"ვენახებმა ჩიტების მომრავლება იცის" - კვირის პალიტრა

"ვენახებმა ჩიტების მომრავლება იცის"

"რისთვისაც ესპანეთის მეფემ ბოდიში მოიხადა, ჩვენთან მინისტრის მოადგილეც კი არ მოიხდის ბოდიშს"

"სარკოზის უნდოდა ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ არჩევნებს ვერ გააყალბებდა"

"საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ეს დემოკრატიული არჩევანია. ბატონი ოლანდი პრეზიდენტი გახდა და მას პატივი უნდა ვცეთ",” - ეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სიტყვებია, რომლითაც მან არჩევნებში დამარცხება აღიარა და ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საფრანგეთი დემოკრატიული ქვეყანაა. დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება პრეზიდენტმა მეორე ვადით კენჭისყრისას ვერ გაიმარჯვოს და არჩევნების გაყალბება ფიქრადაც არ გაივლოს. დემოკრატიულ ქვეყნებში პრეზიდენტები მოდიან და მიდიან. ავტორიტარულ, საბჭოთა მემკვიდრეობით დამძიმებულ ქვეყნებს კი ცუდად დაებედათ, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები ხშირად წასვლაზე არ ფიქრობენ. ავიწყდებათ, რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე წლით არიან არჩეული და თავს მირონცხებულ მმართველებად წარმოიდგენენ ხოლმე. Aაგერ, რუსეთში, სადაც ერთი კაცი უკვე მესამედ გახდა პრეზიდენტი, ხალხმრავალი აქციები იმართება. ამ ხალხს დემოკრატია უნდა, უნდა, პრეზიდენტები იქაც მიდიოდნენ.

ახლა ხშირად ამბობენ, რომ ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიის ტესტის ჩაბარება მოუწევს. ეს დემოკრატიის ტესტიც  იქნება და გეზის არჩევაც. ოქტომბერში გაირკვევა, დასავლეთისკენ გავაგრძელებთ სვლას თუ ევრაზიულ სივრცეში ჩავყურყუმელავდებით. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს, კახა კახიშვილს ვესაუბრეთ:

- ხელისუფლებაში მოსული ადამიანი ყოველთვის ცდილობს ბოლომდე ამოწუროს საკონსტიტუციო ვადა, რომელიც განსაზღვრულია ამა თუ იმ უმაღლესი თანამდებობისთვის. სარკოზისაც უნდოდა ხელისუფლებაში დარჩენა და არ უთქვამს, რესურსი ამოვწურე და საფრანგეთის განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, ხელისუფლებაში სხვა ხედვის ადამიანი მოვიდესო. მას უნდოდა, ფრანგებს მეორე ვადით აერჩიათ. გავიხსენებ სარკოზის საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც მაშინ საქართველოს მხარდამჭერ აქციად მოინათლა, სინამდვილეში კი მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. ამით ფრანგებს დაანახა, მხოლოდ საფრანგეთის კი არა, მსოფლიო დონის ლიდერი ვარო.

სარკოზის უნდოდა ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ არჩევნებს ვერ გააყალბებდა. ამის საშუალება არ ჰქონდა, - ვერ დაურეკავდა საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუ ოპოზიციური პარტია შედეგს გაასაჩივრებს, შენმა მოსამართლემ აუცილებლად ესა და ეს გადაწყვეტილება მიიღოსო. სარკოზი ვერც შინაგან საქმეთა მინისტრს ეტყოდა, ოპოზიციონერი ამომრჩეველი გააკონტროლეო. დემოკრატიულ ქვეყნებში სახელისუფლებო ვერტიკალი ისეა დალაგებული, შეუძლებელია პირველი პირის ბრძანება დაყვანილ იქნეს რიგით მოქალაქემდე ისე, რომ არ გამჟღავნდეს. საფრანგეთში არის მყარი დემოკრატია და გაიმარჯვა იმან, ვინც მეტი მხარდაჭერა მიიღო. დემოკრატიულ ქვეყნებში ძნელი წარმოსადგენია, რომ პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს, შს მინისტრს ან სასამართლოს მისცეს ისეთი დავალება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება. ეს არის სწორედ დემოკრატიის ხიბლი. მყარი დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, თუნდაც პრეზიდენტმა, უნდა იცოდეს, რომ საკმარისია მისი ადმინისტრაციიდან ერთი სატელეფონო ზარი სასამართლოში, რომ ის პოსტს სამუდამოდ გამოეთხოვება.

- ამისგან ძალზე განსხვავებული მაგალითია რუსეთი, სადაც არჩევნების მერეც ასიათასობით მოქალაქე ითხოვს სამართლიან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების  ხვედრია?

- პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელისუფლებო ვერტიკალი იმდენად ძლიერია, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ისეა მიბმული აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ქვეყნის მეთაურზე, რომ ის დარწმუნებულია, მის ნებისმიერ ბრძანებას ნებისმიერი უწყება შეასრულებს. თავიდანვე ჩანდა, რომ პუტინი არსად აპირებდა წასვლას და 4 წლით პრემიერობა მხოლოდ გადათამაშება იყო მედვედევ-პუტინს შორის. რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებაც არსად აპირებს წასვლას და გვიცხადებს, კიდევ რამდენიმე წელი გვაცალეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხედვით უფრო ვავითარებთ სახელმწიფოსო.

ყველა ადამიანს აქვს ერთ ადგილზე საქმიანობის რესურსი. მაგრამ, როდესაც კაცი ერთ ადგილს რამდენიმე წელი ეჭიდება, იმ კონკრეტული საკითხის განვითარების მისი რესურსი იწურება და ამიტომაც არის, რომ პირველი პირი თანამდებობაზე ორ ვადაზე დიდხანს არ უნდა დარჩეს.  დამღუპველია ქვეყნისთვის, როდესაც ერთი კაცი ფიქრობს, რა ხასიათზეც გავიღვიძე, იმ ხასიათზე უნდა იყოს მთელი საზოგადოებაო. მერე ეს საზოგადოებაზე ბატონობაში გადადის. პოსტსაბჭოთა სივრცე იმით განსხვავდება დემოკრატიული სამყაროსგან, რომ იქაურ პრეზიდენტებს თავი მეფეებად არ წარმოუდგენიათ.

რადგან რუსეთთან პარალელს ვავლებთ, ვიტყვი, რომ რუსულ საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი ეპიზოდი ჩვენსას ჯობს. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებზე 18 მილიარდი რუბლი გამოიყო იმისათვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულიყო ვებკამერები. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო შესულიყო ვებგვერდზე და ონლაინრეჟიმში ენახა ნებისმიერი საარჩევნო უბანი. ჩვენთან კი ვიდეოკამერის ჩანაწერის სანახავად უბანში მისულ ხალხს ჩანაწერს არ აძლევდნენ. მედლის მეორე მხარეა, რომ რუსეთში არჩევნებზე გამოყენებულ იქნა სახელმწიფო რესურსი, - ყველა იმ საჯარო დაწესებულებისა და კომპანიის თანამშრომლებს, რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებს,  აიძულებდნენ არჩევნებზე წასულიყვნენ და პუტინისთვის მიეცათ ხმა. ასევე, ლაპარაკია, რომ რუსეთში ყველა გუბერნატორი მოსახლეობამ აირჩიოს, მაშინ როდესაც ჩვენთან გუბერნატორს პრეზიდენტი ნიშნავს და სააკაშვილი არც იფიქრებს ამ საკითხის გადახედვას. რუსეთში 2003 წლიდან მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ჩვენთან კი ახლახან ამოქმედდა და ისიც მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს განიხილავს. მიუხედავად ამისა, რუსეთი დიდი ქვეყანაა და იქ ქაოსია, საქართველოში კი ვირტუალური წესრიგი. რუსეთში კორუფცია ყვავის, ჩვენთან კი კორუფცია მხოლოდ უმაღლეს დონეზეა და შეთანხმებულია ქვეყნის უმაღლეს პირებთან.

როდესაც საქართველოში დემოკრატია იქნება, ამას ყველა შეიგრძნობს. მაშინ გვეცოდინება, რომ უკანონოდ არავინ გვისმენს და სასამართლოში არავინ გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას. საქართველოშიც ისეთი არჩევნები რომ ჩატარდეს, როგორიც საფრანგეთში, ამას ბევრი წინა პირობა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, სჭირდება, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება არა მხოლოდ კონსტიტუციით იყოს გაყოფილი, არამედ რეალურადაც. როდესაც პრეზიდენტს შიში ექნება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა, იმ პირებს, რომელთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, მკვლელსა და ბანდიტს არ უწოდებს; მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენების რეკლამირება არ მოხდება ტელევიზიით იმის საილუსტრაციოდ, თუ რაოდენ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს. დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობა სასამართლოს დამოუკიდებლობაა, დანარჩენს უმოკლეს დროში ეშველება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისკენ ძვრას ვერ ვხედავ.

- ხშირად ამბობენ, ოქტომბრის არჩევნებზე გაირკვევა, საქართველო დასავლური სივრცისკენ წავა თუ კვლავ საბჭოეთისკენ აიღებს გეზსო.

- არ ველი, რომ ამ არჩევნებით დემოკრატიისკენ წავალთ. ვფიქრობ, იმავე ადგილზე დავრჩებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ის არის, რომ ქდმ-ისა და კიდევ 4 პარტიის ოპოზიციონერი წარმომადგენლის გარდა სხვებიც იქნებიან მომავალ პარლამენტში. შესაძლოა ახალარჩეული პარლამენტი შედარებით მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ არ ველი, რომ ის მკვეთრად შეცვლის დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ამას დიდი დრო სჭირდება და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გადაბარება შესაძლოა გაჭიანურდეს.

ამას ფაქტებიდან გამომდინარე ვამბობ. ვიდრე 2003 წელს სააკაშვილი რევოლუციას მოაწყობდა, შევარდნაძის მთავრობა შიგნიდან დაიშალა. სახელმწიფო მდივანი, გუბერნატორები, უშიშროების საბჭოს მდივანი სააკაშვილისკენ იყვნენ ან მასთან ეძებდნენ დასაყრდენს. ვერტიკალი მთლიანად დაიშალა. სააკაშვილი მაშინ არ ამბობდა, ამას დაველაპარაკები და იმას - არაო. მან ყველა წყენა დაივიწყა. ოპოზიცია კი დღეს ერთად დგომისა და ხელისუფლებასთან ერთიანი ოპონირების ნაცვლად ერთმანეთთან ოპონირების საბაბს ეძებს. მე ერთადერთი რამ მაღელვებს, - თუ ეს არჩევნები დამთავრდა ისე, რომ ოპოზიცია მცირე რაოდენობით შევიდა პარლამენტში და "ნაციონალური მოძრაობა" კი უმრავლესობით, ჩვენი ცხოვრება უფრო დამძიმდება. თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო, სააკაშვილი იტყვის, მეტს ვიღას მოვუგოო და მერე ნახეთ მისი კატასტროფული გადაწყვეტილებები.

- საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ხელისუფლების განცხადებით ივანიშვილის გამო განხორციელდა, მინდია უგრეხელიძემ პათოლოგიური ცვლილებები უწოდა, ავთანდილ დემეტრაშვილმა კი გამოსავალი. სად არის სიმართლე?

- ეს ქვეყნისთვის სახიფათო გადაწყვეტილებაა. ბატონ დემეტრაშვილს დიდბიუჯეტიანი კონსტიტუციური ცენტრი შეუქმნეს  და ეს აძლევს, ალბათ, საფუძველს, ამ ცვლილებას გამოსავალი უწოდოს. უცნაურია ისიც, რომ "ქართული ოცნება" აცხადებს, ეს სახიფათო ცვლილებებია, მაგრამ ამით ვისარგებლებთო. როგორ უნდა ისარგებლო ცუდით, თუკი კარგი განზრახვა გაქვს? ამ ცვლილებით შესაძლოა უამრავი უკონტროლო ხმა მივიღოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან, რადგან ახალი საპარლამენტო ინიციატივით ამ მოქალაქეებს ენიჭებათ უფლება არა მარტო კენჭი იყარონ, არამედ თვითონაც აირჩიონ ხელისუფლება.

ამ შემთხვევაში აჯობებდა ივანიშვილს (და მის გუნდს) განეცხადებინა, ჩემ გამო ნუ მიიღებთ ასეთ კანონს, არ ვისარგებლებ ამ ცვლილებითო. მას მთელი ყურადღება მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე უნდა გადაეტანა, რადგან მღვრიე გუბიდან სუფთა წყალს ვერავინ დალევს.

კონსტიტუცია არ არის ფარატინა ქაღალდი, რომელიც პრეზიდენტის განწყობების მიხედვით უნდა იცვლებოდეს. ის, რაც კონსტიტუციაში წერია, უნდა სრულდებოდეს. ეს ცვლილება მარტო ბიძინა ივანიშვილისთვის არ გაკეთებულა. პოლიტიკაში შემოშვებისთვის მას დიდ პოლიტიკურ ფასსაც ახდევინებენ.

ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ, ველოდი, რომ პარტიის რეგისტრაციას გაუჭიანურებდნენ, მაგრამ ეტყობა, ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება აღარ ღირდა. იმდენად კარგად ფლობს "ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციას, რომ ამაზე აღარ წავიდა. არ უღირდა ზედმეტი ბერკეტის გამოყენება, ისედაც კარგად მუშაობს ის ბერკეტები, რასაც იყენებენ.

სამწუხაროდ, ივანიშვილი ვერ მუშაობს "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის გადმობირებაზე. სააკაშვილს თავისი მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს და მათ გადაბირებას ორი რამ უნდა: ან სააკაშვილზე მეტი ფული უნდა მისცე, ან "ქართული ოცნებისგან" ისეთი ძალა დაინახოს, რომ საფრთხე იგრძნოს. თუმცა, ისიც ჩანს, რომ მშვიდად ვერც ხელისუფლებაა.

- ბოლო დროს განსჯის საგანი ხშირად ხდება პრეზიდენტის ინიციატივები ელექტრონული მთავრობისა თუ აეროპორტთან ვენახების გაშენების თაობაზე.

- ვენახების იდეა მორიგი მიტაცებული იდეაა. ახალარჩეულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა რამდენიმე დღის წინ, მგზავრებმა, ვინც თვითმფრინავით შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში დაეშვებიან, უნდა იგრძნონ, რომ ღვინის ქვეყანაში ჩამოფრინდნენ და ვენახები გავაშენოთო. ეს აიტაცა სააკაშვილმა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ვენახმა ჩიტების მომრავლება იცის, რომლებიც ხელს უშლიან თვითმფრინავების აფრენას და დაფრენას.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მსუბუქად უსაყვედურა იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ბრაზილიაში კარნავალზე წავიდნენ ბიუჯეტის ხარჯზე. თუ რა მოხდებოდა მსგავს შემთხვევაში  დემოკრატიულ ქვეყანაში, ამის მაგალითად ესპანეთს მოვიყვან, სადაც მეფემ ბიუჯეტიდან 40 ათასი ევრო დახარჯა იმისთვის, რომ სანადიროდ წასულიყო. ამას ხალხმრავალი აქციები მოჰყვა და ესპანეთის მეფემ ხუთჯერ მოიხადა ბოდიში. ჩვენთან კი ამის გამო მინისტრის მოადგილეც არ მოიხდის ბოდიშს.

- "ქართული ოცნება" 27 მაისს საარჩევნო კამპანიას თავისუფლების მოედნიდან დაიწყებს, სადაც ქართველ ამომრჩეველს ეპატიჟება.

- ეს არის ძალის დემონსტრირება და დარწმუნებული ვარ, იქ ბევრი ხალხი მივა, რადგან სოციალური მდგომარეობა უფრო  და უფრო მწვავდება. ხალხის ერთადერთი იმედი ივანიშვილსა და 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება. ამიტომ მთავარია, ხალხს, ვინც ივანიშვილისთვის გამოვა ქუჩაში, იმედი არ გაუცრუვდეს და ის მხოლოდ ერთი დღისთვის არ გამოიყენონ. მახსოვს ისეთი აქციებიც, რომელთა მერე ლიდერები "მარიოტში" ყავას სვამდნენ, ხალხს კი ზონდერები სცემდნენ. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს. ხალხის ენერგია ტყუილად არ უნდა დაიკარგოს. ბურჯანაძემ აქციები რომ დაიწყო, პირველად იმანაც გაავსო თავისუფლების მოედანი, მაგრამ ბოლოს 300 კაცის ამარა დარჩა. Mმოედნის გავსება გამარჯვება არ არის.

ჩემი კრიტიკული აზრი მიმართულია იქით, რომ ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცად დარჩეს, რაც ხალხს დაჰპირდა, აასრულოს და არ დაიწყოს მიზეზების ძებნა, რატომ არ გამოუვიდა სიტყვის შესრულება და რატომ ვერ აიღო ხმების 2/3.