"შეიძლება სხვისი ტკივილი არ განიცადო, მაგრამ ადეკვატურად ხომ მაინც უნდა მოიქცე"
"შეიძლება სხვისი ტკივილი არ განიცადო, მაგრამ ადეკვატურად ხომ მაინც უნდა მოიქცე"
"ჩვენ პრაქტიკულად ყველა ნავსადგური დაკარგული გვაქვს, რასაც ემატება რკინიგზა"

"სააკაშვილი უფრო ნაკლებად ამერიკული და უფრო მეტად რუსული პროექტია"


როგორც ძველი ანდაზა ამბობს, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარა... საქართველოს ხელისუფლება ხომ ყველგან და ყველაფერში ჩქარობს, - სასწრაფო წესით აშენებს ხიდებს, მინის შენობებს, ალამაზებს სახლების ფასადებს და შემდეგ საზეიმო ვითარებაში საზეიმო თარიღებზე ხსნის ხოლმე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ოპერაში წყალი ჩადის, აეროპორტი უსახურავოდ რჩება, ფაციფუცით დარგული ძვირად ღირებული ნერგები კი ხმება...

მაგრამ ათასფრად აბრჭყვიალებული ნაციონალური მედია ამას, ცხადია, ყურადღებას არ აქცევს, - ჩვენ ხომ ნათელი მომავლისკენ მივისწრაფვით, სადაც პრეზიდენტის მხარდამჭერებს ფოტოშოპით ამრავლებენ (იხ. გვერდი 27), მაგრამ ამჯერად ხელისუფლება ჩქაროსნული ურბანული ზეიმებით ისე გაერთო, რომ საკუთარი თავი ჩაიგდო საფრთხეში, - როგორც ვიდეოფირში ჩანს, ქუთაისის პარლამენტი, ახალი საქართველოსა
და ევროპის ცენტრის სიმბოლო, ნახევრად დასამთავრებელია, ჩვენი დეპუტატები კი, პრეზიდენტის სურვილით, იძულებული იქნებიან, თავი საფრთხეში ჩაიგდონ და 26 მაისს საზეიმო გახსნას დაესწრონ იმისდა მიუხედავად, თუ რა კონდიციაში იქნება პარლამენტის შენობა. ისე, გადმოცემით, ადრე თურმე ინჟინრებს ახალაგებული ხიდის ქვეშ აყენებდნენ და ისე ცდიდნენ, რომ მშენებლობის დროს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონოდათ. იმედია, ნახევრად აშენებული პარლამენტის პრეზენტაცია მშვიდობიანად ჩაივლის, დეპუტატების რიცხვი არ შეგვიმცირდება და მათი პასუხისმგებლობა გაიზრდება. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე დოქტორ ლადო პაპავას ვესაუბრებით:

- დავითგარეჯის საკითხზე, ცოტა არ იყოს, დამაბნეველი ვითარება შეიქმნა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯერ განაცხადა, ეს ნაწილი საქართველოს არც არასოდეს ეკუთვნოდაო, შემდეგ კი რადიო "პალიტრის" ეთერში გადათქვა, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს საკუთრებააო. რამდენად სერიოზული და ადეკვატურია დამოკიდებულება სახელმწიფო საზღვრების მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ უმნიშვნელოვანეს სასულიერო და ისტორიულ ცენტრზე?
- ალბათ, უპირველესად მაინც ის უნდა ითქვას, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება, ამ მხრივ ნამდვილად ვერ ვხედავ სირთულეს ან დაუძლეველ პრობლემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა საჭიროა. იმდენად დიდია ჩვენი და აზერბაიჯანის ინტერესთა თანხვედრა, რომ სწორად მიდგომის შემთხვევაში, ეს საკითხი იოლად მოგვარდება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,  - არაპროფესიონალიზმის კორიანტელი დააყენეს. კრიტიკას ვერ უძლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი, რომელიც მოგვიანებით მობოდიშებით გადათქვა, ე. ი. მთლად დაკვირვებით არ გაუკეთებია განცხადება. ამას მოჰყვა ტერიტორიების თაობაზე კულტურის მინისტრის კურიოზული განცხადება, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. კულტურის მინისტრს არავინ ეკითხება, სად გაივლის სადემარკაციო ხაზი. მას ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევალება და არავინ ეკითხება, იყო თუ არა ეს აზერბაიჯანის ტერიტორია საბჭოთა კავშირის დროს. პრაქტიკულად, დაშვებულ იქნა დიდი შეცდომები. მაგრამ თვითონ ის ვითარება, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე შეიქმნა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იქ უკვე აღარ დგანან, მიგვანიშნებს, რომ თბილისსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებით ყველაფრის მოგვარება შეიძლება.

- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის აქციების შესაძლო გაყიდვის შესახებ. რამდენად შედის ქართული ეკონომიკის ინტერესებში ამ ტიპის პრივატიზაცია?
- საქმე ის არის, რომ საქართველოს მკაფიოდ გამოკვეთილი საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია აქვს, - ჩვენი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფანია. საქართველო სწორედ ამ სატრანზიტო ტვირთების გამტარებელია და ეს აღიზიანებს ჩვენს დიდ მტერს, რუსეთს. ამიტომ ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის შესრულებაში.
ტრანზიტული ფუნქციის შესრულებისთვის რამდენიმე ქმედითი ინსტრუმენტი არსებობს: მილსადენები, ნავსადგურები და, რა თქმა უნდა, რკინიგზა. ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა ნავსადგური დაკარგული გვაქვს. რაც შეეხება მილსადენებს, ღვთის მადლით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, მაგისტრალურ გაზსადენს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით კვეთს საქართველოს, თუ ეს პოლიტიკური რეჟიმი დარჩა ქვეყანაში, დიდი ალბათობით დავკარგავთ.

დარჩა რკინიგზა. როგორც ჩვენი მთავრობა იუწყება, რკინიგზა მომგებიანი ორგანიზაციაა. კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის მომგებიანი ორგანიზაციაა, სწორედ ამ ვითარებაში, როდესაც რკინიგზას აქვს სტრატეგიული ფუნქცია ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ფუნქციის შესრულებისა, იმავდროულად კი ჩვენ გვყავს მისი მფლობელობით დაინტერესებული მტერი, რა თქმა უნდა, რკინიგზის გაყიდვაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. საქმე ის არის, რომ რუსეთს უნდა რეგიონში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, ეკონომიკური ინსტრუმენტებით გაამყაროს კონტროლი, რაც ლიბერალური იმპერიის სახელით კეთდება. რუსეთმა უკვე დაამყარა კონტროლი სომხეთის რკინიგზაზე. საინტერესოა, რომ მას სახელიც შეუცვალა, დღეს სომხეთის რკინიგზას აღარ ჰქვია სომხეთის რკინიგზა. მას "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" ეწოდება. ასეთი ამბიციური სახელი კი ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის ინტერესები მარტო სომხეთით არ შემოიფარგლება, მას კავკასიის სხვა ქვეყნების რკინიგზის გაკონტროლებაც უნდა. ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ლონდონის ბირჟაზე რკინიგზის აქციები გაიტანოს, სახიფათოა.

შეიძლება მკითხველმა თქვას, მხოლოდ 25% გააქვთ და ეს ხომ არ არის საკონტროლო პაკეტიო. რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ქართველებს ერთი ანდაზა გვაქვს, ბწკენა-ბწკენაში პატარძალი დაორსულდაო. აი, ასე, ნელ-ნელა შეიძლება წავიდეს ეს პროცესი და დავკარგოთ რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენი, ისევე, როგორც დავკარგეთ ბათუმისა და ფოთის პორტები.

- საქართველოს პრეზიდენტმა პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს ლექცია წაუკითხა თემაზე: "საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის". ლექციის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუდენტმა გიორგი სიგუამ მას მწვავე კითხვა დაუსვა თბილისში მომხდარ წყალდიდობაზე, სლოვენიაში საფეხბურთო მატჩზე დასწრებასა და მილანში შეძენილ ძვირფას საათზე და პრეზიდენტმა პასუხისას ჟარგონი გამოიყენა.
- სააკაშვილის ამერიკელ საზოგადოებასთან ურთიერთობა და შემდგომ ამ ინფორმაციის ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდება რამდენიმე შრედ უნდა წარმოვიდგინოთ. საქმე ის არის, რომ  ამერიკელ საზოგადოებას უყვარს ასეთი "ტკბილი ამბების" მოსმენა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სააკაშვილი იქ, როგორც ამერიკული პროექტი, ისეა გაპიარებული. ამერიკელებს სიამოვნებთ მოსმენა,  თუ რამდენად წარმატებულია ქვეყანა, რომელსაც ისინი ეხმარებიან და მათი ძალიან კარგად მესმის. იმის ფიქრით, საქართველოში რა ხდებაო, ამერიკელი საზოგადოება, ცხადია, არ იძინებს და იღვიძებს, მას თავისი ყოველდღიური თუ გლობალური პრობლემები აქვს, მაგრამ, რაც შეეხება მისი გამოსვლებისა და ვოიაჟების საქართველოში გაშუქებას: ნაციონალური არხები თავს არიდებენ სიმართლის თქმას და ვირტუალურ სამყაროში აცხოვრებენ მთელ საქართველოს.

ცალკე განსახილველია ის, რაც პრინსტონის უნივერსიტეტში მოხდა, - მას ქართველმა ემიგრანტმა დაუსვა კითხვები, რომლებმაც სააკაშვილი გააღიზიანა. მას არ უყვარს დისკუსია, მწვავე თემების განხილვა. პრეზიდენტს უყვარს მუნჯი აუდიტორია, სადაც ყველა კმაყოფილი და აღფრთოვანებული თვალებით შესციცინებს. როგორც კი ვინმეს კრიტიკული აზრი თუ კითხვა დაებადება, წონასწორობას კარგავს.

გაიხსენეთ, რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო სააკაშვილი ჯონდი ბაღათურიამ. მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, რა თქვა ჯონდი ბაღათურიამ, სიმართლე თუ ტყუილი, მნიშვნელობა იმას აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაკრიტიკება ვერ აიტანა და დარბაზიდან გავარდა. როცა დაბრუნდა, შეურაცხყოფა მიაყენა გამომსვლელს და, რა თქმა უნდა, მორჩილი უმრავლესობის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები გამოიწვია. სააკაშვილს არა აქვს საიმისო რესურსი, რომ ოპონენტს ელაპარაკოს. არადა, გიორგი სიგუას კითხვებში ბევრი საინტერესო მომენტი იყო - სასამართლოზე, გადასახადებზე. მხოლოდ უზნეო ადამიანს შეეძლო წასულიყო ფეხბურთზე და შოპინგზე მილანში მაშინ, როდესაც მოქალაქეები ბარაკებში იხრჩობიან. მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმდენს ხვდება, რომ როდესაც მისთვის საჭირო ქვეყანაში ამის შესახებ ეკითხებიან, ეს ცუდია. მაგრამ იმდენი შინაგანი რესურსი აღარ აქვს, რომ ადეკვატურად უპასუხოს და ამიტომ გადადის უზრდელობაზე.

- ამერიკაში გამგზავრებამდე პრეზიდენტი ჯერ სლოვენიაში, ფეხბურთის მატჩზე იყო, შემდგომ კი მილანში, შოპინგზე, როგორც მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, ტექნიკური თუ ტრანზიტული მიზეზების გამო. მანამდე კი იყო ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში... მაინც, რა იყო მიზეზი მომხდარისა: სტიქია თუ ადამიანის შეცდომა?
- რა თქმა უნდა, ორივე ერთად. სტიქია ყველგან და ყოველთვის მოსალოდნელია და ადამიანები მეტ-ნაკლებად მომზადებული ხვდებიან. ზარალი ყოველთვის არის, მაგრამ მეტი ან ნაკლები იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალი იქნება მზადყოფნა. მაგალითად, ვიცით იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამისთვის როგორ იყვნენ მომზადებული, მაგრამ მაინც დიდი ზარალი განიცადეს. თუმცა, სხვაგან ასეთი რამ გაცილებით დიდი უბედურების მომტანი იქნებოდა. თბილისში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ყველამ ვიცით, რომ გაზაფხულობით მეტი წვიმა მოვა და რომ ამისთვის მომზადებაა საჭირო. ალბათ, ესეც ვირტუალური ცხოვრების გავლენაა.

მარჯანიშვილის პროსპექტი გალამაზდა, მაგრამ იმ ლამაზი ფასადების მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას თუ გაულამაზდა ცხოვრება? ეს ყველაფერი ჩვენთან ფასადურია და ამის შედეგებს ვიმკით. რაც შეეხება სააკაშვილს, ის დილაადრიან სპეციალურად წავიდა მოსახლეობასთან შესახვედრად. იცოდა, მერე სლოვენიაში, ფეხბურთზე რომ უნდა გამგზავრებულიყო. დანარჩენი, წინა კითხვაზე საუბრისას გითხარით, რომ ეს ზნეობა-უზნეობის საკითხია. შეიძლება სხვისი ტკივილი არ განიცადო, მაგრამ იმდენი შეგნება მაინც უნდა გქონდეს, ადეკვატურად მოიქცე. მეზობელი რომ გარდაეცვლება კაცს, შეიძლება სულ არ იყოს მისი ჭირისუფალი, მაგრამ ცდილობს, რიდით მოიქცეს, - ტელევიზორი არ ჩართოს ან ხმაური არ გავიდეს მისი სახლიდან. ამით პატივს სცემს მეზობლის მწუხარებას. პრეზიდენტი კი ქვეყნის სიმბოლოა, მუდამ ყურადღების ცენტრშია და ვერ მოიქცევა ისე, როგორც რიგითი ადამიანი. მაგრამ ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა:
გაიხსენეთ, 2008 წლის ომის შემდეგ მან ძვირად ღირებული მასაჟისტი, დოქტორი დოტი ჩამოიყვანა და მასთან ერთად ფოტოებს იღებდა. ბოდიში მკითხველთან, მაგრამ ამით ის ერთადერთ რამეს გამოხატავს, - ფეხებზე მკიდია, თქვენ რას იფიქრებთო.

ახლა ჰესომანია დაემართათ, გამალებული აშენებენ ჰესებს ისე, რომ არც აინტერესებთ, შეიძლება თუ არა იმ კონკრეტულ ადგილზე აშენება. და ეს ყველაფერი არა ქართული, არამედ მეზობელი თურქეთის ეკონომიკის გაძლიერებას უკავშირდება, რომელსაც, საქართველოსგან განსხვავებით, მზარდი მრეწველობა აქვს და სულ მეტი ელექტროენერგია სჭირდება.

- 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის საზეიმო გახსნა იგეგმება. ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს სიმბოლური თარიღებით ცხოვრებას, ოღონდ ამჯერად საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების ფასად, რადგან ამ დროისთვის მშენებლობის დასრულება, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.
- როდესაც ვამბობ, რომ სააკაშვილი უფრო ნაკლებად ამერიკული და უფრო მეტად რუსული პროექტია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესეც არის. გავიხსენოთ, საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით კი ბრეჟნევის ხანაში, პარანოიამდე  იყო დასული ყველაფრის ჩაბარება 1-ლი მაისისთვის, 7 ნოემბრისთვის და თურმე, ერთხელ, ასეთი ამბავიც კი მომხდარა (პატარა კი ვიყავი, მაგრამ მშობლებისგან მახსოვს), - თბილისში ნიკიტა ხრუშჩოვი უნდა ჩამოსულიყო და ხიდის დასრულებას ვერ ასწრებდნენ. ამიტომ ხიდზე მოაჯირი რომ ვერ დაამონტაჟეს, მასზე ხალხი დააყენეს. ადამიანებს ცალი ხელით მოაჯირი ეჭირათ, მეორეს კი გენერალურ მდივანს უქნევდნენ მისალმების ნიშნად. შექმნეს იმის ილუზია, რომ დასრულებულ ხიდზე მოაჯირს იყო ხალხი მიყრდნობილი და ხელს იქნევდა. ამგვარი რამ დღესაც გრძელდება. კი, საქართველოში 1-ლი მაისი და 7 ნოემბერი არ არის დღესასწაული, მაგრამ არის 23 ნოემბერი, 26 მაისი. თარიღების თაყვანისცემა საბჭოური სტილით შეინარჩუნეს. ამიტომაც ვამბობ, რომ სააკაშვილის მთავრობა წმინდა რუსული ნეობოლშევიკური პროექტია. სამაგიეროდ, ბათუმის ახალაშენებულ ოპერაში კონცერტი რომ გაიმართა, წვიმის დროს ჭურჭელი ედგათ, წყალს რომ იატაკი არ გაეფუჭებინა; ახალაშენებულ აეროპორტს ქარმა სახურავი გადახადა...

ასეთივე რამ ხდება პარლამენტშიც. კაცმა აიკვიატა, რომ 26 მაისს სხდომას ქუთაისში ჩაატარებს. მნიშვნელობა არა აქვს, მოესწრება თუ არა, დასრულებულია თუ არა. ნაციონალური არხები სწორედ იმ კუთხით დააყენებენ ტელეკამერებს, რომ გამოჩნდეს, თუ რა ლამაზი და ბრწყინვალეა ყველაფერი. სინამდვილეში კი საქართველო სწორედ ზემოხსენებულ მდგომარეობაშია, - ცალი ხელით მოაჯირი უჭირავთ სააკაშვილის მხარდამჭერებს და გახარებული სახეებით მეორე ხელს იქნევენ.
Ваня
29 მაისი 2012 09:44
აი კაცი........... ყველაფერი იცის (არა მარტო ეკონომიკური საკითხები), ყველაფერს ამჩნევს, ყველაფერს ხედავს, ყველაფერზე კომენარს აკეთებს.Маладец Владимир Владимирович.
eteri
25 მაისი 2012 00:41
gaixare ბატონო ლადო,როგორ რეალურად და ლამაზად აღწერეთ რაც გვჭირს
tamada
24 მაისი 2012 19:36
უფალო,შენ გვიშველე!ეს ნაცშპანა რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოისპოს,დიახ,დიახ,მოისპოს და სამუდამოდ განადგურდეს ისე,რომ აღარავის,არც ერთ შემდგომ ხელისუფლებას აღარ მოუვიდეს მსგავსი სისულელეების და მავნებლობის ჩადენის სურვილი ჩვენს საქართველოში.ასე იცის თავცარიელი ლაწირაკების და ბრიყვების სათავეში წამოსკუპებამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?