"საქართველოა ის ინსტრუმენტი, რითაც რუსეთი ანგარიშს უსწორებს ამერიკას" - კვირის პალიტრა

"საქართველოა ის ინსტრუმენტი, რითაც რუსეთი ანგარიშს უსწორებს ამერიკას"

"საცოდავია ამხელა ქვეყანა, როდესაც მაიმუნის როლში ჩაიყენებს საკუთარ თავს"

"სააკაშვილი უთუოდ დააშორებს დროში საპროტესტო აქციებს და საკადრო ცვლილებებს"

მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა ობიექტის  გახსნით არის დაკავებული, "ეროვნული ფორუმი" და პალიკო კუბლაშვილი კი საქართველოს მთასა და ბარში ერთად ხეტიალით, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა მოსახლეობას ხვდება და არწმუნებს, ახლა ხომ კარგად ხართ, მაგრამ თუ ჭკუით იქნებით (ანუ თუ თვალი ოპოზიციისკენ არ გაგექცევათ), შემოდგომაზე "მთლად" კარგად იქნებით, ეკონომიკური კრიზისის ნაცვლად, ზამთრის პირზე საქართველოს აღმავლობა ელისო. ასეთ დაპირებებს პრემიერ-მინისტრი ამყარებს სატელევიზიო გამოსვლებით, - საბანკო სექტორში ისეთი ხელშესახები პროგრესი გვაქვს, მალე თითოეული საკუთარ თავზე რომ გამოცდითო.

ამასობაში აგვისტოს ომის წლისთავიც მოახლოვდა და სეპარატისტთა პროვოკაციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოაყოლა ჩვეული მუქარა, - ყველაფერს ვიღონებთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისა და საკუთარი სამხედროების ქართველთა აგრესიისგან დასაცავადო. შარშანაც ასე არ იწყებოდა?! წლევანდელ აგვისტოს, ისევე როგორც შარშანდელს, პაველ ფელგენგაუერის წინასწარმეტყველებები ახლავს რუსეთ-საქართველოს მოსალოდნელ ომზე. აგვისტოა და ზოგს ცხინვალის რეგიონში გახშირებული სროლები აშფოთებს, ზოგს კვლავ გორის ცენტრში აღმართული სტალინის ძეგლი ურღვევს მყუდროებას (რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კიდეც ნოდია-თუთბერიძე-ჯგერენაიას და სხვათა ხელმოწერილი მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი, სადაც ვკითხულობთ: «სტალინის ძეგლი გავიტანოთ ჩვენი აწმყოდან იქ, სადაც ისტორია ინახება, - მუზეუმში"), ზოგს  (ძირითადად ოპტიმისტებს) კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა უსახავს იმედს, რომ მსოფლიო აღარ დაანებებს რუსეთს საქართველოს დაჩაგვრასა და აწიოკებას.

რას შეცვლის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობა და რა პერსპექტივები იკვეთება ქართულ-რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან:

- ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო და ამიტომაა, რომ დღესაც გრძელდება ამ ვიზიტზე გამოხმაურებები. ბაიდენის განცხადებებზე უპირველესად სერგეი ლავროვს ჰქონდა მწვავე რეაქცია, მაშინ, როდესაც ობამას იმავე შინაარსის განცხადებასა და პოზიციას რეაგირება არ მოჰყოლია. ბაიდენმა ისეთი ემოციით თქვა, - რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოს ხარჯზე არ მოხდებაო, რომ ამ სიტყვებზე არანაკლები შთაბეჭდილება მისმა ემოციამ მოახდინა. რუსეთისადმი აწეული ტონი და სიმკაცრე და ქართული სინამდვილის აბსოლუტური მიღება, რაც ბაიდენის გამოსვლაში ჩანდა, რასაკირველია, რუსეთს გააღიზიანებდა. ბაიდენის ამ ვიზიტს რიგ პროცესებზე უთუოდ ექნება გავლენა. ეს იყო ვიცე-პრეზიდენტის რანგში მისი ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის ხაზზე, რომლითაც ჰილარი კლინტონის ამბიცია, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისა, დარტყმის ქვეშ მოექცა. ამავდროულად, ეს იყო მსოფლიო პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი სვლა. თუკი აშშ-ის პოლიტიკა წავიდა ბაიდენის მიერ მონიშნული კურსით (ანუ ამერიკის კონფრონტაციული, მკაცრი დამოკიდებულება რუსეთისადმი), ამას უთუოდ მოჰყვება შესაბამისი რეაქცია რუსეთის მხრიდან. ბზეჟინსკი, კისინჯერი და სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სიმწვავე საქართველოზე აისახება. რადგან საქართველოა ის ინსტრუმენტი, რითაც რუსეთი ანგარიშს უსწორებს ამერიკას.

