"სარკოზიც შს მინისტრი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა" - კვირის პალიტრა

"სარკოზიც შს მინისტრი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა"

"ჩვენს ხელისუფლებაში თანამოაზრეები კი არა, თანამზრახველები არიან"

"კორუფციის უფლება დღეს ლიცენზირებულია და ამ ლიცენზიას 3-4 კაცი თუ გასცემს"

გასული კვირის ბოლოს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინიტრად დანიშვნამ თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა დაჩრდილა. რეალურად დააწინაურეს ვანო მერაბიშვილი თუ ბერკეტები ჩამოართვეს, ეს იმის მერე გაირკვევა, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს შეუნარჩუნებს თუ არა პოლიციისა და უშიშროების მართვის უფლებას.

გასულ კვირას სხვა საინტერესო ფაქტებიც მოხდა.  NDI-მ შეშფოთება გამოხატა წინასაარჩევნოდ საქართველოში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო და დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს ძალადობაზე უარის თქმის, უკონტროლო სახსრების მოპოვებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

წინასაარჩევნოდ ძალაში შევიდა "მასტ კერის" პრინციპი, ოღონდ ისიც ჩვენებური, ქართული ინტერპრეტაციით, რაც გულისხმობს, რომ საკაბელოებით ყველა არხის მაუწყებლობა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნდა შეწყდეს. არადა ინფორმაცია ყველაზე მეტად ამომრჩეველს საარჩევნო დღეს სჭირდება. ახლა კი რა გამოდის? თუ არჩევნების დღეს ან ხმების დათვლის პერიოდში ქვეყანა დაიქცა, ქართველი ამომრჩეველი ამას ვერ გაიგებს, რადგან ნაციონალური მაუწყებლების ოპტიმიზმით უხვად გაჯერებული ინფორმაციის ამარა დარჩება.

გასულ კვირას ქართულმა სასამართლომ ისევ უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე, სამაგიეროდ, დადებითად გადაწყვიტა ხელისუფლების მოთხოვნა და "ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ანგარიშები დააყადაღა.

რას ნიშნავს ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნა, ამ თემით დავიწყეთ საუბარი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან:

- მოვლენა მნიშვნელოვანია,  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბატონმა პრეზიდენტმა უკვე აიხდინა ოცნება და ნაადრევად დანიშნა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად. ის, რაც ოქტომბერში უნდა გაეკეთებინა, თავისი მოუთმენელი ბუნების გამო გააკეთა ივნისის ბოლო დღეს და წინასწარ განსაზღვრა ის კურსი, რომლის განხორციელებასაც ოქტომბრიდან აპირებდა. მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს ისიც, რომ ეჭვმა იძალა პრეზიდენტში. ამიტომაც დროზე ადრე მოაშორეს მერაბიშვილი პოლიციის მმართველის თანამდებობას, რადგან არსებული კანონმდებლობით ეს არის უშუალოდ პრეზიდენტის და არა პრემიერ-მინისტრის სამართავი სისტემა. მან ფორმალურად დააწინაურა მერაბიშვილი, ამავე დროის ჩამოაშორა პოლიციის მართვის სისტემას და თვითონ დაიქვემდებარა პოლიცია, ოღონდ მერაბიშვილის გარეშე. შესაძლოა, ეს იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ პოლიციის დღევანდელი ერთგულების ხარისხი არ იყო მისაღები პრეზიდენტისთვის. გვახსოვს, როგორ ათავისუფლებდნენ თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრს ასევე მინისტრის თანამდებობის შეთავაზებით. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი საინტერესოა, მაგრამ არ აჩენს იმის მოლოდინს, რომ სიკეთისკენ წაგვიყვანს.

- როგორც ვიცი, ბაჩო ახალაია განიხილება შს მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად.

- ძალიან მწირია ამ თანამდებობაზე კანდიდატთა რიცხვი. ვინც დაინიშნება, ასჯერ მაინც უნდა იყოს გამოცდილი პრეზიდენტის ერთგულებაში და არცთუ დიდი ჭკუით გამოირჩეოდეს, რომ საკუთარი აზრები არ გახდეს მისთვის უპირატესი. არჩევნების წინ პრეზიდენტს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მისი დავალების შესრულებისას ბევრ ფიქრს არ დაიწყებს. მიჩნდება კითხვა, რატომ ვერ დაიცადა ორშაბათამდე სააკაშვილმა?

- ახალდანიშნულმა პრემიერმა პრიორიტეტებად დაასახელა უმუშევრობა, დაზღვევა და სოფლის მეურნეობა, რაც ძალიან ჰგავს "ქართული ოცნების" პრიორიტეტებს.

- ამ პრიორიტეტების დასახელება არ გამორიცხავს ღამღამობით ჩუმად ოცნებას. გავიხსენოთ, სარკოზიც შს მინისტრი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა. შესაძლოა, კარიერული ზრდა ბატონმა მერაბიშვილმა ამ მიმართულებით განაგრძოს, თუ ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის საპენსიო თანამდებობა მიმზიდველი აღმოჩნდება მისთვის. თუმცა, საინტერესოა, ვისი წარდგენილი იქნება ამ თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილი, - ივანიშვილის თუ სააკაშვილის.

- საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ სტუმრობდა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, მან ოპოზიციას უთხრა, საქართველოს ნატოში გაწევრება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზეა დამოკიდებულიო.

- ნატოს მცდელობა, რომ საქართველო მზად იყოს, გახდეს ამ ორგანიზაციის ღირსეული წევრი, ოპტიმისტურად განაწყობს საზოგადოებას. მაგრამ რჩება საფრთხე, რომ რადგან დემოკრატია ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, შეიძლება ნატოში გაწევრებაზე მუდმივად იყოს ლაპარაკი და იქ ვერ შევიდეთ. ჯერ კიდევ 2006 წელს, რიგაში გამართულ სამიტზე, ნატომ პირველად გააკეთა მინიშნება - ნატოში შესვლისა და ამ ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობისთვის აუცილებელია სასამართლოს გათავისუფლება. მას შემდეგ ნატოს ვარწმუნებთ, რომ გვყავს შესანიშნავი სასამართლო, მაგრამ არ გვიჯერებენ, რადგან ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 0,1%-ია. ეს ისეთი ციფრია, რომ სასამართლოს სამართლიანობის დამტკიცება ძალიან ჭირს, მით უმეტეს, როცა გვახსენებენ, რომ საქართველოში ბერიას დროს ეს ციფრი იყო არანაკლებ 7%-ისა. გამოდის, ბერიას სასამართლო სააკაშვილის სასამართლოზე სამოცდაათჯერ ლმობიერი იყო.

ასეთ შემთხვევაში არც ნატოა ვალდებული, თავი მოიტყუოს და შებღალოს ის პრინციპები, რომელსაც ეფუძნება ეს სამხედრო პოლიტიკური ბლოკი.

დასავლეთს თავიდანვე რომ გაემახვილებინა ყურადღება იმ მიდგომაზე, რომელიც არჩევნების მიმართ თებერვალში, საპარლამენტო გამოსვლისას, წარმოაჩინა ბატონმა სააკაშვილმა, ვფიქრობ, აქამდე მოისპობოდა ილუზია სააკაშვილისადმი ან გაჩნდებოდა ოპტიმისტური საფუძველი იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაკეთილშობილებულიყო. როცა ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანებს, ვიქნები სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების გარანტიო და წინადადებას ამთავრებს სიტყვებით - გავაკეთებ ყველაფერს, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს "ნაციონალურმა მოძრაობამო", ხომ ნათელია მისი განზრახვა. ჩვენი პრეზიდენტი კვლავ დასდევს ორ კურდღელს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან. ასეთ დროს  იკვეთება ხელისუფლების უპირველესი მიზანი - ძალაუფლების შენარჩუნება. თავში ქვა უხლია ყველას და ყველაფერს, არავის აზრს არ გავითვალისწინებთ, თუ ეს ხელისუფლებას სავარძლების დაკარგვამდე მიიყვანსო. სხვადასხვა მიმართულებით გაქცეულ ორ კურდღელს დადევნებული შესაძლოა ისეთ უხერხულ პოზაში აღმოვჩნდეთ, რომ იძულებული გავხდეთ, საბოლოოდ გავიტრუნოთ პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში.

ასეთ ვარიანტზე ჩვენი ხელისუფლება უარს არ იტყვის, თუ პუტინისაგან მიიღებს გარანტიას, რომ სავარძელს შეინარჩუნებს. ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი დათმოს, დაფხრიწოს სახელმწიფო ინტერესების მთელი ნუსხა, ოღონდ თანამდებობაზე დარჩნენ. სხვა მოტივაცია მათ არ გააჩნიათ, მათ შიშისგან დაბრმავებულ თვალებს სხვა არაფრის დანახვა არ შეუძლიათ. ამდენად არიან ისინი საშიში და არა მგონია, რომელიმე კონკრეტული პირის მოწოდებამ სერიოზული გავლენა მოახდინოს მათ გადაწყვეტილებებზე. მით უმეტეს, თანდათან ვრწმუნდებით, რომ არც პრეზიდენტია უფლებამოსილი, ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს, ის სულ უფრო მეტად ხდება საკუთარ გარემოცვაზე დამოკიდებული. გარემოცვის წევრები ბევრ შეურაცხყოფას იტანენ მისგან, მაგრამ სანაცვლოდ უზარმაზარ ხეირს იღებენ როგორც ფინანსური, ასევე კომფორტული კუთხით. ამგვარი ერთობა კი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენს ხელისუფლებაში თანამოაზრეები კი არა, თანამზრახველები არიან. შესაბამისად, ისეთი რამ, როგორიც არის თავშეკავება, განსხვავებული აზრის განხილვა, გადადგომა, თანამდებობის დატოვების სურვილის გამჟღავნება ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფში გადანაცვლება, გამორიცხულია. თანამზრახველები ასე არ შორდებიან ერთმანეთს. თავიანთი არაერთი ჯგუფური დანაშაული იციან და ვერ დაუშვებენ, რომ ამ ჯგუფს ერთი ადამიანიც დასცილდეს. თავისუფლების მოსაპოვებლად მათ ინდივიდუალური რესურსი არ გააჩნიათ, ერთად უნდა გაიმარჯვონ ან ერთად დაიღუპებიან. ასეთი კოშმარული პერსპექტივა თვითონვე დაუხატეს საკუთარ თავს და ახლა იმ შიშის ტყვეობაში არიან, რასაც იწვევს მათში საქართველოს მოსახლეობის სურვილი, ქვეყანაში იყოს რეალური დემოკრატია.

- NDI-მ საარჩევნო გარემოს შეფასებისას შეშფოთება გამოთქვა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პოლარიზების გამო.

- ეს არ გახლავთ მხოლოდ NDI-ს რეკომენდაცია. ეს აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე შედგენილი ჯგუფის ნაფიქრალია, რომელიც საქართველოს ვერდიქტია. ამ დოკუმენტის საფუძველია, საქართველო იყოს კეთილდღეობის მქონე დემოკრატიული სახელმწიფო და არა ყალბი დემოკრატიის მორევში ჩაფლული ქვეყანა. თუმც ძალიან გამიკვირდება, თუ ამ მნიშვნელოვან მინიშნებებზე იქნება კონცენტრირებული ხელისუფლების ყურადღება. რადგან, როგორც კი გამოქვეყნდა ეს დოკუმენტი, ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის კაჭკაჭები ალაპარაკდნენ, - ამ დოკუმენტში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აქებენო.

სწორედ მათი კაჭკაჭები ლაპარაკობენ, რომ არ იქნება ყველა სატელევიზიო არხი ჩართული არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, რათა არ მოხდეს მოსახლეობის მობილიზაცია ქუჩაში გამოსასვლელად. ასეთი რა გადაწყვიტა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ არც ეეჭვება მის გამო მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა?

- ანუ "მასტ კერის" პრინციპის ქართული ვერსიის მიღების მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებას ეშინია, არჩევნების შემდეგ ტელევიზიებით ხალხის მობილიზება არ მოხდეს?

- მოსახლეობას, თუკი ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც ხელისუფლება ჩაიდენს, ქუჩაში გავარდნა მოუწევს. ქურდს ქუდი ეწვისო. როდესაც ინფორმაციის გავრცელება რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის საფრთხეს შეიცავს, ე.ი. მისი მზაკვრული ჩანაფიქრი ამით საჯარო ხდება. NDI-ს კეთილშობილური რჩევები მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ბევრად უკეთესი, რისი პოტენციალიც მას ნამდვილად აქვს. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის გაუთავებელი ცინიზმი, ოპონენტი პოლიტიკური ძალების გაუთავებელი შეურაცხყოფა აკნინებს არა მარტო პრეზიდენტს, სახელმწიფოსაც, მით უფრო მაშინ, როდესაც პრეზიდენტი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს პოსტსაბჭოთა დემოკრატიის ტრაგედიაა.

- ბევრისგან გამიგონია, პრეზიდენტი ბოლო დროს სულ იტყუებაო, ამას რით ახსნით?

- ტყუის ის, ვისი პოზიციაც ძირშივე ყალბია. სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ ტყუის, როდესაც კოალიცია "ქართულ ოცნებას" პუტინის რაზმად წარმოაჩენს. ცილისმწამებლობაში მდიდარი ფანტაზიის მქონე სააკაშვილი ვეღარ პოულობს თემას, რითაც ტონუსს მისცემს საკუთარ გუნდს, ამიტომაც, რასაკვირველია, უჭირს. ადამიანს, რომელიც თავს ივალდებულებს, ყოველდღე სიბინძურის ნიაღვარი გადაასხას კონკურენტ პოლიტიკურ ძალას, სულ უფრო ნაკლებად უჯერებენ და სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რამდენად უსამართლოა მისი ბრალდებები. ეჭვი არ მეპარება, ასეთი უსამართლო თავდასხმები, ტოტალური და უნამუსო ტყუილები მხოლოდ გააღვივებს უსამართლობის განცდას "ქართული ოცნების" მიმართ. უსამართლობით დაჩაგრული სუბიექტი კი ყოველთვის კონსოლიდირების მომტანია. ყველაზე წარმატებული და მუქთა პიარმენეჯერი კოალიცია "ქართულ ოცნებას" საქართველოს პრეზიდენტის სახით ჰყავს.

- ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების განცხადებებს როდი ვისმენთ, ვხედავთ, როგორ ექცევა კონტროლის პალატა "ქომაგს", "ქართუ ბანკს" და როგორ აჯარიმებს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს.

- ჩვენს ქვეყანაში სრულიად უკუგდებულია ამა თუ იმ ორგანოს კონსტიტუციური ვალდებულებები. მოწმე ვართ, რომ სასამართლო, პროკურატურა და ბიზნესი იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფებად იქცნენ, კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი, ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სამინისტროები და კიდევ არაერთი უწყება შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია. ისინი უმორჩილესი ქვეშევრდომები არიან ამ ვერტიკალის თავში მყოფი ადამიანებისა. ასეა განაწილებული საქართველოში მართვის სისტემა და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 72% ქართული ეკონომიკისა ფუნქციონირებს ჩრდილოვანი ეკონომიკის რეჟიმში. ეს 72%-იანი ნიშნული ეკონომიკის პატიოსნების კუთხით 151-ე ქვეყნის რანგს გვანიჭებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ

ჩვენი ეკონომიკური პროცესის წარმმართველი არის კორუფციის უმაღლესი დონე.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ქართული დემოკრატიის ქალწულობასა და ანტიკორუფციული ღონისძიებების წარმატებაზე, ცხადია, - მასობრივი კორუფცია მოისპო იმიტომ, რომ კორუფციის უფლებაა მონოპოლიზებული. კორუფციის უფლება დღეს ლიცენზირებულია და ამ ლიცენზიას 3-4 კაცი თუ გასცემს. რაც უნდა ტყუილები ილაპარაკოს ხელისუფლებამ, სიმართლეს ვერსად წაუვა. ისინი მობილიზებული და მოტივირებული არიან არჩევნების გასაყალბებლად. დასავლეთის ლიდერებიც აცნობირებენ, რომ თუკი საქართველოში ხელისუფლების უკანონო უზურპაცია მოხდება, უმალ ევრაზიულ სივრცეში შევა საქართველო, ვიდრე ნატოში. ხელისუფლებას ვურჩევდი, სასამართლოსთან დამოკიდებულებაში ლუკაშენკოს მიჰბაძოს.

არაერთი ოპოზიციონერი უჩიოდა ლუკაშენკოს ხელისუფლებას სამსახურიდან დათხოვნისა და პრესის დახურვის გამო. ამ ადამიანებმა სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიგეს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ აღსრულების ორგანო მხოლოდ ლუკაშენკოს ემორჩილება და სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, მაგრამ ბელორუსიაში სასამართლო არსებობს. ლუკაშენკო ხვდება, რომ სასამართლო თუ არ იქნება, არც მას წაუვა საქმე კარგად. თუ სხვის დარეკილზე იმუშავებს სასამართლო, დადგება დრო, როდესაც ლუკაშენკოზეც დაურეკავენ მას. ამას აქ ვერავინ ხვდება და სასამართლო პროკურატურის მძევალი გახადეს.

ჩვენ გვაქვს უსამართლო და არა სასამართლო სისტემა.

- მინდა სოფელ მერეთში მომხდარ დაპირისპირებაზე გკითხოთ. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, რაში შეიძლება ეს გადაიზარდოს?

- პრეტენზია არ მაქვს წინაწარმეტყველობაზე, მაგრამ ასეთი პროცესების შემდგომი განვითარების პროგნოზირება შესაძლებელია. ხელისუფლება ეცდება მრავლად იყოს ასეთი ინციდენტი, მაგრამ სანამ უსამართლობის განცდა ზეობს ქვეყანაში, პროტესტის გამოხატვის ფორმაც სულ უფრო გამწვავდება. ეს ალბათ ხელისუფლებამაც შეამჩნია, ამიტომაც დაარიგეს იარაღი მოსახლეობაში და ამას ნებაყოფლობითი რეზერვი დაარქვეს. ხელისუფლება მოახლოებულ მძიმე განსაცდელს ხედავს და მზად არის, ეშმაკსაც კი შეეკრას.