ჰილარი კლინტონი - ქართული დემოკრატიისთვის მებრძოლი?! - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონი - ქართული დემოკრატიისთვის მებრძოლი?!

"განათლების სისტემას, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად ეპყრობიან"

...მახსოვს, ბავშვობაში პაპა მყნობის წესებს მიხსნიდა - მაგალითად, მაჟალოზე ვაშლის დამყნობით ყინვაგამძლე ჯიში შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს ყველაფერი აქამდე მებაღეობის პრეროგატივა მეგონა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო ხომ მთელი მსოფლიოსთვის რეფორმების "საბადოდ" იქცა და აგერ, მორიგი უნიკალური მიდგომაც: უწყებათა დამყნობა. ვიღებთ განათლების სისტემას, ვაფცქვნით საგამოცდო ცენტრს და ზედ ვამყნობთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აჭრილ პოლიციის აკადემიის ყლორტს. შედეგად რას მივიღებთ, უახლოეს გამოცდებზე გამოჩნდება, თუმცა თუ სასურველი შედეგი არ გვექნა, ეგეც არაფერი: ავაჭრით ახალდამყნილ პოლიციის აკადემიის ყლორტს (წელიწადის დროისა და პოლიტიკური ამინდის მიუხედავად) და ან სასწავლებლად გავუშვებთ, ან რომელიმე საელჩოში გადავრგავთ... სარკაზმი იქით იყოს და, დარწმუნებული ვარ, მებაღეები ნარგავებს გაცილებით სერიოზულად ეკიდებიან, ვიდრე უმაღლესი ხელისუფლება ზოგ მინისტრსა და სამინისტროს. არადა, სანამ მავანი განათლების სამინისტროთი "თამაშობს", რეფორმასა და რეფორმას შორის არცთუ განათლებული თაობები იზრდებიან, პერმანენტული შაშკინიზაცია კი ქრონიკულ ფაზაში გადავიდა. საზოგადოდ, განათლებული მოსახლეობა საჭირო არც არის: ხომ შეიძლება, ორმოცდაჩვიდმეტსართულიანი და ეშმაკისბორბლიანი უნივერსიტეტის გაგონებაზე განათლებულ კაცს გაეცინოს ან ეჭვის თვალით შეხედოს ქუთაისიდან მესტიამდე გვირაბის გათხრას... ბატონ რამაზ საყვარელიძესთან საუბარი ეროვნული საგამოცდო ცენტრის გარშემო აგორებული აჟიოტაჟით დავიწყეთ:

- გასულ კვირაში ყველაზე რეზონანსული თემა ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო. ამასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს: ერთია, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობა ოჯახის წევრების პოლიტიკურ პოზიციას ემსხვერპლა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ საქმე სისტემურ შეუთავსებლობასთან გვაქვს.

- ვფიქრობ, ერთდროულად ბევრი მიზეზია - დაპირისპირების არსებობაზე და ამ დაპირისპირების ისტორიაზე ორივე მხარე ლაპარაკობს. არაკი, რომლის მიხედვითაც მინისტრის პოზიციაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, გულისხმობს, რომ მინისტრი ხალხის სახელით ლაპარაკობს. დამკვეთი არის მინისტრი და "თუ ხელოსანმა არ იმუშავა, უნდა გათავისუფლდეს". პრინციპი არის საეჭვო, რადგან მინისტრი არ არის პროფესიონალი, განსხვავებით მიმინოშვილისგან. ქალბატონმა მაიამ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია და ხალხს რომ ვკითხოთ, რა გირჩევნია, ვისი ნება იყოს გადამწყვეტი, პროფესიონალის თუ არაპროფესიონალისა, ალბათ უმრავლესობა იტყვის, რომ პროფესიონალის. ასე რომ, ხალხის დაკვეთას თუ ვინმე არ ასრულებს,  უპირველესად, მინისტრი. მინისტრი, რომელიც წესიერად ქართულადაც ვერ ლაპარაკობს, წყვეტს, იყოს თუ არა ქართულში გამოცდა.

რომც არ იყოს აქ პოლიტიკური მოტივი, სამინისტროში არსებული მდგომარეობა და მიდგომა - განათლებას განაგებდეს ადამიანი, რომელიც კომპეტენტურ ადამიანებს ანგარიშს არ უწევს და რომელსაც პოლიციელები შემოჰყავს სისტემაში, - არის ხარვეზიანი და ამ ხარვეზზე პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლება. იყო თუ არა სატელეფონო ზარი გათავისუფლების მიზეზი? - შეიძლება იყო, რადგანაც ხელისუფლების მხრიდან ასეთი რამ ითქვა, - ის, ვინც ჩვენ გვერდითაა, მიტინგზე არ უნდა იყოსო. თუკი ასეთი მიდგომა აქვთ ხელისუფლებაში, შეიძლება გადაედგათ კიდეც ასეთი ნაბიჯი, ეს კი დემოკრატიისგან ძალიან შორსაა. ლანა ღოღობერიძის მაგალითიც მოიყვანეს, თავის დროზე ქალბატონი ლანაც, როგორც ელჩი, აკრიტიკებდა შევარდნაძის ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებიდან არ დაუთხოვიათ. ევროპელებიც კი  იყვნენ აღფრთოვანებული ასეთი დემოკრატიის არსებობით საქართველოში. იყო თუ არა დემოკრატი შევარდნაძე, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ფაქტია, რომ ეს კონკრეტული საკითხი დემოკრატიის სტანდარტებში ჯდებოდა. ჩვენ ასეთ სტანდარტებს არათუ ვიცავთ, ვცდილობთ, შევქმნათ გამამართლებელი თეორიები იმაზე, რომ ადამიანი სამსახურიდან უნდა გაათავისუფლო თუ ის შენგან განსხვავებულ პოზიციაზე დგას.

- ამ ეპიზოდმა ბევრი საინტერესო სახელისუფლებო ტენდენცია გამოაჩინა. მიმინოშვილის თქმით, მას შვეიცარიაში ელჩობას სთავაზობდნენ, შემდეგ  ჯანდაცვის სამინისტოში გადასვლას. თუ ადამიანი თავის თანამდებობაზე ფუნქციას ვერ ასრულებს, ელჩობა სასჯელია?

- ამ ფრაგმენტში მიმინოშვილი აღმოჩნდა უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ვიდრე ისინი, ვინც სახელმწიფოს წარმოადგენენ. ასეთი შემთხვევა ხშირია - ადამიანს საზღვარგარეთ სამუშაოდ და დიპლომატიური მისიით კი არ უშვებენ, არამედ იმისთვის, რომ აქედან მოიშორონ და თან კმაყოფილიც დატოვონ, - უცხოეთში ყოფნა სიამოვნების ტოლფასია. სამინისტროებშიც იმიტომ გადაჰყავთ, რომ ნაწყენი არ დარჩეს. ორივე შემთხვევაში მისი კონტროლის საშუალება ექნებათ. ეს კი აი, რას ნიშნავს: არც ერთი და არც მეორე მიმართულებით ქვეყანას კონკრეტული კონცეფცია არ გააჩნია, ვის სად დანიშნავენ და როგორ იმუშავებს, არავის აინტერესებს. მაგალითად, ბეგაშვილი გაუშვეს ჩინეთში. ამ ქვეყნისადმი მსოფლიოს ინტერესი მაქსიმალური და მზარდია და კარდინალური მნიშვნელობისაა ჩვენთვის, როგორც ტრანზიტული ქვეყნისთვის. ჩვენი ტრანზიტი არის დერეფანი აღმოსავლეთსა და ევროპას შორის და შესაბამისად, აღმოსავლური ქვეყნებისადმი დიდი ინტერესი უნდა გვქონდეს. არადა, გაუშვეს ადამიანი, რომელსაც ამ ინტერესის გატარება არ შეეძლო, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით კონკრეტული დავალებებიც არ მიუციათ. გაუშვეს იმიტომ, რომ გარემოებათა გამო უნდა გაეშვათ. როცა კონცეფცია გაქვს, მაშინ დანიშვნის წინ ფიქრობ, შეუძლია კი ამა თუ იმ პირს ამა თუ იმ თანამდებობაზე მისიის შესრულება? თუ ამაზე არ ფიქრობ, არც კონცეფცია გაქვს.

- ალბათ, კონცეფციას უკავშირდება ერთი უცნაური ტენდენცია, მიმინოშვილის გათავისუფლებას რომ მოჰყვა: რახანია განათლების სამინისტროში კადრები ხან გენერალური პროკურატურიდან მოჰყავთ, ხან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, დღეს უკვე პოლიციიდანაც. ვითომ ასე ახლოს დგას განათლება და პოლიცია ერთმანეთთან?

- როდესაც ადამიანს ციხეში უშვებენ, იგულისხმება, რომ ციხეში იგი არა მარტო უნდა დაისაჯოს, არამედ უნდა აღიზარდოს კიდეც. როგორც ჩანს, აღზრდის თემამ განათლებასა და პოლიციას შორის საერთო ასოციაცია გამოიწვია, ოღონდ, არა იმით, რომ პედაგოგები გაეშვათ პატიმრებთან და მათი აღზრდის საშუალება მიეცათ. თუ ამ ყველაფერს სერიოზულად განვიხილავთ, რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან მძიმე გადაწყვეტას პოულობს - განათლების სისტემას, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად ეპყრობიან. თავის დროზე პროკურატურიდან რომ გაუშვეს მინისტრად კაცი, იმ კაცის სადმე გაშვება იყო მთავარი ამოცანა, ისევე როგორც მოგვიანებით შაშკინის სადმე მოთავსება. კონცეპტუალური მიდგომა, ვთქვათ, ძალისმიერ უწყებას დააყრდნონ განათლების სისტემა, არც ჩანს - მხოლოდ ადგილებით თამაშთან გვაქვს საქმე. თუმცა, განათლების სისტემაში ძალისმიერი პოლიტიკის გატარება ნამდვილად არ არის საჭირო.

ცივილიზებულ მსოფლიოში, ციხეებშიც კი, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავენი სხედან, ფსიქოლოგები მუშაობენ. ჩვენთან სკოლებიდან ფსიქოლოგები გამოიყვანეს და პოლიციელები შეიყვანეს...

- "ქართულმა ოცნებამ" თბილისის შემდეგ აქცია ქუთაისშიც დაგეგმა. გაამართლებს კი აქციების რეგიონებში გადატანა ან შეძლებს "ქართული ოცნება" ხელისუფლების წნეხის პირობებში ისეთივე ხალხმრავალი აქციების გამართვას, როგორც ეს თბილისში იყო?

- ჩემი აზრით,  თბილისიდან აქციების დაწყება სწორი სტრატეგია იყო. რეგიონებიდან რომ დაწყებულიყო, იმ მიზეზით, რაც ბრძანეთ, შეიძლება უფრო დაბალი რეგისტრი გამოსვლოდათ, ხალხის გამოსვლა რეგიონებში ადვილად შეიზღუდებოდა. თბილისის აქციის მასშტაბმა მაღალი ტონი მისცა აქციებს და ალბათ, თბილისი წამახალისებელ როლს ითამაშებს.  დანარჩენებიც მოინდომებენ ისე მოქცევას, როგორც თბილისი მოიქცა, რადგან თბილისი ჯერჯერობით მაინც დედაქალაქია. პროცესის შეზღუდვა უფრო გაუჭირდებათ თბილისის აქციის ფონზე, ეს გამოჩნდა ქუთაისის ამბავშიც. კონცერტების სერია, რომლითაც დააკავეს ქალაქის ცენტრი, სპონტანური, სახელდახელო გადაწყვეტილებაა. ახლა მთელ ქუთაისში დარბიან მშობლები და არკვევენ, რა ლექსი უნდა წაიკითხოს მისმა შვილმა და რომელი ცეკვა იცეკვოს.

როგორც ჩანს, არ იყო ეს ადრე დაგეგმილი, რადგან ახლა ატყდა ქუთაისში ამ მიმართულებით მღელვარება. ასეთი დაუგეგმავი იერი ექნება ბევრგან ამ შეზღუდვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთიანი, ლოგიკურად აწყობილი სტრატეგია ხელისუფლებას არა აქვს. განწყობილება აშკარად შეცვლილია ისეთი რეგიონების მოსახლეობაშიც კი, რომლებიც ტრადიციულად ხელისუფლების მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. რაც შეეხება კითხვას, სწორი იყო თუ არა რეგიონებში ბრძოლის გადატანა, უკვე ვნახეთ, თბილისში რამდენჯერმე წაგების შემდეგ როგორ იგებდა არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონების ხარჯზე. ასე რომ, სწორედ რეგიონების ხმების მოპოვებაა გადამწყვეტი მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში.

- კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რომელიც გახმიანდა ამერიკის ელჩის მხრიდან, საკაბელო ტელევიზიებში ეგრეთ წოდებული "მასტ ქერის" პრინციპის დამკვიდრებას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ საკაბელო ტრანზიტორები ვალდებული იქნებიან, ყველა მსურველი ტელევიზიის სიგნალი გადასცენ. საინტერესოა, რომ მოძრაობამ - "ეს შენ გეხება", ჰილარი კლინტონს მიმართა თხოვნით, ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრისას ლობირება გაუწიოს...

- ეს ინიციატივა კარგი რომ არის, ცხადია თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლება ცივ უარს ამბობდა ამ წინადადების განხილვაზეც კი იმ მოსაზრებით, რომ ასეთი ტელევიზიების სიგნალის ფართოდ გავრცელება მოსახლეობაში ოპოზიციურ განწყობას გაზრდიდა. თუმცა საეჭვოა, ხელისუფლებამ ჰილარი კლინტონის რეკომენდაცია გაითვალისწინოს. გავიხსენებდი იმ გამოცდილებას, რაც, საუბედუროდ, დასავლეთს აქვს საქართველოს მიმართ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი ლაპარაკობს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მედიის თავისუფლებაზე, საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებზე... ამ პრობლემების გადასაჭრელად ერთი ნაბიჯი მაინც გადაიდგა?!  პასუხია - არა.

ასე რომ, დასავლეთის პოზიცია, როგორც ჩანს, ძალზე მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ხელისუფლება მისთვის სასურველ ნაბიჯებს სწორედ ევროპას აბრალებს, - თითქოს საკონსტიტუციო ცვლილება დასავლეთის გავლენით მოხდა ივანიშვილის არჩევნებში შემოყვანისთვის, და თუმცა, ივანიშვილმა უარი თქვა, ეს ცვლილება მაინც შეიტანეს კონსტიტუციაში. ესე იგი, რაღაც სხვა მოტივი არსებობს. მაგალითად, ახალი ცვლილებით საპრეზიდენტო არჩევნებში თავისუფლად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა თუნდაც პრეზიდენტის მეუღლემ. შეიძლება ამის იქით რაღაც პოლიტიკური ჩანაფიქრი იმალება...

- გამოდის, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტსაც ბევრი არაფერი შედეგი ექნება?!

- არ ვიცი, რა პოლიტიკური რეპერტუარია დაგეგმილი ამ შეხვედრებში, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იქნება -  შეიძლება თვითონ კლინტონი არ აღმოჩნდეს ერთგული მებრძოლი ქართული დემოკრატიისთვის. ფაქტია, რომ დღეს, როდესაც ირანთან დაკავშირებით ამერიკა პარტნიორებისგან ითხოვს კონსოლიდაციას თავისი პოზიციის გარშემო, ისეთი პარტნიორი, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს ირანთან და არ აპირებს ამ ურთიერთობების გადახედვას. სხვათა შორის, საქართველო მოიხსენიება, როგორც ირანისთვის ერთ-ერთი სასურველი პარტნიორი ქვეყანა. ამ გაორებაში გარკვეული პოლიტიკური აზრია ჩადებული საქართველოს მხრიდან და ეს თემა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება კლინტონისთვის, ვიდრე ქართული დემოკრატიის ბედ-იღბალი. ამიტომ არ ვიცი, რა მიმართულებით წავა დისკუსია... თუმცა,

თუ ქართული ადმინისტრაცია დარჩა ისევ რისკის ფაქტორად ამ გეოპოლიტიკურ პროცესებში, შესაძლოა ამერიკული მხარისთვის აღარც იყოს სასურველი ამ ადმინისტრაციის შენარჩუნება.

შეიძლება სწორედ დემოკრატია აღმოჩნდეს საბაბი საიმისოდ, რომ ამერიკული მხარე მაქსიმალურად კრიტიკული გახდეს ქართული მხარის მიმართ.