- ამ კონტექსტში რამდენად შეესატყვისება ერთმანეთს ცხინვალის რეგიონში ვითარების დაძაბვა, პროვოკაციების გახშირება და რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება, - ქართველებისგან დავიცავ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს და იქ მყოფ რუს სამხედროებსო. ალბათ ასევე არ უნდა დავივიწყოთ პაველ ფელგენგაუერის ვარაუდი, - რუსეთის მხრიდან აგრესიის დაწყების 80%-იან საშიშროებაზე.

- ფელგენგაუერი წელსაც ხედავს საფრთხეს, როგორც შარშან. მას მიაჩნია, რომ წელს რუსეთის აგრესიის საფრთხემ შედარებით დაიკლო, მაგრამ ბოლომდე არ განელებულა. სანამ ბაიდენის ვიზიტი გაიშიფრებოდა (ანუ ითქმებოდა, რა უთხრა მან საქართველოს ხელისუფლებას), მანამდე ჩავიდა დმიტრი მედვედევი სამხრეთ ოსეთში. ეს ჩასვლა უკვე იყო მინიშნება, რომ რუსეთი უკმაყოფილოა. უცნობია, ეს უკმაყოფილება ობამა-მედვედევის  დახურულ კარს მიღმა საუბრისას წამოიჭრა თუ შემდგომ, მაგრამ ფაქტია, რომ ობამას ვიზიტმა კიდევ უფრო გააღიზიანა რუსეთი. არა მგონია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესია იყოს მოსალოდნელი. ამას რამდენიმე მომენტის გათვალისწინებით ვაცხადებ. პირველი - მგონია, რომ  ჰილარი კლინტონის ფრთხილი კურსი გაიმარჯვებს და აშშ ეცდება ძალის გამოყენების გარეშე იმოქმედოს. მეორე - როდესაც რუსეთმა ერთი წლის წინ ომი წამოიწყო, სხვა მდგომარეობა ჰქონდა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე შიგნით (ეკონომიკის მხრივ). დღეს მისი მდგომარეობა ორივე ფრონტზე ბევრად დამძიმებულია. ამიტომაც რუსეთი აღარ იქნება მონდომებული, - არიქა, იარაღი ავაჟღარუნოო. მაგრამ თუ პოლიტიკური კონტექსტი მის თავმოყვარეობაზე მეტისმეტად იმოქმედებს, შესაძლოა, რაღაც ნაბიჯები გადადგას.

- აგვისტოს ომის წლისთავზე პროვოკატორი კოკოითი თრუსოს ხეობის სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში ხილვის სურვილმა აიტანა. ალბათ ეს სურვილიც რუსეთიდან საზრდოობს და მისი დაკვეთითაა ინსპირირებული.

