"მერაბიშვილიც და ივანიშვილიც ცდილობენ, არ დაწვან ერთმანეთთან მისასვლელი გზები - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილიც და ივანიშვილიც ცდილობენ, არ დაწვან ერთმანეთთან მისასვლელი გზები

"ხელისუფლება იძულებული გახდა, აეწია პოპულისტური დაპირებების თამასა"

"ინფორმაცია ჰაერია, რომლითაც სუნთქავს ადამიანი დემოკრატიულ საზოგადოებაში"

საქართველოს ისტორიას შემორჩა "დიდი თურქობის", "მონღოლობის", "ლეკიანობის" ამსახველი ჩანაწერები. ჩვენი ეპოქა კი ისტორიაში ალბათ "ყადაღიანობისა" და "თეფშთმებრძოლობის" სახელით შევა - როდესაც ყადაღა ედებოდა ყველაფერს, რასაც პოლიტიკაში გამოჩენილი ივანიშვილის ხელი შეეხებოდა ან უბრალოდ, საამისო ეჭვი გაჩნდებოდა, როდესაც ყველაფერი თეფშისმაგვარ პოლიტიკასთან ასოცირდებოდა და ჩამორთმევას ექვემდებარებოდა. თეფშივით ყურების გამო ჩებურაშკაც კი იძულებული იყო, დიდი ქუდით ევლოო, - დაწერს ალბათ ოდესმე ჟამთააღმწერელი. მაგრამ ჩებურაშკა ხომ რუსული მულტიპლიკაციის პროდუქტია... საქართველოში კი დიდი ხანია ყველაფერ არასასურველს ჯერ რუსულს არქმევენ, შემდეგ მთელი შემართებით ებრძვიან.

უფრო დაწვრილებით საქართველოში მიმდინარე და მოსალოდნელ პერიპეტიებზე სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- "მაესტრო" არ უნდა იყოს ჩართული ისეთ სქემებში, რომელიც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან მოსყიდვას უკავშირდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა. თავის მხრივ, "მაესტროს" მენეჯმენტი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვს, რა გზით მიაწოდებს სატელიტურ თეფშებს მოსახლეობას და რომ ჯერ ჩაუდენელი დანაშაულისთვის წინასწარ დასჯა გაუმართლებელია. ნებისმიერ შემთხვევვაში, მტყუან-მართლის გარჩევამდე, ხომ არ აჯობებდა, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვაზე გვესაუბრა?

- რასაკვირველია, "მაესტროს" მიერ შეძენილი სატელიტური თეფშების დაყადაღებას არაფერი აქვს საერთო ამომრჩეველთა მოსყიდვის აკრძალვასთან. "მაესტრო" არ არის პოლიტიკური ძალა და იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ეს არხი "ქართული ოცნების" პროპაგანდას ეწევა. შესაბამისად, რისთვის ან ვის სასარგებლოდ უნდა მოესყიდა ამომრჩეველი "მაესტროს"? მედიამონიტორინგის კვლევები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ "მაესტრო" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ტელეარხია ელექტრონულ მედიაში. ცხადია, ამ სადამსჯელო ოპერაციის მთავარი მიზანი ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვაა ამომრჩევლისთვის.

ცნობილი ამბავია, რომ მედია უბრალოდ კი არ ასახავს, არამედ ქმნის სინამდვილეს. ხელისუფლებას ხელს აძლევს„"რუსთავი 2"-ით და "იმედით" შექმნილი სინამდვილე, რომელიც ამომრჩეველს მხოლოდ იმას ეუბნება, რომ საქართველოში ერთადერთი პროგრესული ძალა ხელისუფლებაა, ხოლო "ქართული ოცნება" მხოლოდ მტრის ინტერესებს ემსახურება.

ხელისუფლებას არ სურს, რომ "მაესტრომ" ალტერნატიული სინამდვილე აჩვენოს, რომელიც ამომრჩეველს ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებინებს, ანუ ამომრჩეველს აქცევს არა მექანიკურ, რეპრესირებულ, ზომბირებულ, არამედ მოაზროვნე, დაეჭვებულ, საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელ არსებად. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ივანიშვილისადმი კეთილგანწყობა უფრო მაღალია მის შესახებ ინფორმირებულ რესპონდენტთა შორის, ვიდრე იმ მოქალაქეებში, ვისაც მასზე მწირი, მით უფრო - დამახინჯებული ინფორმაცია აქვთ და ცოტა იციან წარსულში მისი ქველმოქმედებისა და მომავალი გეგმების შესახებ. ინფორმაცია ტვირთია, მე თუ არ მეცოდინება, რომ ციხეებში ადამიანები მოუვლელობისა და ფიზიკური თუ ფსიქიკური შეურაცხყოფისგან იხოცებიან, მაშინ ახალაშენებული და ფერადი საპატიმროები პატიმრებისათვის ევროპული სერვისების მიმწოდებელი მეგონება; თუ არ მეცოდინება, რომ პოლიციელმა შეიძლება უდანაშაულო ადამიანი ქუჩაში მოკლას, პოლიციის რეფორმა სანიმუშო და ადამიანის უსაფრთხოებაზე მომართული მეგონება; თუ არ მეცოდინება, რომ ბევრი მაღალჩინოსანი უსაშველოდ გამდიდრდა, საქართველოში კორუფცია აღმოფხვრილი მეგონება და ა.შ. ინფორმაცია„ჰაერია, რომლითაც სუნთქავს ადამიანი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს, რომ დღეს ადამიანებმა გაიშვიათებული და დაბინძურებული ჰაერით ისუნთქონ.

- გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ, მაგრამ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. მანამდე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "ქართული ოცნების" აქციები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. როგორ შეაფასებდით მომხდარს - ხელისუფლებამ ტაქტიკა შეიმუშავა თუ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ქართლის მოსახლეობას განსაკუთრებით აღიზიანებს?

- შიდა ქართლის მოსახლეობის პროსახელისუფლებო განწყობა აქ ყველაზე ნაკლებად არის შუაში. ხელისუფლებამ მთავარი ოპონენტის მიმართ ტაქტიკა შეცვალა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ რეგიონში„"ქართული ოცნების" ვიზიტები და ხალხმრავალი შეკრებები წარმატებით განხორციელდა.

ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ამ რეგიონების მოსახლეობის მშვიდობიანი და წარმატებული თანაარსებობა ოპოზიციასთან. საჭიროა ამ თანაარსებობის გაპრობლემურება, გაფუჭება, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის აქტიურობას მოჰყვება სამოქალაქო დაპირისპირება.

ასევე, საჭიროა ოპოზიციის მხარდამჭერს გაუჩნდეს საფრთხის განცდა, შეეშინდეს. ობიექტური საფუძველი შეიძლება აქვს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" იმერეთსა და გურიაში უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე შიდა ქართლში, მაგრამ კარალეთში გამოხატულ აგრესიას (რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის მაღალ რისკს შეიცავდა) შეუძლებელია, რომელიმე პოლიტიკოსის მოუწონებლობა კვებავდეს. ქვებით ბარბაროსულ ჩაქოლვას ბრბო მხოლოდ უკიდურესად მძიმე დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ მიმართავს. ასეთი დამნაშავე შიდა ქართლში ჩასულ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის, ცხადია, არ არსებობდა და მათი ქმედებებიც არსებითად მშვიდობიან და თანამშრომლურ ხასიათს ატარებდა. სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება იწყება მაშინ, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებობს მოწოდებები ურთიერთანგარიშსწორების შესახებ. ასეთი მოწოდებებისგან დღევანდელი ოპოზიციური პოლიტიკური ველი შორსაა, პირიქით,„"ქართული ოცნების" პოლიტიკური რიტორიკის ერთ-ერთი გაცხადებული მესიჯი ასეთია:„ჩვენ ვიბრძვით არა სააკაშვილის დასამარცხებლად, არამედ ქვეყნის გადასარჩენად. ყურით მოთრეული მგონია არგუმენტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ აგრესია გამოიწვია მათმა განცხადებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. ვინ, ვინ და შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობამ კარგად იცის, როგორი დაუცველი დატოვა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეები ომის დროს. რუსეთი, ცხადია, დამნაშავეა, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებასაც, რომელმაც ვერ მოახერხა, თავიდან აეცილებინა რუსული აგრესია.

- ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორისა და "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ისევე, როგორც ტოპ-მენეჯმენტის სხვა წევრები. შეიძლება თუ არა ეს ნაბიჯი კერძო საკუთრების უფლების უხეშ დარღვევად შეფასდეს? თქვენი აზრით, ივანიშვილის ქონებასთან საბრძოლველად კიდევ რა ნაბიჯებია მოსალოდნელი? "

- ივანიშვილთან დაპირისპირებას ძირითადად პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათი აქვს. ცხადია, ყველა ბიზნესმენისთვის ეს მკაფიო სიგნალია ხელისუფლების მიმართ მათი პოლიტიკური ლოიალობის შესახებ. დღეს ბიზნესის წარმატებას პოლიტიკური პროფილი წარმართავს. თუ ბიზნესმენი ხარ და არ გინდა, გაკოტრდე, ხელისუფლებას მხარს უნდა უჭერდე და ფინანსურადაც ეხმარებოდე. ეს პრაქტიკა ახლა არ დაწყებულა. წლებია, ასეა.

- "ვარდების რევოლუციის" ბრენდია - "ყველაფერი საჯარო სივრცისთვის, ყველაფერი ხალხისთვის".  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში ყოფნისას განაცხადა, სადაც ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. "ხალხის სახელით", "ხალხისთვის" - ასეთი  რიტორიკა უახლოესი წარსულის სახელმწიფო ფორმაციასთან უფრო ახლოა, თუ დასავლეთთან, საითაც დეკლარირებულად მიისწრაფვის საქართველოს ხელისუფლება?

- წინასაარჩევნო პერიოდში პოპულისტური განცხადებები ამომრჩევლების გადმოსაბირებლად, როგორ წესი, მატულობს. თუმცა ხელისუფლებამ ამ თვალსაზრისით მართლაც რეკორდი დაამყარა. ფულის (ვაუჩერების) დარიგების უპრეცედენტო მასშტაბები (1.000-ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს) ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია. პოპულისტურია ის განცხადება, რომელიც, შესაძლოა, მთავარ საჭირბოროტო პრობლემაზეა მიმართული, მაგრამ: ა) ამ პრობლემის გადაჭრას პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფს (შეიძლება გააღრმაოს კიდეც); ბ) გამოიყურება უტოპიურად, ანუ რეალურად ვერ განხორციელდება და გ) სწორედ მისი უტოპიურობიდან გამომდინარე, მომხიბვლელია, ეფექტურია. პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი დაპირებები პოპულიზმის სწორედ ამ სამი ნიშნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. 1.000-ლარიანი ვაუჩერები შეიძლება დარიგდეს, მაგრამ ამით სიღარიბე არათუ დაიძლევა, დიდი ალბათობით, გაღრმავდება კიდეც, რადგან ეს გაზრდის ინფლაციას;

სამედიცინო მომსახურებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა უტოპიურად (თუმცა, მომხიბვლელად) გამოიყურება და ა.შ. ხელისუფლება იძულებული გახდა, აეწია პოპულისტური დაპირებების თამასა, ძირითადად იმის გამო, რომ საჭირო გახდა ივანიშვილის დაპირებების გადასწრება (უფრო მოცულობითად წარმოჩენა). თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლება თავისი დაპირებების ეფექტურობის ასამუშავებლად გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ივანიშვილი. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას წინა არჩევნებშიც არაერთხელ გაუცია სხვადასხვა დაპირება, რომლებიც ვერ აასრულა (100-დოლარიანი პენსია, სამუშაო ადგილების შექმნა, გადასახადების ლიბერალიზაცია და სხვ.). ამდენად, ხელისუფლება დამძიმებულია წარსული გამოცდილებით და გაუჭირდება, ახალი დაპირებები ოპტიმისტურად გაასაღოს ამომრჩევლებში. ასეთი მძიმე ფონი არ ახლავს ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს. პირიქით, მისი ქველმოქმედება წარსულში უამრავ განხორციელებულ სასიკეთო საქმეს მოიცავს, რაც ივანიშვილის მაღალ სოციალურ კაპიტალს განაპირობებს. რასაკვირველია, ხელისუფლებასაც აქვს მარაგში თავმოსაწონი განხორციელებული პროექტები (ძირითადად ინფრასტრუქტურული), თუმცა, სოციალური პრობლემების  ჭრილში მას ცოტა აქვს სატრაბახო და ხელმოსაჭიდი. არადა, სწორედ სოციალური პრობლემებია დღეს ყველაზე აქტუალური და მწვავე.

- "ყველა საკითხზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მოხდა", - ამის შესახებ ახალდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, როცა ჟურნალისტმა კითხვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ დაუსვა. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არ ყოფილა ერთადერთი ფაქტი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა. რამდენად მაღალია პოლიციის რეფორმის დონე სოციოლოგიური და არა პოლიტიკური თვალთახედვით?

- პოლიციის რეფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არაერთხელ შეილახა, პოლიციის არაადეკვატური და ზოგჯერ, დანაშაულებრივი ქმედებებით (გირგვლიანის და სხვა მკვლელობები, მიტინგების „არაპროპორციული“ დარბევები და სხვ.), დღემდე რჩება, მოსახლეობის აზრით, წარმატებით განხორციელებულ ერთეულ რეფორმათა შორის. შესაბამისად, პოლიცია ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სოციალური ჯგუფია (ინსტიტუტი), რომელსაც მოქალაქეები ნდობას უცხადებენ. ამას პრაქტიკულად ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს. სწორედ ამან უბიძგა მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო  მერაბიშვილი დაენიშნა. მერაბიშვილი, ერთი მხრივ, წარმატებული რეფორმის ავტორია, ხოლო მეორე მხრივ, - ხელისუფლების მიმართ შიშისა და დაქვემდებარების ატმოსფეროს ასევე წარმატებული დამნერგავი. მერაბიშვილის დანიშვნით ხელისუფლებამ ასეთი შეტყობინება გაუგზავნა ამომრჩევლებს:

დაუჯერეთ მერაბიშვილს და ენდეთ მის დაპირებებს, რადგან ის სიტყვის კაცია და რეფორმებს ხორცს ასხამს, ხოლო, თუ არ დაუჯერებთ და არ გაჰყვებით, მაშინ - გეშინოდეთ მისი, ელოდეთ თვალთვალს და უსიამოვნებებს.

თუმცა, ერთია ხელისუფლების განზრახვა და მეორეა ის, რამდენად შეძლებს მერაბიშვილი მისთვის დაკისრებული ტვირთის აწევას. აქ ეჭვების საფუძველი ნამდვილად არსებობს.

- ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუმ ზოგიერთებს ეჭვი გაუჩინა, რომ ყოფილი შს მინისტრი ყველანაირად არიდებდა თავს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას. რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვი და თუ ასეა, თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

- დღეს ბევრი საუბრობს ივანიშვილისა და მერაბიშვილის შესაძლო კოალიციაზე - სააკაშვილისგან დამოუკიდებლად და მის საწინააღმდეგოდ. მე ამას არ ვეთანხმები. მერაბიშვილი სააკაშვილის პოზიტიურ „დამატებად“ ჰყავს ჩაფიქრებული ხელისუფლებას და არა მგონია, მერაბიშვილი სააკაშვილისგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს. ჩემი აზრით, ერთგვარი ურთიერთრევერანსები“ ივანიშვილსა და მერაბიშვილს შორის გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: ა) მათ შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობით ახლო წარსულში, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლების მხარდამჭერად რჩებოდა (ამის თაობაზე თავადაც ხშირად მიუთითეს როგორც ივანიშვილმა, ისე მერაბიშვილმა); ბ) არ გამოვრიცხავ, მერაბიშვილი აცნობიერებდეს იმას, რომ მმართველი პარტია ვერ შეძლებს, ან, ყოველ შემთხვევაში, ძალიან გაუჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება მომავალ პარლამენტში, რაც მას გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობას მისცემდა. შესაბამისად, არცთუ არარეალისტურად გამოიყურება კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა. ეს კი  ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის გარდაუვალი თანამშრომლობის აუცილებლობას ბადებს. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილიც და ივანიშვილიც ცდილობენ, არ დაწვან ერთმანეთთან მისასვლელი და მომავალი ერთობლივი თანამშრომლობის გზები. შესაძლოა, ეს ტენდენცია არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში კიდევ უფრო გამოიკვეთოს.