"საქართველოში ყველა ძირეულ საქონელზე მონოპოლიაა ჩამოყალიბებული" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ყველა ძირეულ საქონელზე მონოპოლიაა ჩამოყალიბებული"

"როგორ ბალანსდება კოეფიციენტი შიშისა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში"

ქუთაისიდან მესტიამდე გვირაბით ვიმგზავრებთ, ბათუმის უნივერსიტეტის ოცდამეთხუთმეტე და ოცდამეჩვიდმეტე სართულებს შორის ეშმაკის ბორბალი იტრიალებს, რომელსაც სხვა სახელს დაარქმევენ და იქ სტუდენტები იმოძრავებენ წიგნებთან ან შეყვარებულებთან ერთად - ვისაც როგორ ენდომება, ქუთაისი იქნება ევროპის ცენტრალური ქალაქი და ნატო თუ ევროკავშირი ხვეწნას დაგვიწყებს - იქნებ ჩვენთან გაწევრებაზე დაგვთანხმდეთო. და ძლევამოსილი საქართველოც ამაყად ჩაფიქრდება... ძნელი დასაჯერებელია ეს ყველაფერი? პოლიტოლოგიური გვერდისთვის არასერიოზული მოგეჩვენათ? მაგრამ, ჯერ ერთი, სულ რაღაც ოცი წლის წინ ერთი სოფლიდან მეორეში მობილური ტელეფონით ლაპარაკის იდეაც არასერიოზული ჩანდა და ვინმეს მაშინ ისიც რომ დაემატებინა, ამ ლაპარაკს მათ დაუკითხავად თბილისში მესამე კაციც უპრობლემოდ მოისმენს და ჩაიწერსო, გიჟად გამოაცხადებდნენ. დღეს, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ეს ნახევრად კოსმოსური დაპირებები მოგვცა პრეზიდენტმა, რომელიც ობამასთან დიდად ვერ, მაგრამ ტრამპთან მეგობრობს, რადგან ობამასა და მის ადმინისტრაციას უცნაური გემოვნება და მოთხოვნები აქვთ: არსებული ქართული ეკონომიკური სასწაულის დანახვა-აღიარების ნაცვლად სასწაულს მაინცდამაინც დემოკრატიაში მოელიან, თანაც ბუნდოვან მომავალში კი არა, ახლავე უნდათ - სულ რაღაც 6 თვეში...

დაწვრილებით ქართული ყოფის რეალური და ირეალური ამბების თავისებურებებზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორს, გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:

- ბოლო დროს ხელისუფლებამ მედიასთან თითქოს ტაქტიკა შეცვალა - უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლები თანდათან "კავკასიისა" თუ "მაესტროს" ტელედებატებშიც ჩნდებიან. მეორე მხრივ, პრესის თავისუფლების დღე საქართველოში ხელისუფლებამ ტრადიციულად აღნიშნა, თუმცა ქუთაისში პრეზიდენტის საზეიმო ღონისძიებაზე რიგი ქართველი ჟურნალისტებისა არ დაუშვეს. მეტიც, ზოგიერთს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ....

- პრესის თავისუფლება მოიცავს რამდენიმე კომპონენტს - ეს არის როგორც ჟურნალისტების და მათი საქმიანობის, ასევე მედიასაშუალებების ფუნქციონირების ფინანსური და პოლიტიკური დაცულობა, ასევე ამ მედიასაშუალების გავრცელების თავისუფლება. კიდევ ერთი ნაწილი არის საჯარო მოხელეთა და პოლიტიკოსთა მზაობა და ღიაობა პრესასთან ურთიერთობაში. საქართველოში ყველა ამ ასპექტში არის პრობლემები, რაც სერიოზულად აფერხებს ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. ვფიქრობ, ძირითადი ტენდენცია, სამწუხაროდ, ისევე, როგორც,  ყველაფერი ტენდენციის თვალსაზრისით, მოდის პრეზიდენტისგან და ეს ტენდენცია შექმნილია პრეზიდენტის მიერ.

დახურულობა მასმედიის მიმართ არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც გამოარჩევს ბოლოდროინდელ სააკაშვილს და განასხვავებს მას 2003-წლამდელი, ასევე რევოლუციის შემდგომი პირველი წლების სააკაშვილისგან. ვხედავთ, რომ სააკაშვილი დგამს ნაბიჯს პოლიტიკოსობისკენ, ისევ ცდილობს გახდეს პოლიტიკოსი მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სერიოზული გამოწვევა შეუქმნა, ცდილობს, ელაპარაკოს ქართველ ხალხს, მაგრამ ადვილი შესამჩნევია, რომ ყველაფერი ეს იმიტირებული და დადგმულია. სამარცხვინოა კადრები, სადაც ვხედავთ, როგორ დაჰყვებიან სააკაშვილს ავტობუსებით ტაშის დამკვრელები თუ აღტაცებული მხარდამჭერები. ამ ვირტუალური რეალობის შემკვრელი და შემფუთველია ნაციონალურად მაუწყებელი ტელევიზიები. ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე წელია რეალურ, არა დადგმულ კითხვებზე პასუხი არ გაუცია. პრეზიდენტი არ ურთიერთობს მასმედიასთან, თუ არ ვიგულისხმებთ  იმ ფორმატებს, რომელსაც თვითონ დგამს და სადაც კითხვებიც და პასუხებიც წინასწარ არის მომზადებული. შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენად შოკისმომგვრელი იყო სააკაშვილისთვის, როდესაც მას არა ჟურნალისტმა, არამედ დეპუტატმა დაუსვა რეალური და წინასწარ მოუმზადებელი შეკითხვა. მაშინ დავინახეთ, რომ მისთვის არამცთუ კრიტიკის, შეკითხვის მოსმენაც კი ძალიან რთულია. სააკაშვილს გამოუმუშავდა სტილი, რომლის თანახმადაც, ის ცალ კარში თამაშობს წინასწარ მოგებულ თამაშს.  აქ არის თამაში მხოლოდ მოწყობილ და წინასწარ გაწყობილ მოედნებზე, სადაც მხოლოდ მოწინააღმდეგის კარი დგას. მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც თავის ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს და რომელიც უნდა პასუხობდეს ხალხის კითხვებს, რამდენიმე წელიწადია გაწყვიტა ურთიერთობა მასმედიასთან. ის, რომ ჩვენ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის.

გასაოცარია, რომ თავის იდეოლოგიურ და იდეურ მამას - პუტინსაც ჩამორჩება ამ თვალსაზრისით. გვინახავს, როგორ შედის პუტინი დებატებში მასმედიის ამა თუ იმ წარმომადგენელთან. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვახსოვს შეკრებები 400-500 ჟურნალისტის მონაწილეობით, სადაც პუტინს შეკითხვებს უსვამდნენ. ესეც დადგმული და იმიტირებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო. შესაბამისად, პრეზიდენტისგან მოდის ასეთი მესიჯი, რომ მხოლოდ დადგმულ შეხვედრებს უნდა გადავცემდეთ საათობით და თავისუფალი ჟურნალისტის თავისუფალი შეკითხვა არ შეიძლება გაისმოდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დებატების ფორმას, რომელიც თქვენ ახსენეთ. აქ უშვებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ანუ  ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმულა ასეთი გახლავთ: დებატებში მონაწილეობენ პირები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ხოლო ისინი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, ვრცელი მონოლოგებით შემოიფარგლებიან საზეიმოდ დადგმული შეხვედრების დროს.

- გასულ კვირაში მორიგი ტრადიციული მოვლენის მოწმენი გავხდით და ტრადიციული სიტყვებიც მოვისმინეთ, ოღონდ სხვა ქალაქზე და სხვა ინტერპრეტაციით. ზეაღმატებული დაპირებები ამჯერად ქუთაისელებს შეეხოთ - გვირაბი მესტიამდე, ლას-ვეგასზე უკეთესი და ევროპის ცენტრალური ქალაქი, კეთილდღეობა და უზრუნველი ცხოვრება... დაპირება ერთია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველგან მშენებლობებია დაწყებული. სავარაუდოდ, ქუთაისიდან მესტიამდე მიმავალი გვირაბის მშენებლობაც დაიწყება, მაგრამ მეორე საკითხია, მისცემს თუ არა ეკონომიკის განვითარება ხელისუფლებას მისი დასრულების საშუალებას. დაწყებულ მშენებლობებთან ერთად იმასაც ვხედავთ, რომ ეკონომიკა, მცირე და საშუალო თუ დიდ წარმოებათა სახით, საქართველოში ადგილიდან არ იძვრის და ამ შემთხვევაში შეკითხვა უფრო ფილოსოფიური იქნება, ვიდრე ეკონომიკური. გვირაბს იმიტომ აშენებენ, რომ შენება ფიქტიურად დაიწყოს თუ იმიტომ, რომ მის ბოლოში სინათლე რეალურად დავინახოთ?

- არ არის აუცილებელი, მშენებლობა გვირაბის ბოლოში გავიდეს. მთავარია, გჯეროდეს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ზარს ჩამოჰკრავს, როდესაც ბოლოს მიაღწევ. აქ რამდენიმე კომპონენტია: პირველია ეკონომიკური და ძალიან ძნელია, ჩემგან, როგორც არაეკონომისტისგან ამის შესახებ კომენტარის გაკეთება. ერთის თქმა შემიძლია, - როდესაც ვალს იღებ (და ჩვენ ვიცით, რომ ვალმა საქართველოსთვის კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია), ამ ვალის დაბრუნების ინსტრუმენტებს უნდა ქმნიდე. გზა, ინფრასტრუქტურა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და ამაზე კამათი არც სააკაშვილთან ღირს და არც არავისთან, - ვერავინ იტყვის, რომ ეს არ არის პოზიტიური ქვეყნისთვის. ფულის დასაბრუნებელი ინსტრუმენტის შექმნა კი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში არის ბიზნესი.

სხვა საშუალება არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია, თუ უცებ რომელიღაც გვირაბის გათხრისას ნავთობი ან ოქრო არ აღმოვაჩინეთ. კარგია, რომ გზებს აგებენ, მაგრამ საკითხი, რა მექანიზმი იქმნება იმ ბიზნესის განვითარებისთვის, რომელმაც ამ გზაზე უნდა იმოძრაოს, ჩვენი მონოპოლიური სივრცის გათვალისწინებით, უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. კარგი იქნება, თუ ქართველი ეკონომისტები და ჟურნალისტები უფრო მეტ პასუხს გასცემენ ამ კითხვებზე. საქართველოში,  ფაქტობრივად, ყველა ძირეულ საქონელზე მონოპოლიაა ჩამოყალიბებული. მეორე მხრივ, სააკაშვილი თავის შეხედულებებს შინაარსობრივად ვერ აყალიბებს. არასოდეს გამიანალიზებია სააკაშვილის გამონათქვამები, რადგან იქ არასოდეს არის შინაარსი. მთავარი ის კი არ არის, რას ამბობს ან როგორ ჟესტიკულირებს პრეზიდენტი, არამედ ის, რაც იმ წუთში სააკაშვილის გარშემო ხდება, მთავარია მისი მონაწილეობით გადმოცემული აგიტაციური სიუჟეტები. არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ბოლო სააგიტაციო შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც არა საქართველოს მოსახლეობამ, არამედ ჩვენმა მეზობლებმა და ჩვენთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა შეიძლება გამოიყენონ. ეს იყო მისი გრძელი პოლიტიკურ-კულტუროლოგიული ექსკურსი აფხაზეთთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ კონსტიტუციის ის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და შეინარჩუნოს იგი.

პრეზიდენტის მხრიდან დაფიქსირება პოზიციისა, რომ აფხაზეთი რაიმე ფორმით მაინც იყო დისკრიმინირებული ან არ იყო ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი, საშიშია. შეიძლება, სააკაშვილი ღრმად არ უფიქრდება იმას, რასაც ამბობს...  უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ გულისხმობს მხოლოდ ადმინისტრაციულ საზღვრებს და სადღაც მესაზღვრის დგომას, გულისხმობს იმ ამბიციასაც, რომ მრავალეთნიკური და მრავალკულტურული ქვეყანა იყოს შეკრული და ერთიანი. შესაბამისად, პრობლემურია, როცა პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ერთიანობას. მახსოვს, როდესაც სააკაშვილი რამდენიმე ენაზე მიმართავდა აუდიტორიას - აფხაზურად, ოსურად და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ ვართ მრავალეთნიკური სახელმწიფო. ამ თვალსაზრისით, რაც უნდა განსხვავებულ ენაზე საუბრობდნენ ჩვენი აფხაზი ძმები, პრეზიდენტის მოვალეობა არა მხოლოდ ერთიანობის ხაზგასმა, არამედ მეტი სიახლოვის მიღწევაა. სააკაშვილს ჰქონდა ეს ამბიციები, როცა ოსურად და აფხაზურად მიმართავდა თუნდაც თბილისში აღლუმის ჩაბარებისას საქართველოს მოსახლეობას. ეს ძალიან კარგი მესიჯი იყო მაშინ. დღეს კი შემაშფოთებელია სახელმწიფოს პირველი პირისგან კითხვის ნიშნების დასმა და განსხვავებებისთვის ხაზგასმა. განსხვავება არათუ ხალხებს, ორ ადამიანს შორისაც კი არის. ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, განსხვავებების შემკრები და შემქმნელი ერი და სახელმწიფო ვიყოთ. თუ განსხვავებების ძებნას დავიწყებთ, მთელი ნატოს ჯარი რომ აფხაზეთსა და ოსეთში ჩადგეს და მიმოქცევაში მხოლოდ ლარი იყოს, მათ ვერასოდეს დავიბრუნებთ.

- გასულ კვირაში კიდევ ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. იმ ვითარებაში, როდესაც კონტროლის პალატა პოლიტიკური ნიშნით იბარებს ხალხს და არცთუ ცივილიზებული მეთოდებით აწარმოებს მათ დაკითხვას, როდესაც პოლიციური კონტროლი აშკარად ჩართულია პოლიტიკაში, რა სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს არჩევნების წინ მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვა?

- სოციოლოგია არის მეცნიერება და მას აქვს თავისი შემოწმების შეფასებისა და გადაფასების ბევრი კრიტერიუმი. სოციოლოგიური დასკვნები მეცნიერული კვლევის შედეგია და თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებით იმ დასკვნებს, რომელიც მუდმივად ქვეყნდება, ბევრი შეკითხვა შეიძლება დავსვათ. თუმცა შეკითხვები ისმება, მაგრამ რჩება უპასუხოდ. მაგალითად, მთავარი კითხვა, რომელიც მე მიჩნდება ნებისმიერი კვლევის მიმართ, არის ის, როგორ ბალანსდება კოეფიციენტი შიშისა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის რაოდენობა იმ ხალხისა, ვინც პასუხისგან თავი შეიკავა და ეს მაჩვენებელი საქართველოში 40%-მდე ადის. ის 60%-იც, რომელიც პასუხს აძლევს, ამ გარემოს ნაწილია და, შესაბამისად, დაშინებისა თუ ზემოქმედების ქვეშ არის. ამ მაჩვენებლის გაბათილების არანაირი კვალიფიციური მექანიზმი ჯერ არ მინახავს და არც ერთი სოციოლოგისგან არ მომისმენია.