"მასშტაბური სტრატეგია ოპოზიციურ კოალიციაში ჯერჯერობით არ ჩანს" - კვირის პალიტრა

"მასშტაბური სტრატეგია ოპოზიციურ კოალიციაში ჯერჯერობით არ ჩანს"

"ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ხელისუფლება არა მარცხად, არამედ პლუსად წარმოაჩენს"

"საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკურ თემაზე არასოდეს ყოფილა ისეთი რთული, როგორიც ამ ბოლო წლებშია"

არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლების სააღმშენებლო რიტორიკაც იზრდება. უკვე ახალი ქალაქების აშენებასა და ახალი კბილების ჩასმაზეც აღარ არის ლაპარაკი. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, არც მეტი, არც ნაკლები, ჭაჭის შადრევნის ამუშავება იგეგმება. საზოგადოდ, ქართველების გაოცება სასმლის რაოდენობითა და ხარისხით ძნელი საქმეა, მაგრამ საქართველოში გასროლილმა პროპაგანდისტულმა "თოფმა" მიზანში რუსეთის ტერიტორიაზე "გაარტყა", - ჭაჭის შადრევანიო და რუსულ სოციალურ მედიაში ერთი ვაი-უშველებელი ატყდა, "ზაკუსკის" ამბავი როგორ იქნებაო, კითხულობდნენ ერთნი, მეორენი შესაძლო რიგზე წუხდნენ; მესამენი ადგილობრივი ლოთების კონკურენციამ შეაშინა, - საქართველოში კი ჩავალთ, მაგრამ თუ მიგვიშვებენ შადრევანთანო. მოკლედ, ქართული ტელერეალობა არა მხოლოდ ქართულ სივრცეზე, უკვე რუსულზეც მოქმედებს. სხვა მხრივ კი რეალურ "რეალობას" რაც შეეხება, ქარავანი კვლავაც თავისი გზით მიდის: მინისტრები პარლამენტში ისევ არ მიდიან, ივანიშვილი მოქალაქეობის აღდგენას ისევ ელის და სახალხო დამცველიც, უკვე მერამდენედ, პარლამენტის ტრიბუნიდან ისევ ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ხალხიც ისევ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და არჩევნებს ნახევრად ოპტიმიზმითა და ნახევრად შიშით ელოდება.

ამ და ქართული რეალობისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სოციოლოგიის პროფესორს, ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრეთ:

- შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები პარლამენტში დაიბარეს, მაგრამ არ მივიდნენ. უმრავლესობას ეს არც სწყენია. უფრო მეტიც, როდესაც ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" სამთავრობო საათის გამართვა და მერაბიშვილისა და ადეიშვილის დაბარება მოითხოვა, უმრავლესობის ლიდერი მათ მოთხოვნას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და პარლამენტის თავმჯდომარეს ლამის უბრძანა, მათ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

- ყველაფრის სათავე ისაა, რომ საქართველოში არ მოქმედებს დემოკრატიის მთავარი პრინციპი - ძალაუფლების გადანაწილება სახელისუფლებო შტოებს შორის. პარლამენტი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არ არსებობს, ის აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) სამსახურშია. ამ პარლამენტის ისტორიაში არ მახსენდება ერთი პრეცედენტიც კი, როდესაც მთავრობას არათუ დაუპირისპირდა, არამედ საფუძვლიანი ოპონირება გაუწია. ცხადია, არ ვგულისხმობ ცალკეულ დეპუტატთა ოპოზიციურ გამოსვლებს. ლაპარაკია პარლამენტის გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა, ვინმე შემომედავოს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს, რომელიც მისივე წიაღიდან ქმნის მთავრობას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების არადემოკრატიულობის ინდიკატორი სწორედ ის არის, რომ ის არ მუშაობს შინაგანი ოპონირების რეჟიმში. თუ რომელიმე დეპუტატს მმართველი პარტიიდან რაიმე კრიტიკული დასცდა მინისტრებზე, ან მით უფრო, პრეზიდენტზე, ის განწირულია. მეორე მხრივ, მთავრობაში ძალოვანი სამინისტროები და მინისტრები "ბოსობენ". პარლამენტი, სამწუხაროდ, ავტოკრატიული ვერტიკალის ერთ-ერთი, მთავრობაზე დაქვემდებარებული რგოლია. ასეთი რეალობა შორსაა დემოკრატიისგან.

- "აბა, გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, აბა, გაბედოს და არ დაიხიოს უკან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისის გახსნის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრისას. საზოგადოებრივი აზრი ივანიშვილის შანსზე, დაიბრუნებს თუ არა მოქალაქეობას, სულ უფრო კარდინალურად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩენია, მეორენი კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისი პირველი მარცხის დეკლარირება იქნება. თქვენ რომელ მოსაზრებას ემხრობით?

