"ხელისუფლების რეაქცია თავშეკავებული იყო, ერთგვარად მოვალეობის მოხდას ჰგავდა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების რეაქცია თავშეკავებული იყო, ერთგვარად მოვალეობის მოხდას ჰგავდა"

"ჩვენ აქ გაცილებით უფრო მრავალშრიანი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე კეთილისა და ბოროტის გარჩევა შეიძლება იყოს"

დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები საქართველოსთან დაკავშირებით არაგულწფელობით ხასიათდება, საქართველოსი კი - ორივესთან გულუბრყვილობით...

ის რაც გასულ კვირაში აგორდა, ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ "აურზაური არაფრის გამო" იყო. თუნდაც იმიტომ, რომ რომელიმე ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლი მართლაც, უბრალოდ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოს ეკლესია ნიშნავს. მაგრამ თავისთავად, აურზაურს იმიტომაც ჰქვია აურზაური, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ. მით უმეტეს, თუ იგი მრავალმხრივია. თავის დროზე, როდესაც პროგრამა "დიდი ათეულის" გარშემო ანალოგიური აჟიოტაჟი ატყდა, მე, როგორც ამ პროგრამის ქართული ვერსიის ავტორს, წამყვანსა და მთავარ პროდიუსერს, დიდი საფიქრალი გამიჩნდა. ერთი მხრივ, ეკლესიის რჩევა, მართლმადიდებელ აღმსარებელს შინაგან ვალდებულებას მაკისრებდა - ოღონდ, არა უმეტეს ამისა. მეორე მხრივ, საზოგადოებაში გაჩენილი დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, გადაწყვეტილების მიღებისას უკვე აღარ ვიყავი ერთი მრევლთაგანი.

და როდესაც მივხვდი, პროგრამის შეჩერება საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ დიდი და უსამართლო კამპანიის საბაბი გახდებოდა, კოლეგებთან ერთად, პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღე. მით უმეტეს, საპატრიარქომ "დიდ ათეულთან" დაკავშირებით მხოლოდ რჩევა, აზრი გამოთქვა და არა იმპერატიულობის შემცველი განკარგულება (სხვაგვარად არც იქნებოდა და არც არასოდეს ყოფილა, მართლმადიდებლობის დედააზრიდან გამომდინარე).

გადაწყვეტილებამ გაამართლა - პროგრამის გაგრძელებისთანავე აჟიოტაჟი ჩაცხრა, გადაცემებიდან გამომდინარე კი ეკლესიაც და საზოგადოებაც ერთნაირად დარწმუნდა, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია - პირიქით, ჩვენს დიდ წინაპრებს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი. გამოდის, გულწრფელები რომ ვიყოთ, მთელი მაშინდელი დებატები და კონსტრუქციულ-დესტრუქციული სჯა-ბაასი ჩვენსავე შინაგან ეჭვებსა და ორჭოფობას გამოუწვევია - რჩევას იმიტომ ჰქვია რჩევა, რომ მისი აღსრულების საჯარო ვალდებულება არც დაწერილი და არც დაუწერელი კანონით არ არსებობს. მის უწმინდესობას დებატებში არასოდეს არავინ გამოუწვევია. ანუ, მის მიერ გამოთქმულ აზრზე არც პასუხის გაცემა და თავის გამართლებაა სავალდებულო. მან თქვა - შენ მოისმინე, მერე კი შენი გადასაწყვეტიაო. პატრიარქს კი არა, პირველ რიგში შენს თავს უნდა აუხსნა, რომ მართალი ხარ, რომ ასე სჯობდა. და თუ ვერ აუხსნი... ადამიანის შინაგანი სამყარო ხომ ძალზე რთულია - ზოგჯერ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილნიც ვხვდებით, რომ რჩევა სამართლიანია და გონივრული. რომ მისი გათვალისწინება ეგების. მაგრამ კადნიერება, პატივმოყვარეობა, ამბიციები არ გვაძლევს საშუალებას ამ რეალობას შევეგუოთ. ვცდილობთ, მრჩეველი, ვისგანაც რჩევა მოდის, დავამარცხოთ, გავამტყუნოთ... ავტორიტეტი მაინც შევუბღალოთ, რომ მისი რჩევა შინაგანად აღარ გვაწუხებდეს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს ზედმეტი კითხვები აღარ გაგვიჩნდეს. გამოდის, ამ დროს საკუთარ თავს ვებრძვით?

