"ვინც ბრძოლაში ჩაბმას გადაწყვეტს, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად" - კვირის პალიტრა

"ვინც ბრძოლაში ჩაბმას გადაწყვეტს, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად"

"ჩვენნაირი ოლიგარქიული სისტემისთვის დონალდ ტრამპი თანამდებობის პირად აღიქმება"

"ლობისტური კომპანიების დონეზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს"

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დაადგინა, რომ შარშან აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 52 ობიექტი გაასხვისა. თითოეული გაყიდული ობიექტის ფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 1 ლარია. მყიდველებს შორის არის პრეზიდენტის დედა გიული ალასანიაც, რომლისთვისაც 2011 წლის 5 დეკემბერს აჭარის მთავრობას საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა ერთ ლარად მიუყიდია. დემოკრატიის მშენებელ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა ესოდენ მნიშვნელოვანი უნდა იყოს და სადაც პრეზიდენტს ესოდენ მოაქვს თავი კორუფციასთან ბრძოლითა თუ ნათესაურ-კლანური სისტემის მოსპობით, სულაც რომ კანონიერების ფარგლებში ხდებოდეს, არათუ პრეზიდენტის, ზოგადად, მთავრობის წევრთა ახლო ნათესავებიც კი მსგავს ოპერაციებს არ უნდა ატარებდნენ - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იდეოლოგიური მოსაზრების ან თუნდაც იმის გამო, რომ ამხელა შენობის 1 ლარად შეძენის მსურველი ქვეყანაში სხვა,  არანათესავიც ბევრი გამოჩნდებოდა და ჯერ მათი ინტერესი უნდა დაკმაყოფილებულიყო. გასულ კვირაშივე ერთობ საინტერესო ინიციატივის "ჩეკების ლატარიის" პრეზენტაცია მოხდა. ამ იდეას პრეზიდენტმა უკვე უწოდა "რევოლუციური".

პირადად ჩემთვისაც, მაღაზიაში ჩეკების გამოწერისა და მოთხოვნის კულტურის დამკვიდრება მისაღებია, მით უმეტეს, მისაღებია, თუ ხელისუფლება ამ ინიციატივას ეკონომიკის სფეროში განაზოგადებს და რეპრესიული შიშის დათესვის ნაცვლად წახალისების პრინციპით იმოქმედებს. ყველას კარგად გვახსოვს, "გადაცმული" საგადასახადო აგენტები თუ ინსპექტორები პატარა მაღაზიების მეპატრონეებს სხვადასხვა სიმულაციის გზით ხუთასლარიან ჯარიმებს რომ უწერდნენ... ცხადია, როგორც ყველა სიახლეს, ხარვეზები "ჩეკების ლატარიასაც" ექნება. მაგალითად, მავანი შესაძლოა ლატარიის ბილეთებად "გადაქცეულ" ჩეკებს დახარბდეს და ათ კვერცხში ფული ცალ-ცალკე გადაიხადოს, რომ ათი ჩეკი მისცენ - კანონით ეს არ იკრძალება... გამოუსწორებელი არაფერია და ალბათ, საშველი ამ მხრივაც გამოჩნდება. მანამდე კი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე ვესაუბრებით:

- ბიძინა ივანიშვილის მოძრაობამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დამფუძნებელი ყრილობა გამართა. ამიერიდან პოლიტიკური განაცხადის მქონე ბიზნესმენი უკვე ოფიციალურად გახდება პოლიტიკური მოღვაწეც. როგორ შეაფასებდით მის ამჟამინდელ სტრატეგიას და სამომავლო შანსებს?

- საკმაოდ კარგად არის გამოკვეთილი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის სტრატეგია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ძალზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს შეერთებული შტატების კარზე, რაც სავსებით ნორმალურია, რადგანაც ისტორიულად ასეა. გასული საუკუნის 70-იან წლებში შევარდნაძე-მჟავანაძის დაპირისპირებისას მნიშვნელოვანი საკითხები კრემლში წყდებოდა, უფრო ადრე ეს ხდებოდა სპარსეთში, ოსმალეთში, მონღოლეთში... ხელისუფლება დღეს ანგარიშს ვაშინგტონს უწევს. ასეთია ორნამენტული, მცირე ქვეყნების ხვედრი. აქედან გამომდინარე, ბრძოლა, რაც ხდება ლობისტური კომპანიების დონეზე, სერიოზული და მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, საქართველოში გაშლილია საქმიანობა რეგიონებში ოფისების გახსნისა და პოლიტიკური ლიდერების გადანაწილების თვალსაზრისით. პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია კი უკვე ამ ყველაფრის ოფიციალური გაფორმებაა საჯარო სივრცეში.

- პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე იურისტი მანანა კობახიძე იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დელეგატებმა პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაზე მიიღეს. "ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გახდება პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე. დღეს, ფორმალური თვალსაზრისით ჩვენ ვირჩევთ მანანა კობახიძეს, რადგან კონსტიტუციაში ცვლილების შესვლას გარკვეული დრო სჭირდება", - განაცხადა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.

- სავსებით გასაგები და მარტივი ტაქტიკაა - გადაწყვეტილება დროებითია, რადგან ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანამდე ვერ აირჩევენ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას გულისხმობს. მანამდე კი, სხვადასხვა ინტერპრეტაციისა და მითქმა-მოთქმის საბაბი რომ არ გამხდარიყო, პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა არა ცნობილი პოლიტიკოსი, არამედ ახალი სახე, ამავე დროს, არასამთავრობო სექტორში და იურისპრუდენციაში ცნობილი ფიგურა მანანა კობახიძე. მასზე ჭორაობა და ინტრიგებით გაჯერებული ინფორმაციების გავრცელება ხელისუფლებისთვის ძალზე ძნელი იქნება.

- ჯერჯერობით, სტრატეგიას, რომელსაც ხელისუფლება ივანიშვილს უპირისპირებს, ჩემი აზრით, შიში ჰქვია. ამის ნათელ ილუსტრირებად თუნდაც გასულ კვირაში მომხდარი ფაქტი გამოდგება - თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მეხუთე კვარტალის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქოტანსაცმლიანმა პირებმა ბერა ივანიშვილის სტუდია Georgian Dream Studio-ს წევრის, "რუსთავი 2"-ის გასართობი გადაცემების ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ძმა ლაშა გოგორელიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გოგორელიანი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა, ფაქტია, რომ ერთი შეხედვით არცთუ მნიშვნელოვან ამბავზე - რამდენიმე მსახიობის მიერ სამუშაო ადგილის შეცვლაზე, მავანს ერთობ მძაფრი რეაქცია ჰქონდა...

- მოდი, ამ ყველაფერს საღად და რეალისტურად შევხედოთ და ვთქვათ, რომ რამდენიმე მსახიობი კი არ გადავიდა ივანიშვილის ბანაკში, არამედ ხელისუფლების იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები.

ცნობილი ამბავია, რომ სახელისუფლებო მანქანა საკმაოდ კარგად და დეტალურად არის სტრუქტურიზებული, - ყველა სტრუქტურას თავისი დანიშნულება აქვს. თუ ამ კონცეფციის მიხედვით ვიმსჯელებთ, "კომედი შოუს" ხალხი მსახიობები კი არა, იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები არიან და როდესაც იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები ერთი საბრძოლო ბანაკიდან მეორეში გადადიან, ეს იწვევს ასეთ მძაფრ რეაქციას. ეს არ არის ჩვეულებრივი ხალხი, ეს ყველაფერი არის ერთიანი სისტემის ნაწილი, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: შინაგან საქმეთა მინისტრს - თავისი, კუდ-ს - თავისი, საინფორმაციო სამსახურს - თავისი, "კომედი შოუს" კი - თავისი. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებისთვის ამ ბიჭების გადაწყვეტილება ღალატია, მაგრამ ხომ გაგიგიათ ოკუპანტური გამოთქმა: Вовремя предать, это не предательство, это умение предвидеть. მთავარია, ხაბურზანიასავით არ მოგივიდეს და ნამეტანი არ დააგვიანო გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ, ეს სერიოზული ამბავია. ჩვენ რომ დავიწყოთ ჰუმანური მოტივებით ჭმუნვა და კაეშანი - გიმნაზისტი გოგონები ხომ არა ვართ - ეს სერიოზული ბრძოლაა, რეალური დაპირისპირება და როგორი ქვეყანაც გვაქვს, ამ დაპირისპირებაში მეთოდებიც ზუსტად ისეთივეა. ასე რომ, ვინც ამ ბრძოლაში ჩაბმას გადაწყვეტს, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. "კომედი შოუს" ბიჭების გადაწყვეტილება კი ხელისუფლებისთვის მართლაც სერიოზული დარტყმა იყო, ამიტომაც ჰქონდათ მძაფრი რეაქცია.

- რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა: "უბედნიერესი ვართ ხელისუფლების სულელური ნაბიჯების გამო. საქმე იმაზე კარგად მიდის, ვიდრე ველოდი... სააკაშვილისთვის კონსტიტუცია არის საოჯახო საქაღალდე, რომელსაც ხან რაღაცას ჩაამატებს, თუ დასჭირდა, ფურცელს ამოხევს. ეს ხელისუფლება სწორედ იმიტომაა სწრაფად შესაცვლელი, რომ არის მოძალადე, პირველ რიგში - კონსტიტუციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ზოგადად, ფიზიკური ძალადობისკენ სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი მოთხოვნილებაა. ცივილიზაციის კვალობაზე თავის შეკავება დავიწყეთ ფიზიკური ძალადობისგან სწორედ ქაღალდებით - კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით". უსუფაშვილის შეფასების რიტორიკული ხასიათი გასაგებია, მაგრამ მაინც - ასეთი ტიპის ხელისუფლება "ბედნიერების გამომწვევი" უნდა იყოს თუ შეშფოთების?

