"მშიერმა ხალხმა გაბრაზება იცის" - კვირის პალიტრა

"მშიერმა ხალხმა გაბრაზება იცის"

"თუ აქ ძალიან არ გამწვავდა ვითარება, აშშ არ ჩაერევა. სწორედ ამის იმედი აქვს ხელისუფლებას"

"სანამ ოლიმპიადა და ჩემპიონატი არ ჩატარდება, რუსეთისგან სამხედრო კონფლიქტი არ არის მოსალოდნელი"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს წითელ ხაზად გასდევდა, რომ საქართველოში შემოდგომაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საქართველოს მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს.

გაიგო თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის კეთილი სურვილი, იქიდან გამოჩნდა, რომ სახელმწიფო მდივნის გასტუმრებისთანავე სამარშრუტო ტაქსებში რადიოები დადუმდა (მძღოლების თქმით, ხელისუფლებაში ვიღაცას არ მოეწონა, რომ ხალხი რადიო "პალიტრასა" და "მაესტროს" უსმენდა). ამას "მეცხრე არხის გათიშვაც" მოჰყვა და კონტროლის პალატამაც ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების კიდევ ერთი საბაბი იპოვა, - ამომრჩევლისთვის ათიათასობით სატელიტური ანტენის უსასყიდლოდ გადაცემა. ასეთ პირობებში მიეცემა თუ არა ქართველ ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება და რამდენად ილახება საინფორმაციო სივრცის შეზღუდვით მისი, როგორც ამომრჩევლის უფლება, სხვა საკითხია, მაგრამ, როგორც ჩანს, "სხვა საკითხები" ხელისუფლებას არ ადარდებს, - მისთვის მთავარი ოქტომბრის არჩევნების მოგებაა.

ძალაუფლების შენარჩუნებაზე გამეცადინებული მმართველი გუნდი ქვეყნის აღმშენებლის იმიჯის მორგებას ისეთი გახელებით ცდილობს, რომ  ხშირად ფართიფურთით და ნაჩქარევად ნაშენი ენგრევა, რაც უკვე მერამდენედ ჯდება ადამიანის სიცოცხლის ფასად.

გასულ კვირას თბილისელებისაგან ესტაფეტა ქუთათურებმა მიიღეს, სადაც "ქართული ოცნების" აქციაზე ათასობით ქუთაისელი მივიდა.

ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე "კვირის პალიტრა" დიპლომატსა და პოლიტოლოგს, კოტე ჟღენტს ესაუბრა:

- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას მთავარი იყო სამი საკითხი: ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება საქართველოში და საქართველოს როლი რეგიონსა და საერთაშორისო არენაზე, რომელიც გარკვეულწილად, ემყარება აშშ-თან პოლიტიკურ და სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. კლინტონის კითხვები, ძირითადად, დემოკრატიის ხარისხს უკავშირდებოდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში ჰილარი კლინტონის ვიზიტისას უფრო სხვა თემები იყო აქტუალური. ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა საქართველო, სადაც აქცენტი ფოკუსირებულ იქნა დემოკრატიაზე, არჩევნებსა და ქვეყნის განვითარების ვექტორზე. ჰილარი კლინტონმა ამ საკითხებზე ძალიან სწორი ხაზგასმები გააკეთა. მე გავეცანი სერგეი მარკედონოვის სტატიას Aაშშ-ის ერთ-ერთ გამოცემაში, სადაც წერს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსებისგან კულუარულად იცის, - თუ ძალიან არ დაიძაბა საქართველოში ვითარება და რევოლუციური დაპირისპირების საფრთხე არ გაჩნდა, ამერიკისთვის მისაღებია საქართველოს პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია ან პირიქით - ხელისუფლება. ბატონი მარკედონოვი ამბობს, აშშ-ისთვის მთავარი რეგიონში და კერძოდ, საქართველოში სტაბილურობააო და ვეთანხმები მას. შეუძლებელია, აშშ-ში არ იცოდნენ, რომ მომავალ პარლამენტში განიხილავენ, მაგალითად, თანაფარდობას 60/40-ზე. მაგრამ დღევანდელი საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ხელისუფლების 60%-იან გამარჯვებას. ეს არ გამოვა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის თავისებურებების გამო.

თუმცა, ოპოზიციამ კი ნამდვილად შეიძლება აიღოს 60% და მეტიც.

