"გლობალურად ყველაფერი განაწილებული და გაყოფილია" - კვირის პალიტრა

"გლობალურად ყველაფერი განაწილებული და გაყოფილია"

"ვანო მერაბიშვილმა ამ განცხადებით თქვა, პოლიცია, ფაქტობრივად, ზემდგომია "ნაციონალურ მოძრაობაზეო"

გასულ კვირას ქართულ პოლიტიკაში უკვე ზოგადკავკასიური დაპირისპირების ელემენტებიც გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის ტრიბუნიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარების მართებულობა ეჭვქვეშ დააყენა და  სომხების გენოციდზეც ილაპარაკა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ჯონდი ბაღათურიას სომეხი და "ბაღათურიანი" უწოდა და ვაზელინის ტუბი ესროლა. ამ ისტორიაში მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგებია, - ისიც, თუ რაში დასჭირდა ხელისუფლებას თავის დროზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარება და ისიც, თუ რატომ მოითხოვენ სომხები მსოფლიოსგან თურქების მიერ ჩადენილი გენოციდის აღიარებას. არც ის არის ძნელი ასახსნელი, თუ რატომ გაცხარდა ეროვნებით აზერბაიჯანელი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

გაუგებარი და უცნაური ის არის, რატომ ჰქონდა წინასწარ მომარაგებული ვაზელინის ტუბი სულეიმანოვს. ჯონდი ბაღათურია, ალბათ, თავის გამოსვლას მას არ შეუთანხმებდა, თადარიგის დაჭერა რომ მოესწრო.

როგორც ჩანს, უკრაინას მშვიდობიანი ქვეყნის სახელთან თანდათან განშორება მოუწევს - ქალაქ დნეპროპეტროვსკში ნახევარსაათიანი ინტერვალით სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას ექვსი აფეთქება მოხდა. 30-მდე კაცი მძიმედ დაშავდა. უკრაინის პროკურატურამ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიების დასრულებამდე რისამე წინასწარ თქმა ძნელია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ასეთი მასშტაბის ტერორისტული ოპერაციის ჩატარებას მძლავრი ორგანიზაციული მხარდაჭერა სჭირდება. გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ვესაუბრებით:

- პარლამენტარები, როგორც იქნა, ვანო მერაბიშვილის საპარლამენტო მოსმენას ეღირსნენ. უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გულწრფელი და თამამი განცხადებებით გამოირჩეოდა: "ის დრო უფრო ადრე დადგება, როცა თქვენ პოლიტიკაში არ იქნებით, მე ცოტა დიდხანს ვაპირებ აქ ყოფნას", - უთხრა ჯონდი ბაღათურიას და დასძინა, ვხუმრობო. მინისტრმა ქართულ პოლიციაზე ისიც ბრძანა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პატრულზე ნაკლებად რეიტინგულია.

- მე როგორც მოვისმინე, ეს ასე შეაფასეს, - თითქოს ვანო მერაბიშვილმა ამ განცხადებით თქვა, პოლიცია, ფაქტობრივად, ზემდგომია "ნაციონალურ მოძრაობაზეო". მე გამიჭირდება ასეთი ახსნის მიცემა, რადგან ნორმალურ სახელმწიფოში ყველაზე მყარი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებია, სახელმწიფო სტრუქტურებია ამა თუ იმ ქვეყნის სტაბილურობის საფუძველი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პარტიები მიდიან და მოდიან, სახელმწიფო კი რჩება. ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება ამაზე იყოს ლაპარაკი, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსული პარტიის ამოცანაა ეფექტურად ჩაეწეროს ამა თუ იმ ინსტიტუტის საქმიანობაში და არა პირიქით, როგორც ეს საქართველოში ხდება, თავიანთ თავზე მოირგონ ესა თუ ის ინსტიტუტი. ჩვენთან აღრევა ხდება იმ სინთეზისა, რაზეც ნორმალური ქვეყნების მაგალითი მოვიყვანე. უმეტესად სტრუქტურებს ირგებენ სახელისუფლებო პარტიები. ყველაფერი შედარებითია.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე პოლიციის მაღალი რეიტინგი ძალიან ბევრში ეჭვს არ ბადებდა, იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელიც გატარდა და რომელიც თვალში საცემი იყო, სწორედ პოლიციას უკავშირდებოდა. ამას პიარიც უწყობდა ხელს. მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციის სახელს დაუკავშირდა ცნობილი სავალალო მოვლენები, შეიძლება ვილაპარაკოთ მისი ნდობისა და რეიტინგის კლებაზე საზოგადოებაში. სამწუხაროდ, მე არა მაქვს ზუსტი, ობიექტური მონაცემები, რომ ვთქვა, ხალხის რამდენი პროცენტი იყო პოლიციის მიმართ დადებითად განწყობილი და ახლა რამდენი პროცენტია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ნდობა არსებითად შემცირებული იქნება, თუმცა, ვიმეორებ, ყველაფერი შედარებითია და შევარდნაძის დროინდელი პოლიციისგან განსხვავებით, ეს ნდობა ბევრად მაღალი რომ იქნება, ესეც ცხადია.

- საინტერესოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს პრეზიდენტის ოჯახის წევრების ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობისა და შეღავათებით სარგებლობის შესახებ კითხვაზე პასუხისას პრეზიდენტის ნათესავების დაცვაზე თავი არ გამოუდვია. მერაბიშვილმა თქვა, რომ პასუხი "კომპეტენციიდან გამომდინარე" არა აქვს, რადგან 2004 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებს. ხომ არ ნიშნავს ეს სახელისუფლებო მონოლითში ბზარის გაჩენას?

- ვფიქრობ, რღვევის აშკარა სინდრომზე ნაადრევია ლაპარაკი, თუმცა, ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი. თუკი თვალნათელი შეიქნა, რომ ხელისუფლება განწირულია, ანუ თუ მის დამარცხებას მწვანე აუნთო დასავლეთმა და იგივე გზავნილი წამოვიდა საზოგადოებიდანაც, რა თქმა უნდა, დემორალიზაცია სავსებით მოსალოდნელია. თუ ამ ორი სინდრომის თანხვედრა მოხდა, ამ ორი პროცესის მოწმენი ნამდვილად გავხდებით, მაგრამ ასეთი სურათი ჯერჯერობით არა გვაქვს. ერთი მხრივ, არის ამერიკელების უფრო გამოკვეთილი პოზიცია, როცა ისინი, ფაქტობრივად, ყოველდღიური განცხადებებით ლამის პირდაპირ მიუთითებენ ხელისუფლებას, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, ობიექტური, რეალურ შედეგზე ორიენტირებული და რომ მისმა შედეგმა უნდა ასახოს საზოგადოების დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკასთან ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. სამაგიეროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ევროკავშირზე.

ამაზე დიმიტროვის ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს. გარდა ამისა, ევროკავშირისა და გაეროს მისიის მიერ ფაქტობრივად ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მედიის მონიტორინგის ჩაბარება გაორებული პოლიტიკაა და ძალზე საინტერესოა იმიტომ, რომ თუ 2003 წლის მოვლენებს შევადარებთ, მაშინ ევროპა და ამერიკა ერთ ხმაში მღეროდნენ, ანუ დასავლეთს ერთიანი პოზიცია ჰქონდა, დღეს კი დამოკიდებულებათა სიჭრელესთან გვაქვს საქმე. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ივანიშვილის ლობისტური პოლიტიკის ძალისხმევა ამერიკისკენ არის მიმართული და ევროპა გარკვეულწილად, ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ არსებული სტატუს კვო მოწმობს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილს ამ მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაო აქვს და მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისთვის დასავლეთის ერთიანი პოზიცია, როგორც საბოლოო განაჩენი, ჯერ გამოცხადებული არ არის.

- "ბატონი ალასანიას განცხადება საბაბად იქცა, რომ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. "ვფიქრობ, ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტში, თუ ნებისმიერი საჯარო განცხადება, მოზომილი უნდა იყოს, რათა არ დაზარალდეს ის საერთო საქმე, რომელსაც ვაკეთებთ", - ბრძანა მინისტრმა. სხვათა შორის, ხელისუფლებაში ვანო მერაბიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც ამგვარ ბრალდებას გამოთქვამს. როგორია თქვენი პოზიცია ამ ეპიზოდზე?

- ალასანიას განცხადება იყო პრევენცია იმ პროცესებისა, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ე. წ. რეზერვის სრულმასშტაბიან ამოქმედებას, განსაკუთრებით კონფლიქტის მიმდებარე რეგიონებში. ეს მისი, როგორც პოლიტიკოსისა და უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის პოზიციიდან გამომდინარე, სრულიად ჯანსაღი მიდგომა იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ თავისი პროფესიული ჩვევებიდან გამომდინარე, მან არ გაახმაურა კონკრეტული ინფორმაცია და ის უშიშროების საბჭოს გადასცა.

- მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა დმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელშიც მან საქართველოს პრეზიდენტი "ცარიელ ადგილად" მოიხსენია. პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა წავიდეს ხელისუფლებიდან, თუკი კრემლი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლის პირობას მისცემს. ამასთან, დაჰპირდა რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერს, რომ გაუგზავნის თავისი სხეულის იმ "ნაწილს", რომლითაც რუსეთის ხელისუფლება ცხოველ დაინტერესებას იჩენდა.

- საზოგადოდ, ძალიან საინტერესო თემაა, ვართ თუ არა ადეკვატური რუსეთთან ურთიერთობაში, რადგან გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ მოხდა, რაც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს. ეს იყო "როსნეფტისა" და ამერიკული "ექსონმობილის" შეთანხმება შავი ზღვის მარაგების ათვისების თაობაზე. "როსნეფტს" იმავე მიმართულებით ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იტალიურ კომპანიასთანაც, ანუ ფაქტობრივად, ეს არის რუსულ-ამერიკულ-ევროპული ერთობლივი და ძალიან გლობალური პროექტი. გარდა ამისა, ზოგიერთი ინფორმაციით, "როსნეფტს" უკვე 2010 წელს აქვს დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები აფხაზეთის შელფზე. საინტერესო ის არის, რომ ამ შეთანხმებაში (ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილში, რომელიც საჯარო გახდა), არაფერია ნათქვამი საქართველოს მონაწილეობასა და ინტერესებზე.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, მეჩვენება, რომ ჩვენ წარსულის კლიშეებში ჩავრჩით, როდესაც რუსეთი და ამერიკა მოსისხლე მტრები იყვნენ. ჩვენი დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა სცილდება დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა გარიგების ნაწილია ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა, როდესაც სრულიად სხვა კონტექსტში გადადის რუსეთის, ამერიკისა და ევროპის ურთიერთობა? რატომ ვერ გამოდის საქართველო რუსეთთან მებრძოლი მიჯაჭვული ამირანის ეგზისტენციური როლიდან? ერთია, რომ ეს როლი უფრო და უფრო ტრაგიკომიკური ხდება, მაგრამ მეორე, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ გეოპოლიტიკური გადანაწილება მსოფლიოში საქართველოს ნების დაუკითხავად ხდება. ეს საქართველოს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს თუ თავს მოხვეული, სხვა საკითხია.

- "პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" იწყებს საარჩევნო კამპანიას და 26-27 მაისს გამართავს ხალხმრავალ აქციას. ამის თაობაზე კოალიციამ წერილობით მიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და ქ. თბილისის მერიას". ეს განცხადება კოალიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. მანამდე ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ თავს აარიდებდა ქუჩის აქციებს. როგორც ჩანს, დადგა დრო ხელისუფლებამ "ქართული ოცნების" ძალა დაინახოს თუ ეს თვით "ოცნების" მომხრეთათვისაც მნიშვნელოვანია?

- ხატოვნად რომ ვთქვათ, ეს არის შუბი, რომელიც ხალთაში არ დაიმალება და რომელსაც ორივე პირი ალესილი აქვს. ორივე პირი მიმართულია, ერთი მხრივ, იმისკენ, რომ ხელისუფლების დემორალიზაცია გამოიწვიოს, მეორე მხრივ კი, საზოგადოებაში დანერგოს იმისი რწმენა, რომ ეს არის ძალა, რომელსაც მართლაც შეუძლია გამარჯვება არჩევნებში. როგორც ერთი, ისე მეორე, ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დღემდე ივანიშვილის ტაქტიკა ქართული რეალობისთვის უჩვეულო და აკადემიური იყო. ყოველგვარი დამატებითი საინფორმაციო საბაბების შექმნის გარეშე, ყველაფერი ივანიშვილის მოქალაქეობისა და პარტიის შექმნის, ანუ ტექნიკური საკითხების გარშემო ტრიალებდა, სხვა დამატებითი საინფორმაციო საბაბი ივანიშვილის საზოგადოებრივ აქტიურობას არ ჰქონია. 6 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ამით ეჭირა საინფორმაციო სივრცე და წარმატებითაც. როგორც ჩანს, უკვე დადგა დრო დამატებითი საზოგადოებრივი აქტივობებისა, რათა ერთი მხრივ ხელისუფლებაზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დემორალიზაციის მიზნით, მეორე მხრივ კი საზოგადოებაზე - მისი დაიმედების მიზნით.

- პარლამენტის სხდომაზე მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ჯონდი ბაღათურიას სომეხი და "ბაღათურიანი" უწოდა. დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლებას ჩერქეზების გენოციდის აღიარებისთვის უსაყვედურა და დაინტერესდა, რა პასუხს გასცემს ხელისუფლება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც თურქეთში სომეხთა გენოციდის აღიარებას ითხოვენ. ამავე პერიოდში თბილისში ჯერ სომეხი, შემდეგ კი აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქცია გაიმართა. აქამდე საქართველო სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ნეიტრალურ მხარედ ითვლებოდა. რეალურია თუ არა საფრთხე იმისა, რომ ამ დაპირისპირებამ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს?

- სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ მოვლენების ინსპირირებას გამოვრიცხავ, რადგან საერთო-კავკასიურ ომს მივიღებთ, ეს კი არავის აძლევს ხელს. მე არც ის მინდა დავიჯერო, რომ ეს მოვლენები საქართველოს შიდა ძალების ინსპირირებულია და ვინმე ცდილობს საარჩევნოდ ასეთი საშიში თემებით მანიპულაციას. რაც შეეხება რუსეთს, გეოპოლიტიკურად არც მას აწყობს დესტაბილიზაცია კავკასიაში, რადგან იმის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, გლობალურად ყველაფერი განაწილებული და გაყოფილია და მის განხორციელებას უფრო სტაბილური გარემო სჭირდება, ვიდრე ქაოსი და არეულობა.