- რასაც უსუფაშვილი ამბობს, აბსოლუტურად სწორია. კონსტიტუცია რომ კონსტიტუცია არ არის, ცხადია და ეს მანამდეც ცნობილი იყო, ისევე, როგორც ბევრი რამ არ არის იმ სახელის შესაბამისი, რაც ჰქვია და არ ასრულებს იმ როლს, რაც ნორმალურ ქვეყნებსა და საზოგადოებაში აკისრიათ. კონტროლის პალატა და მისი თავმჯდომარე ასევე არის სახელისუფლებო პარტიის ნაწილი, ანუ სახელები და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება. კონსტიტუციასაც საქართველოში არ აქვს ის მნიშვნელობა, რაც, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საფრანგეთში.

- ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. გასაგებია, რომ ინვესტიციები სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენა გახლავთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ტრამპი მაინც კერძო პირია და არა ოფიციალური სახელმწიფო მოღვაწე - რამდენად წაადგება ქვეყნის იმიჯს ასეთი "ტრამპა-ცუმპების" მოწყობა?

- მშვენიერი შედარებაა, შეკითხვაში უკვე არის პასუხი და ეს პასუხი სწორია. მოქცევის არცოდნა ახასიათებს ძალიან ღრმად პროვინციულ ქვეყანას. ამასაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ისეთი ოლიგარქიული სისტემისათვის, როგორიც დღეს გვაქვს საქართველოში (ოლიგარქია - პლატონური განმარტებით - ნიშნავს ბიზნესისა და ხელისუფლების ერთიანობას, როცა ქვეყანას ფულიანთა უმცირესობა მართავს). დონალდ ტრამპი, ამერიკელი ბიზნესმენი, თანამდებობის პირად აღიქმება და ასეთი ზარ-ზეიმით დახვედრა სავსებით ლოგიკურია, ისეთივე ლოგიკური, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში გუმ-ის თუ ცუმ-ის დირექტორი ან ცეკას მდივანი რომ ჩამოდიოდა და ტაშფანდურით ხვდებოდნენ. მათთვის ბიზნესი კერძო სფერო კი არ არის, არამედ ხელისუფლების ნაწილია, აქედან გამომდინარეა ასეთი დახვედრაც.

- საჯარო მოსამსახურეებს ფინანსთა სამინისტროსთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომელსაც საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. როდესაც ლამის ყოველდღიურად იცვლება კანონმდებლობა პოლიტიკაში ფულისა და ქონების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ასეთი ინიციატივა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენად მომგებიანი და ადეკვატურია?

- წინასაარჩევნოდ სწორედ რომ ადეკვატურია, რადგან არჩევნებში საჯარო მოხელეებიც მონაწილეობენ და არცთუ უმნიშვნელო მისიით. ასეთი ლოიალური გადაწყვეტილებები მათთვის დამატებითი სტიმული იქნება, რომ პატრონის ყოლის განცდა ჰქონდეთ, რომ უფრო აქტიურები იყვნენ სახელისუფლებო პროპაგანდისა თუ სხვა მაქინაციების ჩატარებაში.

- ოფიციალური მოსკოვის გაოგნებას იწვევს ის, რომ საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა, სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ეს ყველაფერი მაინც იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან ჩვენ არ გვინდა მორიგი დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში, ამ ადამიანის მორიგი ავანტიურის გამო", - დასძინა ლავროვმა. არჩევნებთან კორელაციაში, რამდენად შემაშფოთებელი შეიძლება იყოს ეს განცხადება?

- ვამბობდით, რომ რუსეთი არის ირაციონალური ქვეყანა, ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შეხედულება გადასახედია. ეს ძალიან მზაკვრული განცხადებაა. რეალურად ხომ საქართველოს ნატოში მოხვედრის არანაირი შანსი არა აქვს. აქედან გამომდინარე, რუსეთი ხელოვნურად ახდენს თემის აჟიტირებას და ამით ამერიკის შეერთებულ შტატებს ევაჭრება. ის მდგომარეობა, რაც დღეს რუსეთს საქართველოსთან აქვს, ოფიციალური მოსკოვისთვის იდეალურია, ამიტომაც მაქსიმალურად შეეცდება სტატუს კვო გაახანგრძლივოს.