- ხელისუფლების ერთადერთი რეაქცია ამაზე ისაა, რომ ივანიშვილს გაურთულდეს პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბებისა და მოქმედების შესაძლებლობა. საამისოდ მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია. შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, ივანიშვილს აღუდგება მოქალაქეობა თუ არა. მოქალაქეობააღდგენილ ივანიშვილს ზუსტად იმავე ხარისხით შეუქმნის ხელისუფლება წინააღმდეგობებს, როგორითაც მოქალაქეობაჩამორთმეულს უქმნის დღეს. ჯერჯერობით ხელისუფლების ხელშია მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის საშუალებითაც ყოველთვის შეუძლია თეთრის შავად გასაღება. ამიტომაც თუნდაც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ხელისუფლება არა მარცხად, არამედ პლუსად წარმოაჩენს და ახლა ამ რეალობის გათვალისწინებით აამუშავებს დამაბრკოლებელ მექანიზმებს. ავტორიტარულ რეჟიმებში ხელისუფლების მარცხსა და წარმატებას შორის განსხვავება პირობითია, უფრო სწორად, იჩქმალება ხელისუფლების მარცხის ობიექტური რეპრეზენტაცია და ყველაფერი წარმოჩნდება როგორც წარმატებული პოლიტიკის კომპონენტი. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მაგალითს, როდესაც ხელისუფლებას გულწრფელად უღიარებია თავისი მარცხი საზოგადოების წინაშე (2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით). როგორ შეიძლება ამ წრის გარღვევა?

ოპოზიციამ უნდა შეძლოს საზოგადოებასთან მჭიდრო და ეფექტური საკომუნიკაციო და საინფორმაციო სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება. საქართველოს საზოგადოების ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი, ხელისუფლებას ტრადიციულად ყველაზე მეტად სწორედ თბილისში უჭირს და თბილისში აგებს. ცხადია, არა იმიტომ, რომ დედაქალაქში ყველაზე ჭკვიანი ამომრჩევლები ცხოვრობენ, არამედ იმიტომ, რომ აქაური ამომრჩეველი ყველაზე ინფორმირებულია და მოვლენების სხვადასხვა კუთხით განხილვის შესაძლებლობა აქვს. საჭიროა ალტერნატიული ინფორმაციის მიტანა მოქალაქეებამდე, რაც შეიძლება ინტენსიურად და მასშტაბურად. მაგრამ ასეთი მასშტაბური სტრატეგია ოპოზიციურ კოალიციაში ჯერჯერობით არ ჩანს.

- თავის საანგარიშო მოხსენებაში სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა მრავალ დარღვევაზე ისაუბრა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი ბასი ამ მოვლენას ფეისბუკზე გამოეხმაურა და მას უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა. სხვა საქმეა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს მოხსენება ხელისუფლებისთვის, რომელიც, როგორც წესი, სახალხო დამცველის ანგარიშებს წლების განმავლობაში "ყურებს მიღმა" ატარებდა. თუმცა, ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენიშვნებს საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ. როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ, გაგრძელდება თუ არა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ცდილობს, ერთი ხელით ივანიშვილს ურტყას, მეორე კი საზოგადოებას გადაუსვას ხოლმე თავზე. იმოქმედებს თუ არა ეს ჩვენს სოციუმზე?

- ომბუდსმენის ნამდვილად მწვავე და თამამ განცხადებებს ხელისუფლება შედარებით მშვიდად ხვდება და მისთვის საბედისწეროდ არ აღიქვამს, რადგან ეს განცხადებები რადიკალური არ არის და არსებული პრობლემების გამოსწორებისთვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოხატავს. ომბუდსმენი პოლიტიკური (ვიწრო, ანუ პარტიული გაგებით) ფიგურა არ არის და ამიტომ მისი ოპოზიციონერობა ხელისუფლებისათვის ნაკლებად გამაღიზიანებელია. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ხელისუფლებისთვის მიუღებელი მაშინ გახდა, როდესაც პოლიტიკური, კერძოდ, ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართული განცხადებების გაკეთება დაიწყო, ანუ გამოვიდა ინსტიტუციური ჩარჩოებიდან და ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე ფიგურიდან მეამბოხე ფიგურად გადაიქცა. ვიდრე სახალხო დამცველი ინსტიტუციურ ჩარჩოებში რჩება, ის ხელისუფლებისთვის ნაკლებად პრობლემურია. იგივე ითქმის არასამთავრობო სექტორისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს როგორც სახალხო დამცველის, ისე არასამთავრობო სექტორის როლის დაკნინებას. ასეთი ინსტიტუტების აქტივობა უაღრესად მნიშვნელოვანია ევოლუციური ცვლილებების პროვოცირებისთვის. უბრალოდ, ისინი ყოველთვის შეიძლება მსხვერპლად შეიწიროს ავტორიტარულმა რეჟიმმა და აქციოს "ხმად მღაღადებლისა".

-  NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 47% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. რესპონდენტთა 10%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება". მესამე ადგილს გამოკითხულთა 3%-ის მხარდაჭერით "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" იკავებს. ერთია გამოკითხვის მეთოდოლოგია, რესპონდენტთა შერჩევის პრინციპი და, ალბათ, მონაცემთა დამუშავებაც, მაგრამ ამაზეც რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად ობიექტური და გულახდილი იქნება რესპონდენტის პასუხი, რომელსაც თუნდაც სულ ახლახან კონტროლის პალატის ეგზეკუციის მაგალითი ახსოვს? როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მომტანია ამგვარი გამოკითხვები წინასაარჩევნო პერიოდში?

- ბევრჯერ ვთქვი და დავწერე: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკურ თემაზე არასოდეს ყოფილა ისეთი რთული, როგორიც ამ ბოლო წლებშია. ამის მიზეზია არაგულწრფელი რესპონდენტების რიცხვის ზრდა, რასაც, თავის მხრივ, ოპოზიციური განწყობის გამოხატვის შიში განაპირობებს. სოციოლოგებს გვიხდება რესპონდენტთა ანონიმურობის სხვადასხვა, ზოგჯერ ქართულ რეალობაში აქამდე არააპრობირებული მეთოდების გამოყენება, რაც გაზრდიდა მათი გულწრფელობისა და შესაბამისად, გამოკითხვის შედეგების ობიექტურობის ხარისხს. NDI-ს ბოლო გამოკითხვაში საყურადღებოა ის შედეგი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პრეფერენციის უქონელთა წილი თითქმის 40%-ს აღწევს. აქ შედიან ისინი, რომელთაც ჯერაც არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ მხარს არჩევნებში, თუმცა, შედიან ისინიც, ვისაც არჩევანი გაკეთებული აქვთ, მაგრამ ამას მალავენ (ასეთთა წილი, სულ მცირე, 40%-ის ნახევარს უნდა შეადგენდეს).

ცხადია, საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დამალვის მოტივი მმართველი პარტიის ამომრჩეველს არ შეიძლება ჰქონდეს, ეს უმთავრესად ოპოზიციური ამომრჩეველია. ფაქტია, რომ NDI-ს კვლევამ ვერ მოახერხა ოპოზიციურად განწყობილი რესპონდენტების განწყობის ადეკვატურად წარმოჩენა. და რას ვიღებთ? - რეალობის შეუსაბამო სურათს. რაც მთავარია, საზოგადოება აქცენტს პოლიტიკური არჩევანის დამმალველ დიდ ჯგუფზე კი არ აკეთებს, არამედ იმ 10%-ზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას მმართველი პარტიისაგან დიდი დისტანციით აშორებს. ამგვარი არაადეკვატური სურათი საზოგადოებრივ ცნობიერებაზეც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს კვლავ რადიკალიზმისკენ ან იმედგაცრუებისკენ უბიძგებს. ამგვარი კვლევები ვერ ჩაითვლება სასარგებლოდ საზოგადოების პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიულობის ზრდისათვის. გარდა ამისა, ჩემთვის მიუღებელია, რომ მოქალაქეებს, რომელთა წყალობითაც იძენენ ლეგიტიმაციას პოლიტიკური პარტიები, გამოკითხვის შედეგების გამჟღავნების ღირსადაც არ თვლიან. ეს სოციოლოგიურ კვლევებს საზოგადოებაში ნეგატიური განწყობისა და დაძაბულობის ზრდის ინსტრუმენტად აქცევს.

- აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჯონ ბონერი ბარაქ ობამას მედვედევთან გადალაპარაკების შესახებ საჯარო ახსნა-განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს.  BBC-ის ცნობით, ჯონ ბონერი მათი საუბრის შინაარსმა აღაშფოთა. "თქვენმა სიტყვებმა გააჩინა ვარაუდი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე აშშ-ის პოზიციის შესაძლო შეცვლის თაობაზე. უმჯობესი იქნება, საჯაროდ და ზუსტად განაცხადოთ, რომ არანაირი ერთმხრივი დათმობა რუსეთთან არც არჩევნებამდე და არც მის შემდეგ არ იქნება", - სწერს "რესპუბლიკელი" სპიკერი ობამას. ობამას ნათქვამის შინაარსი, რომელიც შემთხვევით ჩართული მიკროფონის მეშვეობით გახდა ცნობილი, აშშ-ის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა. ობამამ მედვედევს გადაულაპარაკა, "ყველა საკითხი, განსაკუთრებით კი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა, შესაძლებელია გადაწყდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მან (პუტინმა) ამისათვის სივრცე მოგვცეს"ო, ამ ფონზე რამდენად სამართლიანია ჯონ ბონერის მოწოდება?

- არც აშშ-ისა და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა და ახალი "ცივი ომის" წამოწყება. ამერიკის ადმინისტრაცია ყოველთვის იქნება ფრთხილი და მოქნილი რუსული პოლიტიკის წინაშე და შეეცდება მისთვის (და მსოფლიოსთვის) სასარგებლო შედეგს აშკარა კონფრონტაციის გვერდის ავლით, "შემოვლითი გზებით" მიაღწიოს. ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ საქართველოს ფაქტორი რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაფუჭების კატალიზატორი ან მიზეზი აღმოჩნდება. სწორედ ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი, რომ საქართველოც ჩაეწეროს ამ დაბალანსებულ პოლიტიკურ თამაშში და ბევრის მოლოდინი არ ჰქონდეს.