- რადგანაც ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია, ვერც რუსეთის სცენარი იქნება ისეთივე, როგორიც შარშან აგვისტოში. რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პრობლემები ამერიკელებს მეტი სიფრთხილით გადაადგმევინებს ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო აღარ დაიჩაგროს. გავითვალისწინოთ, რომ შარშან ბუში მიდიოდა ხელისუფლებიდან და მისთვის საგარეო პოლიტიკა აქტუალობას კარგავდა, განსხვავებით ობამასაგან, რომელიც ახლა შეუდგა პრეზიდენტობას და სერიოზული განაცხადიც გააკეთა საქართველოსა და უკრაინის მისამართით. თუ ობამამ  ვერ მოახერხა ამ ორი ქვეყნის ინტერესების დაცვა, აშშ-ის იმიჯი გვარიანად დაზარალდება, - იქნება ქვეყანა, რომელიც თავისი მეგობრების დაცვას ვერ ახერებს. ეს შეფასება უკვე გაისმა აგვისტოს ომის შემდეგ.  თუკი ობამას განცხადებების შემდეგაც  ვერ მოახერხა ამერიკამ რუსეთის შეჩერება, სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიო თანამეგობრობის თვალში.

- ალბათ გასათვალისწინებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ნატოს ახალი გენერალური მდივნის შეხედულებებიც. სწორედ ანდერს ფოგ რასმუსენი იყო ის ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაგმო რუსული აგრესია საქართველოში.

- ახალი გენერალური მდივანი უფრო მეტს აიღებს საკუთარ თავზე ვიდრე სხეფერი, თუნდაც იმიტომ, რომ რასმუსენი ნატოს გენმდივნობამდე აღმოჩნდა ჩართული საქართველოს პრობლემებში და ამ ფაქტორს მისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.  როგორც პიროვნება, რასმუსენი  გავლენას მოახდენს ნატოს პოლიტიკაზეც, მაგრამ ქართველებს დადებითის მაქსიმალიზაცია გვჩვევია. რასმუსენი ყველაფერს გააკეთებს, რაც ხელეწიფება, მაგრამ მას როგორც გენერალურ მდივანს, არ შეუძლია ნატოში ხვალვე შეიყვანოს საქართველო. ამ საკითხს ის ვერ გადაწყვეტს ნატოს წევრი ქვეყნების გარეშე. ნატოში ჩვენი გაწევრება ალბათ რამდენიმე წლით იმიტომაც გადაიდება, რომ   მსოფლიო თანამეგობრობაში კონფრონტაციის ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება და საქართველოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებაა. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია მსოფლიო თანამეგობრობის დაპირისპირება რუსეთთან. რაც მეტი იქნება პოლიტიკური დაპირისპირება, მით უფრო შეიძლება გაჯიუტდეს რუსეთი.

- აგვისტოს ომის შემსწავლელი ტალიავინის კომისიის დასკვნის განხილვა ზაფხულის ნაცვლად საშემოდგომოდ გადაიდო. რას ელით ამ კომისიის მუშაობის შედეგად?

- რუსეთს ხელზე აქვს დახვეული საკითხი, - თუ ვინ გაისროლა პირველმა. სააკაშვილს პირველსაც რომ გაესროლა, ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებას, რომლის საჯარისო ფორმირებებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს.  პირველ გასროლამდე იყო პროვოკაციების ერთწლიანი სერია, მერე კი რუსული ჯარების  თბილისამდე მოსვლა.  რუსეთის ნაბიჯებს ვერაფრით გაამართლებს სააკაშვილის მიერ ცეცხლის გახსნაც კი.

რუსეთის ბევრი ნაბიჯი ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ნაბიჯების გამეორებაა. ცუდად იქცეოდა სადამ Hჰუსეინი და ამერიკა ერაყში შევიდა. რატომ არ შეიძლება შევიდეთ საქართველოში, როდესაც სააკაშვილიც არ იქცევა ჩვენს მოსაწონადო, - ეს განცხადება ღიად გაკეთდა შარშან. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რუსეთისთვის მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთან გაეკეთებინა ის, რაც დასავლეთმა გააკეთა სხვაგან. რუსეთი კმაყოფილია იმით, როდესაც ისევე იქცევა, როგორც სუპერსახელმწიფო ამერიკა. რაკი მასსავით ვიქცევი, ე.ი. მეც სუპერსახელმწიფო ვარო. სამწუხაროდ, უფრო სერიოზული მიზეზები არ ჩანს რუსეთის ნაბიჯებში და ამაში გამოსჭვივის სუპერსახელმწიფოების ფსიქოლოგიური კომპლექსი, რამაც რუსეთს  აგვისტოს ომში მაიმუნივით გაამეორებინა დასავლეთის ნაბიჯები.  საცოდავია ამხელა ქვეყანა, როდესაც მაიმუნის როლში ჩაიყენებს საკუთარ თავს. სამწუხაროა, რომ რუსეთის ამგვარ ფსიქოლოგიურ თამაშებს სისხლის ღვრა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის კიდევ მეტად გართულება  მოჰყვა.