დღევანდელი სისტემით ძნელად წარმოსადგენია ხელისუფლების პატარა განსხვავებით გამარჯვება. თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დიდი სხვაობით და ამ შემთხვევაში უნდა გააყალბოს არჩევნები. მაშინ პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა პარლამენტში, სავარაუდოდ, იქნება ასეთი: 70% - ხელისუფლებას და 30% - ოპოზიციას. ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, მაგრამ ეს არ შეცვლის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ამას კი, ჩემი აზრით, მოჰყვება დიდი პროტესტი. მაგრამ თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს თბილისისა და ქუთაისის აქციებზე მისული ხალხის რაოდენობასა და იმასაც, რომ ამას მოჰყვება ხალხმრავალი აქციები თელავში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, და თუ აშკარა გახდება საპროტესტო მუხტის მატება, ხელისუფლება, ალბათ, ვეღარ გაბედავს 70%-ის დაწერას.

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა დემოკრატიულ არჩევნებზე, საქართველოდან მისი წასვლისთანავე "მე-9 არხი" გაითიშა, სამარშრუტო ტაქსებში აიკრძალა რადიოს მოსმენა, ხელისუფლების მთავარ ოპონენტს, ბიძინა ივანიშვილს კი 75 მილიონით უპირებენ დაჯარიმებას. სწორედ ამიტომაც გაჩნდა ვარაუდი, რომ ჰილარი კლინტონმა მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებას.

- ეს გამორიცხულია. აშშ-ის მითითების მიუხედავად, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. თუ აქ ძალიან არ გამწვავდა ვითარება, აშშ არ ჩაერევა. სწორედ ამის იმედი აქვს ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ ჯერჯერობით, ნიჰილიზმს ვერ ერევა. ხელისუფლების ქმედებები ნიჰილისტურად განწყობილ ხალხსაც დაარწმუნებს, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას არ გაურიგდება და ეს მას ქუჩაში გამოიყვანს. ეს კი ესკალაციისკენ წაიყვანს პროცესებს, რაზეც პასუხისმგებელი უპირველესად ხელისუფლება იქნება. ხელისუფლებას შეუძლია რბილად მოქმედებაც და სიხისტეც. ყველაფერი დამოკიდებულია იმ მუხტზე, რომელსაც ხალხი აჩვენებს. ვვარაუდობ, რომ საპროტესტო მუხტი გაიზრდება და ხელისუფლება ვერ გაბედავს ყველაფერზე წასვლას. ღმერთმა არ ქნას, ვერ დაინახოს და სათანადოდ არ შეაფასოს ხალხის განწყობა.

- ჰილარი კლინტონის ვიზიტს დაემთხვა ყარაბაღში საომარი მოქმედების განახლება. ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს.

- ჩემი აზრით, ეს განგებ გაკეთდა. ყოველთვის, როდესაც რაღაც ხდება, უნდა დაისვას კითხვა, ვის აძლევდა ხელს, რაც მოხდა?

ჩემთვის სიმპტომატური იყო, რომ ბარაქ Oობამამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველი ვიზიტი თურქეთში დაგეგმა. მანამდე იქ იყო ქალბატონი კლინტონი, რომელიც შეხვდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და პროტოკოლში ჩაწერეს, რომ აღადგენდნენ დიპლომატიურ ურთიერთობას. ამას ორი ქვეყნის პარლამენტების რატიფიკაცია სჭირდებოდა, მაგრამ არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის პარლამენტებმა ამის რატიფიცირება არ მოახდინეს.

სომხეთსა და აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რა დონის დემოკრატიაა ქვეყანაში, წინასაარჩევნოდ ერიდებიან არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას და მეტიც, საომარი მოქმედების დაწყებას. მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებობს ე.წ. ომის პარტიები, რომლებიც მომხრე იყვნენ საომარი მოქმედებების განახლებისა დაD მესამე დაინტერესებულმა მხარემ ეს გამოიყენა. სავარაუდოდ, რუსეთს უნდოდა კონფლიქტის განახლება კლინტონის ვიზიტს დაჰკავშირებოდა, რითაც ამერიკას აჩვენებდა, შენი სცენარით არ მოგაგვარებინებ ყარაბაღის კონფლიქტს, ამ რეგიონში ლიდერი მე ვარო. პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების მერე რუსეთი დასავლეთსაც მიანიშნებს, პოსტსაბჭოთა სივრცე ჩემი უპირატესი ინტერესების არეალიაო. რუსეთი ჯერჯერობით საქართველოში დაძაბულობის გაძლიერებას მოერიდება, რადგან ჩასატარებელი აქვს სოჭის ოლიმპიადა და მერე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რასაც ბევრი დასავლური საინფორმაციო წყაროს აზრით, ოლიმპიური კომიტეტისა და ფიფას მოსყიდვით მიაღწია. სანამ ოლიმპიადა და ჩემპიონატი არ ჩატარდება, რუსეთისგან სამხედრო კონფლიქტი არ არის მოსალოდნელი.

- სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ თუ არ შეიცვლება საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა, ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება.

- ამერიკის ადმინისტრაცია და ევროპელები არჩევნების წინ ყოველთვის ამას ამბობენ. ოპოზიციური გაერთიანება სწორად იქცევა, თავისი ლობისტების საშუალებით რომ მუშაობს იმისათვის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალურად მოსთხოვონ არჩევნების წინ "მოედნის მოსწორება". სავარაუდოდ, მოედანი ბოლომდე ვერ მოსწორდება, ხელისუფლების მხარეს მაინც დარჩება ერთგვარი "დაქანება". ერიკ რუბინი ამას კი ამბობს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროცენტები გადანაწილდება არჩევნებზე და რა ვითარება იქნება ქვეყანაში. ამის მიხედვით განსაზღვრავს დასავლეთი, აქტიურად ჩაერიოს თუ არა და ეს ჩარევაც სიტყვიერ განცხადებებს არ გასცდება. სულ რომ გააყალბოს სააკაშვილის ხელისუფლებამ არჩევნები, მაქსიმალური, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რაც მაგალითად, ლუკაშენკოს გაუკეთეს, - სააკაშვილსა და მის გარემოცვას აუკრძალავენ აშშ-სა და ევროპაში ჩასვლას. ეს იქნება მაქსიმალური სასჯელი. საქართველოს რადიკალურ სანქციებს არავინ დაუწესებს, თუმცა, შეიძლება გავიდეს, მაგალითად, ამერიკელი სენატორების წინადადება, რომ ამერიკის სახელმწიფოდან შეიზღუდოს ფინანსური დახმარება, თუკი არჩევნები უსამართლოდ ჩატარდება. ეს კი ქვეყნისთვის იქნება ცუდი და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ბოლო დროს ხომ ხედავთ, სააკაშვილის ხელისუფლება აღმოსავლეთისკენ არის შეტრიალებული. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თადარიგს იჭერს, - თუ დასავლეთიდან შეზღუდვები დაიწყო, თუ დახმარება ამერიკიდან შეწყდა, მაშინ დახმარებას აღმოსავლეთისგან მიიღებს.

- ჰილარი კლინტონმა ილაპარაკა 2013 წელს ხელისუფლების გადაბარებაზე, თუმცა, ბოკერიამ ამ თემის კომენტირებისას აღნიშნა, ხელისუფლების გადაბარება ყოველ არჩევნებზე ხდებაო. როგორ უნდა გავიგოთ კლინტონის განცხადება?

- სამწუხაროდ, ბოკერიასა და ხელისუფლების წევრთა თითქმის ყველა გამონათქვამს თან სდევს სუბიექტურობა და ცინიზმი. ძალაუფლების გადაცემა სულ სხვა რამ არის. კლინტონის ნახსენებ ხელისუფლების გადაცემაში იგულისხმებოდა ძალაუფლების გადაცემა ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან მეორისთვის და არა სააკაშვილისგან ბაქრაძესა ან ბოკერიასთვის.

- "ფრიდომ ჰაუსის" 2011 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო ისევ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნების რიცხვშია, მიუხედავად ხელისუფლების განცხადებისა, რომ დემოკრატიისკენ მივდივართ.

- ალბათ, კიდევ დიდხანს ვიქნებით ჰიბრიდული დემოკრატიის მქონე ქვეყნების რიცხვში. სამწუხაროდ, დემოკრატიისკენ კუს ნაბიჯებით მივიწევთ. აშშ-ში ვიზიტისას ვაშაძემ და ბოკერიამ პირობა დადეს, რომ არჩევნების შემდგომ საქართველო დიდი ნაბიჯებით წავიდოდა დემოკრატიისკენ, რაც არ გაკეთებულა. ამიტომაც ამ არჩევნებზე ხალხმა უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი. დღესB ბევრი მშიერია ქვეყანაში ("ნატვრის ხისა" არ იყოს) და ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ მშიერმა ხალხმა გაბრაზება იცის, მას უკეთესი ცხოვრება უნდა.

- სააკაშვილი უკვე ასპროცენტიან დასაქმებაზე ლაპარაკობს, ცხვირაწეულ საზოგადოებას აკრიტიკებს და ისიც კი თქვა, 2013 წლიდან (საპრეზიდენტო არჩევნების წელი) ერთიანი ეროვნული გამოცდებიც აღარ იქნებაო.

- ეს წინასაარჩევნო ტექნოლოგიაა. ეს გუნდი რომ ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს, ჩანს მის ყველა გადაწყვეტილებასა და გამონათქვამში, მაგრამ მთავარია, რა ზღვრამდე აპირებენ წასვლას. დღეს საქართველოში ციციკორეობის საბჭოთა ვარიანტი გვაქვს და არა ისეთი, რაზეც გოგლა ლეონიძე წერდა.

ჩვენ ციციკორეს ქვეყანა ვართ. ხალხი ვერ გამოვიდა იმ მდგომარეობიდან, რომ ერთ ლიდერზე არ იყოს მინდობილი.

ბევრისთვის ლაზიკა მინდორია, რომელსაც "ნატვრის ხეში" სოფელი ღობავს, ციციკორემ ასე თქვაო. სააკაშვილმაც თქვა, რომ ლაზიკა უნდა აშენდეს და მორჩა! პარლამენტში კანონები მიიღეს, რაღაცები შეცვალეს და Dიუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო ქალაქში, რომელიც ჯერ არ აშენებულა. ამაზე კარგად იხუმრეს, ეტყობა, გადამფრენ ფრინველებს უნდა დავურიგოთ პასპორტები და ამიტომ გახდა საჭირო ლაზიკაში იუსტიციის სახლის აშენებაო. გონიერი ადამიანი პრაგმატულად ხომ უნდა ფიქრობდეს? ამაში ხომ ჩვენი ფული იხარჯება. საზოგადოების ნაწილი, რომელიც ციციკორეს ემსახურება, კარგად ცხოვრობს, ხოლო იმ მცირე ნაწილს, რომელიც მის შეხედულებებს აპროტესტებს, ტერორისტობასა და რადიკალობას აბრალებენ, როგორც იორამს. ფილმ "ნატვრის ხეში" არის პერსონაჟი, რომელსაც ბატონი ეროსი ასახიერებს. ის ბავშვებს გამუდმებით ასწავლის ისტორიას, მაგრამ მისი მოსმენა არ უნდათ. ასეთ მდგომარეობაში მეც აღმოვჩენილვარ. როდესაც ჩემს სტუდენტებს ადამიანური ფასეულობების პრიმატისკენ მოვუწოდებ და ვეუბნები, სიმართლე, პატიოსნება, მეგობრობა და ოჯახია უპირატესი და მერე მაღალი ხელფასი ან კარიერა-მეთქი, ზოგის თვალებში ვკითხულობ, რომ ეს არ ესმის. პრაგმატული და კარგ სამსახურზე ორიენტირებული გახდნენ ახალგაზრდები. ამას ხელს უწყობს ჩვენი განათლების სისტემა, პატრიოტული ბანაკები და ის, რასაც ხედავენ სამსახურებში.

ახალგაზრდები სხვების თავზე გადავლით ცდილობენ კარიერის გაკეთებას. არსებული სისტემის მიზანია, გაზარდოს თაობა, რომლისთვისაც მიზნის მიღწევა ყველა საშუალებით გამართლებულია.

- ბრძანეთ, მთავარია, ხელისუფლება სადამდე მივაო,  ბიძინა ივანიშვილს უკვე მერამდენედ აჯარიმებენ, ოპოზიციონერებს იტაცებენ, აპატიმრებენ... ფიქრობთ, რომ რამე შეიცვლება?

- ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ასე რომ ექცევა ივანიშვილს, ხელისუფლებას ჰგონია, ხალხი ვერაფერს ხვდება. როდესაც სააკაშვილი ამბობს, ჩვენ უფრო გვიქრის თავში, ვიდრე ამ აეროპორტში ქრის ქარიო და ხალხი ამას ტაშს უკრავს, ის რწმუნდება, რომ ხალხი მართლა ასეთია.

სააკაშვილმა თქვა, 50 დოლარად ევროპაში ვიფრენთო და როდესაც ამაზე ხალხი ტაშს უკრავს, სააკაშვილი ხედავს, რომ ამგვარი ზღაპრები ხალხს მოსწონს, სჯერა და ფიქრობს, ე.ი. ესენი ყველაფერზე ტაშს დამიკრავენო. მაგრამ სააკაშვილს იმაზეც მართებს დაფიქრება, რამდენია ის ხალხი, ვინც მის ყველა ნათქვამს ტაშს დაუკრავს?

მგონი, საპროტესტო მოძრაობა დააჯერებს სააკაშვილს, რომ გაცილებით მეტია ისეთი ადამიანი, ვისაც კარგად ესმის ხელისუფლების ქმედებები და არ სჯერა ილუზიებისა.

- ხელისუფლების გაუთავებელ სიჩქარეს უკვე არაერთი სიცოცხლე შეეწირა. ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე ადამიანი დაიღუპა, მანამდე კი ამავე ადგილას მემორიალის აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა.

- როდესაც ხელისუფლის გადაწყვეტილებებს ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ეს ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი და არასწორი იყო. თანდათან რეგიონებშიც იზრდება საპროტესტო მუხტი. ქუთაისში 20-30 ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლა იგივეა, რაც თბილისში 100-150 ათასის. ეს იმის ნიშანია, რომ ხალხს აღარ ეშინია.