ალბათ, მავანი იკითხავს, ერთი ადამიანის საკუთარ თავთან ბრძოლას ამხელა აჟიოტაჟი რატომ უნდა გამოეწვიაო. იმიტომ, რომ სიტუაცია რთულია და მრავალმხრივი. ცხადია, ჟურნალისტმა თვალი უნდა გაუსწოროს არსებულ რეალობას და ის საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს. აი, საზოგადოება ამას როგორ მიიღებს და გადახარშავს,  სხვა საკითხია - "იქითაც" და "აქეთაც"... მავანთ ჩათვალეს, რომ ყველაზე მაღალრეიტინგული პერსონის ხმის დაკარგვამდე "დაცვა" მათ რეიტინგსაც წაადგებოდა. სინამდვილეში კი ის მივიღეთ, რომ ერთი ადამიანის მიერ ერთ, ლოკალურ (ანუ მაინც, ვიწრო წრისთვის განკუთვნილ) ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეურაცხყოფის ფართოდ ტირაჟირება მოხდა. ხელისუფლებამ შექმნილი ვითარება საღად შეაფასა და უმაღლესი სასულიერო იერარქის შეურაცხყოფას გაემიჯნა.  საქართველოში ხომ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა განცდა იმისა, რომ ეროვნება სარწმუნოებას უტოლდება. ახლა, თავად განსაჯეთ -  ვინმეს მიერ თუნდაც მის სამეგობრო წრეში თქვენს დედ-მამაზე უხამს ხუმრობას, თუ ეს თქვენთვის ცნობილი გახდა, მის პირად უფლებად ჩათვლით? - ცხადია, არა.

სავარაუდოდ, პასუხსაც მოსთხოვთ. არა მგონია, სიახლე იყოს, რომ მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში მოძღვარი და მით უფრო, პატრიარქი სულიერ მამად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, შეთქმულების თეორიასაც რომ თავი გავანებოთ (თუმცა ეს ვერსიაც აქტიურად განიხილება), საზოგადოების აღშფოთება ვფიქრობ, გასაკვირი არ უნდა იყოს. რაც შეეხება "შეთქმულების თეორიას", გარკვეულწილად, ეს ამბავიც ჩვენი მსჯელობის ლოგიკაში ჯდება - მცირე ხნის წინ, პატრიარქმა რუსეთთან ომი კედელთან შესკდომას შეადარა და დასძინა, რომ კედლისთვის გვერდის ავლა ყოველთვის შეიძლება - ისევე, როგორც ყოველთვის შეიძლება გამოსავლის მოძებნა და ძალადობაზე უარის თქმა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს სიტყვები უპირობოდ მიიღო და რიგ შემთხვევაში მას საჯაროდაც დაეთანხმა. მცირე ნაწილმა კი, რუსულ გავლენასა და უპასუხიმგებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. ხელისუფლებას საჯაროდ ხმა არც აქ ამოუღია - მეტიც, მედიამ პატრიარქის აღნიშნულ გამოსვლაზე ყურადღება არ გაამახვილა. მაგრამ ქართულ ტელევიზიებსა და საზოგადოებას შორის აღმართულ საფილტრაციო კედელში დარჩენილი ჭუჭრუტანიდან ამბავმა მაინც გამოჟონა და გამოჟონა ზემოაღნიშნული კომენტარებიანად - აგენტობასა და უპასუხისმგებლობას ვგულისხმობ. შედეგად დასკვნა ბევრად უფრო მძაფრი გამოდგა,  - საზოგადოება პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაზე ალაპარაკდა.

გასულ კვირასვე ჟანრის თემატიკა გაგრძელდა - დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ოპერის თეატრიდან გაათავისუფლეს, ოფიციალური ვერსიით, რემონტის გამო. არაოფიციალურად კი, არსებობს ვარაუდი, რომ ზაზა აზმაიფარაშვილს პაატა ბურჭულაძის კონცერტზე გამოსვლა აუკრძალეს, რაკიღა ხელისუფლებამ ქართველ ტენორს მოსკოვური საქველმოქმედო გასტროლი არ აპატია. დირიჟორს კი პოლიტიკა და კლასიკური მუსიკა ერთმანეთისგან გაუმიჯნავს და... პოლიტიკოსებმა მუსიკოსი გაათავისუფლესო. ვარაუდები საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო, - ამაზე პასუხის გაცემა მკითხველისთვის მიგვინდია. ჩვენ, ჩვენი მხრივ ამ და სხვა საკითხებზე აკადემიკოს შოთა ნადირაშვილს გავესაუბრეთ:

- ერთი შეხედვით, ერთი ადამიანის მიერ აზრის გამოთქმას ამხელა აურზაური არ უნდა მოჰყოლოდა... თქვენ როგორ ფიქრობთ?

- დიახ, ერთი შეხედვით, ეს ერთი ადამიანის მიერ გამოთქმული აზრი იყო. მაგრამ თუ მის გამონათქვამებს გავაანალიზებთ, მანამდე არსებული სიტუაციისა და აზრის გამომთქმელის პერსონის გათვალისწინებით, შესაძლოა, კაცს შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ის ცდილობდა, ამით ხელისუფლება ესიამოვნებინა. არ ვამტკიცებ, რომ მას ამის გაკეთება, გინდა თუ არა, ხელისუფლებამ დაავალა, მაგრამ მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს რაღაც ჯგუფია, რომელიც კონკრეტული გეგმის მიხედვით მოქმედებს. ხალხის განცდა ნამდვილად ისეთია, რომ თუთბერიძის ქმედება ხელისუფლების სურვილთან და შეხედულებებთან იყო შენივთული.

- მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება ოფიციალური განცხადებით ამ გამონათქვამებს და ვიდეორგოლებს გაემიჯნა...

- ეს მართალია, მაგრამ აზრის გამოთქმა, ინტელექტუალური მსჯელობა ისეთ დონეზე მოხდა, რომ მასში ემოცია არ იყო ჩართული. არ ჩანდა აღშფოთება, არ ჩანდა წერილის ავტორთა განწყობა, რომ ამის გაკეთება მიუღებელი და დაუშვებელია. ამიტომაც გაჩნდა საზოგადოებაში ეჭვი, რომ ხელისუფლებისთვის ეს მთლად მიუღებელი არ არის.

- ფართო საზოგადოების დიდი ნაწილის (პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, კულტურის მოღვაწენი) რეაქციამ ამით უფრო ხომ არ გაამძაფრა ვითარება?

-  ამხელა აურზაურის ატეხვით, ცხადია რომ მისი მნიშვნელობა მათდა უნებურად გაზარდეს და შეურაცხყოფის ტირაჟირებაც მოახდინეს. ალბათ, ეს იმიტომაც მოხდა, რომ შეურაცხყოფა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალზე მტკივნეულად განიცადა - ისევე მტკივნეულად, როგორც საკუთარი დედისა და მამის შეურაცხყოფას განიცდიდნენ და დამეთანხმებით, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს - იმდენს ნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველებისა და საქართველოსთვის... ოპოზიციამ ამ ყველაფერს სერიოზული მნიშვნელობა მიანიჭა, რადგან წარმოსახა, რომ ეს ხელისუფლების ქმედება იყო და რეაგირებაც, შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართა. ჩვენ აქ გაცილებით უფრო მრავალშრიანი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე კეთილისა და ბოროტის გარჩევა შეიძლება იყოს. აქ ეკლესიის გულწრფელად მოყვარეთა აღშფოთებაც არის, თავის გამოჩენის მოსურნენიც არიან, პოლიტიკოსებიც, რომლებმაც სიტუაცია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ წარმართეს, მეორე მხრივ, არიან ე.წ. ლიბერალური იდეების დამცველნიც, რომლებიც თვლიან, რომ ერთ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ცხადია, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, ამ შეურაცხყოფის ინტერპრეტირება მოეხდინა და რისხვა ხელისუფლებაზე გადაეტანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლების რეაქცია თავშეკავებული იყო, ერთგვარად მოვალეობის მოხდას ჰგავდა.

