ასეთი აგრესიული და გაბრაზებული პრეზიდენტი კარგა ხანია, არ გვინახავს - კვირის პალიტრა

ასეთი აგრესიული და გაბრაზებული პრეზიდენტი კარგა ხანია, არ გვინახავს

"თუ ჩვენ დღეს ჩვენი მოქალაქეების გაშიშვლებაზე რეაქცია არ გვექნება, ხვალ იმავეს ჩვენს შვილებსაც გაუკეთებენ"

ანომალიურია ქართველი სტუდენტების პასიურობა ბოლო 10 წლის განმავლობაში

"ჩემი ბატარეა თქვენი ენერგიით იმუხტება და დიდი მადლობა იმისათვის, რომ მაძლევთ ამ ენერგიას", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წნორში შეკრებილ მოსახლეობას. უცნობია, რა ტიპის ბატარეა აქვს საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი დამუხტვა გასულ კვირას მეტისმეტი მოუვიდათ. კახეთში სიტყვით გამოსვლისას ეს აშკარად თვალში საცემი იყო (სხვათა შორის, ყურშიც), - ასეთი აგრესიული და გაბრაზებული პრეზიდენტი კარგა ხანია, არ გვინახავს.… როგორც ჩანს, რაც დრო გავა, ეს გაბრაზება უფრო მოიმატებს. ისე, ჩვენში დარჩეს და, პიარმიტინგზე კაცი რომ რისხვის ასეთ ნაპერწკლებს აკვესებს, იოლი წარმოსადგენია, საკუთარ კაბინეტში ხელქვეითებს რა დღეს დააწევს.

"საქართველოს ჯანდაცვის კუთხით ახლა ყველაზე მეტად თბილისში უჭირს. თბილისში ყველაზე მეტი ძველი საავადმყოფოა და იმის გამო, რომ უმუშევრობის მაღალი დონეა, თბილისში სოციალური დაცვის კუთხითაც სირთულეები გვაქვს. ამიტომ გიგი უგულავამ დაჟინებით მოითხოვა ანდრია ურუშაძე თბილისის ჯანდაცვაში გადასულიყო და ეს სფერო ამოგვექაჩა. ანდრია რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ მთავარ თანამებრძოლად და ამ სფეროში, ვფიქრობ, თავის სიტყვას იტყვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თავის დროზე, თავდაცვიდან ეკონომიკაში გადასროლილ ოქრუაშვილზეც დაახლოებით იგივე ითქვა. საინტერესოა, ურუშაძეც მასავით ოპოზიციაში გადავა თუ მინისტრობის შემდეგ მერის მოადგილეობას დაჰყაბულდება.…

გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე ფილოსოფიის დოქტორს, გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:

- კონტროლის პალატამ "ქართული ოცნების" აქტივისტები საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად დაჰკითხა. მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის პარალელურად, დაკითხულებს თურმე ჩხრეკდნენ კიდეც. მათი თქმით, შეკითხვები ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ხელმოწერების შეგროვებისა და გაზეთ "ქართული ოცნების" დარიგების სანაცვლოდ გასამრჯელოს მიღებასა და მის ოდენობას შეეხებოდა. ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაკითხვაზე მყოფი თამარ ჟვანია დაკითხვის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, დაკითხვა საათ-ნახევარი გაგრძელდა, მანამდე კი: "თმის ღერიდან დაწყებული ყველაფერი შეგვიმოწმეს. პირადი ნივთებიც, საყურეც კი ჩამომხსნეს. ყველანაირი მეტალი ჩამოგვართვეს. ფეხზეც კი გაგვახდევინეს". როგორ ფიქრობთ, ეს უკიდურესი ზომები მასობრივი შიშის დათესვას ემსახურება თუ ამგვარი ტლანქი მეთოდებით ცდილობენ ივანიშვილზე კომპრომატების მოგროვებას?

- ეს აბსურდული პოლიტიკის გაგრძელებაა, - შუა წელიწადში, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იცვლება თამაშის ის ძირითადი წესები, რომლებითაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ტრადიციულად სარგებლობდა. თავისთავად, ამა თუ იმ რესურსის - ფინანსური, ინტელექტუალური თუ სხვა ტიპის უკანონოდ და ლიმიტირებულად გამოცხადება, შემდეგ კი ასეთი რადიკალური მეთოდებით აღსრულება, თანაც მხოლოდ ერთ რომელიმე კანდიდატთან საბრძოლველად, ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოში არათანაბარი, არაკონკურენტული საარჩევნო გარემოა. ხელისუფლების მიზანი ორგვარია: დააშინოს მოსახლეობა და გამორთოს ის საარჩევნო პროცესიდან და მეორე - სრულად გააკონტროლოს ფინანსური რესურსები. ეს არის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვაზე ორიენტირებული ნაბიჯი. თავისთავად, ეს გარდა იმისა, რომ არის კონკურენტული გარემოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ამავე დროს არის დემოკრატიული ღირებულების, ანუ აქტიური პოლიტიკური მოქალაქეების შეზღუდვისა და მილიტარიზებისკენ გადადგმული რეპრესიული ნაბიჯი. ეს კი უაღრესად სახიფათო მოვლენაა, რადგან ურტყამენ არა მხოლოდ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, არამედ ეს არის მცდელობა, თვისებრივად მოახდინონ გავლენა მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტივობაზე და მათში იმედგაცრუება და შიში დაბადონ. ეს აქამდეც არაერთხელ უცდიათ.

პოლიტიკური ტრენდი ასეთი იყო: "მაინც ყველა ცუდია, ჯობს ისევ მოქმედი ხელისუფლება დარჩეს". მაგრამ ამჯერად მოცემულობა იცვლება, ლაპარაკია იმაზე, რომ შენ უნდა იყო პასიური არა იმიტომ, რომ ყველა ცუდია, ან განა იმიტომ, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. არა, პასიური შიშის გამო უნდა იყო. უნდა გეშინოდეს ნებისმიერი პოლიტიკური აქტიურობისა. ყოველივე ეს საარჩევნო წელს არა მხოლოდ გაართულებს ვითარებას, არამედ შეაფერხებს დემოკრატიულ პროცესებსაც. რა თქმა უნდა, ეს ზეგავლენას მოახდენს არჩევნების ლეგიტიმაციაზეც, ხალხის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებასა და ცნობაზეც. ყველა მოქალაქეს წინასწარვე ეცოდინება, რომ ოპოზიციური ძალის მხარდამჭერები საარჩევნო პროცესს დაშინებით გამოთიშეს.

- არჩევნების გაყალბების გამო ამომრჩევლების აღშფოთება და იმედგაცრუება, ალბათ, სამზარეულოებს არ გასცდება. ბოლო პერიოდში ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დიდად ხელი არც ოპოზიციას შეუშლია, პირიქით, ზოგჯერ შეუწყო კიდეც.

- დემოკრატიის ხარისხი ყოველთვის დამოკიდებულია ძირითად აქტორზე, ანუ ხალხზე, რომელსაც ეკუთვნის ძალაუფლება. თუ გაჭრა და ხალხი, ჩვენი თანამოქალაქეები, ერთ-ერთი პატივსაცემი ჯგუფი ქართველი საზოგადოებისა დაშინდა, ამას ვერაფერი და ვერავინ უშველის. ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს ქართველი საზოგადოების განვითარებაზე, მის მომავალსა და ისტორიულ დასავლურ ორიენტაციაზე. თუ დავყევით ძალადობას, ბუნებრივია, შედეგსაც შესაბამისს მივიღებთ და იმავე რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ,  გვინდა თუ არა ამ რეალობის გადაცემა შთამომავლობისთვის. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თავზე, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც სადღაც, პოლიციის შენობაში, ჩვენს თანამოქალაქეებს აშიშვლებენ იმისთვის, რომ ჩვენება ჩამოართვან გაუგებარი მიზნითა და ბრალდებით და ჩვენ რეაქცია არ გვექნება, მომავალშიც ჩვენს შვილებსაც იმავეს გაუკეთებენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ  ღირსების აყრა არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პირის უფლების შელახვა. როდესაც ეს სახელმწიფოებრივ კონტექსტში ითარგმნება, ითარგმნება თაობებში. აი, ამ არჩევანის წინაშე ვდგა-ვართ. მთავარი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას - თანახმაა თუ არა, ეს ჩაგვრა აიტანოს.

- "შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს "საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ" კანონის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ", - ამგვარი შეფასება გაავრცელა სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა. როგორც ჩანს, კონტროლის პალატის ბოლო ეგზეკუციამ იმდენად იმოქმედა, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში არ იყო, ჯონ ბასს გულმა არ გაუძლო და "ფეისბუკში" მაინც თქვა თავისი სათქმელი.

- უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის პოზიცია ისეთი პატარა ქვეყნის საკითხზე, როგორიც საქართველოა. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯონ ბასს ასეთი განცხადების გაკეთების შესაძლებლობასა და უფლებას აძლევს სწორედ ქართველი საზოგადოების მზაობა, იბრძოლოს დემოკრატიული ღირებულებებისთვის. ასეთი განცხადებები კეთდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას აქვს უნარი, ეს განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. როგორც ადრე, დღესაც ცოცხლობს ქართველ საზოგადოებაში საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების დაცვის განცდა. მაგრამ, ეტყობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ ახალ ფაქტორსაც, - ახალგაჩენილ პოლიტიკურ კოალიციას, რომელიც რეალისტურად მოაზროვნე დასავლელ პარტნიორებს საფუძველს აძლევს გააკეთონ განცხადებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს გვიჩენს მოტივაციას და გვარწმუნებს, რომ ჩვენი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა აუცილებელია, რომ ამას მხარს უჭერს აშშ-ც.

- ირაკლი ალასანიამ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე ხელისუფლების ახალ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე და მოსალოდნელ ანგარიშსწორებაზე ილაპარაკა და დასძინა, რომ თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქცია დააყოვნებს, შეიძლება მსოფლიოს მეორე სირიად საქართველო მოევლინოს.

- დიდი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის, ირაკლია ალასანიას განცხადება, რასაკვირველია, ყურადსაღებია. ის არ იტყოდა ამას მხოლოდ იმის გამო, რომ დიპლომატები გაეაქტიურებინა, ან იმისთვის, რომ ყურადღება გამახვილდეს ვენეციის კომისიაში კანონის რომელიმე მუხლზე.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტი უფრო და უფრო აქტიურდება, აგრესიული ხდება მისი რიტორიკაც, მოსალოდნელი მონობითა და ფეოდალიზმის დაბრუნებით გვაშინებს. ცხადია, ამას თან ახლავს საუბარი რუსეთის აგენტებსა და რუსულ ფულზე.

- ჩემი აზრით, ეს კამპანია არ არის მიმართული რიგითი ამომრჩევლისკენ, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭიროს მხარი, ივანიშვილს თუ სააკაშვილს. ამ კამპანიის აგრესიულობა მაფიქრებინებს, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივში მიმდინარე კამპანია. ამ კამპანიაში მონაწილეობს მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ესქატოლოგიურ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც არ არის მიმართული იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ აარჩიონ ორიდან საუკეთესო. ეს განცხადებები "ნაცმოძრაობის" აქტივის კონსოლიდაციას ისახავს მიზნად.

- როგორც თვითმხილველთა და სტუდენტთა უმრავლესობა აცხადებს, სახელმწიფო უნივერსიტეტში გასულ კვირას სტუდენტურმა თვითმმართველობამ რიგით სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორა ანგარიში. თვითმმართველობის წევრები გაიძახიან, რომ ეს მხოლოდ შეხლა-შემოხლა იყო. მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ "შეხლა-შემოხლაში" მაინცდამაინც თავისუფალი და კრიტიკულად განწყობილი სტუდენტები რჩებიან ნაცემი.

- სტუდენტობა დღეს შედარებით პასიურია, არადა, ყოველთვის ყველაზე აქტიური ნაწილია ხოლმე პოლიტიკური პროცესებისა. ანომალიურია ქართველი სტუდენტების პასიურობა ბოლო 10 წლის განმავლობაში. რაც სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, ეს ბუნებრივი პროცესია. მახსოვს ზუსტად იგივე ხდებოდა კომუნისტების დროსაც. მახსოვს, როგორ არბევდნენ და ურტყამდნენ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე კომკავშირის აქტივისტები თანაკურსელებს. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რომ თსუ-ის ინციდენტმა სამართალდამცავებში გამოძახილი არ პოვა, სამაგიეროდ მისასალმებელი იყო უნივერსიტეტის რექტორის რეაქცია, რომელმაც არ გადაუსვა თავზე ხელი მოძალადეებს. სანდრო კვიტაშვილი არის ერთ-ერთი მორალური ძალისა და ავტორიტეტის მქონე ადამიანი საქართველოში რექტორთა შორის და მიხარია, რომ ასეთი პოზიცია დაიკავა. რექტორი, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა, უპირველესად აღმზრდელია და ამიტომაც არის მისი პოზიცია საამაყო.