კარგა ხანია, ამა თუ იმ რეგიონული ოფისის გახსნის თუ სხვა აქტივობების შესახებ ჟურნალისტები მხოლოდ "ფეისბუკიდან" ვიგებთ, მოვლენათა გადაღება-გაშუქება კი "ქართული ოცნების" პრესცენტრის ექსკლუზიური პრეროგატივაა. ამბობენ, ივანიშვილს დიდი გარემოცვა შეუგროვდა და ახალბედა პოლიტიკოსისთვის რჩევებს არავინ იშურებსო. მათ შორის ალბათ ისეთებიც არიან, ივანიშვილის "მითად წარმოჩენა" უფრო მომგებიან საქმედ რომ მიაჩნიათ, მაგრამ გადამწყვეტი ეტაპი ახლოვდება და ისიც ფაქტია, რომ მითის მოგებული არჩევნები ჯერ არავის უნახავს...

დაწვრილებით ქართული პოლიტიკის ავკარგიანობაზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- საქართველოს ასაკოვანი მოსახლეობისთვის კბილების ჩასმა, ახალი ქალაქის, "ლაზიკის" მშენებლობა, მძიმე სამხედრო მრეწველობის განვითარება, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ფეხბურთში აზერბაიჯანთან ერთად... კიდევ რას უნდა მოველოდეთ არჩევნებამდე საქართველოს პრეზიდენტისგან?

- ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე მიმზიდველი თემა ჩვენი პრეზიდენტის ფანტაზიაა. სწორედ ამით ვჯობივართ არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ მსოფლიო პირველობაზეც გვაქვს პრეტენზია. ჯერ იყო განცხადება ბათუმის პლაჟზე, გაოგნებული ალიევის თანდასწრებით, თუ როგორ გავერთიანდით ჩვენ და აზერბაიჯანი და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ვატარებთ... ეს შეიძლება არც იყოს ფანტაზია, მიმზიდველობა რომ ჰქონდეს ამ წინადადებას, რადგან აზერბაიჯანს თავად სურს, ოლიმპიური თამაშები ინდივიდუალურად ჩაატაროს აზერბაიჯანში. დასახელებულიც იყო, თუ არ ვცდები, 12 მილიარდი დოლარი, რომელსაც აზერბაიჯანი ამ მიზნისთვის გამოყოფს. გეოგრაფიულად შესაძლებელია საქართველო-აზერბაიჯანის ვარიანტის განხილვა, მით უმეტეს,  წლევანდელი ჩემპიონატის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში ჩატარდება. მაგრამ ქვეყანას, რომელსაც უმწეო ქვეყნად მიიჩნევენ და, რომელსაც მუდმივად სჭირდება საერთაშორისო დახმარება, არა მგონია ამ მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩატარების უფლება დაუთმონ. დარწმუნებული ვარ,  აზერბაიჯანი, თუკი მოისურვებს, დამოუკიდებლად შეძლებს ამ ჩემპიონატის ჩატარებას. რაც შეეხება სხვა მიმართულებით ფანტაზიის გაშლას - იმით არის საინტერესო ჩვენი ცხოვრება, რომ იგი არაპროგნოზირებადია. გააჩნია, გამთენიისას რა სიზმარი ნახა რომელიმე ხელისუფალმა და რა განცდები აღეძრა ამა თუ იმ გამოსვლის წინ. ნებისმიერ შემთხვევაში

ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესი არის დათრგუნვა დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნებისა,

რასაც ის მშვენივრად ახერხებს. აქაც დიდი არეალი აქვს ფანტაზიის გასაშლელად.

- ერთია ფანტაზია და მათი ინტერპრეტაციისა თუ რეკლამირების უნარი, მაგრამ მეორე - რეალობა, გასწვდება კი ქართული ეკონომიკა ამ ყველაფერს?

- ეკონომიკას ყველაზე ნაკლებად "ფანტაზია მოსწონს". ეკონომიკას აქვს მყარი საფუძვლები და მისი განვითარება დამოკიდებულია პრაგმატულ-რეალისტურ ნაბიჯებზე და არა ოცნებათა წინსწრებით გაჟღერებაზე. Aამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა, მიმავალი იმ გზით, რომელსაც ვადგავართ, იბერიის გაბრწყინებისთვის რაიმე შედეგს მოიტანს, სოლიდური ფანტაზიის ნაყოფი გახლავთ. ასეთი განცხადებების გაკეთებას საფუძვლად უდევს ის უშრეტი ნიჭი, რომელიც G საკუთარი მოსახლეობისგან უკანასკნელი წვეთის გამოწურვის ხელოვნებაში გამოიხატება. ჩვენს ქვეყანას ხომ არანაირი ბუნებრივი რესურსი არ აქვს და შესაბამისად, ფუფუნების სურვილი და უნარი, ხარჯოს თანხები სრულიად გამაოგნებელ პროგრამებზე, ბალანსდება ზეწოლის ზრდით თითოეულ მოქალაქეზე. არავის აქვს გარანტია, რომ ქუჩაში გასული მშვიდობით დაბრუნდება შინ და არ აღმოჩნდება სადმე საპროცესო გარიგების მომლოდინე.

- გაურკვევლობა გამოიწვია ჯვრის მონასტერთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ. იერუსალიმის პატრიარქი აცხადებს, რომ ის მოვლენათა საქმის კურსში არ არის, ჩვენი ხელისუფლება კი უკვე დაწყებულ მოლაპარაკებებზე საუბრობს.

- საქართველოს პრეზიდენტმა რვა მარტს განაცხადა, რომ წელიწადში სამას სამოცდახუთ დღეს რვა მარტად აცხადებს. ჯვრის მონასტერზე გავრცელებულმა ინფორმაციებმა გამიჩინა სერიოზული ეჭვი, ვივარაუდო, რომ სადღაც, კანცელარიაში შენახული იქნება პრეზიდენტის მეორე საიდუმლო განკარგულებაც, რომლითაც ის წელიწადში სამას სამოცდახუთ დღეს პირველ აპრილად აცხადებს და ყოველდღე ამ დღის შესაბამისად იქცევა.

- ახლახან ხაშურის პოლიციაში მოქალაქე ქიმერიძის დაღუპვას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ საქმის დეტალებს - პოლიციის ბრალეულობას თუ სიმართლეს გამოძიება დაადგენს, ჩვენ კი მხოლოდ იმ მოვლენებზე ვიმსჯელოთ, რასაც ქიმერიძის პანაშვიდზე ჰქონდა ადგილი, - არც მედიის და არც საზოგადოების წარმომადგენლებს გარდაცვლილის ნათესავებთან სამძიმარზე არ უშვებდნენ.

- თუნდაც ერთი თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნებოდა, პანაშვიდზე ვინ შევიდეს და ვინ არა. ეს ყველაფერი ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ ანალოგიურად ემზადება ხელისუფლება, რათა თავად გადაწყვიტოს, ვინ გამოუშვას სახლიდან არჩევნების დღეს ურნასთან მისასვლელად და ვინ არა. ხაშურის პოლიციაში მომხდარი გვარწმუნებს, - მხოლოდ ბატონ მერაბიშვილს სჯერა, რომ გამჭვირვალე შენობებში შავბნელი საქმეები არ შეიძლება მოხდეს. დიდ სიამოვნებას მგვრის ქალბატონი კლინტონისა და მისი კოლეგების განცხადებები, რომ მათ საქართველოში გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი აქვთ და ასე შეიცვლება ხელისუფლება. თუმცა უკანასკნელი დროის განმავლობაში ვერ მოვიძიე ვერც ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომ  ხელისუფლების რომელიმე ნაბიჯი აძლევდეს მათ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს. რა გაკეთდა საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პროკურატურის კლანჭებიდან სასამართლოს დასახსნელად ან მედიის თავისუფლებისთვის რა ნაბიჯი გადაიდგა, გარდა იმისა, რომ სანაქებო ათწუთიანი განბაჟების ნაცვლად კერძო ტელევიზიას ათდღიანი ეპოპეა დასჭირდა აპარატურის განსაბაჟებლად? ყოველივე ამის გამო თავისუფალი არჩევნების მოლოდინი, თუკი მხოლოდ ხელისუფლების იმედად დაიწყება საარჩევნო პროცესი, არავის უნდა ჰქონდეს. აქ მთავარი მოქმედი პირი უნდა იყოს ქართველი ხალხი. საზოგადოებამ სწორედ იქით უნდა მიმართოს ძალისხმევა, რომ თავად გახდეს შემოქმედი ახალი არჩევნებისა და არა ხელისუფლება, რომელიც სიამოვნებით გამოიყენებს ყველა, მათ შორის ტერორისტულ ინსტრუმენტებს, რომ ადამიანებს არ მიეცეთ საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება.

- ნაციონალურ მაუწყებლებზე ამბობენ, რომ ისინი კერძო ტელევიზიებია და უნდათ მიშას დაუჭერენ მხარს, უნდათ - გრიშას. თუმცა ქიმერიძის სიკვდილზე სამი ტელეკომპანიის ეთერში იდენტური ტექსტის წაკითხვამ მათი კონტროლისა და შეხედულებების საქმე სხვაგვარად წარმოაჩინა...

- ამ ფაქტმა ერთადერთი რამ წარმოაჩინა - ეს ტელევიზიები მიშას ან გრიშას კი არ უჭერენ მხარს, არამედ ვანოს, ვინაიდან სამივე კომპანიის ეთერში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერით გადაღებული კადრები ვიხილეთ. ამ ტელევიზიებს როგორ უნდა მოვთხოვოთ მეტი თავისუფლება, როცა გვყავს პარლამენტისა და ქვეყნის მმართველი უმრავლესობა, რომელიც მზად არის აღტაცება გამოხატოს საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ფანტაზიის მიმართ და 4 წლის განმავლობაში არავის, არც ერთ საკითხზე განსხვავებული აზრის ჩამოყალიბება ან შეკითხვის დასმა არ უცდია.

- გასულ კვირას "ფორბსმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც პოლიტიკაში მოსულმა ბიზნესმენმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ივანიშვილმა უპასუხა, - ერთი-ორი მინისტრის დაჭერა იქნება საკმარისი, რათა დაინახოს ყველამ, რომ პატიება არ იქნებაო. როგორც წესი, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოს გზით პრობლემის გადაჭრაზე ლაპარაკობდა.

- ჩემი აზრით, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი პოლიტიკოსები უნდა  საუბრობდნენ ერთადერთ, საკუთარ უფლებაზე, რომელიც მათ რეალურად უნდა გააჩნდეთ, ეს გახლავთ სამართლიანი გამოძიება. ვერავინ ვერავის წინასწარ ვერდიქტს ვერ გამოუტანს, - ამას  დავიჭერ, იმას გავუშვებ, ამას დავნიშნავ, იმას მოვხსნიო, თუ არ ჩატარდება სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის მიმართ სამართლიანი გამოძიება. სხვა ტიპის დაპირება მოსახლეობისთვის არის დაახლოებით იმავე გზის შეთავაზება, რომელსაც უკვე ვადგავართ.

- კიდევ ერთი პასაჟი ამ ინტერვიუდან: ივანიშვილს ხშირად უთქვამს, რომ მას თავი აქვს გადადებული ამ საქმისთვის და რომ არა მხოლოდ ის, არამედ მისი ოჯახიც მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, რათა საქართველოში სამართლიანობამ იზეიმოს. ასეთი განაცხადის ფონზე ცოტა უხერხულად ხომ არ გამოჩნდა "ფორბსთან" ნახსენები მრავალმილიონიანი კოლექციის გატანა ლონდონის საცავებში. როგორც ივანიშვილმა ბრძანა "ფორბსთან" ინტერვიუში, თბილისში მხოლოდ ასლები დაუტოვებია, რადგან არაპროგნოზირებადი მთავრობის ხელში ნახატების დაცვა ძნელია...

- ვერ გეტყვით, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ამ ადამიანის პოლიტიკურ მიზნებთან. მან სწორედ რომ თავი გადადო, მაგრამ არ თვლის, რომ ხელოვნების შედევრები "მასავით უნდა რისკავდნენ ყოფნა-არყოფნას". რისკი შეიძლება გასწიოს ადამიანმა, მაგრამ ხელოვნების მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს გაუფრთხილდეს.

"ფორბსის" მასალიდან ივანიშვილის გასაკოტრებლად დრაკონული კანონებისა და წესების შემომღები მთავრობისთვის ყველაზე გულის გასახეთქი ის იქნებოდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, 2011 წელს მისი კაპიტალი 900 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ამიტომ იქნებ უფრო ცივილიზებული მეთოდები აირჩიოს ხელისუფლებამ ივანიშვილთან საურთიერთოდ და არა ზღვარგადასული ქმედებები, მიმართული რაღაც ფინანსური წკიპურტებისკენ.

- გასულ კვირაში ასევე გამოჩნდა კიდევ ერთი დაპირისპირება ამჯერად ოპოზიციურ ძალებს შორის. ჯერ ივანიშვილმა ბურჯანაძეს, უფრო სწორად, მის თანაპარტიელებს დააბარა თავისი სათქმელი - თუ საერთო საქმეს ვერ აკეთებ, არ უნდა გააფუჭო მაინცო. ამას მოჰყვა მწვავე შეფასებები უკვე შინ დაბრუნებული "სახალხო კრების" წარმომადგენლების მხრიდან. რა საქმე შეიძლება დააზიანოს ბურჯანაძემ, რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში ივანიშვილი?

- არ მინდა ჩავუღრმავდე ამ დაპირისპირების შინაარსს, მაგრამ ვფიქრობ, ქალბატონ ბურჯანაძეს საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვს, რომ გულწრფელად უნდოდეს ამ ხელისუფლების შეცვლა. როგორც მახსოვს, ბატონი ივანიშვილი ყველა ასეთ ძალასთან თანამშრომლობას აპირებდა და თუ ვინმეს ბატონი ბიძინას გარემოცვიდან ბურჯანაძის ფაქტორი პიროვნულად აფრთხობს, ეს მათი პრობლემაა. ლაპარაკი იმაზე, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ  და უნდა იყვნენ შეთანხმებულნი, რასაკვირველია, აუცილებელი იყო. ორივე პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს, რომ არ გაახარონ ოპონენტები. უმჯობესი იქნებოდა, პირისპირ შეხვედროდნენ ერთმანეთს და თვითონ გაერკვიათ ყველაფერი. ვფიქრობ, არცთუ ცოტაა ადამიანი, რომელსაც გულს უხეთქავს ასეთი შეხვედრის ალბათობა.