რატომ? იმიტომ, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი პოზიცია, რაც კი რუსეთთან კონტაქტის აღდგენას, მშვიდობის დამყარების სურვილს გულისხმობს.  პარტიულობა, პოლიტიკოსობა და დიპლომატობა  მოითხოვს ხელისუფლებისგან, რომ არ ჰქონდეს რუსეთისადმი შეუწყნარებელი პოზიცია. ამიტომაც არის, რომ პატრიარქის ასეთი ლანძღვა მისთვის მაინცდამაინც აღმაშფოთებელი არ იყო. იმიტომ, რომ ხელისუფლება მომხრეა ყველა იმ პოზიციის დაგმობისა, რაშიც გამოხატულია რუსეთისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება, შემწყნარებლობა, ბოლოს და ბოლოს, გონიერება. ანუ ყველაფერი, რამაც მისი საქართველოსადმი მკაცრი და საზარელი დამოკიდებულება უნდა შეარბილოს. ეს ყველაფერი კი მიუღებელია ხელისუფლებისათვის. ამიტომაც მისი პოზიცია, როგორც დამცველისა, არ არის გულწრფელი. არადა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ დამოკიდებულებაში არაფერია ცუდი და არასახელმწიფოებრივი. თვით დასავლეთიც, რომელიც რუსეთთან დაპირისპირებაში ერთადერთ მფარველად გვესახება, სწორედ ამგვარ პოლიტიკას მიმართავს. მისი ქმედება ხშირად არ არის მისი განცხადებების ადეკვატური, რადგან დასავლეთის ქვეყნებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არ სურთ რუსეთის გადაკიდება. მაშ, ჩვენ რის იმედად ვამწვავებთ მასთან ურთიერთობას, სწორედ ამას გულისხმობდა პატრიარქიც, როდესაც თავის გამოსვლაში კედელთან შესკდომასა და თავის გატეხვაზე საუბრობდა.

- გასულ კვირას თანამდებობიდან გაათავისუფლეს ყველასთვის კარგად ცნობილი მაესტრო, ზაზა აზმაიფარაშვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პაატა ბურჭულაძის კონცერტს შეეწირა. თავად ტენორს ხელისუფლებამ მოსკოვში გამოსვლა არ აპატია...

- თუ აზმაიფარაშვილის მოხსნაზე ხელისუფლებამ დამაჯერებელი არგუმენტები ვერ გამოაქვეყნა, მაშინ ეს ამბავი ლოგიკური გაგრძელება თუ წინაპირობა იქნება ჩვენ მიერ განვითარებული მოსაზრებისა, რუსეთისადმი გამოცხადებულ საყოველთაო მტრობასთან დაკავშირებით. ბურჭულაძემ - საყოველთაოდ ცნობილმა ტენორმა, გაბედა და დაარღვია ეს გამოცხადებული პოლიტიკა. ამ კაცის ასეთი დახასიათება - კაცისა, რომელიც უანგაროდ ემსახურება ქართულ ინტერესებს, გაჭირვებულ ხალხს, მისი ლამის მოღალატედ შერაცხვა უკვე ნათლად აჩენს, რომ მარტო ერთი გოგო არ ყოფილა, ვისაც ასეთი პოზიცია აქვს. ეს ქვეყანაში სავალდებულოდ გამოცხადებული პოლიტიკაა. აბა, რა დააშავა ასეთი ბურჭულაძემ მოსკოვში, საქველმოქმედო კონცერტზე გამოსვლით. ამასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი შედეგი ვინმეს შეუძლია დაასაბუთოს?! ცხადია, არა! იცი, ჩვენს ხელისუფლებას რისი გაგება არ სურს და თანაც, ჯიუტად არ სურს? რომ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა არ ნიშნავს რუსეთის ბოროტი ინტერესების გაზიარებას და  მიმხრობას. ხელისუფლებაში არსებობს პოზიცია, რომლის თანახმადაც ისინი, ვინც გაბედავენ და რუსეთს კონსტრუქციულად ახსენებენ, ქართველ საზოგადოებაში პატივისცემას არ უნდა იმსახურებდნენ... არადა, ფაქტი ის არის, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები საქართველოსთან დაკავშირებით არაგულწრფელობით ხასიათდება, საქართველოსი კი - ორივესთან გულუბრყვილობით.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი