ერთი კაცისთვის შეცვლილი კონსტიტუცია... - კვირის პალიტრა

ერთი კაცისთვის შეცვლილი კონსტიტუცია...

რა არ აპატიეს სინამდვილეში დიტერ ბოდენს?!

"მოქალაქეობის დაბრუნება უკან დახევად აღიქვეს"

მხოლოდ პუტინს არ უთქვამს საქართველოს პრეზიდენტისთვის, - ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინე და არჩევნებისთვის გარემო კონკურენტული გახადეო, თორემ მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასე ფიქრობს (სხვათა შორის, სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ბოლო გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ასეთი აზრი აქვს). მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის თავისი, თუნდაც ერთხელ ნათქვამი სიტყვა იმდენად ძვირფასია, მზად არის, ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ არ გადათქვას. ასეა საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაშიც. თუმცა, სტრატეგიული გამართლება ამ გადაწყვეტილებასაც აქვს - მოქალაქეობის არმქონე პირს გაცილებით იოლად გააქილიკებ და სხვადასხვა ინტრიგასაც მოუწყობ. ისიც ფაქტია, რომ საქართველო კვლავაც რჩება დასავლეთის "გამადიდებელი შუშის" ქვეშ და თუ მოსახლეობის განწყობასაც გავითვალისწინებთ, ხელისუფლებას საარჩევნოდ ვირტუოზობის გამოჩენა მოუწევს, რომ არც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ მყოფი დამკვირვებლები განარისხოს და არჩევნებიც სუფთად მოიგოს...

დეტალურად ამ და სხვა საკითხებზე პოლიტოლოგ კოტე ჟღენტს ვესაუბრებით:

- "ის, რაც გავრცელდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ, შუალედური რგოლის უკანონო დასკვნაა და არა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება. არადა, მოქალაქეობის შესახებ კანონის 41-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მიცემის ან არმიცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი იღებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ვალდებულია, გაგვცეს პასუხი ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან დაუკმაყოფილებლობაზე. დიდი ალბათობით, სააკაშვილის დავალებით გასცეს ასეთი პასუხი, მაგრამ ვიმეორებ, ამათივე კანონების თანახმად, 41-ე მუხლით პრეზიდენტია ვალდებული, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. თუმცა მანამდე, საზოგადოებაში იყო მეორე მოსაზრებაც, რომ შეცდომა ივანიშვილის ადვოკატებმა დაუშვეს განცხადების შეტანისას. ასეც რომ ყოფილიყო, თქვენი აზრით, ვის მეტი მოეთხოვება, თუნდაც, ძალიან მდიდარი, მაგრამ მაინც ერთი კაცის ადვოკატს, თუ მთელი სახელმწიფოს ჩინოვნიკებს, თავისი სამინისტროებითა და აპარატებით, რომლებმაც ამ ნიუანსის დადგენას განცხადების შეტანიდან სამი თვე მოანდომეს?

- კანონებისა და კანონშემოქმედების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ცნობილი ამბავია, რომ კანონებს ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს და არსებობს კანონები, რომლებიც ორნაირად შეიძლება წაიკითხო. ეს ითვლება კანონმდებლობის ნაკლად. ამ საქმეს ორი შემადგენელი ნაწილი აქვს: ერთი - სამართლებრივი, მეორე - პოლიტიკური. ვფიქრობ, საქმე თავიდანვე პოლიტიკური ნიშნით წარიმართა, მით უმეტეს, ნათქვამი ჰქონდა "ქართულ ოცნებას" - ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, ჩვენ მზად ვართ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის, მომზადებული ვართ მოქალაქეობის მინიჭებისთვისაც, იმისთვისაც, თუ უარს იტყვიან და იმისთვისაც, თუ პროცესი გაჭიანურდებაო. თუ ეს ასეა და მიზეზი არ მაქვს, ამ ნათქვამს არ დავუჯერო, რადგან ივანიშვილის გარემოცვაში ძალზე კვალიფიციური იურისტები მეგულება, აქ პირველ ადგილზე პოლიტიკური შემადგენელი გამოდის. ასეთ შემთხვევაში შემდეგი კითხვა ისმება: ვის წაადგება შექმნილი სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილს თუ მიხეილ სააკაშვილს?

მოსახლეობის მეტი ნაწილი ვის დაუჯერებს - ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კანონდამრღვევია და ცდილობს, დაჩაგრულის მანტია მოისხას, თუ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ იმდენად სასაცილოა ეს არგუმენტები, სურვილიც არ მაქვს, პასუხი გავცეო...

- "ხელისუფლებას კონკურენციის არ ეშინია და ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება აბსოლუტურად მისაღებია" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივასთან დაკავშირებით ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას არც კონკურენციის ეშინია და არც მეტოქეობის. პირიქით, სურს, ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს და კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს. ბაქრაძის მოსაზრება, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანს, რადგან ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე, რაც ბევრად მარტივი პროცედურა იქნებოდა, მზადაა, ერთი კაცისთვის მთელი კონსტიტუცია შეცვალოს. რატომ დათანხმდა ხელისუფლება ამ ინიციატივას? ოღონდ სააკაშვილმა ერთხელ ნათქვამი არ გადათქვას და ყველაფერზე წავა? თუ მოქალაქეობის არმქონე ადამიანთან ბრძოლა და ინტრიგების ხლართვა უფრო იოლი იქნება?

- ერთი ფაქტორიც არის და მეორეც, თუმცა, წამყვანი მაინც პირველია - ვიცნობ სააკაშვილს, მქონია მასთან ურთიერთობა და ვიცი, ისეთი კაცია - ყველაფერს იზამს და ერთხელ ნათქვამს არ გადათქვამს. არა მარტო მას, მის წინამორბედსაც ჰქონდა ასეთი თვისება - ნათქვამის თუ გაკეთებულის შეცვლა არ უყვარდა. ალბათ, ამჯერადაც ამასთან გვაქვს საქმე: რახან ერთხელ ჩამოვართვი, აღარ დავუბრუნებ და მოვნახავ სხვა, საერთაშორისო საზოგადოებრიობისა თუ მოსახლეობის ზეწოლისგან თავდასაცავ გზასო. დაჯდა მერე, როგორც ჩანს, ის რამდენიმე კაცი, ქვეყნის ბედს რომ წყვეტს - ზოგი ამბობს, ოთხიო, ზოგიც, - სამიო და ეს გადაწყვეტილება მოიფიქრა. მეორე მომენტიც, რაც თქვენ ბრძანეთ, ძალაში რჩება - ალბათ, გათვალეს, ასე უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ რაღაცები ვიხიმანდროთო. თუმცა, უფრო მთავარი მაინც პირველი ფაქტორია - მოქალაქეობის დაბრუნება უკან დახევად იქნებოდა აღქმული.

- ერთი კაცისთვის კონსტიტუციის შეცვლას რომ  დათანხმდნენ, უკან დახევა არ არის?

- კონსტიტუცია პირველად ხომ არ იცვლება - იმ დღეს, რადიო "პალიტრის" გადაცემაში მე და ვახტანგ ხმალაძე ვითვლიდით და ვერ დავთვალეთ, რამდენჯერ და რამდენი რამე შეცვალეს კონსტიტუციაში - თითები არ გვეყო. არ შეიძლება კონსტიტუცია შენს გემოზე ჭრა და კერო, ამას ყველა აღნიშნავს, მაგრამ ქართული სინამდვილისთვის რომ ეს ახალი არ არის, ფაქტია...

- თავად ცვლილება, თავისი არსით, რამდენად დასაშვებია?

- რაკიღა ევროკავშირის მოქალაქეებზეა ლაპარაკი, ეს ალბათ ისე გასაღდება, როგორც ევროკავშირთან დაახლოების კიდევ ერთი სურვილი, - ჩვენ გვსურს ევროკავშირთან უფრო მეტად ინტეგრირება და ა.შ. დროშებიც ხომ გამოფინეს თავის დროზე, - ბევრი შემხვედრია ევროპაში, ღიმილითა და დაცინვით რომ გაუხსენებია ეს ამბავი. მაგრამ არის ხალხი, ვინც ამას დადებით მოვლენად, იმის მაჩვენებლად მიიჩნევს, რომ ქვეყანა ცდილობს ევროკავშირში მოხვედრას.

აქ მხოლოდ ერთი მხარის სურვილი არ კმარა, თუ ყველა არ მოინდომებს დამეგობრებას, ეს ვერ მოხდება. კანონების ცვლას, სჯობს, ევროკავშირს დემოკრატიის ხარისხით და სხვა სტანდარტებით, თუნდაც არსებული კანონმდებლობით დავუახლოვდეთ... ავიღოთ თუნდაც შრომის კანონმდებლობა, რომელზეც დიდი ხანია ევროპა გვეუბნება, შესაცვლელიაო, ესენი კი ჯიუტად არ ცვლიან... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვცდილობ, ობიექტურად ვისაუბრო სხვადასხვა სიტუაციაზე, მაგრამ ნახეთ - ვიღაცას შეიძლება უმნიშვნელოდ მიაჩნია კოლუმბიის უნივერსიტეტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ყველაზე უბედური ქვეყნების ჩამონათვალში, ისეთი ქვეყანაც კი გვჯობია, როგორიც სომალია... ეს რეიტინგები, ისევე როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია, ხომ უცხოეთშიც იბეჭდება? როგორ ფიქრობთ, ერთი კაცის გამო კონსტიტუციის შეცვლის გადაწყვეტილება არ იმოქმედებს იმ კაცზე, ვინც საქართველოში ინვესტიცია უნდა განახორციელოს?

- გასულ კვირაში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა - ერთი მხრივ, შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანიც, რაკიღა საქმე "კომედი შოუს" მსახიობებს ეხება, რომლებიც "რუსთავი 2"-დან ივანიშვილის ვაჟთან, ბერასთან გადავიდნენ სამუშაოდ. მეორე მხრივ, მავანთ ეს ფაქტი ყინულის დაძვრას შეადარეს... როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება იმ შემთხვევაში, თუკი იმ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ხელისუფლების სიკეთესა და დემოკრატიის წინსვლაზე ლაპარაკობენ, ხვალ სხვა ბანაკში აღმოჩნდებიან?

- ეს პირველ რიგში, თქვენი, ჟურნალისტების, განსასჯელია, მედიაში მომუშავე ხალხმა უნდა შეაფასოს ეს საქციელი. მე, პოლიტიკოსები რომ გადადიან ერთი გუნდიდან თუ პარტიიდან მეორეში, ამის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთაც. ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ხშირია გადანაცვლება დემოკრატებიდან რესპუბლიკელებში და პირიქით. შეიძლება პარადოქსული რამ ვთქვა, მაგრამ ჟურნალისტისთვის უფრო დასაფიქრებელია ასეთი საქციელი. თუ ეს შეგნებულად არის გაკეთებული და ადამიანმა რწმენა და აზრი შეიცვალა, გამართლებულია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პიროვნებისგან გამომდინარეა - შეიძლება დაუჯეროს ხალხმა, შეიძლება თქვას, ფულის გულისთვის გადადგა ეს ნაბიჯიო. თუ ის პიროვნება შემჩნეულია ასეთ რამეებში, მაშინ არ დაუჯერებენ და თუ მისი ახლობლები თვლიან, რომ პატიოსანი კაცია და ეს არჩევანი შეგნებულად გააკეთა, მის გადაწყვეტილებასაც გაგებით მოეკიდებიან.

- ხელისუფლებამ ლამის პერსონა ნონ გრატად და სახელმწიფოებრიობის მტრად გამოაცხადა დიპლომატი დიტერ ბოდენი. ეს ადამიანი საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდა და "ბავშვების ჭამაში" შემჩნეული არ ყოფილა...

- ამ შემთხვევაში მიზეზი და საბაბი უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. თავის დროზე, როცა ბოდენის ე.წ. დოკუმენტი შეიქმნა, მეც ვიყავი მათ შორის, ვინც კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდა - ეს არ იყო კონფლიქტის გადასაჭრელად დიდად მისაღები მოსაზრება. მაშინ დოკუმენტიც კი მომზადდა, რომელსაც "ანტიბოდენი" ეწოდა, ამიტომ მე ბოდენის მიმართ სიმპათიას ვერავინ დამწამებს. თუმცა, როგორც დიპლომატი, მას კარგად ვიცნობ და ვიცი, ამ კაცს თავისი აზრი ჰქონდა რაღაც-რაღაცებზე და ამას არც მალავდა. სხვათა შორის, დიპლომატიაში გერმანელები გამოირჩევიან ასეთი პირდაპირობით. რაც შეეხება საქართველოს ნაცისტებთან შედარებას, ამაზე თავად ბოდენმა გააკეთა განმარტება, -  საქართველოს უნდა ეყოს საიმისო ძალა, რომ ბოდიში მოიხადოს, როგორც გერმანელებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ცუდად მოიქცნენ და ბოდიში მოიხადესო...

- შესადარებლად მთლად შესაბამისი მაგალითი ვერ შეურჩევია...

- შედარებისას ნაციზმზე კი არა, ბოდიშის მოხდაზე გააკეთა აქცენტი და განმარტა კიდეც ეს. ესეც არ ყოფილა, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი. საქმე ის არის, რომ ბოდენმა თავის დროზე მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს კონცეფცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ბატონი იაკობაშვილის მინისტრობისას იქნა შემუშავებული. მან პირდაპირ განაცხადა, ილუზორული დოკუმენტია და არ იმუშავებსო. ვფიქრობ, სწორედ ეს არ აპატიეს დიტერ ბოდენს.