"რუსეთი ცდილობს, საქართველოს მარგინალიზაცია გამოიწვიოს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი ცდილობს, საქართველოს მარგინალიზაცია გამოიწვიოს"

"შესაძლოა, მაქსიმუმ რვა-ათმა ქვეყანამ აღიაროს სეპარატისტული რეჟიმები"

საქართველო თითქოსდა ორსახოვანი საერთაშორისო რეალობით ცხოვრობს: ერთი მხრივ, ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე სახელმწიფო საბერძნეთი დიდი ენერგიით შეუდგა ქართულ-რუსული კონფლიქტების მოგვარებას და ეუთოს მისიის გაგრძელებასთან ერთად, სამშვიდობო პროცესების რეალურად დაძვრის ინიციატივით გამოვიდა, პარალელურად, "დაკისრებული მოვალეობების შესრულებას", როგორც ჩანს, რუსეთიც სერიოზულად შეუდგა, - ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვა იგულისხმება. ყველას, ვინც ამ საზღვარს ნებსით თუ უნებლიეთ დაარღვევს, რუსი ჯარისკაცები აპატიმრებენ და ცხინვალის სასამართლოს გადასცემენ. როდემდე გაგრძელდება ან რა მასშტაბებს მიაღწევს როგორც დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობა, ისე რუსული ველიკოდერჟავული ახირებები, დრო გვიჩვენებს. დეტალებზე პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს ვესაუბრებით:

- კონფლიქტის ზონაში ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას ადრე სეპარატისტები ავიწროებდნენ. ამჯერად ქართველები უშუალოდ რუსმა სამხედროებმა დააკავეს. არის საშიშროება, ასეთი ფაქტები გაგრძელდეს და ტენდენციად იქცეს?

- დავიწყოთ იმით, რომ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რამდენიმე ფაქტორის გამო ადგილი აქვს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაძაბულობას. მათ შორისაა თქვენ მიერ ნახსენები ინციდენტიც. ერთია ის, რომ აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ რეგიონის მოსახლეობიდან იარაღი  ჯერ კიდევ  არ არის ამოღებული და მეორე - უმუშევრობისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამხრეთ ოსეთი უაღრესად დეპრესიული რეგიონია. როდესაც იარაღიანი ადამიანი უმუშევარი რჩება, დიდია ცდუნება, რომ ვინმე შეავიწროოს და ეს, პირველ რიგში, ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება. მხედველობაში მაქვს როგორც ახალგორის მოსახლეობა, ისე ადმინისტრაციული საზღვრის გამოღმა ტერიტორიები. ეს ერთი მხარეა პრობლემისა, მეორე  ის გახლავთ, რომ გასულ კვირას ჩვენი მოქალაქეები რუსმა სამხედროებმა დააკავეს. როგორც თავად აცხადებენ, ისინი მესაზღვრეების სტატუსით მოქმედებდნენ, რაც საზღვრის ერთობლივად დაცვა-გაკონტროლების თაობაზე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ეფუძნება. ამის მიხედვით, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. საზღვარი საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარს ემთხვევა. რუსი მესაზღვრეები იცავენ ამ საზღვარს და თვლიან, რომ  ნებისმიერი მოტივით ამ საზღვრის დარღვევა უკანონობაა. როგორ და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამაზე, ცალკე საუბრის თემაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მკაცრად დაგმო მომხდარი, პროტესტი გამოთქვა და რუსეთს ტყვეთა დაუყონებლივ  გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამ ორმხრივ დიალოგში ჩართული სხვა ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, თუ რუსმა სამხედროებმა ამგვარი  მოქმედებები განაგრძეს, საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქცია ბევრად ქმედითი და მკაცრი უნდა იყოს.

- რამდენად შედეგიანი იქნება ამ მოვლენათა ფონზე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეუთოს მისიის გაგრძელების აუცილებლობასა და ზოგადად, კონფლიქტის მოგვარების უფრო ქმედით ღონისძიებებზე. ზემოქმედების ეს ფორმა, რომელსაც ევროკავშირი რუსეთის მიმართ იყენებს, იქნება კი საკმარისი, რომ რუსეთი დათანხმდეს ეუთოს მისიის გაგრძელებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენებაზე?

- რუსეთზე ზეწოლა  იმ მიმართულებით ძლიერდება, რომ კონფლიქტის ზონაში რაიმე ფორმით ამოქმედდეს საერთაშორისო სამშვიდობო მისია, იქნება ეს მონიტორინგის ჯგუფი თუ კლასიკური მშვიდობისდამცველები. ბოლოს, მოსკოვში ვიზიტისას, ქალბატონმა კლინტონმა გამოთქვა აზრი კონფლიქტის ზონებში ე.წ. ბუფერული ზონების შექმნის თაობაზე და აქ სამშვიდობო მისიის განთავსებაზე. როგორც ჩანს, ამ კონტექსტში რუსეთთან დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. საბერძნეთი ამჟამად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა და, ცხადია, სურს  სერიოზული წვლილი შეიტანოს  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განმუხტვაში. 1-ელ დეკემბერს იმართება ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა და  სავარაუდოდ, ეს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ათენი ამ შემთხვევაში ამერიკა-რუსეთს შორის დაწყებული ახალი დიალოგითა და ე.წ. ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკითაც სარგებლობს და ვარაუდობს, რომ  რუსეთი დღეს თუ არა ხვალ, უფრო დამთმობი გახდება. ამ სიტუაციაში საბერძნეთის გვერდით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად,  ევროპული სახელმწიფოებიც დგანან. მათ ამ კონფლიქტის მოგვარება უფრო ქმედითი ღონისძიებებით სურთ და რაკიღა საბერძნეთი ეუთოს თავმჯდომარეა, მისი "ენით" გახმოვანდება ხოლმე მათი სურვილები და გეგმები. როგორც ჩანს, რუსეთზე ეუთოსა და ევროკავშირის მხრიდან ტოტალური თუ არა, საკმაოდ მასშტაბური საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდება,  არ არის გამორიცხული, გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებშიც. რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი,  ძნელი სათქმელია. ალბათ, ასეთი დიალოგის დროს განხილული იქნება საერთაშორისო კონტინგენტის მასშტაბებთან დაკავშირებული საკითხები  - რამდენად ყოვლისმომცველი იქნება მისი მანდატი, რა ტერიტორიაზე გავრცელდება და სხვა.  ვაჭრობა ამ თემატიკაზე ალბათ გაგრძელდება და "ეშმაკიც ამ დეტალებში უნდა ვეძებოთ". თუ ოპტიმისტები ვიქნებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი დათანხმდება სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას, მაგრამ რა ფორმით, როგორ და როდის, ძნელი სათქმელია.

- სანამ დასავლეთის ქვეყნები აქტიურობენ, პარალელურად გააქტიურდნენ ნიკარაგუა, ვენესუელა, ეკვადორი... რუსეთი ცდილობს, სეპარატისტული რეგიონების აღიარებით ამერიკასთან დაპირისპირებული ქვეყნები შემოიკრიბოს. ხომ არ იქცევა სოხუმი და ცხინვალი მსოფლიო პოლიტიკაში კიდევ ერთი განხეთქილების მიზეზად?

- განხეთქილებაზე ლაპარაკი ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება... ალბათ, უნდა ველოდოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამღიარებელ ქვეყანათა რაოდენობის ზრდას, მაგრამ მათი რიცხვი დრამატულად არ გაიზრდება - შესაძლოა, მაქსიმუმ რვა-ათმა ქვეყანამ აღიაროს სეპარატისტული რეჟიმები. მაგრამ ეს ბევრს არაფერს  ნიშნავს - გინდა მხოლოდ რუსეთს უღიარებია და გინდა მასთან  მყოფ შვიდ-რვა მარგინალურ სახელმწიფოს, საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე ეს  არ იმოქმედებს. დააკვირდით, რა ტიპის ქვეყნები აღიარებენ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას - ავტორიტარული რეჟიმები - ნიკარაგუა, ვენესუელა, ეკვადორი, არ არის გამორიცხული, მომავალში მათ ბოლივიაც შეუერთდეს. ეს ქვეყნები რუსეთს მათი რეჟიმების პოლიტიკური მხარდაჭერის ფასად დაუდგნენ მხარში. რაც მთავარია, ეს აღიარებები, როგორც წესი, რუსეთის მიერ მათ გულუხვად დასაჩუქრებას მოჰყვება ხოლმე. საჩუქარი კი, ტრადიციულად შეიარაღებაა, რაც ამ რეჟიIმებს ისევ ქვეყნის შიგნით პოზიციების განმტკიცებისა და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ.

- გასულ კვირაში პანკისის თემა ისევ აქტუალური გახდა. რუსეთის სპეცსამსახურები "ალ-ქაიდასა" და მსოფლიო ტერორიზმის ბუდეზე კვლავ ალაპარაკდნენ. რამდენად რეალურია შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე პანკისის ხეობაში თუ ეს ის ქუხილია, რომელსაც წვიმა არ მოჰყვება?"

- ისევ და ისევ ზემოთ ნახსენები აშშ-რუსეთის ურთიერთობების "გადატვირთვის" კონტექსტის, აგრეთვე ზოგადად რუსეთსა და დასავლეთს შორის აგვისტოს ომის დროს შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის ფონზე, ნაკლებსავარაუდოა, რუსეთი  გეგმავდეს და რეალურად განიხილავდეს საქართველოში ფართომასშტაბიანი აგრესიის განმეორების სცენარებს. ეს მით უფრო საგულისხმოა, რადგან აგვისტოს წინა პერიოდისგან  განსხვავებით, დღეს აგრესიის საბაბი რუსეთისთვის  ძნელად მოსაძებნი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი უარს იტყვის საქართველოზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმაზე და თუმცა არჩევანი დიდი არა აქვს,  მაგრამ რაც აქვს,  იმას აუცილებლად გამოიყენებს. ერთ-ერთი მათგანი, ასე ვთქვათ,  საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვა გახლავთ. პანკისის თემის წამოწევით და მუდმივი აპელირებით, თითქოს საქართველო ისეთ  ბოროტებასთან თანამშრომლობს, როგორიც "ალ-ქაიდა" და მასთან დაკავშირებული ძალებია, რუსეთისგან ზეწოლის მეორე ფორმაა. ამ ტიპის განცხადებებით,  ერთი მხრივ, ქართველ ხალხსა და ხელისუფლებაში, მეორე მხრივ, ინვესტორებსა და  ყველა იმ პარტნიორში, ვინც საქართველოსთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, შიშსა და შეშფოთებას ნერგავენ. გაურკვევლობა და  მოლოდინი, რომ ქვეყანა მუდმივად საომარ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს, "დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია საქართველოს თავზე. ეს ზეწოლის ის ფორმაა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი დროის მოგებას ცდილობს. სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მუდმივი დაძაბულობაა, ახლა უკვე პანკისის ხეობის გარშემო აჟიოტაჟის ატეხა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მუდმივ დაძაბულობასა და გაურკვევლობაში ამყოფოს საქართველო და ამით ქვეყნის მარგინალიზაცია გამოიწვიოს...

- გასულ კვირას ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში იმყოფებოდა. ერთი მხრივ, ქართულ-რუსული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რუსეთში ვოიაჟი და შეხვედრები არცთუ "ლამაზად" ჩანს. მეორე მხრივ, ნებისმიერი ქართული პოლიტიკური ძალისთვის დღეს სწორედ რუსეთთან შეიძლება იყოს უაღრესად საჭირო პოლიტიკური კავშირების დამყარება...

- რუსეთთან დღეს არსებული ვითარება რომ ძალიან ცუდია და სახიფათო, მგონი საკამათო არ უნდა იყოს. ამ სიტუაციას რომ შეცვლა სჭირდება, მგონი არც ეს არის საკამათო. როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია? სამთავრობო დონეზე ამ ცვლილებების პერსპექტივა ნაკლებად ჩანს.  ოკუპანტ ქვეყანასთან, რომლის ჯარებიც შენს ქვეყანაში დგას, დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება ცოტა არ იყოს, ძნელად გასაგები იქნებოდა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოფიციალურ დონეზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონტაქტები არ ხერხდება. ეს ხდება თუნდაც შვეიცარიის შუამავლობით, ხან გაუხმაურებლად ამა თუ იმ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, ხანაც პირდაპირი კავშირები მყარდება. ასევე, აღსანიშნავია კონტაქტები ჟენევის ფორმატის ფარგლებში. ცხადია, ეს საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში, სწორი იქნებოდა არაოფიციალური არხებითაც მოგვესინჯა კონტაქტები რუსულ მხარესთან - იქნება ეს პოლიტიკური პარტიების, სახალხო დიპლომატიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე. მთავარია, არც ერთ ასეთ შემთხვევაში არ გადაიდგას საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო ნაბიჯები; არ დამყარდეს კონტაქტები საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალებთან და რა თქმა უნდა, ასეთ ძალებთან ურთიერთობისას არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა.  სხვა შემთხვევაში, როდესაც ორ ქვეყანას შორის კონტაქტები პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი, დამატებითი კავშირების დამყარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, ეს არ არის სრული ჩანაცვლება იმ  ურთიერთობისა, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავისებურ წვლილს მაინც შეიტანს.

რაც შეეხება ბატონ ზურა ნოღაიდელს, თუ მისი კონტაქტი იმ ადამიანებთან შედგა, რომლებსაც გულწრფელად სურთ ქართულ-რუსული არანორმალური ურთიერთობების გამოსწორება და გაუმჯობესება, ამაში საეჭვო არაფერი უნდა იყოს. ჩემთვის ვიზიტის მიმდინარეობის დეტალები და საბოლოო შედეგები უცნობია, მაგრამ ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსგავს ინიციატივებს მივესალმები.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი