"პრეზიდენტმა თავისი ფონდის ანგარიში უნდა წარმოადგინოს" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა თავისი ფონდის ანგარიში უნდა წარმოადგინოს"

მერია თბილისობისთვის 25.000-ლარიან საწნახელს ამზადებს(?!)

ჯარიმა ჯარიმა ყოფილა და დახმარება - დახმარება

საერთაშორისო სააგენტოების ინფორმაციით, ირანის მმართველს, აჰმადინეჟადის თავის ქვეყანაში სატელიტური თეფშების აღება დაუწყია. ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე - ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო კვლავაც განაგრძობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრის ფუნქციის შესრულებას. ჩვენთან ყველანაირი კულტურა და პოლიტიკური მიმდინარეობა პოულობს თავისთვის საინტერესოს: დასავლეთს საქართველოსგან დემოკრატიული რეფორმები მიაქვს, აღმოსავლეთს - ტოტალიტარიზმის განსამტკიცებელი მეთოდები. ამის შემდეგ იოლი გასაგებია, რაში სჭირდება ვერა ქობალიას ექვსი მოადგილე (მეექვსე გასულ კვირას დაუნიშნეს) - ამდენ რეფორმას, ამდენ ტურისტს დათვლა და გააზრება ხომ უნდა?

ის-ის იყო, ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი ლარი გადარიცხა, რომ ორიოდ დღეში თელავში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პაკეტში 2 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი და ამდენივე კილოგრამი მაკარონი შედის. დამეთანხმებით, 10 მილიონად ბევრად მეტი რამის დარიგებაც შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ხელისუფლება და მისი მიუკერძოებელი ექსპერტები აცხადებენ, ჯარიმა ჯარიმა ყოფილა და დახმარება - დახმარება, ივანიშვილის გადახდილ ფულს კი ჯარიმის კვალიფიკაცია მიეცა, რომლის დახარჯვასაც "ქართულ ოცნებას" არავინ დაეკითხებაო. სამაგიეროდ, მთავრობამ მორიგი ღონისძიებისთვის არ დაზოგა ფული, - მერია მზად არის, თბილისობისთვის საწნახლის გასაკეთებლად 25.000 ლარი დახარჯოს. 2012 წლის თბილისობის დღესასწაულისთვის გიგანტური საწნახლისა და ყურძნის დაწურვის პროცედურისთვის საჭირო აქსესუარებით მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. რა თქმა უნდა, მთავრობამ ჩვენზე, რიგით მოქალაქეებზე გაცილებით უკეთ იცის ყველაფერი, მაგრამ მაინც - ყურძნის გიგანტურ საწნახელზე ფიქრს ჯერ იმ მხარეზე ხომ არ გვეფიქრა, სადაც ყურძენი ფაქტობრივად აღარ არსებობს?..

დაწვრილებით ჩვენი ყოფის ავკარგიანობაზე პოლიტოლოგ კოტე ჟღენტს ვესაუბრებით:

- როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დაკისრებული ჯარიმიდან საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონი ლარი ჩაერიცხა. მისი განმარტებით, ცნობილი გარემოებების გამო არა აქვს შესაძლებლობა, პირადად დაეხმაროს სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახლეობას, რადგან ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება. როგორც დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია დაზარალებულებისთვის დახმარება ივანიშვილის სურვილია, პოლიტიკური სპეკულაცია თუ კანონის დარღვევის გზით ქულების დაწერა. დეპუტატის თქმით, არსებობს სამთავრობო შტაბი, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა და ივანიშვილს შეუძლია მას მიმართოს. თქვენ რას "გაფიქრებინებთ" ივანიშვილის ნაბიჯი? რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

- როგორი კომენტარებიც უნდა გააკეთონ ხელისუფლებამ თუ მისმა მომხრეებმა, ბიძინა ივანიშვილმა მაინც მომგებიანი, ადამიანური და სწორი ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, შესაძლებელია, შორეული პერსპექტივისთვის სტრატეგიულიც. კი, შეიძლება ამას ვინმემ ისე შეხედოს და ვინმემ კიდევ ასე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი ამბობს, როცა ხელისუფლებას უჭირს, მე მზად ვარ დასახმარებლადო. თუმცა, ხელისუფლება გაჭირვებასაც არ აღიარებს და ამბობს, რომ ბიუჯეტს შეცვლის და სხვადასხვა მანიპულაციას ჩაატარებს, თანხებს გადაანაწილებს და ა.შ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტისა და სხვა სახელმწიფო ფონდების საკითხი დღეს ღიად რჩება.

ფონდებში არსებული თანხები სწორედ ასეთი კატაკლიზმების შედეგების აღსაკვეთად უნდა გაიხარჯოს, მაგრამ უცნობია, ფონდებში არის ფული თუ არა. გამოდის, არ არისდა ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს განცხადებას დახმარების თაობაზე. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, მისი განცხადების მეორე ნაწილს რომ არ აქცევენ ყურადღებას: მან თქვა, რომ 10 მილიონს გადარიცხავს განსაზღვრულ ანგარიშზე და როდესაც ხელისუფლება დაითვლის და დაასახელებს ზარალის საერთო ოდენობას, მაშინ დანარჩენსაც დაფარავს. ამიტომ ივანიშვილის ეს ნაბიჯი ნებისმიერ შემთხვევაში წაუგებელია და რა კომენტარიც უნდა გაკეთდეს, ეს მისთვის სასარგებლო სვლაა. მე ერთი რამის მეშინია, - როდესაც ივანიშვილმა ამ თანხის გაღების შესახებ განაცხადა, მისმა მომხრეებმა გამოთქვეს სურვილი, ჩასულიყვნენ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში და გადაემოწმებინათ, მივიდა თუ არა გაღებული თანხა დაზარალებულ მოსახლეობამდე. ვშიშობ, თუ რეგიონებში მართლაც გავლენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, როგორც ეს სხვა ადგილებში მოხდა, იქაც დახვდებიან ხელისუფლების მომხრე ჯანმაგარი, "ვაჟკაცი" ბიჭები და პროვოკაციის საფრთხეც გაჩნდება.

- თქვენ საქართველოს პრეზიდენტის ფონდი ახსენეთ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის "საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ" ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ: "თუკი ყურადღებით გადავხედავთ პრეზიდენტის განკარგულებებს, დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 25-მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა ბოლო დროს საქართველოს რეგიონებში განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ახსნა მარტივია: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში დარჩენილი მწირი თანხა წყალდიდობით დაზარალებულ საქართველოს რეგიონებს რომ მოხმარებოდა, ვეღარ დაფინანსდებოდა ისეთი "უმნიშვნელოვანესი" ღონისძიებები, როგორიცაა 26 მაისს თავისუფლების მოედანზე გამართული საერთაშორისო (რუსლანას) კონცერტი (123.000 ლარი), იტალიაში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში ჩასმული პარლამენტის წევრების მივლინების ხარჯები და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რიგით მოქალაქეებს უფრო აქტიურად რომ მოეთხოვათ ამ ფონდებიდან დახარჯული თანხების მონიტორინგი და განსაჯაროება, მაინც ასეთი შედეგი იქნებოდა?

- რასაკვირველია, საზოგადოებას აქვს უფლება და უნდა მოითხოვდეს კიდეც იმის განსაჯაროებას, თუ რაში იხარჯება თანხები პრეზიდენტის ფონდიდან, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში სწორედ ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არსებობს, როგორიც ბუნებრივი კატაკლიზმებია. მართალია, იქ შეიძლება იყოს მუხლები, რომელთა თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია თანხები კონფიდენციალური სახელმწიფო მიზნებისთვის გამოიყენოს, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ამისთვის ცალკე, სპეციფიკური ფონდები არსებობს. რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტის ფონდს, თუ პრეზიდენტს უნდა დაამტკიცოს, რომ ყველაფერი წესრიგშია და თანხები არამიზნობრივად არ დახარჯულა, არ დახარჯულა ისეთ რამეებზე, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაშინ ანგარიში უნდა წარმოადგინოს. მაგრამ მეეჭვება, ასე კარგად და სუფთად იყოს საქმე.

ასე რომ არ იყოს, თანხების ხარჯვაზე სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნებას საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ვერავინ დაასწრებდა. თავის დროზე (თავად ხელისუფლებისვე განმარტებით და მე მახსოვს ამ თემაზე საპარლამენტო მდივნის კომენტარი პრეზიდენტის ფონდის დანიშნულების შესახებ), პრეზიდენტმა ნათლად განმარტა, რომ ფონდი სწორედ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა. დღეს, როდესაც სხვადასხვა მანიპულაცია და საბიუჯეტო ცვლილებაა საჭირო, უნდა გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას, იმიტომ არ იხარჯება ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთათვის თანხები, რომ სახელმწიფო და ხალხის საჭიროებისთვის დაიხარჯაო. ამის დამადასტურებლად კი, ცხადია, სათანადო დოკუმენტაციის გამოქვეყნებაც მოუწევს. თუმცა, ვიმეორებ, ეჭვი მეპარება ეს თანხები ისეთ რამეებზე იყოს დახარჯული, რის განსაჯაროებასაც თამამად შეძლებენ.

- გასულ კვირას მთავრობამ ხელი მოაწერა პარტიების ქცევის წესების დეკლარაციას. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, ხელისუფლებამ სიტყვასიტყვით გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. მაგრამ ერთია ქაღალდზე გაზიარება და მეორე - მათი ცხოვრებაში ხორცშესხმა.

- ეს უცხოელებისთვის განკუთვნილი პიარნაბიჯია. უცხოეთის სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს აჩვენებენ, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლადო. მაგრამ თქვენც კარგად მოგეხსენებათ და საზოგადოებასაც, რომ იქ იყო ორი ნაწილი და მერე დაემატა არასამთავრობოებისა. თავიდან ასე იყო: რას იღებს თავზე ხელისუფლება და რას - ოპოზიცია? ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რა ვალდებულებასაც ხელისუფლება იღებს, მესამედიც რომ შეასრულოს, არჩევნები უზადოდ ჩატარდება და არც რაიმე განსაკუთრებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება საჭირო, რომ მთავრობამ თავისი უპირველესი მოვალეობა შეასრულოს, მოვალეობა, რასაც მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლება და დემოკრატიული არჩევნები ჰქვია. მაგრამ საქმეც ის არის, რომ რაკიღა ხელისუფლება ამ ყველაფერს დღემდე არ ასრულებდა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ოპოზიციურ პარტიებსა და არც საზოგადოების დიდ ნაწილს, ბუნებრივია, არ სჯერა, რომ ამ ყველაფერს მაინცდამაინც რომელიმე დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გააკეთებს.

- გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერა ხელი, - "ნაციონალური მოძრაობის" საპროგრამო დოკუმენტს "ხელშეკრულება საქართველოსთან", სადაც ნათქვამია: "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ხალხთან ერთად დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი, შენდება ახალი საქართველო. მაგრამ ბევრ ოჯახს ჯერ კიდევ უჭირს, ბევრია უმუშევარი. ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით მეტი სიკეთე უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა. ამიტომ ""ნაციონალური მოძრაობის"" მთავარი მიზანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება "მეტი სარგებელი ხალხს!" ამ დევიზს საქართველოს ხელისუფლება აქამდე არ ასრულებდა? ან ასეთი ამოცანა პატიოსან და გამრჯე მთავრობას არ უნდა ჰქონოდა?

- მანამდე სხვა დევიზები იყო, როგორიცაა "საქართველო სიღარიბის გარეშე", "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" და ა.შ. ასეთ დოკუმენტებს პირველი არჩევნებიდან მოყოლებული თითქმის ყველა არჩევნების დროს ადგენდნენ და მათში ჩამოთვლილი იყო პრაქტიკულად ერთი და იგივე საკითხები, მაგალითად, უმუშევრობის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვ. აღარაფერს ვამბობ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობაზე კონკრეტული თვეებისა და დღეების დათქმით. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი არ შესრულებულა. თუ რამე გაკეთდა, მხოლოდ უმნიშვნელო და ისიც დიდი პიარგათვლებითა და ზარ-ზეიმით. ამაზე თავად ახალი ლოზუნგიც მეტყველებს - "მეტი სარგებელი ხალხს!" გამოდის, ხალხი აქამდე ვერ ხედავდა მთავრობის მიღწევებს და სწორედ ახლა გადაწყვიტეს ეს ხალხს დაანახონ!

რაც შეეხება კორუფციისა და დანაშაულის დამარცხებას, ჩემი აზრით, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ მიზნით ბევრი რამ კი გაკეთდა, მაგრამ დამარცხებაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- ელჩების სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატს აერთიანებს, ხელისუფლებას მოუწოდებს, Must Carry-სა და Must Offer-ის ვალდებულების არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის გავრცელების შესაძლებლობა განიხილოს. მართლაც, რამდენად ლოგიკურია ტელემაუწყებლობის აკრძალვა არჩევნების დღის შემდგომ? თუ მანამდე ეს ტელევიზიები არაფერს დააშავებენ, მერე რაღა უნდა დააშავონ? თუ, რა თქმა უნდა, გაწბილებული ამომრჩევლისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას დანაშაულად არ ჩავთვლით.

- ამაზე საკმაოდ მოკლე პასუხი მექნება. როგორც ჩანს, მიუხედავად მრავალი განცხადებისა არჩევნების დემოკრატიულად და სანიმუშოდ ჩატარების შესახებ, ხელისუფლება მაინც აპირებს ხელოვნურად და უხეშად არჩევნების შედეგების განსაზღვრული წილის მითვისებას მაინც და, ცხადია, ხელს სულაც არ აძლევს, მართვადი ტელეკომპანიების გარდა სხვა ტელეკომპანიებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას.