"სააკაშვილმა მხოლოდ საკუთარ გარემოცვას აუხდინა ოცნება" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა მხოლოდ საკუთარ გარემოცვას აუხდინა ოცნება"

"აქამდე მთელი საქართველო ვიდექით კარში და "ნაციონალური მოძრაობა" პენალტებს გვირტყამდა"

2012 წლის არჩევნების შედეგები ხალხს ქუჩაში გამოიყვანს

ხელისუფლებამ გასულ კვირას მთავარ ოპონენტს მორიგი სადამსჯელო ოპერაცია მოუწყო, - "გლობალ ტვ"-ის საწყობები მთელ ქვეყანაში დროებით დააყადაღეს. კონტროლის პალატის ინფორმაციის საფუძველზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  პროკურატურის ქმედება შს სამინისტრომ შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის განცხადებით გაამყარა, - როგორც წლების წინ სააკაშვილმა, ეკა ზღულაძემაც ნულოვან ტოლერანტობაზე ილაპარაკა, ოღონდ ნულოვან ტოლერანტობაზე არჩევნების გაყალბებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის გამო. მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, რომ  "გლობალ TV"-ის სატელიტური ანტენების დაყადაღება არ უკავშირდება მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, თურმე სხვადასხვა რეგიონში "გლობალ TV"-ის საწყობებში შესული (არ მინდა "შევარდნილი" დავწერო) პოლიციელები, "მასტ ქერისა" და "მასტ ოფერის" პრინციპებს ერთგულად იცავდნენ. ამ უცნაურ ისტერიას ბოლო დავით ბაქრაძის ინიციატივამ მოუღო, რომელმაც ჩაკეტილი საინფორმაციო სივრცის გახსნაზე ილაპარაკა და დაძაბული საზოგადოება დაპირებით დააწყნარა, - ყველა საკაბელო არხს ყველა სატელევიზიო არხის გაშვების ვალდებულება დაეკისრებაო.

ამასობაში ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადაც გაუვიდა. "ქართული ოცნების" ლიდერი გადახდაზე უარს ამბობს, ხელისუფლებას კი, სავარაუდოდ, ძალიან სჭირდება საარჩევნოდ ივანიშვილის მილიონები და ამიტომ სანქციებსაც გეგმავს მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "კვირის პალიტრა" საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს, პოლიტოლოგ კახა კახიშვილს ესაუბრა:

- ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანია "ალფა კომი", რომელმაც თბილისის მასშტაბით უფასო ვაიფაი-ინტერნეტის დამონტაჟების კონკურსი მოიგო, ბიზნესმოგებას არ იღებს და მხოლოდ ზარალზე მიდის. ამ კომპანიამ თბილისის მერიას 25 ათასი ლარი ყოველთვე უნდა უხადოს, რომ რეტლანსლატორები დაამონტაჟებინოს თბილისის მასშტაბით. ასევე დიდი თანხა დაუჯდება იმ აპარატების შესყიდვაც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ვაიფაიინტერნეტის მიწოდება. რას იგებს ეს კომპანია? არაფერს. გამოდის, კონკურსში იმიტომ მონაწილეობდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველთა გული მოეგო უფასო ინტერნეტით. კონტროლის პალატამ "ვერ შენიშნა", რომ "ალფა კომი" ზარალზე წავიდა, რომ ამომრჩევლის გული მოეგო და, ფაქტობრივად, მოესყიდა, მაგრამ კონტროლის პალატამ მაშინვე შენიშნა "გლობალ TV-ის" მიერ მოსახლეობისთვის ანტენების შეღავათიან ფასად დამონტაჟება და ეს უმალ ჩათვალა მოსყიდვად.

კომპანია "გლობალ TV" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მერე რომ დაფუძნებულიყო და დაეწყო უფასო ანტენების დამონტაჟება, შესაძლოა, ეს დაეჭვების საფუძველი მართლაც გამხდარიყო, მაგრამ ასე არ ყოფილა. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე არსებობდა, თუმცა,

მინდა შევნიშნო, - შეცდომა იყო, "გლობალ ტვ"-ის ანტენებს "ქართული ოცნების" მაისურებში ჩაცმული პირები რომ ამონტაჟებდნენ.

საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც კონტროლის პალატა ეყრდნობა, რეპრესიულია და ასეთ ბაზაზე მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი ვერ იქნება. კანონი ყველა სუბიექტზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს, დაუშვებელია შერჩევითი სამართალი. უსამართლობაა, როდესაც კონტროლის პალატა ვერ ამჩნევს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა შეხვედრებს რესტორნებში, როდესაც კონტროლის პალატა არ ინტერესდება, "ალფა კომი" მაინცდამაინც 2012 წელს რატომ ჩაერთო ზარალიან პროექტში, როდესაც კონტროლის პალატა არ ინტერესდება, "ვისოლის" ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი რატომ არის ორიენტირებული სამტრედიაზე და მხოლოდ იქ აფინანსებს უფასო მკურნალობას და ასეთ დროს კონტროლის პალატა ორიენტირებულია მხოლოდ ოპოზიციის საქმიანობის შესწავლასა და მკაცრი სანქციების გამოყენებაზე.

ხელისუფლებამ ისეთი საკანონმდებლო არენა შექმნა,  შეუძლებელია მიიღო ლიცენზია სიგნალის გავრცელებაზე, თუ ხელისუფლების მხარდამჭერი არა ხარ. ხელისუფლება ასევე აკონტროლებს და განვითარების საშუალებას არ აძლევს მათ, ვისაც აქვთ ლიცენზია ("კავკასია", "მაესტრო") და მკაცრად აკონტროლებს ე. წ. ნაციონალურ არხებს. "მე-9 არხის" გახსნა ხელისუფლებისთვის შოკი იყო. მან კარგად იცის, რა ძალა აქვს ტელევიზიას, სადამდე შეიძლება მიიყვანოს მან ამომრჩევლის განწყობა. 2003 წლის შემდეგ

ხელისუფლება ოპოზიციას უჭრის ყველა იმ ხერხის გამოყენების გზას, რაც თვითონ გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად.

წლების განმავლობაში ცალ კარში იყო თამაში. მთელი საქართველო ვიდექით კარში და "ნაციონალური მოძრაობა" პენალტებს გვირტყამდა. ახლა, როდესაც გამოჩნდა დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელსაც პენალტის დარტყმა თავად შეუძლია, ხელისუფლება ცდილობს, კარი აიღოს, რომ ივანიშვილმა პენალტით გოლი ვერ გაიტანოს.

- გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფულის დახარჯვის შესაძლებლობა შეუზღუდეს, დიდი ფულადი სანქციებიც დააკისრეს, რის გადახდასაც ის არ აპირებს. სადამდე შეიძლება ეს პროცესი მივიდეს?

- ადრე თუ ხელისუფლების ბერკეტი იყო ბიზნესის დახურვა, საგადასახადოს მიერ დიდი ჯარიმების დარიცხვა, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება, ახლა ხელისუფლებამ გააფართოვა ზეწოლის არეალი და დიდი ფინანსური სანქციები შემოიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციის ციხეში გაშვებას არჩია ფულადი სანქციები დაეწესებინა, რაც დიდი ჯარიმების ხარჯზე ფულის გაკეთების საშუალებას აძლევს. ხელისუფლებამ ივანიშვილის დაჯარიმებით განიზრახა, მისი ფულით თვითონ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია.

კიდევ ბევრი რამ ექნებათ დაგეგმილი ივანიშვილის ფსიქოლოგიურად დატერორებისთვის. ხელისუფლება იმასაც შეეცდება, მისივე გარემოცვის საშუალებითაც მოუწყოს სიურპრიზები. შესაძლოა,

ივანიშვილი იმიტომ არ იხდის ჯარიმას, რომ უნდა აიძულოს ხელისუფლება, იმ ქვეყნებს მოსთხოვონ მისი ქონების დაყადაღება, სადაც ქონება აქვს.

ამით საშუალება მიეცემა ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს იმ ქვეყნის სასამართლოში, რომელსაც მიმართავენ ქონების დაყადაღების თხოვნით და ამით საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებები, მაგრამ ამას ხელისუფლებაც კარგად ხვდება და ივანიშვილისთვის ნერვების მოშლას საქართველოში შეეცდება.

ხელისუფლება ორიენტირებული მხოლოდ იმაზე არ იქნება, ივანიშვილისაგან ამოიღოს საჯარიმო თანხა, არამედ იმაზეც იფიქრებს, ივანიშვილი როგორმე შეურაცხყოს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად რეპრესია უფრო გამწვავდება.

არ გამოვრიცხავ, აღმასრულებლები მივიდნენ ივანიშვილის შუშის სასახლეში და მისი ქონების აღწერა დაიწყონ.

- გასულ კვირას ხელისუფლების უცნაური მეტამორფოზის მომსწრენი გავხდით. ჯერ იყო და, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ "გლობალ TV"-ის სატელიტური ანტენების დაყადაღებას მედიის ხელმისაწვდომობასთან კავშირი არა აქვს და გაგრძელდება ნულოვანი ტოლერანტობა ამომრჩევლის მოსყიდვის გამო. შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ წამოაყენა ინიციატივა, რომ საკაბელო მაუწყებლებმა ყველა არხის ტრანსლაცია მოახდინონ.

- ქალბატონი ზღულაძე ვიდრე შს მინისტრის მოადგილე გახდებოდა, ენჯეოსექტორში საქმიანობდა და აქტიურად ლაპარაკობდა ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაგრამ ეს ხალხი 2003 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. როდესაც ზღულაძე ამბობს, რომ ანტენების დაყადაღება მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას არ უკავშირდება, ეტყობა, არ იცის, რომ სანამ ანტენას არ შეაერთებ, ტელევიზორი არაფერს აჩვენებს. როგორ შეიძლება ანტენების დაყადაღება არ უკავშირდებოდეს ტელესიგნალის მიღების შეზღუდვას?

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ერთი მიზეზით ვხსნი, - ხელისუფლება მიხვდა, რომ "გლობალ TV"-ის საწყობებში ანტენების დალუქვა აუცილებლად მოხვდებოდა არჩევნების შეფასების დასკვნაში, რაც თავისუფალ პრესაზე ზეწოლად ჩაითვლება, ამიტომაც ამ ინიციატივით ვითარების დაბალანსება სცადა. ბაქრაძის ინიციატივა არ უკავშირდება თავისუფალი სიტყვის დაცვას და მხოლოდ იმაზეა გათვლილი, "გლობალ TV"-ში გატარებული მცდარი ღონისძიების შემდეგ ვითარება განიმუხტოს, რათა უცხოელები არ აღშფოთდნენ(?!).

ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც იუსტიციისა და შს სამინისტროები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდ შუშის შენობას ააშენებს. პარადოქსია, რომ ამდენი იუსტიციის სახლია ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არ არსებობს. ამდენ შუშის შენობას რომ ვუყურებ, მახსენდება ზღაპარი "არვიცია ზურმუხტის ქალაქში", - ქალაქი, რომელიც  ზურმუხტითაა ნაშენი, მირაჟია. ვშიშობ, ეს ზღაპარი რეალობად არ გვექცეს, - გვექნება ქალაქები, სადაც ყველაფერი ლამაზი და შუშის იქნება, სინამდვილეში კი მხოლოდ მირაჟი იქნება.

- გასულ კვირას სომეხთა სათვისტომოსთან "ქართული ოცნების" შეხვედრის შემდეგ დარბაზში ყვავილების ქოთანში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. რას ფიქრობთ ამაზე?

- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსმენა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, შს სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომელთაც საკონფერენციო დარბაზში მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს, არ ექნებოდათ მოსმენის უფლება და ამით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ იმ პირს, ვინც ეს მოწყობილობა იპოვა, თავის დამკვიდრება უნდოდა ივანიშვილის გუნდში და არც ის მგონია, ეს შს სამინისტროს ჩაურევლად გაკეთებულიყოს. როგორც ჩანს, ჩინეთში მოსასმენი აპარატურის გაიაფებას ჩვენთან მასობრივად მოჰყვა მოსმენები.

უნდა ვივარაუდოთ, რომ თითქმის ყველა ბარში, რესტორანსა და საკონფერენციო დარბაზში ასეთი აპარატურა იქნება. სადაც არ არის, იქაც დაამონტაჟებენ.

- მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილს ვაკრიტიკებთ, მოლდავეთში სწორედ მის მიერ გატარებული რეფორმები მოსწონებიათ და კიშინიოვში პატიჟებენ.

- მოლდავეთში მხოლოდ სააკაშვილი ვერ გაატარებს რეფორმებს. ამიტომაც აჯობებს, ის გუნდიც წაიყვანონ, ვინც რეფორმების გატარებაში ეხმარებოდა.

გასაკეთებელი მოლდავეთშიც ბევრია, თან წლების განმავლობაში ვერ გადაუწყვეტიათ დნესტრისპირეთის საკითხი და თუ სააკაშვილს წაიყვანენ, ორ წელიწადში დნესტრისპირეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდება.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო დაემსგავსა ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც მხოლოდ ტურისტს ხიბლავს. ორი კვირით ჩამოსულ უცხოელებს აქ მოსწონთ სერვისი, ის, რომ მათზე არ ვრცელდება აკრძალვა თუნდაც დაბურულ მინებზე, მათ არ აჯარიმებენ, როდესაც უღვედოდ და ნასვამი მართავენ მანქანას. საქართველოს მოქალაქეებს ყველაფრისთვის აჯარიმებენ, უცხოელებს - არაფრისთვის. ამით ქმნიან წარმოდგენას, რომ საქართველო ოაზისია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამით ხდება ვირტუალური წარმოდგენის შექმნა, რომ სააკაშვილმა მოახერხა საქართველოში ევროპული ქვეყნის აშენება. თუმცა, ეს ილუზია მალე გაუქრათ მათ, ვინც ამათი მირაჟით მოიხიბლა და ბიზნესი საქართველოში გადმოიტანა. დღეს ყველანი თავბედს იწყევლიან. საქართველო იმ  მაცდუნებელ რეკლამას დაემსგავსა, სადაც მხოლოდ გარედან ჩანს ყველაფერი კარგად.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ოცნებების ასრულება ჩემი პროფესიააო.

- 2003 წლიდან საქართველო ცხოვრობს სააკაშვილის ზღაპარში, რომლისაც მხოლოდ უცხოელებს სჯერათ. ჩვენ ისეთი ქვეყანა გვაქვს, სადაც პრეზიდენტის ერთი ბრძანებით მილიარდერი მათხოვარი გახდება და მათხოვარი - მდიდარი კაცი. სააკაშვილმა მართლაც ბევრს აუსრულა ოცნება. მავანი და მავანი, რომლებიც 2003 წლამდე ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მზესუმზირის გაყიდვას შეძლებდნენ, დღეს "წარმატებული" ბიზნესმენები არიან. სააკაშვილის ზოგიერთ თანაგუნდელს საკუთარი ფეხსაცმელიც კი არ ჰქონდა და დილით რომელი ძმაც პირველი გაიღვიძებდა, ის იცვამდა. დღეს ყველანი საკმაოდ წელგამართული არიან, ვილები აქვთ ევროპაში. მიშა სააკაშვილმა თავის გარემოცვაში მართლაც ბევრს აუხდინა ოცნება, მაგრამ  საქართველოს ოცნება არ აუხდენია. ასე რომ, ვერ არის ძლიერი ჯადოქარი.

- საინტერესოა, რომ ივანიშვილი "სახალხო კრებასთან" ერთად აპირებს მაჟორიტარების დასახელებას. როგორ ელით ამის შემდეგ პროცესების განვითარებას?

- ივანიშვილი კოალიციაში თავის თამაშს თამაშობს. ჯერჯერობით ყველა მაჟორიტარულ ოლქში მისი პარტიის წევრები დასახელდნენ. მან მხოლოდ  ქუთაისი დათმო, სადაც გუბაზ სანიკიძე დასახელდა. ველოდები, რომ პარტიული სიის პირველ ოცეულში, ძირითადად, ივანიშვილის ხალხი იქნება, რაც, სავარაუდოდ, პრობლემებს გამოიწვევს კოალიციაში. გურიასა და იმერეთში ივანიშვილის პარტიის წევრების დასახელება შეიძლება გადაყლაპეს კოალიციის ლიდერებმა, მაგრამ ელოდებიან, როგორ დაკომპლექტდება კოალიციის სია და  სხვა მაჟორიტარულ ოლქებში ვინ დასახელდება. ივანიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, არ ჩანს ისეთი კაცი, რომელიც თავის თამაშს არ ითამაშებს. ეს კი სავარაუდოდ დაძაბულობას შექმნის კოალიციაში.

კარგად იყო ორგანიზებული აქციები, რომლებიც თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში გაიმართა, მაგრამ ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მართალია, ხალხი მხარს უჭერს, მაგრამ მან უფრო სააკაშვილს გამოუცხადა პროტესტი. აქციაზე მისვლა არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე აუცილებლად "ქართულ ოცნებას" შემოხაზავენ. არჩევნების მოსაგებად ასევე ორგანიზებულად იქნება საჭირო ამომრჩევლის მიყვანა საარჩევნო უბანში და უბნების დახურვის შემდგომ ხმის დათვლაზე დაკვირვება. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ სცადოს სასამართლოს საშუალებით გააუქმოს იმ უბნების შედეგები, სადაც ოპონენტი მოუგებს.  ვფიქრობ, 2012 წლის არჩევნების შედეგები ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. არა მგონია, არჩევნების შედეგით კმაყოფილი დარჩეს "ქართული ოცნება". ხელისუფლება მას პარლამენტში ხმების 2/3-ს არ დაუთმობს, რისთვისაც რეპრესიებსა და საარჩევნო მანიპულაციებს გამოიყენებს. ეს შექმნის საფუძველს, რომ ივანიშვილის კოალიცია ხალხთან ერთად გავიდეს ქუჩაში. ეს ხელისუფლებას აიძულებს, ზოგიერთ თემაზე ოპოზიციას მოლაპარაკებას დათანხმდეს. რა იქნება მოლაპარაკების საგანი - ზოგიერთ უბანზე განმეორებითი არჩევნების დანიშვნა, კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება თუ საპარლამენტო კომიტეტების გადანაწილება, ეს სხვა თემაა. თუმცა, ვიმეორებ, არჩევნების შემდგომ ქუჩაში უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- "მეცხრე არხი" თავად დაიწყებს სატელიტური ანტენების დამონტაჟებას - კახა ბექაური

21-06-2012

- სამართალდამცველები "გლობალ ტვ"-ის თელავის ოფისში შევიდნენ

21-06-2012

- პოლიცია "ელიტა ბურჯის" სამტრედიის ოფისებში შევიდა

21-06-2012

- სამართალდამცველები ქობულეთის პარკ "ციცინათელაში" შევიდნენ

21-06-2012

- ჩხუბი ზესტაფონში "გლობალ ტვ"-ის ანტენების დამონტაჟების გამო

16-06-2012