ტალიავინზე ამბობენ, რომ ის არის დიპლომატი, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ ექცევა.  არც ერთი ჩხუბი მხოლოდ ერთი მხარის გამო არ ხდება. შეცდომებს ორივე მხარე უშვებს ხოლმე. ჩემი აზრით, ტალიავინის კომისიის დასკვნა არ იქნება ისეთი, რომ ერთი მხარე სრულიად კმაყოფილი დარჩეს და მეორე სრულიად უკმაყოფილო. ეს იქნება დაბალანსებული დასკვნა.

- თუმცა საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული პრობლემების გართულებისა და  ხალხის სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, გამარჯვებულის  პოზიციიდან ლაპარაკობს.

- მოგებული მართლაც არის ხელისუფლება და უპრიანია, რომ  გამარჯვებულის პოზიციიდან ილაპარაკოს. ხელისუფლებამ გაიმარჯვა და  გაიმარჯვა, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავზე, როდესაც არ გაიმეორა 2007 წლის ნოემბრის შეცდომები. ხელისუფლებამ შეცდომაზე ჭკუა ისწავლა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც ჰქონდა ძალის გამოყენების სურვილი (და ეს განსაკუთრებით ღამღამობით ჩანდა),  დიდხანს შეიკავა თავი. რადგანაც ხელისუფლებამ თავი მოთოკა, ოპოზიცია დაიღალა. ხელისუფლების სტრატეგია ამაზე იყო კიდეც გათვლილი. არ არის გამორიცხული, ეს ვინმეს ერჩია სააკაშვილისთვის. ის რომ სხვას აზრს ეკითხება, ხელისუფლებას ახასიათებს დადებითად. ჩინელებს აქვთ ანდაზა, «არ არის საჭირო იმპერატორმა ყველაფერი იცოდეს, მაგრამ მან უნდა იცოდეს ის, ვინც იცისო»".

- მაგრამ ხალხის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ვერ დავინახეთ თუნდაც საჩვენებელი საკადრო ცვლილებები, რომელიც მოსახლეობას ათქმევინებდა, - ჩვენი პროტესტი გაიგეს და გულთან მიიტანესო.

-   საკადრო ცვლილებები არ მოხდებოდა.  სააკაშვილი როგორც კი პირველ ბარტყს გადმოაგდებდა, მაშინვე მეორეს მოითხოვდა ხალხი. ამიტომაც არ დაუშვა ხელისუფლებამ დათმობის პრეცედენტი. ზეწოლის შედეგად თუ დათმე, შემდეგ ეს ზეწოლა ხდება ხერხი მოწინააღმდეგისათვის.  პროტესტს, რომელიც შესაძლოა სამართლიანია, ხელისუფლება მაშინვე არ დააკმაყოფილებს. შესაძლოა, ვიღაცები მართლაც მოხსნას, ოღონდ, მოგვიანებით, მოსახლეობამ რომ არ დააკავშიროს ის საპროტესტო გამოსვლებთან. სააკაშვილი უთუოდ დააშორებს დროში საპროტესტო აქციებს და საკადრო ცვლილებებს.

ხელისუფლების ნაკლი ის არის, რომ საპროტესტო გამოსვლების მიზეზებზე არ ფიქრობს და ცდილობს ოპოზიციის დევალვაციით მოაგვაროს პრობლემა. ის შეცდომები, რაც  მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი იყო, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება და ხელისუფლება მათ გამოსწორებაზე არ ზრუნავს. პოლიტიკურ ბრძოლაში თითქოს მოიგო ხელისუფლებამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯებიც გადადგა, რითაც უკმაყოფილოთა ახალი ტალღა წარმოშვა თუნდაც მძღოლების სახით.

- ეს შეცდომები რამდენად შექმნის საშემოდგომოდ ახალი საპროტესტო ტალღის გაჩენის საფუძველს?

- საფრთხეს ვხედავ. შესაძლოა, ხელისუფლების შეცდომების გამო ისევ დაგროვდეს ხალხში საპროტესტო მუხტი და თუკი საზოგადოებას ოპოზიციაზეც აუცრუვდება გული, ამ მუხტს აღარ ექნება პოლიტიკური ჩარჩო. პროტესტს პოლიტიკური ჩარჩო თუ არ მოეძებნა, ის ქვების სროლაში გადავა. შესაძლოა, შემოდგომაზე მივიღოთ სტიქიური პროცესები, რაც ყველაზე დიდი უბედურება იქნება. შეცდომები  ოპოზიციამაც დაუშვა. მან რატომღაც დაასკვნა, თუკი ბევრი ხალხი გამოვა, ხელისუფლება შეიცვლებაო. არ დაფიქრდა იმაზე, რას მოიმოქმედებდა, თუკი სააკაშვილი არ წავიდოდა. ოპოზიციამ იზრუნა იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი გამოეყვანა მიტინგზე, მაგრამ იმაზე აღარ იფიქრა, სად უნდა წაეყვანა ეს ხალხი, სად უნდა წაეღო საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი. მცდარი იყო მოლოდინი, - მსოფლიო დაინახავს, რომ დიდი საპროტესტო მუხტია და სააკაშვილს წაიყვანენო. არავინ არავის არსად წაიყვანს!  ეს რაუნდი ხელისუფლებამ იმით მოიგო, რომ ვიღაცას დაუჯერა და სტრატეგია შეცვალა.  2009 წელს ოპოზიცია ისეთივე დარჩა, როგორიც იყო 2007-ში, მაგრამ 2009 წელს ხელისუფლება არის უწინდელისგან განსხვავებული. ოპოზიციას არასწორი სტრატეგია ჰქონდა და მოგეხსენებათ, არასწორი სტრატეგიის შემთხვევაში გმირებიც კი მარცხდებიან.

მოსახლეობამ გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა აქციებზე ხანგრძლივი დგომით, მაგრამ ხალხი  დაიღალა, რადგან ერთ კვირაში ელოდნენ შედეგს. არასწორი მოლოდინის გაცრუებამ დაღალა ხალხი, უფრო ადრე კი ოპოზიცია.

ხელისუფლება საარჩევნო რეჟიმში საზოგადოების გადაყვანით ცდილობს საპროტესტო მუხტის განელებას. ეს ჭკვიანური განზრახვაა, რადგან მას ოპოზიცია საკუთარ მოედანზე გადაჰყავს  და საკუთარი თამაშის წესებს სთავაზობს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ოპოზიციამ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, მათ შორის საარჩევნოც. შესაძლოა, ამ რაუნდშიც დამარცხდეს ოპოზიცია, მაგრამ  პოლიტიკოსობა არჩევნებზე არ მთავრდება. პოლიტიკოსი ყოველთვის ორ ფრონტზე უნდა იბრძოდეს. უნდა ებრძოდეს გარემოს, რომლის უკეთესობისკენ შეცვლა უნდა და უნდა ებრძოდეს საკუთარ თავს. ვისურვებდი, ოპოზიციამ გამოუცხადოს საკუთარ თავს ბრძოლა. ეს მას მეტად გააძლიერებს. საბოლოოდ კი, რაც უფრო მძაფრი იქნება ხელისულებისა და ოპოზიციის ბრძოლა, რაც მეტად აიძულებს ეს ბრძოლა ორივე მხარეს საკუთარი თავი შეცვალოს და უკეთესი გახადოს, მეტად მოიგებს საზოგადოება.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი